2024 წლის დეკემბრიდან საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა აღარ აქვს. ასევე, ანტიკორუფციული ბიურო არ გასცემს საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნილ თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებს.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, IDFI აქვეყნებს ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან (declaration.acb.gov.ge) ექსპორტირებულ მონაცემთა ბაზებს1, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლებში (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციებში ასახული მონაცემები.
დეკლარაციები 2024 (იანვარი-ნოემბერი)
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, ანტიკორუფციული ბიუროსთან დეკლარაციების საჯაროობასთან დაკავშირებით წარმოებული კომუნიკაციის ქრონოლოგია გვარწმუნებს, რომ საქართველოში თანამდებობის პირთა დეკლარაციების გამოქვეყნება შეიზღუდა მენეჯერული/პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე.
2024 წლის 6 დეკემბერი - IDFI-იმ ანტიკორუფციული ბიუროსგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია დეკლარაციებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
2024 წლის 16 დეკემბერი - ბიურომ IDFI-ს ვერბალურად განუმარტა, რომ შეზღუდვა გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით.
2024 წლის 17 დეკემბერი - ბიურომ წერილობით განმარტა, რომ მათ აკისრიათ დეკლარაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ამოცანა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საჯარო ინფორმაციის განცხადების მოთხოვნით. მათ მოწოდებულ პასუხში ვებ-გვერდის ტექნიკური ხარვეზი საერთოდ არ იყო ნახსენები.
2024 წლის 18 დეკემბერი - IDFI ბიუროში აგზავნის დამაზუსტებელ წერილს დეკლარაციებზე წვდომის შეზღუდვის მიზეზებთან დაკავშირებით პირდაპირი და ნათელი პასუხის მისაღებად.
2024 წლის 19 დეკემბერი - IDFI ავრცელებს საჯარო განცხადებას და ბიუროს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება პორტალის ფუნქციონირების შეჩერების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და აღადგინოს დეკლარაციების საჯარო პორტალის ხელმისაწვდომობა.
2024 წლის 24 დეკემბერი - ბიურო IDFI-ს წერილობით განუმარტავს რომ დეკლარაციების პორტალის ტექნიკური ხარვეზი უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება.
2025 წლის 13 იანვარი - IDFI ბიუროდან ითხოვს 2024 წლის დეკემბრის თვეში თანამდებობის პირთა მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ასლებს.
2025 წლის 24 იანვარი - ბიურო არ ასაჯაროებს მოთხოვნილი დეკლარაციების ასლებს და პასუხად განმარტავს,რომ დეკლარაციების შინაარსის საჯაროობა უზრუნველყოფილია მათი ვებ-გვერდის მეშვეობით. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ პორტალი დღემდე არ ფუნქციონირებს.
IDFI მიიჩნევს რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების საჯაროობის შეზღუდვა, არსებითად დაბრკოლებას უქმნის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას და რადიკალურად ამცირებს თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების ხარისხს.
1 მონაცემთა ბაზები ჩამოტვირთულია საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდიდან. IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულია ექსპორტირებული პირველადი სახით და მის სისრულეზე და სიზუსტეზე არ იღებს პასუხისმგებლობას.