კამპანია „ეს შენ გეხება“ „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

განცხადებები 13 მაისი 2014

 

უკვე რამდენიმე წელია, რაც სამოქალაქო საზოგადოება საუბრობს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მხრივ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და ამ მიმართულებით რეფორმის გატარების აუცილებლობაზე. ერთი წლის წინ, სამოქალაქო სექტორის წამომადგენლები საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით შევიდნენ, თუმცა ამ ცვლილებების მიღებას ძალოვანი უწყებების მხრიდან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა და შესაბამისად პროცესის გაჭიანურება მოჰყვა.

 

არსებული მანკიერი სისტემის შესაცვლელად მმართველი პოლიტიკური გუნდის დეკლარირებული ნების მიუხედავად ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არ მომხდარა, რის გამოც, სამოქალაქო სექტორმა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო აქტიური ადვოკატირების კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“. მიუხედავად სამოქალაქო სექტორის აქტიურობისა, კანონის სწრაფად მიღებას ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავდა სამართალდამცავი უწყებების სახით. ბოლო პერიოდის განმავლობაში ფარული მიყურადებისა და თვალთვალის საკითხი პოლიტიკური დებატებისა და განხილვების თემაც გახდა.

 

საკითხის განხილვაში პოლიტიკური პარტიებიც ჩაერთნენ, რომლებსაც, ცხადია, ყველაფერთან ერთად, პოლიტიკური ინტერესებიც ამოძრავებდათ, რაც ხშირ შემთხვევაში კამპანიის პოლიტიზების, ზოგჯერ კი დისკრედიტაციის მცდელობაშიც გამოიხატებოდა. ყოველივეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული მოვლენებიც დაემატა, რამაც გაამძაფრა მიმდინარე დისკუსია. ამ შემთხვევის სპეციფიურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გამჭვირვალედ და ობიექტურად წარმართოს პროცესი და დროული და დასაბუთებული პასუხები გასცეს საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს. მითუმეტეს, რომ მოვლენები უფრო მძაფრ ხასიათს იძენს საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მოახლოების ფონზე.

 

კამპანიაში „ეს შენ გეხება“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები ვფიქრობთ, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, ყველა მხარის ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას თვალთვალისა და მიყურადების თანამედროვე სისტემა, რომელიც გამორიცხავს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, ადამიანების პირადი ცხოვრების ხელყოფას და მათი პირადი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია:

  • საქართველოს ხელისუფლებამ უმოკლეს პერიოდში გადადგას ქმედითი ნაბიჯები და არაორაზროვნად გამოხატოს მტკიცე პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ შეიცვალოს ფარულ თვალთვალთან და მიყურადებასთან დაკავშირებით არსებული არაჯანსაღი სისტემა. მნიშვნელოვანია, მოსახლეობაში გაჩნდეს ნდობა ახალი სისტემის მიმართ, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და, მეორე მხრივ, მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.
  • საქართველოს პარლამენტმა უსწრაფეს ვადებში მიიღოს ერთი წლის წინ ინიცირებული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოწონებული კანონპროექტი. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით შემოთავაზებული რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოში შეიქმნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების  პრინციპებზე დაფუძნებული კანონმდებლობა, რომელიც ევროპული და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის გარანტია იქნება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
  • სამართალდამცავმა უწყებებმა შეწყვიტონ პროგრესული კანონმდებლობის მიღების მიმართ წინააღმდეგობა და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. იმედია, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს მაინც შსს და საქართველოს პროკურატურა დაასახელებენ კონკრეტულ მუხლებს, რომლებიც ასეთი საფრთხის შემცველია.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა თავი შეიკავონ კამპანია „ეს შენ გეხებას“ პოლიტიზების მცდელობისგან და აღნიშნული საკითხის წინასააჩევნო კონტექსტში გამოყენებისგან. ვფიქრობთ, რომ როგორც წინა, ასევე დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში თვალთვალისა და მიყურადების მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებსა და სამართალდამცავ უწყებებში არსებულ პრაქტიკაზე.
  • მედიასაშუალებებმა გაითვალისწინონ, რომ დღეს ქვეყანაში არსებული სისტემა  ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის დაცვას და სამართალდამცავების ქმედებების ეფექტურ კონტროლსა და მონიტორინგს. ყოველივე ამის გამო, ხშირია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების სამწუხარო პრაქტიკა. სწორედ ამიტომ მედიასაშუალებები ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ საზოგადოების წინაშე. ვიზიარებთ, რომ კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის მეტად სენსიტიური ინფორმაციის ხშირად გავრცელებისას მედიასაშუალება არ გახდეს იარაღი სხვა დაინტერესებული ჯგუფების ხელში, რომელთაც, შესაძლოა, არა საზოგადოებრივი, არამედ ვიწრო პარტიული ან სხვა  სახის  ინტერესი (მათ შორის უშიშროებასთან დაკავშირებული) ამოძრავებდეთ.

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო იმისა, რომ საქართველოში კვლავაც მწვავედ დგას ფარულ თვალთვალთან და მიყურადებასთან დაკავშირებული პრობლემა. ვფიქრობთ, როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების საბოლოო მიზანი ის უნდა იყოს, რომ საქართველოში შეწყდეს ფარული ჩანაწერებით მანიპულაცია და მათი გასაჯაროვება. ამაზე კი ყველა ჩართულმა მხარემ უნდა იზრუნოს: ერთის მხრივ, მთავრობამ სიღრმისეული რეფორმები უნდა გაატაროს სამართალდამცავ სისტემაში, ხოლო, მეორეს მხრივ,  მედიამ უნდა გამოხატოს პრინციპული პოზიცია და  მომავალში მაქსიმალურად თქვას უარი პირადი ინფორმაციის შემცველი ფარული ჩანაწერების გავრცელებისგან.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024