საქართველოში პეტიციების ელექტრონული პორტალი იქმნება

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ანალიზი 25 მაისი 2017

სულ მალე საქართველოს მთავრობა ელექტრონული პეტიციების პორტალის (ichange.gov.ge) ამოქმედებას გეგმავს. პორტალის გამოყენებით ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ელექტრონული პეტიციის შექმნა, ხელმოწერების მოგროვება და, საკმარისი ხელმოწერის მოგროვების შემთხვევაში, მისი მთავრობისთვის გაგზავნა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობას უჩნდება ვალდებულება უპასუხოს პეტიციას და ეს პასუხი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს პეტიციების ელექტრონულ პორტალზე.


პორტალის შექმნის ვალდებულება მთავრობამ ჯერ კიდევ 2012 წელს აიღო. პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილება მთავრობამ 2017 წლის 18 მაისს გამოაქვეყნა.


IDFI მიესალმება ichange.gov.ge-ის შექმნას და იმედოვნებს, რომ ეს სისტემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობას.


როგორ იმუშავებს პორტალი


დადგენილების მიხედვით, უნდა შეიქმნას ელექტრონული პორტალი - ichange.gov.ge, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოს მთავრობის კომპეტენციის ფარგლებს მიკუთნებულ საკითხებზე ელექტრონული პეტიციების წარდგენა და ონლაინ ხელმოწერების შეგროვება. თუ პეტიცია 30 კალენდარული დღის განმავლობაში მინიმუმ 10,000 ხელმოწერას მოაგროვებს, იგი უნდა განიხილოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილმა კომისიამ. კომისიის ინიციატივით ელექტრონული პეტიცია შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზეც. საქართველოს მთავრობა ვალდებულია 3 კალენდარული თვის ვადაში უპასუხოს პეტიციის ავტორს. დადგენილების მიხედვით, „ოფიციალური წერილობითი პასუხი მკაფიოდ, დასაბუთებული ახსნა-განმარტებით უნდა გამოხატავდეს საქართველოს მთავრობის პოზიციას საკითხთან დაკავშირებით.“ პასუხი უნდა განთავსდეს ელექტრონულ პორტალზეც.

 

IDFI-ი განსაკუთრებით მიესალმება შემდეგ ფაქტორებს:


- მოქალაქეს პორტალზე დარეგისტრირება შემდეგი მონაცემებით შეუძლია: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი და პაროლი. დადგენილების მიხედვით, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და გარე მომხმარებლისთვის მხოლოდ პეტიციის მხარდამჭერის ინიციალები დაფიქსირდება. პეტიციის წარმდგენის ვინაობა ყოველთვის სრულად იქნება წარმოდგენილი.


- წარმატებულ პეტიციებს განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისია.


- კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და საქართველოს პრემიერმინისტრის წინაშე.


- კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა განთავსდეს ელექტრონული პეტიციის პორტალზე.

 


პორტალის შექმნის ისტორია და IDFI-ის წვლილი


IDFI-მ ჯერ კიდევ 2012 წელს მიმართა ხელისუფლებას რეკომენდაციით, შეექმნა საზოგადოებრივი ჩართულობის პორტალი. ხელისუფლებამ გაითვალისწინა IDFI-ის რეკომენდაცია და იმავე წელს დამტკიცებულ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პირველი სამოქმედო გეგმაში შეიტანა მნიშვნელოვანი ვალდებულება, 2013 წელს დაენერგა მოქალაქის პორტალი - ichange.ge. 


ამის პარალელურად, IDFI-მ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, 2013 წელს შეიმუშავა პორტალის კონცეფცია და განსახილველად გადაუგზავნა ხელისუფლებას. რეკომენდაციების პაკეტი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: 1. ელექტრონული პეტიციები; 2. ელექტრონული კონსულტაცია; და 3. ელექტრონული განხილვები.


სამწუხაროდ, პორტალი დაგეგმილ წელს არ შეიქმნა და ეს ვალდებულება გადავიდა შემდეგი წლების სამოქმედო გეგმაში (2014-2015). აღსანიშნავია, რომ პორტალის კონცეფციის დამუშავება დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდნენ როგორც ოფიციალური უწყებების (მთავრობის ადმინისტრაცია, იუსტიციის სამინისტრო, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საჯარო სამსახურის ბიურო), ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროექტის დაგეგმვის პროცესის მხარდაჭერა უზრუნველყო შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ (USAID).


მისასალმებელია, რომ მთავრობამ ichange.ge-ის განსავითარებლად ელექტრონული პეტიციების შესახებ IDFI-ის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გაითვალისწინა. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ პორტალის კონცეფცია განხილული იქნა „ღია მმართველობა“ საქართველოს ფორუმის ფარგლებშიც, სადაც ელექტრონული პეტიციების სისტემის შემუშავებული კონცეფცია საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კიდევ უფრო ფართო ჩართულობის ფორმატში დაიხვეწა.

 

პორტალის ძირითადი გამოწვევა


IDFI მიიჩნევს, რომ პეტიციისთვის 30 კალენდარული დღე მინიმუმ 10,000 ხელმოწერის შესაგროვებლად საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა (IDFI-ის მიერ შეთავაზებული იყო 5,000 ხელმოწერის მინიმალური ზღვარი). გასათვალისწინებელია, რომ დღეისათვის საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 48%-ისთვის არის ინტერნეტი ხელმისაწვდომი. ასევე, დაბალია ციფრული წიგნიერების დონე. გარდა ამისა, ელექტრონული დემოკრატიის პრინციპები ახლა ინერგება ქვეყანაში და მოსახლეობის მიერ ელექტრონული სერვისების გამოყენების წილი არც თუ ისე მაღალია.

 

ამ გარემოებამ შეიძლება შეაფერხოს პორტალის პოპულარიზაცია და ეფექტური გამოყენება მოქალაქეებში. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პორტალის ამოქმედების საწყის ეტაპზე, რადგან მოქალაქეს სწორედ ამ დროს უნდა გაუჩნდეს ნდობა სამოქალაქო ჩართულობის ამ მექანიზმისა და მასზე პასუხისმგებელი სამთავრობო დაწესებულებების მიმართ.


ამ გარემოების მიუხედავად, ცალსახაა, რომ პორტალის შექმნით საქართველოში დაინერგება მონაწილეობის მნიშვნელოვანი ელექტრონული მექანიზმი. მსგავსი პორტალები ელექტრონული დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისია და პორტალის წარმატებული ფუნქციონირების შემთხვევაში, საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც მოქალაქეები ელექტრონულად, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, შეძლებენ წარადგინონ საკუთარი ინიციატივები მთავრობის წინაშე, ხოლო ხელისუფლება ვალდებული გახდება არგუმენტირებულად და საჯაროდ მოიწონოს ან უარყოს 10 000 ხელმომწერის პეტიცია. პეტიციების ელექტრონული პლატფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნაში ელექტრონული მონაწილეობის სტანდარტების შემდგომ განვითარებასა და გაუმჯობესებას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024