საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის ყოველწლიურ მატებასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული პრობლემები.
საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით ქვეყნისთვის უმთავრესი გამოწვევაა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების ზრდა, რომლის შედეგად ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება, ხოლო ათასობით - იღებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას. ყოველწლიურად მზარდი სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა ეჭქვეშ აყენებს საქართველოში საპატრულო პოლიციის მიერ დარღვევების აღსრულებაზე არსებულ პოლიტიკის ეფექტიანობას.
კვლევის მიზანია, 2013-2016 წლების ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის წესრიგისა და უსაფრთხოების პრევენციის მიზნით, არსებული საჯარიმო პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლა.
კვლევაში წარმოდგენილია განვლილი 4 წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციების გამკაცრების თუ შერბილების შედეგად დამდგარი ეფექტის ანალიზი, რაც, საბოლოოდ, დაგვეხმარება 2017 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე (მართვის მოწმობის ქულათა სისტემა, უკონტაქტო პატრულირება, სიჩქარის მოძრავი დეტექტორები და სხვა) მოსალოდნელი შედეგების შეფასებაში.
2013-2016 წლებში, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამართალდარღვევებისთვის დაჯარიმებულთა ტენდენციები, ხშირ შემთხვევაში, საქართველოში არსებულ არათანმიმდევრულ საჯარიმო პოლიტიკაზე მიუთითებს.
კონკრეტულ სამართალდარღვევებზე დაჯარიმებულთა რაოდენობის მკვეთრი ცვლილება, შესაბამისი განმაპირობებელი ფაქტორების არ არსებობის პირობებში, საჯარიმო პოლიტიკის მიზანმიმართულად შერბილების, თუ გამკაცრების ნიშნებს შეიცავს. მაგალითად, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, უცვლელი სანქციების პირობებში, დაახლოებით 300 ათასით ნაკლები საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, რაც უმეტესწილად განპირობებულია დაბალჯარიმიან დარღვევებზე კონტროლის შესუსტებით.
2013-2016 წლებში საგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული საჯარიმო თანხების საერთო მაჩვენებლები აჩენს ეჭვს, რომ საჯარიმო პოლიტიკის განსაზღვრისას გარკვეულ როლს თამაშობს მსგავსი სანქციებით დაგეგმილი საბიუჯეტო შემოსავლები. მაგალითად, 2016 წელს, მიუხედავად იმისა, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის (მუხლი 125) დაჯარიმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 160 ათასით შემცირდა, უცვლელი სანქციების პირობებში, დაკისრებული თანხა დაახლოებით 300 ათასი ლარით გაიზარდა. 2016 წელს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე კონტროლის შესუსტების ფონზე, დაკისრებული საჯარიმო თანხის ზრდა, გარკვეულწილად, შესაძლებელი გახადა კონკრეტული სამართალდარღვევების მაღალჯარიმიანი მუხლით დაკვალიფიცირებამ.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ 2017 წელს საქართველოს ხელისუფლებამ, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, განახორციელა მთელი რიგი საკანონდმებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას. IDFI იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის კონტროლთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შედეგიან აღსრულებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევისა და საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
IDFI-ის ვიზუალიზაციები ამ თემაზე:
- საპატრულო პოლიციის საჯარიმო პოლიტიკა 2013-2016 წლებში
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა 2013-2016 წლებში
/public/upload/IDFI_Photos_2017/idfi_general/police_fine_policy_georgia_2013_2016.pdf