საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და საგადასახადო საიდუმლოება (IDFI VS შემოსავლების სამსახური)

სიახლეები | სასამართლო პრაქტიკა | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 23 მარტი 2016

2015 წლის 16 აპრილს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) წერილით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ინფორმაციის საჯაროობის პრინციპის საფუძველზე მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება შემდეგ საკითხზე: განხორციელდა თუ არა შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოში არსებული თითოეული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემოწმება. ასეთი შემოწმების განხორციელების შემთხვევაში IDFI-მ ასევე მოითხოვა შემოწმების ამსახველი დასკვნის ან ოქმის მიწოდება.


თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის სპეციალური ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი სახე, სადაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მოქმედებს საგადასახადო შეღავათები და დამატებითი პირობები. სპეციალური ეკონომიკური ზონები მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. მას აქტიურად იყენებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, გაერთიანებული სამეფო, ირანი, ინდოეთი, რუსეთი, ჩინეთი, მალაიზია, ფილიპინები და სხვა. სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნა მიზნად ისახავს ინვესტიციების გაზრდას ბიზნესისთვის მაქსიმალურად მისაღები ეკონომიკური გარემოს შექმნის გზით. სპეციალური ეკონომიკური ზონების ყველაზე უფრო გავრცელებული სახეებია: ურბანული ეკონომიკური ზონა, ინდუსტრიული ზონა, თავისუფალი სავაჭრო ზონა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა და თავისუფალი პორტები.


საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა 2008 წლიდან დაიწყო. შეიქმნა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ქუთაისში, ფოთში, ყულევში; განისაზღვრა საგადასახადო შეღავათები და სხვა დამატებითი ეკონომიკური წამახალისებელი პირობები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიებისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ორგანიზატორებისათვის. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი შეიძლება იყოს საწარმო, რომელიც არის აღრიცხული გადასახადის გადამხდელად. ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის კანონმდებლობის შესაბამისად აღჭურვა და ფუნქციონირება.


საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, თუმცა ინდუსტრიული ზონის შესაქმნელი დოკუმენტაციის შემოწმებაში და ამ ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების დაწყებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და შემოსავლების სამსახური. კერძოდ, შემოსავლების სამსახური, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიერ ფუნქციონირების დაწყებამდე, ვალდებულია ფიზიკურად შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული ინდუსტრიული ზონა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მხოლოდ ასეთი შემოწმებისა და შემოსავლების სამსახურის მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში შეუძლია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას დაიწყოს ფუნქციონირება და, შესაბამისად, ამოქმედდეს საგადასახადო შეღავათები და დამატებითი პირობები.


შემოსავლების სამსახურმა უარი თქვა IDFI-სთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, განახორციელა თუ არა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შემოწმება და, შესაბამისად, უარი თქვა გადაეცა ასეთი შემოწმების ამსახველი დასკვნა ან ოქმი. ინფორმაციის გაცემაზე უარის საფუძვლად შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. შემოსავლების სამსახურის უარი IDFI-მ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ - შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში, თუმცა მედიაციის საბჭომაც უარი თქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე. ამის შემდეგ, IDFI-მ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა IDFI-ს სარჩელი.


კერძოდ, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი სამართლებრივი დოკუმენტებით: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის #11 დადგენილებით დამტკიცებული „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის შესახებ“ ინსტრუქცია, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის #131 დადგენილებით დამტკიცებული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესები“.


თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ კანონმდებლობა დეტალურად განმარტავს შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელების საკითხებს (რაც ასახულია სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში). შემოსავლების სამსახურის ვალდებულებაა, შეამოწმოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) მოწყობის ტექნიკური, საორგანიზაციო და ინფრასტრუქტურული საკითხები. მაგალითად, სავალდებულოა, რომ თიზ-ს გააჩნდეს ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი და კაპიტალურად დამონტაჟებული არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის ღობე, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თიზ-ში, ორგანიზატორის მიერ და მისივე ხარჯით, უნდა მოეწყოს საბაჟო გამშვები პუნქტები. ასევე, ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა, ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირება და სხვა საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი საკითხები.


აღსანიშნავია, რომ შემოწმების განხორციელების დროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც თიზ-ის დათვალიერების შემდეგ ადგენს დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტს, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი.


