საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მოიცავს სარეზერვო ფონდებს, რომელთა მიზანს წარმოადგენს წლის განმავლობაში წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვა. სახელმწიფო ბიუჯეტის მსგავსად, სარეზერვო ფონდები გათვალისწინებულია ასევე ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა ბიუჯეტებში.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სარეზერვო ფონდი წარმოადგენს გაუთვალისწინებელ, საგანგებო და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრულ სახსრებს. შესაბამისად, სარეზერვო ფონდის მიზანია წლის განმავლობაში წარმოქმნილი ისეთი ხარჯების დაფარვა, რომელთა გათვალისწინებაც ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მაგალითად, სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები. შესაბამისად, 2020 წელს კოვიდ-19 ვირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობა, წარმოშობდა სარეზერვო ფონდებიდან ვირუსთან ბრძოლისთვის გარკვეული ღონისძიებების დაფინანსების საჭიროებას.
IDFI-მ შეისწავლა 2020 წელს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა სარეზერვო ფონდების ხარჯვის პრაქტიკა. კვლევაში განხილული სარეზერვო ფონდების ხარჯვის ანალიზი ეყრდნობა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ასახულ მონაცემებს. კვლევის ფარგლებში ასევე გამოყენებულია 2020 წლის სექტემბრის თვეში მუნიციპალიტეტებიდან სარეზერვო ფონდების მიმდინარე ხარჯების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია. 64 მუნიციპალიტეტიდან IDFI-ის მოთხოვნა სარეზერვო ფონდების შესახებ უპასუხოდ დატოვა 9 მუნიციპალიტეტმა. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დაარღვიეს: ადიგენის, ახალქალაქის, ახმეტის, ბოლნისის, ლანჩხუთის, ლენტეხის, სიღნაღის, შუახევის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტთა მერიებმა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ 6 მუნიციპალიტეტის შემთხვევაში სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი იყო არასრულყოფილად. მაგალითად, ჩოხატაურისა და წალკის მერიებმა IDFI-ს მიაწოდა მხოლოდ ღონისძიებების ჩამონათვალი, რაზეც მოხდა სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, თუმცა არ იქნა მითითებული თითოეულ მათგანზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია. სხვა შემთხვევებში მუნიციპალიტეტების მიერ არ ხდებოდა სარეზერვო ფონდებიდან დახარჯული თანხების ზუსტი მიზნობრიობის მითითება.
კვლევის პროცესს ასევე მნიშვნელოვნად ართულებდა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ 2020 წელს სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯების აღრიცხვის არაერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, 2020 წელს პანდემიის ფარგლებში ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში შეიქმნა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფის პროგრამა, სადაც თანხების გარკვეული ნაწილი მიემართა სარეზერვო ფონდის ასიგნებიდან. შედეგად, ახალი პროგრამის ფარგლებში სარეზერვო ფონდის რესურსით გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია, არაერთგვაროვნად იყო ასახული როგორც ბიუჯეტის შესრულების ნარატიულ ანგარიშებში, ასევე IDFI-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, IDFI-მ კვლევის ფარგლებში გაანალიზა 54 მუნიციპალიტეტის მიერ სარეზერვო ფონდის რესურსით გაწეული ჯამში 14.7 მილიონი ლარის ოდენობის ხარჯების შესახებ ინფორმაცია. მათ შორის, 48 მუნიციპალიტეტის შემთხვევაში შესაძლებელი გახდა სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯების კატეგორიების მიხედვით დაყოფა. კერძოდ, ანალიზი მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ფინანსური დახმარებისთვის გამოყოფილი თანხები, კოვიდ-19 პანდემიისთვის ბრძოლის თანხები, სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხები, კაპიტალური სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხები და სხვა ხარჯები.
- 2020 წელს, 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეულია 14.7 მილიონი ლარის ხარჯი.
- 2020 წელს, 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯის 63% (9.26 მილიონი ლარი) 4 ყველაზე დიდი ქალაქის (თბილისი - 6.21 მილიონი ლარი, ბათუმი -1.25 მილიონი ლარი, რუსთავი - 1.18 მილიონი ლარი, ქუთაისი - 620 ათასი ლარი) სარეზერვო ფონდზე მოდის.
- ქალაქ თბილისის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე დიდი თანხა (2,404,700 ლარი) მოხმარდა კორონა ვირუსით გამოწვეული დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს. მაგალითად, მერიის სისტემაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, დაინფიცირებისაგან დამცავი საშუალებების შესაძენად ჯამში 724,064.20 ლარი დაიხარჯა.
- 2020 წელს, წინა წელთან შედარებით თბილისის სარეზერვო ფონდის 1.6 მილიონით ზრდის მიუხედავად, სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეთა სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება 26%-ით შემცირდა, რაც უმეტესწილად განპირობებულია COVID-19 გამოწვეული სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე მნიშვნელოვანი თანხის მიმართვით.
