თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და საგადასახადო საიდუმლოება - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები | სტატია 21 ივნისი 2017

 

2015 წლის 16 აპრილს, ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოში არსებული თითოეული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თ.ი.ზ.-ი) შემოწმება და ასეთი შემოწმების განხორციელების შემთხვევაში მოითხოვა მათი ამსახველი დასკვნები და ოქმები.  2015 წლის 4 მაისის წერილით შემოსავლების სამსახურმა უარი განაცხადა ამ ინფორმაციის გაცემაზე და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენდა საგადასახადო საიდუმლოებას. 

 

საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, IDFI-მ თავდაპირველად ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიღების შემდეგ კი, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლო წესით (ადმინისტრაციული სარჩელის თარიღი - 2015 წლის 5 აგვისტო).


თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით, IDFI-ის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.


შემოსავლების სამსახურის პოზიციით, ინფორმაცია საქართველოში არსებული თითოეული ინდუსტრიული ზონის შემოწმების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, შესაბამისად, დაუშვებელია მისი საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა.


თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება


თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით (ჩაბარების თარიღი - 2017 წლის 16 ივნისი), სრულად იქნა გაზიარებული IDFI-ის პოზიცია და შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება.


ეს გადაწყვეტილება არის პრეცედენტული მნიშვნელობის მატარებელი, საგადასახადო საიდუმლოების ცნებისა და ფარგლების განსაზღვრის მხრივ. სასამართლო დაეყრდნო საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის No 2/3/406/408 გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია საგადასახადო ორგანოში დაცული ნებისმიერი ინფორმაცია ჩაითვალოს საგადასახადო საიდუმლოებად. სასამართლოს განმარტებით, ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა მონაცემთა გაცემას მოჰყვეს გადასახადის გადამხდელის კომერციული, საბანკო ან/და სხვა დაცული ინფორმაციის გამჟღავნება.


სასამართლომ სიღრმისეულად შეისწავლა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმადაც თ.ი.ზ.-ის ფუნქციონირება შესაძლებელია დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ ფიზიკურად იქნება შემოწმებული და დადასტურებული თ.ი.ზ.-ის შესაბამისობა ისეთ მოთხოვნებთან, როგორიც არის თ.ი.ზ.-ის შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობა, მისი შემქნის პირობები და საქონლის შენახვის წესი. სასამართლომ დაასკვნა, რომ თ.ი.ზ.-ის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენისას შემოსავლების სამსახურის ფუნქცია არის, არა ფინანსური და საგადასახადო ინფორმაციის მოძიება, არამედ ფიზიკური შემოწმება, რომელიც ტექნიკური ხასიათის მატარებელია.


„სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო დასკვნას და თვლის, რომ დაუშვებელია საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლში მითითებულ „ნებისმიერ ინფორმაციაში“ მოაზრებულ იქნას გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ მის ფინანსურ თუ კომერციულ საქმიანობასთან, მოპოვებული და მოძიებული არ არის გადასახადების ადმინისტრირების პროცესში და მათი გამჟღავნება არ არის ფინანსური ან/და სხვა სახის საფრთხის ან რისკების მატარებელი.“


სასამართლომ მიუთითა, რომ IDFI-ის მოთხოვნა იყო ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, განახორციელა თუ არა შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ტეროტორიაზე მოქმედი სხვადასხვა თ.ი.ზ.-ის ფიზიკური შემოწმება (და შემოწმების ამსახველი ოქმები). ეს უკავშირდება თ.ი.ზ.-ის ტექნიკურ, ინფრასტრუქტურულ მოწყობას და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხს, რომელიც დაუშვებელია ჩაითვალოს საგადასახადო საიდუმლოებად.


„თბილისის სააპელაციო სასამართლო, მოთხოვნილი ინფორმაციის და მარეგულირებელი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემოწმება, შემოწმების ამსახველი დასკვნა ან ოქმი არ შეიძლება დაკვალიფიცრდეს, როგორც გადასახადის ადმინისტრირების პროცესში მოპოვებული ფინანსური ინფორმაცია, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზე არაა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული დაცული ინფორმაცია.“


IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და საკანონმდებლო აქტების ანალიზის შემდეგ სასამართლომ დაასკვნა, რომ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შემოწმებისა და შემოწმების ამსახველი დასკვნების/ოქმების შესახებ არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას; შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს დაეკისრა ვალდებულება, სრულად გასცეს აღნიშნული ინფორმაცია.


ვიმედოვნებთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სრულად იქნება გაზიარებული სასამართლოს მსჯელობა მოცემულ საკითხზე და უმოკლეს ვადებში დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა, მივიღოთ ინფორმაცია საქართველოს ტეროტორიაზე მოქმედი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შემოწმების შესახებ.

 

 

/public/upload/01Nino/Appelate Court IDFI v Revenue Service Free Industrial Zones.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024