ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება: ინფორმაციის თავისუფლება V. პერსონალურ მონაცემთა დაცვა

სიახლეები | საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა 11 ნოემბერი 2016

 

ავტორი: ნინო მერებაშვილი

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „Magyar Helsinki v. Hungary“. დავის საგანი შეეხებოდა გამოხატვის თავისუფლებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის ბალანსის დადგენას. სასამართლომ 15 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა.

 

მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციის გაცემა უნგრეთის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების სახელებისა და მათ მიერ პოლიციის შენობებში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის შესახებ. მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციას უნგრეთში მოქმედ კანონმდებლობაზე და პრაქტიკაზე დაყრდნობით უარი ეთქვა მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებაზე, იმ არგუმენტით, რომ ის იყო პერსონალური მონაცემების შემცველი. 

 

მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია

 

არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებდა, რომ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა წარმოადგენდა კონვენციის 10-ე მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევას. კერძოდ, ის ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების სახელებისა და მათ მიერ პოლიციის შენობებში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღება აუცილებელი იყო საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებისა და შესაბამისი კვლევის ჩატარებისთვის, რომელსაც შესაძლოა გამოევლინა მნიშვნელოვანი ხარვეზები სისტემაში. აღნიშნული კი, თავის მხრივ, მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამართლიანი სასამართლოს პრინციპთან და იყო მაღალი საჯარო ინტერესის მატარებელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, რომ მოცემულ საქმეში სასამართლოს ორ უფლებას შორის ბალანსის დადგენისას უპირატესობა მიენიჭებინა საჯარო ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისთვის.  

 

მოსარჩელე ასევე აპელირებდა იმაზე, რომ კონვენციის 10-ე მუხლი იცავდა განმცხადებლის უფლებას, მიიღოს საჯარო ინფორმაცია.

 

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას ყველა შესაძლო არგუმენტის მოსმენისა და შეფასების მიზნით პროცესში ჩართულნი იყვნენ ასევე ის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის სფეროსაც ინფორმაციის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ხელშეწყობა წარმოადგენს. მოცემულ დავაზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიც არიან  „მუხლი 19“ და „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრამა“.

 

კონვენციის 10-ე მუხლის ფარგლებზე საუბრისას საქმეში მესამე მხარედ ჩართულმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ წარსულში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მართლაც არ განმარტავდა მოცემული მუხლს იმგვარად, რომ დაეკისრებინა ვალდებულება ხელმომწერი სახელმწიფოებისთვის, გაეცათ საჯარო ინფორმაცია. ნაცვლად ამისა, ის აკისრებდა ქვეყნებს ნეგატიურ ვალდებულებას, არ შეეშალათ ხელი სხვათა მიერ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების პროცესში. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ აღნიშნული მიდგომის შემცველი გადაწყვეტილებები მიღებული იყო სრულიად განსხვავებულ პერდიოდში, როდესაც სახელმწიფოთა მხოლოდ შეზღუდულ ნაწილს გააჩნდა ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა და აღნიშნული უფლება არ იყო აღიარებული საერთაშორისო სამართლით. ორგანიზაციებმა მიუთითეს სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილებაზე (Társaság aSzabadságjogokért v. Hungary), როდესაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ინფორმაციის მიღების უფლება იყო საკითხი, რომელიც უნდა განხილულიყო კონვენციის 10-ე მუხლის ჭრილში. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობის ზრდა, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე, ასახული უნდა ყოფილიყო იმაზე, თუ როგორ განიმარტებოდა კონვენციის მე-10 მუხლი. ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს სასამართლოს, რომ მოცემული დროისთვის არსებობდა შეთანხმება სახელმწიფოთა შორის იმაზე, რომ გამოხატვის თავისუფლება თავის თავში მოიცავდა ასევე პირის უფლებას, მიიღოს საჯარო ინფორმაცია.

