თბილისის მერიის 2013-2014 წლების ხარჯები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 29 იანვარი 2015

2014 წლის 5 ნოემბერს IDFI-იმ ქალაქ თბილისის მერიას მიმართა სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ თბილისის მერიას ინსტიტუტის არცერთი მოთხოვნა უპასუხოდ არ დაუტოვებია. მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ჩვენს მიერ ქვემოთ წარმოდგენილი იქნება მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც უკავშირდება 2013-2014 წლებში ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაცემულ პრემიებს და სახელფასო დანამატებს, სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს, გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებულ სახელმწიფო შესყიდვებს, ბალანსზე რიცხულ ავტომობილებს და აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული აუდიტორული შემოწმებების შედეგებს.

ქალაქ თბილისის მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წელს მერიის თანამშრომლებზე სულ გაცემულია 11 438 501 ლარის ოდენობის პრემია და 3 070 724 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი. 2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში (იანვარი-ოქტომბერი) თბილისის მერიის თანამშრომლებს პრემიის სახით მიღებული აქვთ 7 908 767 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 2 628 079 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში გაცემული პრემიების უდიდესი ნაწილი 7 844 269 ლარი თბილისის მერიის თანამშრომლებზე გაცემულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.

 

 

2013 წელს ქალაქ თბილისის მერიის თანამშრომლებზე სულ გაცემული 11 438 501 ლარის ოდენობის პრემიიდან, თანამდებობის პირებს მიღებული აქვთ 1 225 253 ლარი, ხოლო 2014 წელს გაცემული 7 908 767 ლარიდან - 424 900 ლარი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თბილისის მერიის თანამდებობის პირებზე პრემია აღარ გაცემულა. 2013-2014 წლებში თანამდებობის პირებზე ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაცემულია 2013 წლის დეკემბრის თვეში - 85 თანამდებობის პირმა მიიღო 523 250 ლარი, რაც თითოეულზე საშუალოდ 6 155 ლარს შეადგენს. 2013 -2014 წლებში ერთჯერადად ყველაზე დიდი პრემია მიღებული აქვს თბილისი ყოფილი მერის მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს, მის მიერ 2013 წლის მაისის თვეში მიღებული პრემია შეადგენს 15 556 ლარს.

 

2013 წელს ქალაქ თბილისის მერიის თანამდებობის პირებმა სახელფასო დანამატის სახით მიიღეს 2 097 018 ლარი, ხოლო 2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში 1 840 535 ლარი. 2013-2014 წლებში თანამდებობის პირებზე ყველაზე დიდი ოდენობის 380 054 ლარი სახელფასო დანამატი გაცემულია 2014 წლის თებერვლის თვეში. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2014 წლის იანვრის თვეში თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გაჭიანურებული პროცესის გამო თბილისის მერიის თანამშრომლებზე ვერ გაიცა სახელფასო დანამატები, შესაბამისად იანვრის თვეში გათვალისწინებული სახელფასო დანამატებიც გაცემულია 2014 წლის თებერვლის თვეში.
ამავე დროს, მიუხედავათ იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თბილისის მერიაში აღარ გაიცემა პრემიები, სახელფასო დანამატების გაცემის თვალსაზრისით კვლავ შენარჩუნებულია არჩევნებამდე არსებული პრაქტიკა. ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 1 სექტემბრის ბრძანებით განისაზღვრა კონკრეტულ თანამდებობებზე გასაცემი ყოველთვიური სახელფასო დანამატების ოდენობები. მაგალითად, თბილისის მერის პირველი მოადგილის ყოველთვიური სახელფასო დანამატი შეადგენს 3540 ლარს, ხოლო მოადგილის - 3360 ლარს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ბრძანებით თბილისის მერისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი არ არის განსაზღვრული.

 

 

 

2013 წელს თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით სულ მიღებული აქვს 39 546 ლარი, მის პირველ მოადგილეს სევდია უგრეხელიძეს - 59 081 ლარი. მერის მოადგილეებს შორის 2013 წელს ყველაზე დიდი შემოსავალი პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს შოთა ხიზანიშვილს - 68 758 ლარი.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე (იანვარი-ივლისი) ქალაქ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიიღო 36 506 ლარი, ხოლო მისმა მოადგილეებმა თითოეულმა დაახლოებით 33 000 ლარი. რაც შეეხება ახალი მმართველი გუნდის მიერ მიღებულ პრემიებსა და სახელფასო დანამატებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ პრემია თანამდებობის პირებზე 2014 წლის აგვისტო-ოქტომბერი პერიოდში არ გაცემულა, ხოლო სახელფასო დანამატებს იღებენ თბილისი მერის 2014 წლის 1 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად.