თბილისის საქალაქო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406/408 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, მიუხედავად მისი მრავალფეროვნებისა, აქვს რამდენიმე არსებითი, საერთო მახასიათებელი ნიშანი, რაც განაპირობებს მის მიმართ ერთიანი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბების აუცილებლობას. საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას აერთიანებს ისიც, რომ ის თავს იყრის გადასახადების ადმინისტრირების პროცესის შედეგად. სასამართლომ ასევე უმნიშვნელოვანესად მიიჩნია, რომ საგადასახადო საიდუმლოებაში მოაზრებული ნებისმიერი ინფორმაცია დაკავშირებული საგადასახადო ურთიერთობებთან და ასახავს მათ. გადასახადის გადამხდელზე არსებული ყველა მონაცემი იძლევა მისი იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. სასამართლომ გაიზიარა და დასაბუთებულად მიიჩნია ასევე სპეციალისტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ გადასახადის გადამხდელზე არსებული ინფორმაცია არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია და აქედან გამომდინარე, ფინანსებთან კავშირიც მნიშვნელოვანი საერთო ნიშანია“.


საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლებლად იქნა მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაყოფა რამდენიმე ჯგუფად. ერთ-ერთ ჯგუფში მოაზრებულ იქნა კონსტიტუციის 41-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია - ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან და სხვა კერძო საკითხებთან. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე დაცული ინფორმაცია არის „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია“, რამდენადაც საგადასახადო ორგანოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული და სახელმწიფო ამოცანების განმახორციელებელი ორგანოებია და იქ თავმოყრილი ნებისმიერი ფორმის ინფორმაციის სრული სპექტრი შეიძლება იქნეს განხილული როგორც „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია“.


„სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველ ნაწილში არსებულ ჩანაწერზე - „გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია“ - და მიაჩნია, რომ, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, „ნებისმიერ ინფორმაციაში“ არ შეიძლება მოაზრებულ იქნას გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ისეთი ინფორმაციაც, რომელიც არ არის დაკავშირებული ფინანსებთან. როგორც აღინიშნა, საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის საერთო მახასიათებელი ნიშნებია: 1) ინფორმაციის მთავარი სუბიექტი - გადასახადის გადამხდელი, რომელსაც უშუალოდ უნდა შეეხებოდეს ნებისმიერი გასაიდუმლოებული მონაცემი; 2) ინფორმაციის საგადასახადო ორგანოში თავმოყრა გადასახადების ადმინისტრირების პროცესის შედეგად (რაც, თავის მხრივ, გულისხმობს გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობას, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში); 3) საგადასახადო საიდუმლოებაში მოაზრებული ნებისმიერი ინფორმაციის კავშირი საგადასახადო ურთიერთობებთან; 4) გადასახადის გადამხდელზე არსებული ყველა მონაცემიდან მისი იდენტიფიკაციის შესაძლებლობა და 5) გადასახადის გადამხდელზე არსებული ინფორმაციის კავშირი ფინანსებთან, მისი გაიგივება ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან“.


სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის (იგულისხმება IDFI) მიზანს არ წარმოადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის ორგანიზატორი პირის - გადასახადის გადამხდელად აღრიცხული მეწარმე სუბიექტის ფინანსური მდგომარეობის, მისი გადახდისუნარიანობის ამსახველი ინფორმაციის მიღება. ადმინისტრაციულ ორგანოში მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება ინფორმაციის გაცემის თაობაზე, თავისი შინაარსით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მან გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ მეწარმესთან დაკავშირებული (რაც მოცემულ ურთიერთობაში შეიძლება წარმოადგენდეს ორგანიზატორს) გადასახადების ადმინისტრირების პროცესში მოპოვებული ფინანსური ინფორმაცია მოითხოვა“.


დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორს, ასევე, ევალება გარანტიის წარდგენა, რომელიც თიზ-ის მოწყობის გეგმაში ასახული საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. ამავდროულად, აღნიშნული გარანტია არის თიზ-ის ფუნქციონირების პერიოდში შესაძლო წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება. კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ გარანტია თიზ-ის ორგანიზატორმა უნდა დაარეგისტრიროს საგადასახადო ორგანოში.


საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საბანკო გარანტია „არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს გადასახადის გადამხდელის შესახებ პირდაპირი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტთან, რომლის მესამე პირებისთვის გადაცემითაც შეიძლება შეიქმნას გადასახადის გადამხდელის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის გამჟღავნების საფრთხე . . . თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების დაწყების ეტაპზე, საბანკო გარანტია არ შეიძლება განიხილებოდეს იმგვარ ინფორმაციად, რომლის გაცემითაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, შეიძლება დარღვეულ იქნას გადასახადის გადამხდელთან დაკავშირებული ინფორმაციის საიდუმლოება“.


სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სასამართლომ საფუძვლიანად ცნო IDFI-ს სარჩელი და შემოსავლების სამსახურს დაევალა გასცეს ინფორმაცია თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შემოწმების შესახებ, ისევე როგორც ასეთი შემოწმების ამსახველი დასკვნა ან ოქმი.

 

/public/upload/Davit/Court Ruling Tax secret.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024