 

მოპასუხე მხარის პოზიცია

 

მოპასუხე სახელმწიფო მიუთითებდა საკუთარ კანონმდებლობაზე და აღნიშნავდა, რომ ის არ უშვებდა მოცემულ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესაძლებლობას. კერძოდ, უნგრეთის კანონმდებლობის თანახმად, პერსონალური მონაცემი წარმოადგენდა ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც იძლეოდა პირის იდენტიფიცირების საშუალებას. ასეთი ინფორმაციის გაცემა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ ა) ეს პირდაპირ იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ან ბ) ინფორმაცია დაკავშირებული იქნებოდა სახელმწიფო ფუნქციების განხორციელებასთან. უნგრეთის ეროვნული სასამართლოს განმარტებით კი, სახეზე არ იყო არც ერთი გარემოება. მოპასუხე სახელმწიფო მიუთითებდა, რომ უნგრეთის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების სახელების გავრცელება დაარღვევდა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას. საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებასთან შედარებით, ის ხაზს უსვამდა პირადი მონაცემების დაცვის უფრო მაღალ საჭიროებას და აღნიშნავდა, რომ კონვენციის 10-ე მუხლით გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია შეიზღუდოს შესაბამისი დასაბუთების არსებობის შემთხვევაში. მოცემულ საქმეში კი ამას პირადი მონაცემების დაცვა წარმოადგენდა.

 

აღსანიშნავია, რომ მოცემულ დავასა და მისი გადაწყვეტის შესაძლო გზების შესახებ სასამართლოს საკუთარი პოზიცია წარუდგინა გაერთიანებულმა სამეფომ. დიდი ბრიტანეთის პოზიციის თანახმად, კონვენციის 10-ე მუხლი უნდა განმარტებულიყო კეთილსინდისიერად, ხელშეკრულების ობიექტიდან და მიზნებიდან გამომდინარე. სამართლებრივ პოზიციაში ხაზგასმულია, რომ კონვენციის ტექსტის კეთილსინდისიერი, კონტექსტუალური განმარტებიდან გამომდინარე ცხადი იყო, რომ ის არ მოიცავდა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, გაეცა საჯარო ინფორმაცია. აღნიშნულის დასაბუთებისას სახელმწიფო მიუთითებდა კონვენციის ტექსტის მუშაობის პროცესზე (travaux préparatoires), როდესაც სახელმწიფოთა მიერ ცალსახად იყო დაფიქსირებული კონსესუსი, რომ 10-ე მუხლი არ იცავდა საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებას და ის ხელმომწერ სახელმწიფოებს აკისრებდა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, არ ჩარეულიყო კონკრეტულ პირთა შორის ინფორმაციის გაცვლისა და გავრცელების პროცესში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება

 

სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე სასამართლომ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად ხვდებოდა მოცემული შემთხვევა კონვენციის მე-10 მუხლის მოქმედების ფარგლებში.  სასამართლომ დაასკვნა, რომ მე-10 მუხლი მოიცავდა განმცხადებლის უფლებას, მიეღო საჯარო ინფორმაცია. შესაბამისად, უნგრეთის მთავრობის მიერ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების სახელებისა და მათ მიერ პოლიციის შენობებში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი შესაძლებელია ყოფილიყო კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული უფლების დამრღვევი. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ შესაძლებელი იყო მოცემული უფლების მოქმედების ფარგლებში ჩარევა სხვათა უფლებების, მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო სწორი ბალანსის დადგენა მოცემულ ორ სიკეთეს შორის.

 

სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული იყო უნგრეთის კანონმდებლობით, თუმცა ის იყო ძალზედ შემზღუდველი ხასიათის და იძლეოდა ვიწროდ ინტერპრეტაციის საშუალებას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ეროვნულმა სასამართლოებმა არასწორად განმარტეს კანონმდებლობა, არ მიანიჭეს საკმარისი მნიშვნელობა ინფორმაციის მოთხოვნის მიზანს, რომელიც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენდა და უპირატესობა მიანიჭეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საჭიროებას.  შესაბამისად, უნგრეთის კანონმდებლობა არ იძლეოდა საკმარის საფუძველს, დადგენილიყო სწორი ბალანსი პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ისეთი ინფორმაციის გაცემას შორის, რომელზეც მაღალი საჯარო ინტერესი არსებობდა.  

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის მიღებას შორის ბალანსის დადგენის საკითხზე საუბრისას სასამართლომ უპირველესყოვლისა აღნიშნა, რომ მე-10 მუხლით გარანტირებული უფლება არ იყო აბსოლუტური და შესაძლებელი იყო მისი შეზღუდვა. თუმცა, ამასთან დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სახელმწიფომ ვერ დაასაბუთა საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვის საჭიროება.

