ინფორმაციის თავისუფლება სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 10 მაისი 2016

მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიში სხვა საკითხებს შორის მიმოიხილავს საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მხრივ არსებულ მდგომარეობას.

 

ინფორმაციის თავისუფალი მიღებისა და გავრცელების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებით. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. 41-ე მუხლი კი ადგენს, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.“

 

ინფორმაციის თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც ქვეყანაში სამართლიანი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენაა მიმართული.

 

 

- ახალი კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

  

სახალხო დამცველის ანგარიში ხაზს უსვამს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის დროული მიღების მნიშვნელობას. ამ კანონმა უნდა აღმოფხვრას დღეს არსებული ყველა ის ძირითადი პრობლემა, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფომრაციის გაცემას შორის არსებული დისბალანსი; გადაწყვეტილების მიღებისას არსებული საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობა; ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი მექანიზმის არარსებობა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის უკანონოდ თქმისთვის სანქციების დაკისრების შეუძლებლობა.

 


ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაზე“, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისთვის ჯერ კიდევ 2015 წლის გაზაფხულზე უნდა წარდგენილიყო. იგი ამ დრომდე არ არის წარდგენილი.

 

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის ტექსტი ჯერ კიდევ 2014 წელს იქნა მომზადებული სამუშაო ჯგუფის მიერ, იუსტიციის სამინისტროს, IDFI–ის, სხვა არასამათავრობო ორგანიზაციათა და დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ. მოცემული კანონპროექტის ტექსტით გათვალისწინებული იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტი მეტწილად დაფუძნებული იქნება სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე.

 

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება და მოეწყოს მისი საჯარო განხილვა.

 

 


- IDFI-ის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ

  

ანგარიში ცალკე თავში მიმოიხილავს IDFI-ის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის არგუმენტით სასამართლოს უარს ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილებების ასლების გაცემაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციამ უარი დაასაბუთა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე–6 მუხლით, რომელიც მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის გარეშე კრძალავს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გასაჯაროებას.

 

IDFI არ ეთანხმება სასამართლოს ადმინისტრაციის მოსაზრებას. მართალია, განსჯადობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს, თუმცა, ვფიქრობთ, ეს არ უნდა გავრცელდეს თანამდებობის პირებზე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი, არ ვრცელდება თანამდებობის პირებზე. ამასთან, მოცემული ინფორმაციის მიმართ არსებობს განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი, რაც ასევე მიჩნეულ უნდა იქნეს ინფორმაციის გასაჯაროების ერთ-ერთ საფუძვლად. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონით გარანტირებულია სხდომათა საჯაროობა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამართალწარმოების პროცესის გამჭვირვალობას, არამედ გადაწყვეტილებათა საჯაროობასაც.

 

სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მოცემულმა საქმემ უფრო აშკარა გახადა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების დახვეწის საჭიროება. კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მე-6 მუხლი, რომელიც აწესებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა მესამე პირთათვის გაცემის სტანდარტს, ინფორმაციის გამცემს არ უტოვებს საშუალებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად შეაფასოს საკითხი და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება ინფორმაციის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის პროპორციულობის პრინციპის დაცვით.

 

მოცემული ნორმა მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე აბსოლუტურად გამორიცხავს განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის მესამე პირთათვის გადაცემის შესაძლებლობას, რითაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დაცულ ინფორმაციის თავისუფლებას. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა აშკარაა.

 

 

- სანქციების არარსებობა ინფომრაციის თავისუფლების შეზღუდვისთვის

 

 სახალხო დამცველი განსაკუთრებით პრობლემურად აფასებს იმას, რომ საჯარო დაწესებულებები ინფორმაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტისას არ ხელმძღვანელობენ პროპორციულობის პრინციპით და უპირატესობას ანიჭებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპს. საჯარო უწყებების მხრიდან ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხისადმი ამგვარი მიდგომა გამოწვეულია სწორედ იმ ფაქტით, რომ საქართველოს კანონმდებლობა დღემდე არ ითვალისწინებს სანქციებს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის თქმისთვის მაშინ, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი აწესებს სხვადასხვა სანქციებს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის უკანონო გაცემისთვის.

 

შესაბამისად, საჯარო მოხელეები, რომელთაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ევალებათ, მიიღონ გადაწყვეტილება, გასცენ ესა თუ ის ინფორმაცია და ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის, ხელმძღვანელობენ არა პროპორციულობის პრინციპით, არამედ ცდილობენ, თავიდან აიცილონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანქციები.

 

 

- კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაცია

 

 სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს, რომ ხშირ შემთხვევაში საჯარო დაწესებულებები სრულად ვერ აანალიზებენ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და განსხვავებულ ინტერპრეტაციებს აძლევენ დადგენილ ნორმებს. საჯარო უწყებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების (მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მაგ. შენახვა, გაგზავნა, მესამე პირებზე გაცემა) საფუძვლების არსებობის შემთხვევაშიც კი უარს აცხადებენ მონაცემთა დამუშავებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაციის გაცემაზე არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.

 

არ ექცევა ყურადღება იმ გარემოებას, რომ კანონმდებლობა იცნობს ასეთი ინფორმაციის გაცემის სხვა საფუძვლებსაც, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გაცემასთან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სუბიექტის თანხმობა წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი საფუძველს და არა წინაპირობას. გარდა მონაცემთა სუბიექტის თანხმობისა მონაცემთა დამუშავება ასევე შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, თუ სახეზეა მაღალი საჯარო ინტერესი, თუ ინფორმაცია უკვე არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და სხვ.

 

სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისა და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრების მთავარი პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას დაინტერესებული პირების მიერ. ეს პრინციპი ასევე არის ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების დაცვის წინაპირობაა.

 

 

დასკვნა

 

ვფიქრობთ, სახალხო დამცველის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თითოეულმა საჯარო დაწესებულებამ მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა საქართველოში დაცული იყოს ყველას უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

 

IDFI უერთდება სახალხო დამცველის მოწოდებას და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის ინიცირება პარლამენტში.

 

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტი მეტწილად დაფუძნებული იქნება სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე და ის აღმოფხვრის ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებს სახალხო დამცველის ანგარიში. კერძოდ:

 

• პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფომრაციის გაცემას შორის არსებული დისბალანსი;
• საჯარო დაწესებულებებში დანერგილი მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ისინი თავს არიდებენ პროპორციულობის ტესტის გამოყენებას;
• გადაწყვეტილების მიღებისას არსებული საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობა;
• ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი მექანიზმის არარსებობა; და
• საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის უკანონოდ თქმისთვის სანქციების დაკისრების შეუძლებლობა.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024