გამოხატვის თავისუფლების დარღვევა წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში - ევროპული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება

სიახლეები | საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა 11 თებერვალი 2020

2019 წლის 25 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქმეზე ბჟეზინსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Brzeziński v. Poland).


საქმე შეეხებოდა პოლონეთის საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც სასამართლოს უფლებას აძლევს 24 საათის განმავლობაში შეამოწმოს ინფორმაციის უტყუარობა და შეზღუდოს მისი გავრცელება. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ამ ნორმის საფუძველზე ბჟეზინსკის მიმართ მიღებული ზომები არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.


გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ზოგადად გამოხატვის თავისუფლების და განსაკუთრებით პოლიტიკური გამოხატვის მაღალი სტანდარტის დაცვის თვალსაზრისით. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის.


ბჟეზინსკი პოლონეთის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით, დავის საგნის მოკლე მიმოხილვა, მხარეთა და სასამართლოს პოზიციები განხილულია ქვემოთ.


დავის საგნის მოკლე მიმოხილვა


განმცხადებელი არის 1954 წელს დაბადებული პოლონეთის მოქალაქე ზენონ ბჟეზინსკი, რომელმაც 2006 წლის ოქტომბერში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა მუნიციპალური საბჭოს არჩევნებში.


ბჟეზინსკიმ და ვინმე ა.ბ.-მ, მუნიციპალური საბჭოს, რაიონული საბჭოს და რეგიონული კრების არჩევნების პოლიტიკური კამპანიის მიმდინარეობისას, გამოუშვეს ბროშურა, სადაც ხალხს მათი საარჩევნო გუნდის არჩევისკენ მოუწოდებდნენ. ამასთან, ბროშურაში ისინი აკრიტიკებდნენ იმჟამინდელ მუნიციპალურ საბჭოსა და მერს. ბჟეზინსკი მიანიშნებდა მათ გარიგებაზე, რომლის საშუალებითაც ისინი თანამდებობებს პირადი სარგებლის მისაღებად იყენებდნენ.


მერმა და ადგილობრივი საბჭოს წევრმა სასამართლოს მიმართეს და მოითხოვეს გადაწყვეტილების მიღება, რომელიც აკრძალავდა ბროშურის შემდგომ გავრცელებას, დაავალდებულებდა შემქმნელებს მცდარი ინფორმაციის შესწორებასა და საჯაროდ ბოდიშის მოხდას.


2006 წლის 27 ოქტომბრის დილას, ბჟეზინსკი ტელეფონის საშუალებით გამოიძახეს სასამართლო სხდომაზე დასასწრებად, რომელიც იმავე დღის ორის ნახევარზე იყო ჩანიშნული. ბჟეზინსკი ვერ დაესწრო სხდომას. სასამართლოს იმავე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, შეწყდა საქმის წარმოება ა.ბ.-ის მიმართ, ხოლო ბჟეზინსკის აეკრძალა ბროშურის გავრცელება, დაევალა ბოდიშის მოხდა და არაზუსტი ინფორმაციის შესწორება. მას ასევე დაეკისრა მოსარჩელეებისათვის სასამართლოს ხარჯებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის თანხის გადახდის ვალდებულება. 2007 წლის 19 აპრილს, სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.


განმცხადებლის პოზიცია


განმცხადებელი უთითებდა, რომ სასამართლომ მას აუკრძალა საარჩევნო ბროშურის შემდგომი გავრცელება, დააკისრა ფულადი სანქცია და ბოდიშის მოხდა ორ ადგილობრივ გამოცემაში, რაც მის გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენდა. ის ასევე ხაზს უსვამდა პოლიტიკური გამოხატვის დაცვის მაღალ სტანდარტს და აღნიშნავდა, რომ დასაშვები კრიტიკის ფარგლები პოლიტიკოსის შემთხვევაში უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირის შემთხვევაში.


განმცხადებლის აზრით, დაირღვა არა მხოლოდ მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლება, არამედ ასევე მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება.


მოპასუხის პოზიცია


მოპასუხე მხარე აღნიშნავდა, რომ ბჟეზინსკის საარჩევნო ბროშურა შეიცავდა არასწორ ინფორმაციას და შეურაცხმყოფელ ლექსიკას, შესაბამისად, არღვევდა ადგილობრივ კანონმდებლობას, ლახავდა მერის და ადგილობრივი საბჭოს წევრის უფლებებსა და რეპუტაციას.


