Freedom House – ინტერნეტის თავისუფლება 2024: საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების ხარისხი შემცირდა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები 16 ოქტომბერი 2024

2024 წლის ოქტომბერში Freedom House-მა გამოაქვეყნა ანგარიში – ინტერნეტის თავისუფლება 2024: ნდობისთვის ბრძოლა ონლაინ სივრცეში, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტის თავისუფლება უკვე მე-14 წელია მცირდება, რადგან სიტუაცია გაუარესდა 27 ქვეყანაში. ანგარიშის თანახმად, 2023 წელთან შედარებით, ინტერნეტის თავისუფლება საქართველოშიც შემცირდა ორი ქულით, თუმცა ქვეყანა ინარჩუნებს თავისუფალ სტატუსს. 2024 წელს საქართველომ 100-დან 74 ქულა მოიპოვა.

 

ანგარიშში გამოყოფილია რამდენიმე მთავარი მოვლენები და ასევე მიზეზი, რის გამოც საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების ქულამ იკლო:

 

 - 2023 წლის ოქტომბერში მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა ქვეყნის სატელეკომუნიკაციო სექტორის მარეგულირებელს, კომუნიკაციების კომისიას (ComCom) უფლებამოსილება გაუზარდა სიძულვილის ენასთან, ტერორიზმის წამქეზებელ და უხამსობის შემცველ კონტენტთან დაკავშირებით რეგულირების მიმართულებით. ამ ცვლილებებით, თვითრეგულირების მექანიზმის ნაცვლად, მსგავსი კონტენტის განსაზღვრაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ComCom იღებს.

 

ამას გარდა, არც ComCom, არც ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერები (ISP) და არც სხვა სახელმწიფო ორგანოები არ აქვეყნებენ სტატისტიკურ მონაცემებს დაბლოკილი ვებგვერდების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს დაკვირვებები მოყვანილია IDFI-ის ანგარიშის -დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სამართლებრივი და პრაქტიკული ანალიზი - საფუძველზე.

 

 - კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ (ე.წ. აგენტების კანონი), რომელიც 2024 წლის მაისში იქნა მიღებული, მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისგან, მათ შორის ონლაინ პლატფორმებისგან, რომ მათ, ვინც წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებს, რეგისტრირდნენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად. ამ სუბიექტებმა ასევე ყოველწლიურად უნდა წარადგინონ ფინანსური დეკლარაციები და საჭიროების შემთხვევაში გადასცენ სენსიტიური მონაცემები იუსტიციის სამინისტროს.

 

 - აქტივისტებმა, რომლებიც ე.წ. „აგენტების კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას, ონლაინ ზეწოლის ობიექტები აღმოჩნდნენ. ერთ შემთხვევაში, აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მთავრობასთან დაკავშირებულმა მედიაპირებმა ორ ტელეგრამ არხზე ათეულობით ადამიანის პერსონალური ინფორმაცია გააზიარეს, მათ შორის, იმ ადამიანების მობილური ნომრები და საცხოვრებელი მისამართები, რომლებიც საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.

 

 - 2024 წლის მაისში საერთაშორისო ჰაკერულმა ჯგუფმა, Anonymous-მა დროებით გათიშა სამთავრობო დაწესებულებების, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის მომხრე მედია პლატფორმის ვებგვერდები.

 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით ინფრასტრუქტურულ დაბრკოლებებს აწყდებიან, თუმცა ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა თანდათან იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობების 91.5%-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე. თუმცა, შეინიშნება ციფრული უთანასწორობა დიდ ქალაქებსა და სოფლებს, ასევე ასაკობრივ ჯგუფებს შორის. გამოწვევაა ინტერნეტ მომსახურების ხარისხი და სიჩქარეც. კომპანია Ookla-ს მიერ 2024 წლის მაისში ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიქსირებული ინტერნეტის გადმოწერის საშუალო სიჩქარე 26.71 მგ/წმ იყო. მობილური ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე იმავე პერიოდში კი 39.83 მგ/წმ-ს შეადგენდა.