 

ზემოთ მოყვანილ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თბილისის მერიის თანამდებობის პირების საშუალო ყოველთვიური შემოსავლები შემცირებულია, რაც განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ახალი მმართველობის პირობებში პრემიები არ გაცემულა, ხოლო სახელფასო დანამატები დაახლოებით იგივე ოდენობით გაიცემა რაც არჩევნებამდე. მაგალითად, 2014 წლის არჩევნებამდე თბილისის მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების მიერ საშუალოდ ყოველთვიურად მიღებული პრემია და სახელფასო დანამატი შეადგენდა 5000 ლარს, ხოლო არჩვენების შემდგომ აღნიშნული თანხა სახელფასო დანამატის სახით პირველი მოადგილის შემთხვევაში განისაზღვრა 3540 ლარით, ხოლო მოადგილეების შემთხვევაში - 3 360 ლარით.

 

 

 

 

 

 

 

2013 წელს თბილისის მერიის სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 449 335 ლარი, საიდანაც თანამდებობის პირების მივლინებებზე დახარჯულია 243 986 ლარი, ხოლო სხვა თანამშრომლების მივლინებებზე- 205 349 ლარი.
2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში სამივლინებო ხარჯები შეადგენს 369 265 ლარს, საიდანაც თანამდებობის პირების მივლინებებზე დახარჯულია 162 916 ლარი, ხოლო სხვა თანამშრომლების მივლინებებზე- - 206 349 ლარი.

2013 წელს ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯებიდან ყველაზე დიდი თანხა (188 056 ლარი) დახარჯულია მგზავრობაზე (ავიაბილეთები, მატარებლის ბილეთი, სხვა ტრანსპორტი). სასტუმროს მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 158 291 ლარი, დღიურმა ანაზღაურებამ - 78 990 ლარი, ვიზის ხარჯმა - 7 821 ლარი, ხოლო მივლინებასთან დაკავშირებულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა - 15 750 ლარი.

 

 

2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში მგზავრობის ხარჯი (ავიაბილეთები, მატარებლის ბილეთი, სხვა ტრანსპორტი) შეადგენს 164 971 ლარს, სასტუმროს მომსახურების ხარჯი - 129 884 ლარს, დღიური ანაზღაურება - 69 410 ლარს, ვიზის ხარჯი - 4 975 ლარს. რაც შეეხება მივლინებასთან დაკავშირებულ წარმომადგენლობით ხარჯებს, როგორც მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა 2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.

სამწუხაროდ, თბილისის მერიის მიერ აღნიშნული ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული კონკრეტული თანამდებობის პირების მიხედვით - მივლინების თარიღის, მივლინების მიზნის და ქვეყნის მითითებით. შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას წარმოგიდგინოთ როგორ გადანაწილდა ზემოთ მოყვანილი თანხები ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებზე. თუმცა თბილისის მერიის მიერ დეტალურად იქნა მოწოდებული ინფორმაცია ე.წ. როუმინგის ხარჯების შესახებ. როგორც ირკვევა 2013 წელს თბილისის ყოფილი მერის პირველი მოადგილის სევდია უგრეხელიძის ე. წ. როუმინგის ხარჯი შეადგენს 33 461 ლარს, თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავასი - 9670 ლარს, ხოლო თბილისის ამჟამინდელი მერის მიერ 2014 წელს გაწეულმა როუმინგის ხარჯებმა შეადგინა 7295 ლარი.

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წელს ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა შეადგინა 577 365 ლარი, ხოლო 2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში - 200 393 ლარი.

