ეკიმჯიევი და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა | სტატია 3 მაისი 2022

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ   ფარული მიყურადებისა და ელექტრონული კომუნიკაციების მონაცემთა შენახვის  მაღალი სტანდარტი დაადგინა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის 11 იანვრის  გადაწყვეტილების მიხედვით, ბულგარეთის ფარული მიყურადებისა და ელექტრონული კომუნიკაციების მონაცემებზე წვდომის მარეგულირებელი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას.

 

დავის საგნის მოკლე მიმოხილვა და მომჩივნების პოზიცია

 

მოცემულ საქმეში, სტრასბურგის სასამართლოს შეფასების საგანი ფარული მიყურადების შესახებ ბულგარეთის კანონმდებლობა, ასევე, სერვისის პროვაიდერების მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვისა და მათზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წვდომის რეჟიმი გახლდათ.

 

მომჩივნები იყვნენ პროფესიით იურისტი ბულგარეთის მოქალაქეები - მიხაილ ეკიმჯიევი და ალექსანდრე კაშუმოვი, ასევე, ორი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ასოციაცია ევროპული ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებებისთვის”  და „ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პროგრამა“ (AIP).

 

მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ არსებული რეგულირების ფარგლებში, მათი საქმიანობის ხასიათი ქმნიდა რისკს, რომ ისინი გახდებოდნენ ფარული მეთვალყურეობის ობიექტები. მომჩივნების პოზიციით, მათი ელექტრონული კომუნიკაციის მონაცემებზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების წვდომა არღვევდა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ არ გააჩნდათ კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები.

 

კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით, მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ ბულგარეთის ფარული მიყურადების სისტემა ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის ელექტრონული კომუნიკაციის ხელში ჩაგდების შესაძლებლობას იძლეოდა. ასევე, საკომუნიკაციო მონაცემების შენახვისა და შემდგომში მათზე წვდომის სისტემაც, ხელისუფლებას ანიჭებდა უფლებამოსილებას წვდომა მოეპოვებინა ქვეყანაში ნებისმიერი პირის ელექტრონული კომუნიკაციის მონაცემებზე. მომჩივნების პოზიციით,  ამ ორი საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობა (ასევე პრაქტიკაში მისი გამოყენება) არ უზრუნველყოფდა საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ ფარული მეთვალყურეობისა და ელექტრონული კომუნიკაციების მონაცემებზე წვდომის მექანიზმები არ ყოფილიყო  თვითნებურად ან ბოროტად გამოყენებული.

 

სასამართლოს შეფასება

 

კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით სასამართლომ ცალ-ცალკე განიხილა შემდეგი ორი ასპექტის თავსებადობა ა) ფარული მიყურადების მარეგულირებელი ნორმები და პრაქტიკა, და ბ) პროვაიდერების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების მონაცემების შენახვისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგნელების მიერ მონაცემებზე შემდგომი წვდომის, ასევე, მათი დამუშავების წესები და პრაქტიკა.  მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ერთიდაიგივე ტესტი გამოიყენა კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაფასებლად. სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტორები: 1) კანონმდებლობის ხელმისაწვდომობა; 2) ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მონაცემებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების დაშვების საფუძვლები და ფარგლები; 3) ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების ხანგრძლივობა და სამართალდამცავების მიერ მონაცემთა დამუშავების წესები; 4) ავტორიზაციის პროცესი; 5) ზედამხედველობის მექანიზმი; 6) ინფორმაციის მიწოდება იმ პირებისათვის, ვინც ზეგავლენის ქვეშ მოექცა; 7) უფლების დაცვის ხელმისაწვდომი საშუალებები.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ფარული მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული მონაცემების შენახვისა და განადგურების შიდა უწყებრივი წესები საჯაროდ არ იყო ხელმისაწვდომი. ასევე, კანონი ცხადად არ აყალიბებდა „ობიექტების“ განმარტებას, რომლებიც ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებებს შეიძლება დაქვემდებარებულიყვნენ. ეს ბუნდოვანება კი შესაძლებლობას იძლეოდა „ობიექტი“ უფრო ფართოდ განემარტათ შესაბამის უწყებებს. ფარული მიყურადებისშედეგად მოპოვებული მონაცემების დამუშავების წესები მკაფიოდ არ იყო რეგულირებული, რეგულაციები არც ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის დაცვას ითვალისწინებდა, რაც, როგორც წესი, მკაცრი კონფიდენციალობის დაცვით სარგებლობს. ავტორიზაციის მინიჭების პროცესი და  ფარული მიყურადებისგანხორციელებაზე ნებართვის გაცემის სტატისტიკა სერიოზულ კითხვის ნიშნებს წარმოშობდა, ამასთან, არსებობდა დაუსაბუთებელი თვალთვალის შემთხვევებიც.

