საქართველოში პეტიციების ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 27 დეკემბერი 2017

22 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ ელექტრონული პეტიციების პორტალი (ichange.gov.ge) აამოქმედა. პორტალის გამოყენებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ელექტრონული პეტიციის შექმნა, ხოლო საკმარისი ხელმოწერის მოგროვების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება უპასუხოს პეტიციას და ეს პასუხი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს პორტალზე.

 

პორტალის შექმნის ვალდებულება მთავრობამ ჯერ კიდევ 2012 წელს აიღო. პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილება კი 2017 წლის 18 მაისს გამოაქვეყნა.

 

IDFI მიესალმება იცჰანგე.გოვ.გე-ის შექმნას და იმედოვნებს, რომ ეს სისტემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობას.

 

როგორ იმუშავებს პორტალი

 

დადგენილების მიხედვით, ელექტრონული პორტალის - ichange.gov.ge-ის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოს მთავრობის კომპეტენციის ფარგლებს მიკუთნებულ საკითხებზე ელექტრონული პეტიციების წარდგენა და ონლაინ ხელმოწერების შეგროვება. თუ პეტიცია 30 კალენდარული დღის განმავლობაში მინიმუმ 10,000 ხელმოწერას მოაგროვებს, იგი უნდა განიხილოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილმა კომისიამ. კომისიის ინიციატივით ელექტრონული პეტიცია შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზეც. საქართველოს მთავრობა ვალდებულია 3 კალენდარული თვის ვადაში უპასუხოს პეტიციის ავტორს. დადგენილების მიხედვით, „ოფიციალური წერილობითი პასუხი მკაფიოდ, დასაბუთებული ახსნა-განმარტებით უნდა გამოხატავდეს საქართველოს მთავრობის პოზიციას საკითხთან დაკავშირებით.“ პასუხი უნდა განთავსდეს ელექტრონულ პორტალზეც.

 

პორტალის შექმნის ისტორია

 

IDFI-მ ჯერ კიდევ 2012 წელს მიმართა ხელისუფლებას რეკომენდაციით, შეექმნა საზოგადოებრივი ჩართულობის პორტალი. ხელისუფლებამ გაითვალისწინა IDFI-ის რეკომენდაცია და იმავე წელს დამტკიცებულ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) საქართველოს პირველ სამოქმედო გეგმაში შეიტანა ვალდებულება, 2013 წელს დაენერგა მოქალაქის პორტალი - ichange.ge. 

 

ამის პარალელურად, IDFI-მ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, 2013 წელს შეიმუშავა პორტალის კონცეფცია და განსახილველად გადაუგზავნა ხელისუფლებას. სამწუხაროდ, პორტალი დაგეგმილ წელს არ შეიქმნა და ეს ვალდებულება გადავიდა შემდეგი წლების სამოქმედო გეგმაში (2014-2015). აღსანიშნავია, რომ პორტალის კონცეფციის დამუშავება დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდნენ როგორც ოფიციალური უწყებების (მთავრობის ადმინისტრაცია, იუსტიციის სამინისტრო, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საჯარო სამსახურის ბიურო), ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროექტის დაგეგმვის პროცესის მხარდაჭერა უზრუნველყო შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ (USAID).

 

მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობამ IDFI-ის რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ პორტალის კონცეფცია განხილული იქნა „ღია მმართველობა“ საქართველოს ფორუმის ფარგლებშიც, სადაც ელექტრონული პეტიციების სისტემის შემუშავებული კონცეფცია საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კიდევ უფრო ფართო ჩართულობის ფორმატში დაიხვეწა.



პორტალის ძირითადი გამოწვევა

 

პეტიციისთვის 30 კალენდარულ დღეში მინიმუმ 10,000 ხელმოწერის შეგროვების სტანდარტი საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა (IDFI-ის მიერ შეთავაზებული იყო 5,000 ხელმოწერის მინიმალური ზღვარი). ამ გარემოებამ შეიძლება შეაფერხოს პორტალის პოპულარიზაცია და ეფექტური გამოყენება მოქალაქეებში. თუმცა, ამ გარემოების მიუხედავად, ცალსახაა, რომ პორტალის შექმნით საქართველოში დაინერგა მონაწილეობის მნიშვნელოვანი ელექტრონული მექანიზმი. მსგავსი პორტალები ელექტრონული დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისია და პორტალის წარმატებული ფუნქციონირების შემთხვევაში, საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნებს, სადაც მოქალაქეებს ელექტრონულად, შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ინიციატივები მთავრობის წინაშე, ხოლო ხელისუფლება ვალდებულია არგუმენტირებულად და საჯაროდ მოიწონოს ან უარყოს 10 000 ხელმომწერის პეტიცია. პეტიციების ელექტრონული პლატფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნაში ელექტრონული მონაწილეობის სტანდარტების შემდგომ განვითარებასა და გაუმჯობესებას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024