Freedom House: საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების ხარისხი შემცირდა, თუმცა ქვეყანა ინარჩუნებს თავისუფალ სტატუსს

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 9 ოქტომბერი 2023

2023 წლის 4 ოქტომბერს, Freedom House-მა გამოაქვეყნა ანგარიში - ინტერნეტ თავისუფლება 2023: ხელოვნური ინტელექტის რეპრესიული ძალა, რომლის მიხედვითაც, უკვე მეცამეტე წელია მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტის თავისუფლება მცირდება, რადგან სიტუაცია გაუარესდა 29 ქვეყანაში. ანგარიშის თანახმად, 2022 წელთან შედარებით, ინტერნეტის თავისუფლება საქართველოშიც შემცირდა ორი ქულით, თუმცა ქვეყანა ინარჩუნებს თავისუფალ სტატუსს. 2023 წელს საქართველომ 100-დან 76 ქულა აიღო.

 

ანგარიშში გამოყოფილია რამდენიმე მთავარი გარემოება და მიზეზი, რის გამოც საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების ქულამ იკლო:

 

-        ანგარიშის თანახმად, ქვეყნის სატელეკომუნიკაციო სექტორის მარეგულირებელმა, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ინტერნეტ სერვის პროვაიდერებს 480-მდე ვებგვერდის დაბლოკვა მოსთხოვა ძირითადად საავტორო უფლებების დარღვევის გამო. ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ვებგვერდების დაბლოკვის მკაფიო პროცედურები. გარდა ამისა, ვებგვერდების დაბლოკვის სტატისტიკას პროაქტიულად არ აქვეყნებს არც კომუნიკაციების კომისია, არც ინტერნეტ სერვის პროვაიდერები და არც სხვა სახელმწიფო ორგანოები. აღსანიშნავია, რომ ეს დაკვირვებები მოყვანილია IDFI-ის ანგარიშის - დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სამართლებრივი და პრაქტიკული ანალიზი - საფუძველზე.

 

-        Meta-ს 2023 წლის მაისის ანგარიშის თანახმად, გამოვლინდა პირდაპირი კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტსა და ყალბ Facebook და Instagram ანგარიშებს შორის, რომლებიც მთავრობისთვის სასარგებლო ნარატივებს ავრცელებდნენ.

 

-        2022 წლის ივლისში, პოლიციელებისადმი შეურაცხმყოფელი შინაარსის Facebook პოსტის გამო რამდენიმე საათით დააკავეს მოქალაქე.

 

-        პოზიტიური ტენდენციის სახით, აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა მნიშვნელოვანი კიბერშეტევა საქართველოს სახელმწიფო ინფრასტრუქტურისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ. 

 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით ინფრასტრუქტურულ დაბრკოლებებს აწყდებიან, თუმცა ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა თანდათან იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობების 89%-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე. თუმცა, შეინიშნება ციფრული უთანასწორობა დიდ ქალაქებსა და სოფლებს, ასევე ასაკობრივ ჯგუფებს შორის. გამოწვევაა ინტერნეტ მომსახურების ხარისხი და სიჩქარეც. კომპანია Ookla-ს მიერ 2023 წლის მაისში ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიქსირებული ინტერნეტის გადმოწერის საშუალო სიჩქარე 25.5 მგ/წმ იყო. მობილური ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე იმავე პერიოდში კი 31.6 მგ/წმ-ს შეადგენდა.

 

Freedom House-ის ანგარიში განიხილავს ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს შორის მომხმარებელთა გადანაწილების საკითხსაც. ნათქვამია, რომ საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე დიდი კომპანია დომინირებს. კერძოდ, ბაზრის ¾-ს ორი მიმწოდებელი აკონტროლებს (საკაბელო ინტერნეტი). მობილური ინტერნეტის ბაზრის დიდი ნაწილი სამ პროვაიდერს უკავია. ახალ გარემოებად ანგარიშში ნახსენებია, რომ 2022 წლის ივლისში, სატელეკომუნიკაციო სექტორის მთავარმა მარეგულირებელმა, კომუნიკაციების კომისიამ Starlink-ს საქართველოში მომსახურების გაწევის უფლება მისცა, თუმცა აღნიშნული სერვისი საანგარიშო პერიოდში ხელმისაწვდომი არ გამხდარა.

 

ქვეყანაში ინტერნეტ თავისუფლების ხარისხის შესახებ ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეები, როგორც წესი, სარგებლობენ ონლაინ გამოხატვის თავისუფლებით. თუმცა, ბოლო წლებში ცალკეული ონლაინ აქტივობის გამო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევები შეშფოთებას იწვევს. ამის საჩვენებლად, ანგარიშში მოყვანილია რამდენიმე ფაქტი:

 

- ფიზიკური პირი 2,000 ლარით (732 აშშ დოლარი) დაჯარიმდა, ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით TikTok-ის ვიდეოში თბილისის მერისა და პოლიციის შეურაცხყოფის გამო;

 

 - მოქალაქე 48 საათის განმავლობაში იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და მოგვიანებით დაჯარიმდა 2,500 ლარით (914 აშშ დოლარი), სავარაუდოდ, Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში პოლიციელების შეურაცხყოფისა და უხამსი სიტყვებით მოხსენიებისთვის.

