მოსახლეობის მაღალი ინფორმირებულობა მნიშვნელოვანად განაპირობებს საეთერო ციფრულ პლატფორმაზე გადასვლის პროცესის წარმატებას და კონკურენტული მდგომარეობის ჩამოყალიბებას მედია ბაზარზე.
დროის სიმცირის გამო, სწორედ საინფორმაციო სტრატეგიის სწორად წარმართვაზეა დამოკიდებული საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმატება. ამ პროცესში უნდა მოხდეს იმ დაბრკოლებების თავიდან აცილება და დაძლევა, რომელიც ევროპის ქვეყნებს წარმოექმნათ.
საინფორმაციო კამპანიის ძირითადი აქტივობები გაწერილია ციფრული საეთერო მაუწყებლობის სახელმწიფო გეგმაში (სტრატეგიაში), რომელიც ძალიან ზოგადია და მხოლოდ სახელმძღვანელო პრინციპებად გამოდგება. 2015 წლის იანვრის მდგომარეობით საინფორმაციო კამპანიის ერთიანი სტრატეგია ან რაიმე სხვა მსგავსი შინაარსის დოკუმენტი გამოქვეყნებული არ არის, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პლატფორმის მონაცემების მიხედვით უნდა არსებობდეს ზოგადი სამოქმედო ტაქტიკა და გეგმა. სამწუხაროდ, ამ სტრატეგიის გასაჯაროება ამ ეტაპამდე არ მომხდარა.
ინფორმირების ალტერანტიული და სწორი საშუალებების არჩევაზეა დამოკიდებული სარეკლამო კამპანიის წარმატება. დაგეგმვისას უნდა გადაწყდეს რომელი საკომუნიკაციო არხია უფრო პოპულარული საქართველოს მოსახლეობაში და რომელ სამიზნე ჯგუფთან მიმართებაში და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს კონკრეტულ საკომუნიკაციო არხს. ამგვარი შეფასება, ჩვენი ინფორმაციით შესყიდვების სააგენტოს მიერ განხორციელებული არ არის.
ინფორმირების პროცესში დაინტერესებული მხარეები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. აუცილებელია ჟურნალისტების, ბლოგერების, სამოქალაქო საზოგადოების და მომხმარებელთა უფლებათა დამცველების ჩართულობა (განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების დახმარების მიმართულებით). აღნიშნულ პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექნიკური სერვისის მომწოდებელი საშუალო და მცირე ბიზნესის ჩართულობა. ამ ჯგუფში მოიაზრება როგორც ანტენების ინსტალატორები და სხვა ტექნიკური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები, ასევე საცალო მოვაჭრე კომპანიების ტექნიკური პერსონალი და სხვა დაკავშირებული პირები.
საოპერაციო აქტივობების დაგეგმვისთვის უმნიშვნელოვანესია სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს" ფულადი და შესაბამისად, საკადრო რესურსის მოცულობის წინასწარ შეფასება და გათვალისწინება, პროცესთან დაკავშირებული დაინტერესებული პირების საკადრო რესურსები და ასევე ფინანსური შესაძლებლობები.
ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედება წარმოადგენს იმ ქვაკუთხედს, რომელიც უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა მიმართულებითი ინტერვენციის და საინფორმაციო კამპანიის სტრატეგიის წარმატებით რეალიზაციისთვის.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ შეიქმნას ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსთან ე.წ. გაციფრულების შტაბი ან კომისია, რომელიც კოორდინირებას გაუწევს პროცესს, მოახდენს პრობლემების თავმოყრას და გადაჭრას. მასში ჩართული უნდა იყოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების და დაინტერესებული პირების გარდა, აპარატურის იმპორტიორები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.