მოპასუხე მხარე უთითებდა ადგილობრივი საარჩევნო კანონმდებლობის 72-ე მუხლს, რომელიც სასამართლოს საშუალებას აძლევდა აეკრძალა არასწორი ინფორმაციის შემცველი ბროშურის გავრცელება. მოპასუხის პოზიციით, 72-ე მუხლის ლეგიტიმურ მიზანს პირის რეპუტაციისა და უფლებების დაცვა წარმოადგენდა. შესაბამისად, მოპასუხის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა.


სასამართლოს შეფასება


სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას პოლიტიკურ გამოსვლებთან და საჯარო ინტერესის შემცველ საკითხებთან მიმართებით და აღნიშნა, რომ კერძო პირისგან განსხვავებით, პოლიტიკური თანამდებობის პირის დასაშვები კრიტიკის ფარგლები ბევრად ფართოა.


აღნიშნულ საქმეში სასამართლოს განსახილველ საკითხს წარმოადგენდა, არსებობდა თუ არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი და იყო თუ არა შეზღუდვა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.


ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლონეთის ადგილობრივ სასამართლოს არ გამოურკვევია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო ბჟეზინსკის განცხადებას და განხილვის გარეშე დააკვალიფიცირა ბროშურაში მოცემული ინფორმაცია, როგორც ტყუილი, ყველანაირი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე.


ევროპულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ განმცხადებელი ჩართული იყო საჯარო დებატებში, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ევროსასამართლომ არ გაიზიარა ადგილობრივი სასამართლოს მოსაზრება, რომ ბჟეზინსკი ვალდებული იყო დაემტკიცებინა მის ბროშურაში მითითებული საკითხების სისწორე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბროშურაში არსებული ფორმულირება შეესაბამებოდა გაზვიადებისა და პროვოცირების დასაშვებ ფარგლებს.


ევროსასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის ადგილობრივმა სასამართლომ არ დაიცვა სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის გამოხატვის თავისუფლებასა და მოპასუხის უფლებებსა და რეპუტაციას შორის.


ამასთან, ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო პოლონეთის ადგილობრივი სასამართლოს მიერ დაწესებული სხვა სანქციები: ბროშურის შემდგომი გავრცელების აკრძალვა, ბოდიშის მოხდის და ცნობების უარყოფის ვალდებულება და ქველმოქმედებისთვის ფულის გამოყოფა. ევროსასამართლოს აზრით, ამ სამი სანქციის ერთობლივად გამოყენებას მსუსხავი ეფექტი ექნებოდა ადგილობრივ პოლიტიკურ დებატებში მონაწილე პირებზე.


სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ბჟეზინსკის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას და შეზღუდვა არ წარმოადგენდა აუცილებლობას დემოკრატიული საზოგადოებაში. იმის გათვალისწინებით, რომ დადგინდა გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, ევროსასამართლოს არ უმსჯელია კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) შეზღუდვის საკითხზე.


დასკვნა


ევროპულმა სასამართლომ ორჯერ განიხილა მსგავსი საქმე პოლონეთის წინააღმდეგ (Kwiecień v. Poland, Kita v. Poland) და ორივე შემთხვევაში კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა. შესაბამისად, პოლონეთის ადგილობრივი საარჩევნო კანონმდებლობის 72-ე მუხლი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში „არასწორი ინფორმაციის“ გავრცელებას შეეხება, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით პრობლემურია.


ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას. სასამართლომ გაითვალისწინა პოლიტიკური გამოხატვის დაცვის მაღალი სტანდარტი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წინასაარჩევნო პერიოდში იძენს.


მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია, მან კრიტიკაც დაიმსახურა ტერმინის - „ყალბი ახალი ამბის“ (“fake news”) გამოყენების გამო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში პირველად ახსენა ტერმინი „ყალბი ახალი ამბავი“, მიუხედავად იმისა, რომ არც პოლონეთის წარმომადგენლებს და არც განმცხადებელს ეს ტერმინი არ გამოუყენებიათ. ამასთან, ევროპის საბჭო და ევროკავშირი თავიანთ ანგარიშებში უთითებენ, რომ ტერმინი „ყალბი ახალი ამბავი“ (“fake news”) არ უნდა იქნეს გამოყენებული მისი შეცდომაში შემყვანი ხასიათის გამო. მათი განმარტებით, პოლიტიკოსებმა მიითვისეს აღნიშნული ტერმინი იმ საინფორმაციო ორგანიზაციების აღსაწერად, რომელთა მიერ გაშუქებულ ინფორმაციას ისინი არ ეთანხმებიან და მისი გამოყენება შეიძლება გახდეს თავისუფალი პრესის შეზღუდვის ინსტრუმენტი.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024