 

ციფრული კონტენტის შეზღუდვის კონტექსტში, ანგარიში ახსენებს 2022 წლის ბოლოს მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებსაც სხვა საკითხებთან ერთად, ვიდეო-გაზიარების პლატფორმების ახალი რეგულაციები შემოჰქონდათ. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის შემდეგ, რომლებიც გამოთქვამდნენ შეშფოთებას, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებთან დაკავშირებით, 2023 წლის ივნისში სადავო ცვლილებები მოდიფიცირდა.

 

ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად დასახელებულია პროსამთავრობო და სხვა ადგილობრივი პოლიტიკური აქტორების მხრიდან ონლაინ კონტენტის მანიპულაციის მცდელობები, განსაკუთრებით დემონსტრაციების, საარჩევნო კამპანიებისა და პოლიტიკური კრიზისების დროს. ანგარიში მიხედვით, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაუარესდა საანგარიშო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 2022 წლის ივნისში საქართველოს კანდიდატობის სტატუსის მინიჭების ნაცვლად, მხოლოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა. რაც ყველაზე საყურადღებოა, საანგარიშო პერიოდში Meta-მ წაშალა ათობით Facebook ანგარიში, გვერდი, ჯგუფი და Instagram ანგარიშები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან.

 

ონლაინ პლატფორმებს, განსაკუთრებით Facebook-ს, ხშირად იყენებენ სხვადასხვა საკითხზე დემონსტრაციების ორგანიზებისთვის. არაერთ მაგალითს შორის ანგარიში გამოყოფს „უცხოური აგენტების”  სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ რამდენიმედღიან ქუჩის აქციებს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისგან მოითხოვდა, დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური გავლენის აგენტად”. Facebook და TikTok აქციების მოწყობისა და ხალხის მობილიზებისთვის ეფექტურად იქნა გამოყენებული. დემონსტრაციების შედეგად, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია.

 

ციფრული უფლებების კონტექსტში აღნიშნულია, რომ მართალია არსებობს საკანონმდებლო გარანტიები ამ კუთხით, თუმცა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობა ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის მთავარი დაბრკოლებაა.

 

ყოველწლიური შეფასება თითოეული ქვეყნის შემთხვევაში მოიცავს დეტალურ ნარატიულ ანგარიშსა და ქულებს, რომლებიც სამ კატეგორიად იყოფა: 1. ხელმისაწვდომობის დაბრკოლებები; 2. კონტენტის შეზღუდვა; და 3. მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. 2023 წლის ანგარიში 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

 

გლობალური ტენდენციები

 

ანგარიშის მიხედვით, წელს ქულის ყველაზე დიდი გაუარესება ირანში დაფიქსირდა, რაც საპროტესტო აქციების ჩახშობის მიზნით, ხელისუფლების მიერ ინტერნეტის დახურვასა და სოციალური მედიის დაბლოკვას უკავშირდება. სულ მცირე 55 ქვეყანაში ადამიანებს ონლაინ აქტივობის გამო სამართლებრივი პასუხისმგებლობები დაეკისრათ. 44 ქვეყანის მთავრობებმა პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური თემატიკის ვებ-გვერდები დაბლოკეს, რაც ორივე მიმართულებით ბოლო წლების მაქსიმალური მაჩვენებლებია. ორივე ტიპის პრაქტიკას ვხვდებით ჩინეთში, რომელიც უკვე მეცხრე წელია ინარჩუნებს ინტერნეტ თავისუფლების კუთხით ყველაზე ცუდი გარემოს მქონე ქვეყნის სტატუსს.

 

ანგარიშმა ასევე აჩვენა, რომ მართალია ხელოვნური ინტელექტის განვითარება საზოგადოებას ბევრ სარგებელს სთავაზობს, მაგრამ მას ციფრული რეპრესიების მასშტაბისა და ეფექტურობის გასაზრდელადაც იყენებენ. მთავრობები ავტომატიზირებულ სისტემებს საკუთარი ინფორმაციული კონტროლი გამყარებისა და ონლაინ ცენზურის დახვეწისთვის მოიხმარენ.

 

ანგარიში მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, და სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, იმოქმედონ დროულად, რათა დაიცვან ინტერნეტის თავისუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც AI ტექნოლოგიები სულ უფრო აძლიერებენ ავტორიტარულ ძალებს. ინტერნეტ თავისუფლების ეფექტური დაცვა მოითხოვს არა მარტო ხელოვნური ინტელექტის მართვის სისტემების განვითარებას, არამედ კონფიდენციალურობის, გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციაზე წვდომის მუდმივ საფრთხეებზე რეაგირებასაც. 

 

დეტალური ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024