ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. IDFI-ის სისტემურმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების გამოვლენაში, საზოგადოებრივი კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვაში, საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის განვითარებაში.
წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება 2019 წლის მონაცემებით. ანგარიში ასევე, მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.
- 2019 წელს 284 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6 240 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი მიიღო 5,180 განცხადებაზე (83%);
- 2019 წელს საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი 6,240 მოთხოვნიდან, IDFI-იმ 10 დღიანი ვადის დაცვით ინფორმაცია მიიღო 3,480 შემთხვევაში (56%);
- 2019 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (24%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა შიდა აუდიტების ანგარიშების მოწოდებაზე. რიგით მეორე, ყველაზე დახურული ინფორმაცია დაკავშირებული იყო საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული პირების ბიოგრაფიული მონაცემების (сv) და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების გაცემასთან;
- 2019 წელს დაწესებულებათა კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპებმა (74% უპასუხო); ხოლო, სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (91% სრულყოფილი) გუბერნატორის ადმინისტრაციების შემთხვევაში დაფიქსირდა;
- 2019 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით 24-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა (მათ შორის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური);
- 2019 წელს, IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად შეფასდა მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა და ფინანსთა სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახელმწიფო ხაზინა;
- 2019 წელს იუსტიცის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების და სახელმწიფო ხაზინის გარდა, კიდევ 12 დაწესებულება (სასაზღვრო პოლიცია და 11 ადგილობრივი თვითმმართველობის მერია ან საკრებულო) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა;
- ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ - 99% და საქართველოს პარლამენტის აპარატმა -98,3%. ხოლო ყველაზე დაბალი იუსტიციის სამინისტრომ (4,55%) და მთავრობის ადმინისტრაციამ (27,84%);
- 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ცენტრალური დაწესებულებებიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად გააუმჯობესა ფინანსთა სამინისტრომ (+30,63%) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (+29.92%). ხოლო ყველაზე მეტად გააუარესა მთავრობის ადმინისტრაციამ (-23,16%);
- 2019 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი (83%) ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია;
- 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების მაჩვენებელი კი 5%-ით გაიზარდა;
- 2019 წელს 100%-იანი მაჩვენებლის მქონე საჯარო დაწესებულების რიცხვი წინა წელთან შედარებით დაახლოებით განახევრდა;
- 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობებიდან მიღებული სრულყოფილი პასუხები 10%-ით შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 11%-ით გაიზარდა.
2019 წელს განხორციელებული IDFI-ის მონიტორინგის თანახმად ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ გაუარესდა. მიუხედავად ამისა შენარჩუნებულია გაგზავნილ წერილებზე მიღებული პასუხების მაჩვენებლის 2014 წლის შემდეგ დამკვიდრებული 80%-იანი ზღვარი, რომელიც უმეტესწილად, ცალკეული საჯარო დაწესებულებების მაღალი ანგარიშვალდებულებით არის განპირობებული. კერძოდ, ისეთი, საჯარო დაწესებულებები როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საჯარო სამსახურის ბიურო, საქპატენტი წლების განმავლობაში ინარჩუნებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს და ჯეროვნად ასრულებენ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას. სამწუხაროდ, ცალკეული უწყებების მიერ (მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს სისტემა, სახელმწიფო ხაზინა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და ა.შ.) წლების განმავლობაში დამკვიდრებული დაბალი ანგარიშვალდებულების პრაქტიკა, უარყოფითად აისახება საქართველოს საჯარო სექტორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებელზე.
საჯარო დაწესებულებების სრული რეიტინგი იხილეთ აქ
/public/upload/GG/FOI2019F.pdf
/public/upload/GG/one-pager_29.07.2020.pdf
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.