ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვა - ნოემბერი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ანალიზი 21 დეკემბერი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მიმოიხილა ენერგეტიკის სექტორის მიმდინარე განვითარება და არსებული გამოწვევები, 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით.

 

IDFI სექტორში მიმდინარე ტენდენციებს პერიოდულად მიმოიხილავს, ვინაიდან ენერგეტიკის სექტორი ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორია, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ასევე, ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად და ამავდროულად შესაძლებლობად რჩება.

 

ქვეყანას გააჩნია ჰიდრორესურსების მნიშვნელოვანი პოტენციალი და გენერაცია ყოველწლიურად ზრდადია. თუმცა, არასაკმარისია მოხმარების დასაბალანსებლად. არსებული დეფიციტის გათვალისწინებით სტრატეგიული ინვესტიციების შეფერხება ამცირებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და მნიშვნელოვანი გამოწვევაა სექტორისათვის.

 

ელ. ენერგიის მოხმარება მკვეთრად დამოკიდებულია ეკონომიკის ზრდაზე. მნიშვნელოვანია შეფასდეს  COVID-19 პანდემიის ზეგავლენა მოხმარების დინამიკაზე და სექტორის მოსალოდნელი განვითარება პოსტპანდემიურ პერიოდში.

 

მოსახლეობა და ბიზნესი, პირდაპირი მომხმარებლები და აფხაზეთი ელ. ენერგიის მსხვილ მომხმარებლებად კლასიფიცირდებიან. ბოლო წლებში ტურიზმის ზრდამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა მოთხოვნა ელექტროენერგიაზე რაც მოსახლეობის და ბიზნესის ელ. ენერგიის მოხმარებაზე აისახება. მსხვილი მომხმარებლების ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები არიან და საგარეო ვაჭრობის დინამიკა ელ. ენერგიის მოხმარებაზე აისახება. აფხაზეთში ელ. ენერგიის მოხმარება მაღალი ზრდით გამოირჩევა და ერთ სულ მოსახლეზე 3-ჯერ აჭარბებს ელ. ენერგიის მოხმარებას დანარჩენ საქართველოში.

 

ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტი აჭარბებს ექსპორტს და ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას უწყობს ხელს. იმპორტის ზრდა ამცირებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. არსებობს არგუმენტები, რომ იმპორტირებული ელ. ენერგიის ფასი ნაკლებია, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების შედეგად მიღებულ ფასზე. თუმცა, აღნიშნული არ ითვალისწინებს ენერგოდამოუკიდებლობის ღირებულებას ქვეყნისათვის.

 

 

ძირითადი მიგნებები

 

- ელ. ენერგიის გენერაცია წ.წ. 5.8%-ით შემცირდა 2020 წლის 11 თვეში. თბოსადგურების გენერაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვალა (-2% წ.წ.), თუმცა  განახლებადი ენერგიის წყაროების გენერაცია წ.წ. -7%-ით არის შემცირებული ანალოგიურ პერიოდში.

 

- COVID-19 პანდემიამ მკვეთრად შეამცირა ელ. ენერგიის მოხმარება, (-11.2% წ.წ.) 2020 წლის 11 თვეში. რაც შემცირებული ეკონომიკური აქტივობით, კრიპტოინდუსტრიის მკვეთრი ვარდნით  და თითქმის განულებული ტურიზმით შეიძლება აიხსნას. შემცირებამ -5.7% შეადგინა აფხაზეთის გაზრდილი ელ. ენერგიის მოხმარების გათვალისწინებით.

 

- აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ ენგურჰესის გენერაციის 88% შეადგინა 2020 წლის 11 თვეში. წ.წ. +24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელ. ენერგიის მოხმარება (2.2 ტვტ. სთ.). აღნიშნული, გარკვეულწილად გამოწვეულია ენგურჰესის გენერაციის შემცირებით მიმდინარე წელს.

 

- რუსეთიდან ელ. ენერგიის იმპორტმა ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია და მთლიანი იმპორტის თითქმის ნახევარი შეადგინა. აღნიშნულს ხელს უწყობს აფხაზეთის ზრდადი ელ. ენერგიის მოხმარება.