 

Freedom House-ის ანგარიში განიხილავს ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს შორის მომხმარებელთა გადანაწილების საკითხსაც. ნათქვამია, რომ საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე დიდი კომპანია დომინირებს. კერძოდ, ბაზრის ¾-ს ორი მიმწოდებელი აკონტროლებს (საკაბელო ინტერნეტი). მობილური ინტერნეტის ბაზრის დიდი ნაწილი სამ პროვაიდერს უკავია. ახალ გარემოებად ანგარიშში ნახსენებია, 2023 წლის ნოემბრიდან Starlink-ის ინტერნეტი ხელმისაწვდომია საქართველოში.

 

ქვეყანაში ინტერნეტ თავისუფლების ხარისხის შესახებ ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეები, როგორც წესი, სარგებლობენ ონლაინ გამოხატვის თავისუფლებით. თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე ონლაინ აქტივობების გამო შესაძლო სამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი შემთხვევა.

 

 - 2024 წლის მაისში, სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ე.წ. აგენტების კანონპროექტს და ტელეგრამს აქტიურად იყენებდა დემონსტრანტებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის, დააკავეს იარაღის უკანონო ფლობისა და ინფორმაციულ სისტემაში უნებართვო წვდომის ბრალდებით. მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ იარაღების უმეტესობა იყო ე.წ. „airsoft“ (სათამაშო) იარაღები ან კანონიერად დარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. მოგვიანებით დააკავეს მისი მეუღლე. მას ბრალად ედება მეუღლესთვის ინტიმური სურათების უკანონო ჩაწერაში დახმარება. უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, ივლისის სასამართლო განხილვის შემდეგ, კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

 

 - 2023 წელს ფიზიკური პირი 2,000 ლარით (732 აშშ დოლარი) დაჯარიმდა, ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით TikTok-ის ვიდეოში თბილისის მერისა და პოლიციის შეურაცხყოფის გამო.

 

ციფრული კონტენტის შეზღუდვის კონტექსტში, ანგარიში ახსენებს მაუწყებლობის შესახებ კანონში 2023 წლის ოქტომბრის ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას (ComCom), ქვეყნის სატელეკომუნიკაციო სექტორის მარეგულირებელს, უფლებამოსილება გაეზარდა სიძულვილის ენასთან, ტერორიზმის წაქეზების და უხამს კონტენტთან დაკავშირებით რეგულირების მიმართულებით. ამ ცვლილებებით, თვითრეგულირების ორგანოების ნაცვლად, მსგავსი კონტენტის განსაზღვრაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ComCom იღებს. აღნიშნული ცვლილებები ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების კრიტიკის ობიექტი გახდა. ანგარიშის დაფარვის პერიოდში, ცვლილებები ჯერ კიდევ არ იყო ამოქმედებული, რადგან კომუნიკაციების კომისიამ მათი აღსრულებისთვის ჯერ სახელმძღვანელო მითითებები უნდა გამოსცეს.

 

ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად დასახელებულია პროსამთავრობო და სხვა ადგილობრივი პოლიტიკური აქტორების მხრიდან ონლაინ კონტენტის მანიპულაციის მცდელობები, განსაკუთრებით დემონსტრაციების, საარჩევნო კამპანიებისა და პოლიტიკური კრიზისების დროს. ანგარიშის მიხედვით, ეს ტენდენცია ბოლო ორი წლის განმავლობაში გაუარესდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა და 2022 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქცია რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. ტენდენცია კიდევ უფრო გამძაფრდა „უცხოურ გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის დროს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ 2024 წლის დასაწყისში ხელახლა დააინიცირა მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში მასობრივი დემონსტრაციების ფონზე უკან გაიწვია. ანგარიშის პერიოდში, Meta-მ დაბლოკა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული Facebook-ის ათეულობით ანგარიში, გვერდი, ჯგუფი და Instagram-ის ანგარიში, რომლებიც გამოიყენებოდა მთავრობის ნარატივის გავრცელებისა და ოპოზიციის კრიტიკისთვის. ანგარიშის მიხედვით, ქართული აუდიტორია ასევე იყო რუსეთის საინფორმაციო კამპანიის სამიზნე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და აკრიტიკებდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებს.