- ბათუმის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯებიდან 1.09 მილიონი ლარი მოხმარდა მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებებს, ხოლო 151.5 ათასი ლარისაკარანტინე სივრცეებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირებას.
- 2020 წელს, რუსთავის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი წინა წელთან შედარებით, 836 ათასი ლარით გაიზარდა, რაც უმეტესწილად კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე დაიხარჯა.
- 2020 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის დაახლოებით 90% (555.9 ათასი ლარი) მოხმარდა მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებას.
- დანარჩენი 50 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 2020 წელს გაწეული ხარჯებიდან 28% (1.54 მილიონი ლარი) მოხმარდა პანდემიის ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებას, 23% (1.24 მილიონი ლარი) მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებას, 14% (744.2 ათასი ლარი) - სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, 8% (425.4 ათასი ლარი) სხვადასხვა კაპიტალურ ხარჯს, ხოლო დანარჩენი 27%-ის შემთხვევაში მიზნობრიობა სრულიად უცნობია.
- კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მთელი რიგი მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდების ათვისების დაბალი მაჩვენებლები. მაგალითად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან ხარჯი საერთოდ არ გაწეულა.
- 2020 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია კაპიტალური პროექტები, რომლებზეც მითითებული მიზნობრიობიდან არ იკვეთება ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მისი გათვალისწინების შეუძლებლობა და შესაბამისად სარეზერვო ფონდიდან მისი დაფინანსების აუცილებლობა.
- მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდების განკარგვის შესახებ ინფორმაცია საბიუჯეტო დოკუმენტაციაში არაერთგვაროვნად აღირიცხება, რაც უმეტესწილად ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ასიგნებიდან, სხვა პროგრამულ კოდებზე თანხის გადატანის შემთხვევებს უკავშირდება.
- ცალკეული მუნიციპალიტეტების მიერ გასაჯაროებულია სარეზერვო ფონდების განკარგვის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები.
- მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ მნიშნელოვან რეგულაციებს. აღნიშნული კი ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს.
2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯების ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სარეზერვო ფონდების ოდენობის განსაზღვრის და მისი ათვისების პრაქტიკა განსხვავებულია.
ცალკეული მუნიციპალიტეტები გაწევენ ისეთ ხარჯებს, რომელთა სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს, ხოლო ცალკეული მუნიციპალიტეტები საერთოდ ვერ ახდენენ სარეზერვო ფონდში გათვალისწინებული სახსრების ათვისებას. სარეზერვო ფონდის მინიმალური ათვისება, განსაკუთრებით პრობლემურად შესაძლებელია შეფასდეს 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის პირობებში.
მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდების განკარგვის არაერთგვაროვან პრაქტიკაზე ნათლად მეტყველებს, 2020 წელს პანდემიასთან საბრძოლველად თანხების გამოყოფის პრაქტიკა. მაგალითად, უშუალოდ პანდემიის ბრძოლის ფარგლებში სარეზერვო ფონდიდან თანხა მხოლოდ 26-მა მერიამ გამოყო. ამასთან, მუნიციპალიტეტების მიერ თანხის გამოყოფის პრაქტიკა ნაკლებად კავშირშია კონკრეტული მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან. მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, სადაც ყველაზე მეტად იყო გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა 2020 წელს წინა წელთან შედარებით შეამცირა სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯები. ონის მუნიციპალიტეტის მერიამ, სადაც ვირუსის გავრცელების მხრივ მნიშვნელოვანი სირთულეები არ შეინიშნებოდა, სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოყო ცენტრალური ქუჩებისა და მოედნების სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით.
მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს სარეზერვო ფონდის განკარგვასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის არასრულფასოვანი რეგულაციები, რაც ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს. ასევე, განსაკუთრებით პრობლემურია მთელი რიგი მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის საბიუჯეტო დოკუმენტაციაში არაერთგვაროვანი აღრიცხვის პრაქტიკა და ცალკეული მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდების განკარგვის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გასაჯაროება.
სარეზერვო ფონდების განკარგვის გამჭვირვალე პროცესს, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს მთელი რიგი მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის შეკავება. მაგალითად, სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების უდიდესი ნაწილი მიმართულია მოქალაქეთა ფინანსურ დახმარებებზე. აღნიშნული პროცესის გაუმჭვირვალე წარმართვა, მნიშვნელოვან რისკებს აჩენს საბიუჯეტო სახსრების არასამართლიანი განაწილების თვალსაზრისით.
/public/upload/Analysis/Expenditures of Contingency Funds of Local Municipalities in 2020.pdf
___
კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.