 

2013 წელს გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ყველაზე დიდი თანხა 218 118 ლარი ათვისებულია სტუმრებისთვის სარესტორნო თუ სხვა კვებით მომსახურებაზე. 150 268 ლარი ათვისებულია სასტუმროების მომსახურებაზე, 75 477 ლარი - სხვადასხვა სახის საჩუქრების შესყიდვაზე, 62 681 ლარი - სხვადასხვა სახის (მათ შორის ყავა, მინერალური სასმელი, ნატურალური წვენები და სხვ.) უალკოჰოლო სასმელების შესყიდვაზე, ხოლო 36 463 ლარი - ტრანსპორტით მომსახურებაზე.

2013 წელს ქალაქ თბილისის მერიის მიერ ერთჯერადად ყველაზე დიდი თანხა სტუმრებისთვის სარესტორნო თუ სხვა კვებით მომსახურებისათვის დახარჯულია თბილისობის დღესასწაულზე მოწვეული სტუმრებისთვის - 31 925 ლარი, იმავე დღესასწაულთან დაკავშირებით მდინარე მტკვარზე მოცურავე ტივზე სტუმრებისათვის სუფრით გამასპინძლებისათვის დახარჯულია 31 860 ლარი. ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრასთან დაკავშირებით რესტორანი მეტეხის ჩრდილის მომსახურებაზე დახარჯულია - 13 963 ლარი.
სასტუმროს მომსახურებაზე ერთ-ჯერადად ყველაზე დიდი თანხა დახარჯულია ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 74-ე საერთაშორისო სესიის ჩატარებასთან დაკავშირებით - 91 664 ლარი.
თბილისის მერიის მიერ 2013 წელს საჩუქრებზე ყველაზე დიდი თანხა მოხმარდა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატიო მოქალაქის დასაჯილდოებლად 30 ცალი გასაღების ხის დასადგამით შესყიდვას - 19 500 ლარი.

2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში ქალაქ თბილისის მერიის მიერ სტუმრებისათვის სხვადასხვა კვებით მომსახურებებს შორის ყველაზე დიდი თანხა დახარჯულია ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ფურშეტზე - 10 889 ლარი.
2014 წელს ქალაქი გუანჯოუს დელეგაციის ვიზიტთან დაკვშირებით გამართული ფურშეტისათვის დახარჯულია 4 775 ლარი, ხოლო სასტუმროს მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა- 8 867 ლარი.

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 272 ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 6 190 072 ლარს. აღნიშნული ავტომობილების უდიდესი უმრავლესობა (173) ქალაქ თბილისის მერიის მიერ 3 646 533 ლარად შესყიდულია 2011 წელს. 2013 წელს შესყიდული იქნა 67 ავტომანქანა, საერთო ღირებულებით 1 517 816 ლარი, ხოლო 2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში მხოლოდ ორი ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 37 697 ლარს.

 

2014 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება kia-ს მოდელის 193 ავტომობილი (საერთო შესყიდვის ფასი 4 050 184 ლარი), Hyundai-ს მოდელის- 50 ავტომობილი (საერთო შესყიდვის ფასი 995 342), Mitsubishi - ს მოდელის - 9 ავტომობილი (საერთო შესყიდვის ფასი 367 232 ლარი), Toyota -ს მოდელის 7 ავტომობილი (საერთო შესყიდვის ფასი 387 847 ლარი).

 

თბილისის მერიის ბალანსზე რიცხულ ავტომობილებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია 2009 წელს 69 802 ლარად შესყიდული 2008 წლის გამოშვების TOYOTA PRADO. ასევე ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილებს შორისაა 2013 წელს 62 800 ლარად შესყიდული იმავე წლის გამოშვების Hyundai Santa fe და Hyundai Sonata.

 

როგორც ირკვევა 2013 წელს თბილისის მერიის მიერ მთელი რიგი ავტომობილები შესყიდულია ჩანაცვლების გზით. მაგალითად TOYOTA PRADO რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენდა 28 400 ლარს ჩანაცვლდა ზემოთ ხსენებული 62 800 ლარის ღირებულების Hyundai Santa fe-თი.

 

 

 

კანონმდებლობის მიხედვით შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობის შემთხევაში საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული (ერთპირთან მოლაპარაკების გზით) საშუალებით. როგორც თბილისის მერიიდან მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა 2013 წელს გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელდა 4 671 312 ლარის სახელმწიფო შესყიდვა, ხოლო 2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში 1 758 146 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა.