 

- ელ. ენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად 38 მლნ. აშშ დოლარის წმინდა იმპორტი დაგვჭირდა 2020 წლის 10 თვეში და წლის ბოლომდე მოსალოდნელია 60 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდოს. შეინიშნება მცირედით გაუმჯობესება, (-3 მლნ. აშშ დოლარი) 2019 წელთან შედარებით. თუმცა ელ. ენერგიის დეფიციტი მაღალია, რაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას უწყობს ხელს.

 

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორში ოთხჯერ შემცირდა 2020 წლის 9 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. COVID-19 პანდემია ძირითად დაბრკოლებად მოიაზრება, თუმცა დღეისათვის ფაქტიურად არ არსებობს განახლებადი ენერგიის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა ინვესტიციების მოზიდვას და შეამცირებდა იმპორტზე დამოკიდებულებას.

 

- ესკოს საბითუმო ფასები ზრდადია.  ელ. ენერგიის საბითუმო ფასები საშუალოდ 23%-ით გაიზარდა 2020 წლის 10 თვის განმავლობაში, რაც ნაწილობრივ გაცვლითი კურსის გაუფასურებით და შედარებით დაბალფასიანი ელ. ენერგიის წყაროების გენერაციის შემცირებით არის გამოწვეული.

 

- ენგურის მოსალოდნელი შეჩერება დამატებით 0.6 ტვტ.სთ.-მდე ელ. ენერგიის დეფიციტს შექმნის 2021 წელს. თუმცა, მომდევნო წლებში გენერაცია მოსალოდნელია გაიზარდოს. 2021-2025 წლებში მოხმარება მოსალოდნელია საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდოს,  გენერაციის 4.8%-ით ზრდის ფონზე და 2020 წლის დაბალი გენერაციის გათვალისწინებით. ელ. ენერგიის დეფიციტი 7.5%-ით გაიზრდება აღნიშნულ პერიოდში და 1.9 ტვტ. სთ. მიაღწევს 2025 წელს. 

 

რეკომენდაციები

 

- ზრდადი დეფიციტის გათვალისწინებით, მთავრობამ დროულად უნდა შეიმუშაოს ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმები

 

გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების შემდეგ, დღეისათვის პრაქტიკულად არ არსებობს მექანიზმი, რომელიც წაახალისებს ინვესტიციებს სექტორში. მნიშვნელოვანია Feed-in tariff და სხვა ტიპის ინსტრუმენტების შემუშავება და დანერგვა, რომელიც ინვესტორებს შესთავაზებს გარანტირებულ ფასს და დაიცავს გაცვლითი კურსის რისკებისგან.

 

- თავისუფალი ბაზრის მექანიზმების იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას

 

ენერგოდამოუკიდებლობა მცირდება მეზობელი ქვეყნებიდან ელ. ენერგიის იმპორტის ზრდის გათვალისწინებით. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს ბაზრის დერეგულაცია და ელ. ენერგიაზე სამომხმარებლო ფასის ზრდის შემთხვევაში საჭიროა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირდაპირი ფორმით სუბსიდირება.

 

- უნდა გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა განახლებად ენერგიაზე და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე

 

საზოგადოების განათლების ხელშეწყობა განახლებადი ენერგიის შესახებ ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების ათვისებას.

 

- საჭიროა განახლებადი ენერგიის წახალისება საოჯახო მეურნეობებში და მცირე ბიზნესში დღგ-სგან განთავისუფლებით ან ენერგოეფექტური სესხებით.

 

ნეტო აღრიცხვის მექანიზმი საშუალებას აძლევს მცირე მომხმარებლებს აწარმოონ ელექტროენერგია. თუმცა, მიკროელექტროსადგურების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია აღნიშნული სადგურების ხელშეწყობა საგადასახადო შეღავათებით და ენერგოეფექტური სესხით.

 

- უნდა შემუშავდეს სექტორის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ენერგოეფექტურობის ზრდაზე და განახლებადი ენერგიის ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.   

 

ამ დროისათვის არ არსებობს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს და წარმოადგენს სექტორის განვითარების შესაძლო სცენარებს. აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან დღეისათვის შეჩერებული ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ხელახალი განხილვა და განხორციელების ხელშეწყობა. ასევე, ქარისა და მზის ალტერნატიული პროექტების წარდგენა ინვესტორებისათვის.

 

/public/upload/Energy Sector/GEO Energy Sector (November 2020).pdf

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024