დემოკრატიის, როგორც სახელმწიფო მმართველობის ფორმის შეფასება, მუდამ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სამართლის მეცნიერების თეორეტიკოსებსა თუ პრაქტიკოსებს შორის. სახელმწიფოსთვის დემოკრატიული სტატუსის მინიჭების ერთი სისტემა არ არსებობს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლის მიხედვითაც იზომება დემოკრატიის ხარისხი და მისი მეშვეობით დგინდება მსოფლიოში დემოკრატიული ქვეყნების რეიტინგები, მათ შორისაა V-Dem.
დემოკრატიის სახესხვაობები (V-Dem – varieties of democracy) ახალი მიდგომაა, რომელიც კომპლექსური მონაცემების მეშვეობით უზრუნველყოფს ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის შეფასებას შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე.
V-Dem Institute, დაფუძნებულია შვედეთში, გიოტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის ბაზაზე, წარმოადგენს სოციალური მეცნიერებისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც 6 კონტინენტზე სხვადასხვა ქვეყნის 2500-ზე მეტ საერთაშორისო ექსპერტთან ერთად მუშაობს ბაზებზე, რომელიც 19 მილიონზე მეტ მონაცემს შეიცავს.
V-Dem განასხვავებს დემოკრატიის მაღალი და საშუალო დონის ინდექსებს და მათ დასადგენად განსაზღვრავს შესაბამის ინდიკატორებს. დემოკრატიის მაღალი დონის ინდექსებს წარმოადგენს:
- არჩევითი დემოკრატიის ინდექსი,
- ლიბერალური დემოკრატიის ინდექსი,
- ინდივიდუალური ჩართულობის დემოკრატიის ინდექსი,
- თანაბარზომიერების ინდექსი და
- დელიბერატიული დემოკრატიის ინდექსი.
აღნიშნული მაკრო-ინდექსები დგება შესაბამისი მათემატიკური ფორმულის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მარტივად აღსაქმელია ქვეყნებში წლების მიხედვით მიმდინარე პროცესების დემოკრატიულობა. რაც შეეხება საშუალო დონის ინდექსებს, სულ დადგენილია 21 ინდექსი. მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების და ალტერნატიულ ინფორმაციის არსებობის, კანონის წინაშე თანასწორობის და ინდივიდუალური თავისუფლების, ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, თავისუფალი არჩევნების და ა.შ. ინდექსების გასაზომად დადგენილია 350-ზე მეტი ინდიკატორი, რომელიც შემდეგი თემების მიხედვითაა დაჯგუფებული:
- არჩევნები;
- პოლიტიკური პარტიები;
- პირდაპირი დემოკრატია;
- აღმასრულებელი ხელისუფლება;
- საკანონმდებლო ხელისუფლება;
- სასამართლო ხელისუფლება;
- დელიბერატიულობა;
- სამოქალაქო თავისუფლება;
- ქვეყნის სუვერენიტეტი;
- სამოქალაქო საზოგადოება;
- მედია;
- პოლიტიკური თანასწორობა და
- დემოკრატიის ისტორიული სახესხვაობები.
დიაგრამაზე ასახულია საქართველოში დემოკრატიის მაღალი დონის ინდექსების განვითარება 1990 წლიდან 2017 წლის ჩათვლით. თითოეულ მაკრო-ინდექსს ენიჭება ქულა 0-დან 1-მდე, სადაც შეფასება ზრდადია ნეგატიურიდან პოზიტიურისკენ (0 ქულა ენიჭება ქვეყანას, რომელიც დემოკრატიის კონკრეტული მაღალი დონის ინდექსის შეფასებისას გამოირჩევა ნაკლები დემოკრატიულობით, ხოლო 1 ქულა, რომელიც გამოირჩევა მაღალი დემოკრატიულობით).
V-Dem-ის მონაცემების ანალიზი (იხ. მიმაგრებული ფაილი) ცხადყოფს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მდგომარეობას. 2017 წლის მაკრო ინდექსის მონაცემები წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდაა გაზრდილი. ამავე დროს, დემოკრატიის საშუალო დონის ინდექსებისა და ცალკეული ინდიკატორების ანალიზისას ირკვევა თუ რა უშლის ხელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მნიშვნელოვან განვითარებას. მონაცემთა ანალიზისას თვალშისაცემია ის მიმართულებები, რამაც ბოლო წლებში გაუარესება განიცადეს და შესაბამისად ნეგატიური ასახვა ჰპოვეს საქართველოს რეიტინგში. ეს მიმართულებებია: გამოხატვის თავისუფლებისა და სხვა ალტერნატიული ინფორმაციის არსებობა, კანონის წინაშე თანასწორობა და ინდივიდუალური თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება, აკადემიური და კულტურილი გამოხატვის თავისუფლება და სოციალური კლასების თანაბარუფლებიანობა, აგრეთვე კრიტიკული მედიასაშუალებები, ინტერნეტ ცენზურა და სხვა.
ამასთანავე, განხილულ ინდიკატორთაგან, უნდა აღინიშნოს ის მიმართულებები, სადაც წინა წლებთან შედარებით მდგრადი პროგრესი ფიქსირდება. მაგალითისთვის, სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობისა და არჩევნების ჯგუფების ქვეშ გაერთიანებული ყველა ინდიკატორის გაუმჯობესება დაფიქსირდა 2017 წელს. მცირედით, თუმცა იკლო სამთავრობო ცენზურამ მედიასაშუალებებზე. ასევე მცირედით გაუმჯობესდა პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ინდექსი, მდგრადი განვითარებით გამოირჩევა ძალაუფლების გადანაწილება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით.
V-Dem მონაცემები ადასტურებს ყოველი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას იმ საკითხების მხედველობაში მიღების საჭიროებას, რომლებიც დემოკრატიის პრინიპების გაზომვის ინდიკატორებს წარმოადგენს და რომელთა უგულებელყოფა საბოლოო ჯამში ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის ხარისხზე აისახება.
მიმაგრებულ სტატიაში განხილულის გარდა, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მონაცემები, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
/public/upload/IDFI_Photos_2018/general/V_DEM_DATA_updated.pdf