 

2013 წელს ქალაქ თბილისის მერიის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს შორის ყველაზე დიდი თანხა (2 747 573 ლარი) მოხმარდა შენობების (კორპუსები, საცხოვრებელი სახლები და სხვა) გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებს. 981 564 ლარის ღირებულების გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა გზებისა და სანიაღვრე კოლექტორების შეკეთებაზე, ხოლო 876 000 ლარი მოხმარდა სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას. 2013 წელს გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელდა აგრეთვე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საწოლებისა და ლეიბების შესყიდვა - 9000 ლარი, ცირკის ბილეთების შესყიდვა 32 175 ლარი და სხვა.

2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში თბილისის მერიის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს შორის ყველაზე დიდი თანხა (759 038 ლარი) მოხმარდა გზებისა და სანიაღვრე კოლექტორების შეკეთებას. შენობების გამაგრება-გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელდა 703 085 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა, ხოლო ტერიტორიების გამწვანებასა და მათ მოვლა პატრონობას გადაუდებელი აუცილებლობით მოხმარდა 145 033 ლარი.
2014 წლის 30 იანვარს გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელდა აგრეთვე მობილური საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვა, ღირებულებით 50 000 ლარი. იმავე წლის 30 აპრილს გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელდა 60 340 ლარის ღირებულების სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო დროშების შესყიდვა და სხვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

IDFI-იმ ქალაქ თბილისის მერიას მიმართა, 2013-2014 წლებში მერიაში განხორციელებული აუდიტორული შემოწმების აქტების მოთხოვნით. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013-2014 წლებში ქ. თბილისის მერიაში გარე აუდიტორული შემოწმება არ განხორციელებულა.

რაც შეეხება შიდა აუდიტორულ შემოწმებებს, როგორც ირკვევა 2013-2014 წლებში ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილია 23 შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიში. მათ შორის ვხვდებით სსიპ „საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს“, თბილისის მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამების და თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების აუდიტორული შემოწმების ანგარიშებს.
აღნიშნულ ანგარიშებში უხვადაა წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევა ნაკლოვანებები, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვების ხარვეზებით განხორციელებასთან, საინვენტარიზაციო წესების დარღვევასთან, დაურეგულირებელ შრომით ურთიერთობებთან და სხვა.
ქალაქ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული შიდა აუდიტის ანგარიშები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:

სსიპ „საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო“
ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური (სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების პროცესი)
ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური (ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები)
ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური
ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური
• ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური (ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა).
• ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური (სპორტული პროგრამები).
• ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკის პოლიტიკის საქალაქო სამსახური (მოქალაქეთა გადამზადების კურსების ქვეპროგრამა).
• ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური
• ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის რევაზ ლაღიძის სახელობის N4 ხელოვნების სკოლა
• ა(ა)იპ ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
• ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის შოთა შანიძის სახელობის N20 ხელოვნების სკოლა
• ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ზ. ანჯაფარიძის სახელობის N28 ხელოვნების სკოლა
• ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის მ. იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის N6 ხელოვნების სკოლა
• ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის კ. ფოცხვერაშვილის სახელობის N7 ხელოვნების სკოლა
• ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლა
• ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ზ. ანჯაფარიძის სახელობის N5 ზაჰესის ხელოვნების სკოლა
• ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ზ. ფალიშვილის სახელობის N2 ხელოვნების სკოლა
• ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლა
• ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის არჩილ ჩიმაკაძის სახელობის N3 ხელოვნების სკოლა
• ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ჰ. გონაშვილის სახელობის N29 ხელოვნების სკოლა
• ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“
• ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი N1“

შეჯამების სახით მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თბილისის მერიის მიერ სრულყოფილად იქნა მოწოდებული იმგვარი ინფორმაცია, რომლის მიღებაც სხვა მთელი რიგი უწყებების შემთხვევაში დღემდე ვერ ხერხდება. მაგალითად, როგორიცაა შესაბამისი უფლებამოსილი პირის ელექტრონული ფოსტიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები, შიდა აუდიტის ანგარიშები და სხვ.
IDFI მიესალმება ქალაქ თბილისის მერიაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის მნიშვნელოვან ზრდას და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული უწყების გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საქმიანობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024