 

პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტსა და ფარგლებზე მსჯელობისას სასამართლომ მიუთითა „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასა და სასამართლოს პრაქტიკაზე. კონვენციის მიზანს წარმოადგენს თითოეული პიროვნების კონფიდენციალობის დაცვის უფლების უზრუნველყოფა პერსონალური მონაცემების ავტომატური საშუალებებით დამუშავებისას.  თავის მხრივ, პერსონალური მონაცემები კონვენციით განმარტებულია, როგორც ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ინდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად პირს („ინფორმაციის სუბიექტს“). გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ მიუთითა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ნებისმიერი პირი დაცული უნდა იყოს ისეთი პერსონალური მონაცემების გავრცელებისგან, რომელიც პირადი ხასიათის მატარებელია. ასეთი შესაძლებელია იყოს ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის, რელიგიური მრწამსის თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ. თუმცა, სასამართლოს განმარტებით, კონვენცია არ იცავს გავრცელებისგან ისეთ ინფორმაციას, რომელიც საჯარო მოხელეთა მიერ საკუთარი ოფიციალური უფლებამოსილების განხორციელების პროცესში იქნა გენერირებული და რომლის შესახებაც არსებობს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

 

სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევებში გადაწვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილი შეფასებისა და ბალანსის საფუძველზე. მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინება, თუ რამდენად უშვებდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები ალბათობას იმისა, რომ მათი სახელები და გვარები იქნებოდა საჯაროდ ხელმისაწვდომი. მოცემულ საკითხზე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ  განსახილველ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა სუბიექტები ახორციელებდნენ საჯარო ფუნქციას და მათ ვერ ექნებოდათ თავიანთი პერსონალური მონაცემების დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი.  ინფორმაცია მათი ვინაობის შესახებ ქვეყნდებოდა და საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო სასამართლო სხდომათა განრიგებში, სამართლებრივი დახმარების პროვაიდერებთან, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე დამსწრე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 

სასამართლომ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად იყო უნგრეთის მთავრობის მიერ კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ სიკეთეში ჩარევა პროპორციული. როგორც ეს საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან ირკვევა, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის მიზანს წარმოადგენდა კვლევის განხორცილება, რომელსაც უნდა შეესწავლა იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის ეფექტურობა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, წარმოადგენდა სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ნაწილს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაციის მიღება და მოცემულ საკითხზე საჯარო დებატების გამართვისთვის ხელის შეწყობა მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში და წარმოადგენდა საზოგადოებრივ საჭიროებას. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ უნგრეთის მთვარობის მიერ კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის მიზნით საჯარო ინფორმაციის გამცემზე უარის თქმა არ იყო მიზნის პროპორციული.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიკანტისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდების უფლების შეზღუდვა არ იყო პროპორციული და იწვევდა გამოხატვის თავისუფლების, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.

 

დასკვნა

 

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს მოცემული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვნად შეიცვალა მიდგომა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან მიმართებაში. დარღვეულია ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესებს შორის. აღნიშნულის მაჩვენებელია ისიც, რომ საქართველოში ფუნქციონირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, თუმცა არ არსებობს ორგანო, რომელიც დააბალანსებდა აღნიშნული აპარატის საქმიანობას.  ამასთან, მსგავსად უნგრეთში მოქმედი რეგულაციებისა, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს საჯარო ინტერესის ტესტს და ადგენს მკაცრ შემზღუდველ რეგულაციებს, როდესაც საკითხი პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის გაცემას შორის ბალანსის დადგენას ეხება. აღნიშნულმა მდგომარეობამ ასახვა ჰპოვა ვითარებაში, როდესაც სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები უარს აცხადებენ, გასცენ ისეთი ინფორმაცია, როგორიც არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სასამართლო საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, მონაცემები მინისტრთა მრჩეველების შესახებ, ინფორმაცია საჯარო მოხელეთა სამუშაო გამოცდილების შესახებ, აქტები სახელმწიფო ქონების გასხვისების შესახებ და სხვა საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საჯარო ხასიათის დოკუმენტები.   

 

როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ საქმეზე „Magyar Helsinki v. Hungary“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, სასამართლო, მართალია, ათვითცნობიერებს სახელმწიფოსთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, დაადგინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის გაცემას შორის ბალანსი,  თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება მაღალი საჯარო ინტერესის შემცველ ინფორმაციას, ის სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, გაითვალისწინოს ინფორმაციის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესი და გახადოს ის საჯაროდ ხელმისაწვდომი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024