ოთხშაბათს, 10 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და გადასახადის გადამხდელთა კავშირის (TPU) ორგანიზებით გამართა პროექტის „საქართველოში სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები და მათი ეფექტურობის კვლევა - ფოკუსი: სოფლის მეურნეობის სფერო“ საბოლოო პრეზენტაცია.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევა - “სახელმწიფო საწარმოები საქართველოში და მათი ეფექტიანობა - სოფლის მეურნეობის დარგის ანალიზი”.
კვლევის ავტორებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტის განმავლობაში სახელმწიფო საწარმოთა ეფექტიანობის შეფასების მეთოდოლოგია და შეაჯამეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების მდგომარეობა. მკვლევარებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის ანგარიშზე დაყრდნობით გაასაჯაროვეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების შემოსავალ-გასავალის სხვაობა 2012 წელს, რამაც ცხადყო, რომ საწარმოთა უმრავლესობამ ზარალით დაასრულა 2012 წლის გეგმა.
კვლევის ავტორებმა გამოყვეს ძირითადი პრობლემები და შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს რეკომენდაციები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. პრეზენტაციის ბოლოს, კვლევის ავტორებმა ხაზი გაუსვეს შპს „მექანიზატორისა“ და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის განსაკუთრებულ სოციალურ-ეკონომიკურ დატვირთვას და აღნიშნეს, რომ მისი სწრაფი პრივატიზება არარეალური და არაოპტიმალურია, შესაბამისად უნდა მოხდეს მათი პრივატიზებისთვის მომზადება. მათ დამსწრე საზოგადოებას შესთავაზეს კომპანიების პრივატიზაციის ორი გზა: კერძო მენეჯმენტი ან დანაწევრება.
პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ შეხვედრის მონაწილეები. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA), სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები, პარლამენტის სხვადსხვა კომიტეტის წევრები; ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული პირები.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად გამართლებულია სახელმწიფო საკუთრებაში საწარმოს არსებობა. დისკუსიის მონაწილეთა აზრით, აუცილებელია, რადგან კერძო საკუთრებაში გადასვლა ფერმერისთვის მომსახურებას გააძვირებს.
პროექტი ხორციელდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის “საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” (G-PAC) ფინანსური მხარდაჭერით.