ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 12 თებერვალი 2016

12 თებერვალს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტში. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უძღვებოდა და მას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე. პირველ სხდომაზე განისაზღვრა, რომ დავით უსუფაშვილის არყოფნის შემთხვევაში, საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას შეასრულებს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.


დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში პარლამენტში გააქტიურდა საკანონმდებლო ღიაობაზე მუშაობა და ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მექსიკაში, 2015 წლის ოქტომბერში გამართულ OGP-ის  გლობალურ სამიტზე საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს  ღია მმართველობის პარტნიორობის ჯილდო გადაეცა. სხდომაზე, დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა პარტნიორი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილს მიღწეულ წარმატებაში.


„მინდა მოგილოცოთ ის აღიარება, რაც ჩვენს საქმიანობას წილად ხვდა მექსიკაში ჩატარებული ფორუმის დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტი აღიარებული იქნა როგორც ლიდერი პარლამენტი სწორედ აღნიშნულ სფეროში. ამ ყველაფერში ძალიან დიდია წვლილი პარლამენტის წევრების, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში, მაგრამ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ კიდევ უფრო მეტია წვლილი ჩვენი პარტნიორების - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების. მათი ძალიან ფოკუსირებული, ძალიან კარგად გააზრებული ტაქტიკაც, თანამშრომლობაც, რეკომენდაციებიც, ინიციატივებიც იყო გადამწყვეტი იმისთვის, რომ პარლამენტში ეს თემა პრიორიტეტად გვექცია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში, NDI-ის, UNDP- ის და სხვების, ვინც ამ პროცესში ჩართული იყვნენ და დღესაც მზად არიან, ჩვენ გვერდით იდგნენ“, - მიმართა პარლამენტის სხდომის მონაწილეებს დავით უსუფაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებები ძალიან ამბიციურია, შესაბამისად გეგმის შესრულება ძალიან შრომატევად მუშაობას მოითხოვს, თუმცა დავით უსუფაშვილის განცხადებით საკანონმდებლო ღიაობა, პარლამენტის საქმიანობაში ჩართულობის შესაძლებლობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მოქალაქეებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება, ტექნოლოგიების უფრო ეფექტიანი გამოყენება საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტს წარმოადგენს და შეხვედრის მონაწილეებს და პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.


„საბჭო ინტერფრაქციულია, ყველა პოლიტიკური ჯგუფია მასში წარმოდგენილი და ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში მონაწილეობა”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა იმ პერსპექტივებზე, რასაც ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში ჩართულობა გულისხმობს. მან აღნიშნა, რომ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნა, რომელიც წარმოადგენდა IDFI-ს რეკომენდაციას, წინგადადგმული ნაბიჯია, რამდენადაც საბჭოს უფლებამოსილებას წარმოადგენს ღია პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფების მოწვევა, ანგარიშის წარდგენა საქართველოს პარლამენტის ბიუროსთვის და სხვა. გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირად ჩართულობას სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და შესრულების პროცესში.


ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა საბჭოს დებულება. ასევე, განისაზღვრა მუდმივმოქმედ საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა და სამი სამუშაო ჯგუფი (ინფორმაციის თავისუფლება და ტექნოლოგიები, სამოქალაქო ჩართულობა, ანგარიშვალდებულება), რომელთა წევრებიც უშუალოდ იქნებიან კონცენტრირებული საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.


პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს: „რომ არა თქვენ, ეს დებულება არ იქნებოდა ამ ფორმის, ვფიქრობ, ყველა პრინციპული საკითხი, რაც იყო მოწოდებული, ასახულია მასში“. მისი თქმით, დღევანდელი სხდომის ოქმით დამტკიცდება საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა. „ეს იქნება ის შემადგენლობა, რომელიც იყო ღია მმართველობის საქმიანობის სათავეებთან და, ასევე, რამდენიმე ორგანიზაცია, რომელსაც ჯგუფში გაწევრიანების სურვილი აქვს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.


საპარლამენტო საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობას მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024