 

ონლაინ პლატფორმებს, განსაკუთრებით Facebook-სა და TikTok-ს, ხშირად იყენებენ სხვადასხვა საკითხზე დემონსტრაციების ორგანიზებისთვის. ანგარიშში, სხვა მაგალითებთან ერთად, ხაზგასმულია პროტესტები ე.წ. „უცხოური აგენტების” კანონპროექტის წინააღმდეგ. ასევე აღნიშნულია რომ ამ პროტესტების ფონზე ონლაინ შევიწროებისა და დაშინების შემთხვევები მნიშვნელოვანად გაიზარდა. არაერთმა ორგანიზატორმა და დემონსტრაციის მონაწილემ მიიღო უცნობი და/ან უცხო ნომრიდან ზარები, რომლითაც მათ აშინებდნენ და რიგ შემთხვევებში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ეს იწვევს შეშფოთებას, რომ ასობით ადამიანის პირადი მონაცემები შესაძლოა, უკანონოდ იყოს მიწოდებული და დამუშავებული მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ.

 

ანგარიშის პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა რამდენიმე კიბერთავდასხმა, რაც საქართველოსთვის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 2024 წლის მაისში ე.წ. „აგენტების” კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის დროს Anonymous-მა დროებით გათიშა რამდენიმე საჯარო დაწესებულების, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის მომხრე POS TV-ისა და „ქართული ოცნების“ ვებგვერდები. გარდა ამისა, 2024 წლის იანვარში, რუსმა ჰაკერებმა დროებით გათიშეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე მედიასაშუალებების „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ ვებგვერდები.

 

ციფრული უფლებების კონტექსტში აღნიშნულია, რომ მართალია არსებობს საკანონმდებლო გარანტიები ამ კუთხით, თუმცა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობა ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის მთავარი დაბრკოლებაა.

 

ყოველწლიური შეფასება თითოეული ქვეყნის შემთხვევაში მოიცავს დეტალურ ნარატიულ ანგარიშსა და ქულებს, რომლებიც სამ კატეგორიად იყოფა: 1. ხელმისაწვდომობის დაბრკოლებები; 2. კონტენტის შეზღუდვა; და 3. მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. 2024 წლის ანგარიში 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

 

გლობალური ტენდენციები

 

გლობალური ანგარიშის მიხედვით, წელს ქულის ყველაზე დიდი გაუარესება ყირგიზეთში დაფიქსირდა, რაც პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვის მიერ ციფრული მედიის ჩახშობასა და ონლაინ მობილიზების შეზღუდვების მცდელობებს უკავშირდება. ადამიანებს ონლაინ აქტივობის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ ან მოკლეს სულ მცირე 43 ქვეყანაში, რაც რეკორდული მაჩვენებელია. საანგარიშო პერიოდში FOTN-ის 41 ქვეყნიდან, სადაც არჩევნები ჩატარდა ან არჩევნებისთვის ემზადებოდნენ, მინიმუმ 25-ში ამომრჩეველი ცენზურულ საინფორმაციო სივრცეში აღმოჩნდა. 41 ქვეყნიდან მინიმუმ 21-ში მთავრობის მომხრე კომენტატორები ონლაინ ინფორმაციით მანიპულირებდნენ, რაც ხშირ შემთხვევებში საარჩევნო შედეგების სისწორესთან დაკავშირებით ეჭვების გაღვივებასა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი გრძელვადიანი უნდობლობის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. ჩინეთმა, მიანმართან ერთად, სადაც სამხედრო რეჟიმმა ახალი ცენზურის სისტემა დანერგა, რომელიც, განსაკუთრებით, ვირტუალურ კერძო ქსელებზე (VPN) შეზღუდვებს ამკაცრებს, მსოფლიოს ყველაზე ცუდი ინტერნეტის თავისუფლების გარემოს სტატუსი გაიზიარა.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენების ფონზე, რაც ციფრული რეპრესიებისა და დეზინფორმაციის გავრცელების გაძლიერებას იწვევს, ანგარიშის მიერ დაფარული ქვეყნების ნახევარზე მეტში დადებითი ტენდენცია შეინიშნება — მთავრობებმა გადადგეს ნაბიჯები ინფორმაციის სანდოობის დასაცავად.

 

ანგარიში მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, და სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ონლაინ კონტენტთან დაკავშირებული კანონების აღსრულებით, ფაქტების გადამოწმებისა და ციფრული განათლების ინიციატივების მხარდაჭერითა და ახალი სახელმძღვანელო პრინციპების მიღებით, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიებში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას შეზღუდავს, დაიცვან ინტერნეტის თავისუფლება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024