სახალხო დამცველის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 4 აპრილი 2023

2023 წლის 3 აპრილს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომლის მე-7 თავი ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების კუთხით არსებულ სიტუაციას მიმოიხილავს. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზების ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორად ანგარიშში დასახელებულია მოქმედი მოძველებული კანონმდებლობა, რომელიც ვერ პასუხობს ამ ეტაპზე არსებულ საჭიროებებს.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას არ მოუმზადებია ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი სპეციალური კანონის პროექტი და რომ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზებაზე ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის არარსებობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ IDFI წლებია მიუთითებს სპეციალური რეგულირების საჭიროებაზე და ადვოკატირებას უწევს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი სპეციალიზებული ორგანოს (ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ან მსგავსი ფუნქციებით აღჭურვილი ორგანოს) შექმნას.

 

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სულ 39 განცხადება განიხილა და მათი უმრავლესობა შეეხებოდა საჯარო დაწესებულებების მხრიდან საჯარო ინფორმაციის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით ან/და არასრულყოფილად გაცემის შემთხვევებს. ანალოგიური პრობლემატიკის საილუსტრაციოდ ანგარიშში ციტირებულია IDFI-ს კვლევა, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე მედიის წარმომადგენლების წვდომას შეეხება. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები საფრთხეს უქმნის მედიის საქმიანობის ეფექტიანობას.

 

ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველმა განიხილა განცხადება, რომელიც შეეხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ - დავით კეზერაშვილს შორის ზიანის ანაზღაურების შესახებ მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით სამინისტროს სარჩელისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობას. სასამართლომ ადმინისტრაციამ უარი განაცხადა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაცემაზე იმაზე მითითებით, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის კანონიერ ძალაში შესული. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის დახურვის მიზნით, კანონს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და რომ მოქმედი კანონდებლობა არ უზრუნველყოფს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობას.  

 

ანგარიში ეხება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული დავების ეფექტურად გადაწყვეტის საკითხს და ამ კუთხით არსებული პრობლემების ხაზგასასმელად მაგალითად მოჰყავს IDFI-ს ანალიტიკა, რომლის მიხედვითაც, მართლმსაჯულების ორგანოში საქმის განხილვის ხანგრძლივი პერიოდი საჯარო ინფორმაციას იმ ძირითად ღირებულებას უკარგავს, რაც, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს დაინტერესებული პირისთვის. ბოლო წლებში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სასამართლოში შესული საქმეების კლებადი სტატისტიკა, შესაძლოა, სასამართლო კონტროლის, როგორც უფლების დაცვის წარუმატებელ მექანიზმზე მიუთითებდეს.

 

სახალხო დამცველის აპარატი ასევე ეხმიანება „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის ქვეყნისათვის სავალდებულოდ აღიარების საკითხსაც და აცხადებს, რომ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წინადადების მოსამზადებელი პროცესი ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს. 

 

სახალხო დამცველის ანგარიშმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ პრობლემების გადაჭრის საჭიროებას, რასაც IDFI წლებია ითხოვს. სამწუხაროდ, IDFI-ს კვლევამ, რომელიც ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხს აფასებს, აჩვენა, რომ 2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაუარესდა და 58% შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია. IDFI კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის პირებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაატარონ ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმა და შექმნან ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტი, ხოლო საკანონდებლო ცვლილებების მიღებამდე, უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის დადგენილ ვადაში სრულად ხელმისაწვდომობა. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024