გამსახურდია აგრძელებს მოსკოვთან დაპირისპირებას

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 31 მარტი 2017

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, აგრეთვე 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. ამ თარიღთან დაკავშირებით IDFI აგრძელებს გასაიდუმლოებული საარქივო დოკუმენტების გამოქვეყნებას და ამჯერად საზოგადოებას სთავაზობს 1991 წლის აპრილში მოსკოვში ამერიკის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ მოხსენებას.

 

1991 წლის 31 მარტი - 3 აპრილის პერიოდში, საქართველოს ეწვია რუსეთში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი პოლოფი. ვიზიტის შედეგად, მომზადდა სამი ანგარიში. გამოქვეყნებული დოკუმენტი ეხება პოლოფის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან.

 

10 აპრილი 1991

 

გამსახურდია აგრძელებს მოსკოვთან დაპირისპირებას

 

პოლოფი 31 მარტს გვიან საღამოს ჩამოვიდა საქართველოში, იმ დღეს, როდესაც საქართველოში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ტარდებოდა. მისი ვიზიტის დროს, ის რამდენჯერმე შეხვდა პრეზიდენტ გამსახურდიას. დისკუსია შეეხებოდა, როგორც დაპირისპირებას მოსკოვთან, ასევე დაძაბულ ვითარებას სამხრეთ ოსეთში. გამსახურდიას თქმით, 25 თებერვალს სატელეფონო საუბრისას, გორბაჩოვმა იგი გააფრთხილა, რომ თუ ის არ მოაწერდა ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, საქართველო მეტ პოლიტიკურ დაძაბულობას მიიღებდა.

 

გამსახურდიამ ასევე ანახა პოლოფს სსრკ-ს შინაგან საქმეთა მინისტრის ბორის პუგოსა და გორბაჩოვის ტელეგრამები, სადაც ისინი მოუწოდებენ გამსახურდიას, დამორჩილებოდა სსრკ-ს კანონმდებლობას, ან პასუხი ეგო შედეგებზე. გამსახურდია მტკიცე პოზიციაზე იდგა, რომ საქართველო სამოკავშირეო ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესშიც კი არ მიიღებდა მონაწილეობას. გამსახურდიას თქმით, ცენტრი (მოსკოვი) აღვივებდა ოსურ პრობლემას და გორბაჩოვი უარს აცხადებდა ამ საკითხზე ნებისმიერი სახით დიალოგზე. გამსახურდიამ სსრკ-ის ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარე რაფიკ ნიშანოვი დაადანაშაულა ოსეთის თემით მანიპულაციაში. მისი აზრით, კულუმბეგოვის (სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე) დაპატიმრება „ერთადერთი გზა იყო სისხლისღვრის შესაჩერებლად და სიტუაციის განსამუხტად“.

 

გამსახურდიას განცხადებით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო მოიპოვებდა დამოუკიდებლობას, ქვეყანა მზაობას გამოთქვამდა, რომ ნება დაერთო ოსებისთვის ავტონომიის საკითხზე რეფერენდუმი ჩაეტარებინათ. ხოლო მანამდე, ის არ იყო დარწმუნებული, რომ ოსებს უნდოდათ პოლიტიკური ავტონომია და არ იყვნენ ამ საკითხში წაქეზებულნი ცენტრის მხრიდან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინა საუბრებში გამსახურდია ოსებს და მათ ლიდერებს მოიხსენიებდა, როგორც „კრიმინალებად“ და „ტერორისტებად“. მისი თქმით, მან გასცა ცხინვალის ბლოკადის მოხსნის ბრძანება, თუმცა „კრიმინალთა ბანდა“ ოსებს საბოტაჟს უწყობდა. პოლოფის კითხვაზე, რომ უდანაშაულო ოსები და ცხინვალის ბავშვები შეიძლება დაზარალებულიყვნენ, გამსახურდიამ მიუგო, რომ ავტონომიის მოთხოვნით, ოსებმა ეს პრობლემები თავის თავს უნდა დააბრალონ. მან ასევე განაცხადა, რომ „ოსი კრიმინალების ბანდები“ ერთმანეთს ებრძვიან, ფაქტი, რომელსაც ოსები უარყოფენ.

 

2 აპრილს პოლოფი და გამსახურდია საქართველოს უმაღლესი საბჭოს შენობაში გადაცემა „ვრემიას“ უყურებდნენ, სადაც ცხინვალში მიმდინარე ძალადობაზე საუბრობდნენ. გამსახურდიას თქმით, ცენტრი უკმაყოფილო იყო დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგებით და ნიადაგს ამზადებდა ინტერვენციისთვის, რათა დაეკავებინათ სამხრეთ ოსეთი და შეიძლება, მთელი საქართველოც.

 

3 აპრილს გორბაჩოვმა დამატებითი საჯარისო ნაწილების გაგზავნა დაიწყო სამხრეთ ოსეთში. გამსახურდია სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ლუკიანოვს ტელეფონით ესაუბრა და გააფრთხილა ის, რომ დამატებითი ჯარის შეყვანა რეგიონში მხოლოდ გაზრდიდა სისხლისღვრას და მთელი პასუხისმგებლობა ვითარებაზე გორბაჩოვს დაეკისრებოდა. გამსახურდიამ უთხრა პოლოფს, რომ ცენტრი საბჭოთა არმიის მეშვეობით იარაღს აწვდიდა ოსებს. მან დაათვალიერებინა პოლოფს ოსებისგან ჩამორთმეული საბჭოთა არმიის იარაღი, მათ შორის ჭურვი, რომელსაც გამსახურდიას თქმით, ავღანეთში იყენებდნენ და რომელმაც ცხინვალთან ახლოს სოფელში ხუთსულიანი ქართული ოჯახი შეიწირა. დოკუმენტის თანახმად, გამსახურდიამ ეს გამოფენა გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ მხოლოდ ოსები არ ზარალდებოდნენ ამ კონფლიქტში.

 

საქართველოს მთავრობამ სასტუმრო ივერიის ფოიეში ცხინვალიდან დევნილი რამდენიმე ქართველი განათავსა მხოლოდ ინგლისურენოვანი ტრანსპარანტებით, რომელიც  საქართველოს წინააღმდეგ ოსების ქმედებებს აპროტესტებდნენ. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, ოპოზიციაც მიიჩნევდა, რომ ოსები „სუკ-ის იარაღი“ იყვნენ. გამსახურდიას მსგავსად, ეროვნული კონგრესიც თანახმა იყო ოსებს მინიჭებოდათ კულტურული, მაგრამ არა პოლიტიკური ავტონომია.

 

გამსახურდიას თქმით, საქართველო წარმატებულად უმკლავდებოდა ცენტრის ეკონომიკურ ზეწოლას, რესპუბლიკის რკინიგზისა და პორტების გადაკეტვის მუქარის მცდელობით. გამსახურდია აცხადებდა, რომ ის ვეღარ ენდობოდა რსფსრ-ს ლიდერს ბორის ელცინს, რადგან ის „ერთ დღეს ერთს ამბობდა, ხოლო მეორე დღეს საწინააღმდეგოს“. გამსახურდიას და ელცინის მიერ 23 მარტს ხელმოწერილი ოქმი, რომელიც ოსური კონფლიქტის მოგვარებაში რსფსრ - საქართველოს თანამშრომლობას ითვალისწინებდა, გამსახურდიას თქმით, ცენტრის ჩარევის გარეშე, ელცინმა უარყო საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ გამსახურდიამ ელცინს „ლოთი და არასანდო“ პიროვნება უწოდა, თუმცა, რამდენიმე კვირით ადრე, იგივე გამსახურდია ელცინს მოიხსენიებდა საბჭოთა კავშირის ერთადერთ იმედად. გამსახურდიამ აგრეთვე გააკრიტიკა სსრკ-ს სახალხო დეპუტატი გალინა სტარავოიტოვა სამხრეთ ოსების მხარდაჭერისთვის.

 

/public/upload/IDFI_FOTOS_2016/Gamsakhurdia_continues_to_challenge_Moscow.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024