 

გამოვლინდა ხარვეზები ზედამხედველობის მექანიზმთან დაკავშირებით - არ იყო უზრუნველყოფილი სპეციალური მეთვალყურეობის ღონისძიებების მაკონტროლებელი ორგანოსდამოუკიდებლობა. მისი თანამშრომლები ძირითადად იყვნენ უსაფრთხოების ან დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც არ მოეთხოვებოდათ იურიდიული განათლების ქონა. აგრეთვე არსებობდა რისკი, რომ საზედამხედველო ორგანოსარ ჰქონოდა წვდომა მნიშვნელოვან საიდუმლო ინფორმაციასა და მასალებზე, რაც არსებითია სრულფასოვანი მონიტორინგისთვის. არც შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის ზედამხედველობა იყო ეფექტური.

 

ბულგარეთის კანონმდებლობის მიხედვით, ფარული მიყურადების ობიექტების  ინფორმირება დაიშვებოდა მაშინ, თუ მონაცემებზე წვდომა არაკანონიერად იქნებოდა შეფასებული. თუმცა, მსგავსი ინფორმირების მაგალითები წლის განმავლობაში განხორციელებული ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების რაოდენობასთან შედარებით ძალიან მცირე იყო. სასამართლომ რომან ზახაროვის საქმეში დადგენილი პრაქტიკის მიხედვით განმარტა, რომ შეტყობინებები უნდა გაიგზავნოს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ის საფრთხეს არ უქმნის მიმდინარე გამოძიებას და როცა შეტყობინება არის დაცვის საშუალებების გამოყენების წინაპირობა, რაც ბულგარეთის შემთხვევაში სახეზე იყო, რამდენადაც ზიანის ანაზღაურებისთვის საჭირო გახლდათ შეტყობინების არსებობა. სასამართლომ დაადგინა, რომ არსებული სისტემა არ ითვალისწინებდა უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებებს.

 

სასამართლოს შეფასებით, არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი წესები სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში მონაცემების ხელმისაწვდომობისა და შემდგომი დამუშავების თაობაზე. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს არ მოეთხოვებოდათ მოსამართლეებისთვის ადეკვატური მოტივაციისა და საჭირო ინფორმაციის წარდგენა, როცა ისინი სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში ითხოვდნენ მონაცემებზე წვდომას. არც მოსამართლეებს ჰქონდათ გადაწყვეტილების მოტივაციის დასაბუთების ვალდებულება.  საპარლამენტო კომიტეტის ინსპექტირებისა და ინფორმაციის შეგროვების მეშვეობით განხორციელებული კონტროლი არც აქ იყო ეფექტური, ამასთან, საეჭვო იყო მისი წევრების კვალიფიკაციაც, რამდენადაც იურიდიული განათლების ქონა მათთვის არ იყო სავალდებულო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მთლიანობაში პროცედურა ვერ უზრუნველყოფდა მონაცემებზე წვდომის მინიჭებას მხოლოდ ნამდვილი აუცილებლობისას და არც თითოეული ასეთი წვდომის შემთხვევაში პროპორციულობის პრინციპის დაცულობა იყო გარანტირებული.

 

ორივე ასპექტის გათვალისწინებით, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ბულგარეთის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას, ასევე, ელექტრონული კომუნიკაციის მონაცემების შენახვას და მათზე შემდგომ წვდომას ეწინააღმდეგება კონვენციის მე-8 მუხლს.

 

კომენტარი

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ფარული მეთვალყურეობის რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებზე გახლავთ:  Szabó and Vissy v. Hungary[1] და Big Brother Watch and Others v. the United Kingdom.[2] სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის შუქზე, შეგვიძლია გავიხსენოთ ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელის მიხედვითაც, თუ ფარული მიყურადებისღონისძიებების განმახორციელებელ ორგანოები სარგებლობენ ფართო უფლებამოსილებით, ხოლო მაკონტროლებელი უწყებები შემოიფარგლებიან მხოლოდ ამ უფლებამოსილების კანონთან შესაბამისობის შემოწმებით, ეს ვერ ჩაითვლება ეფექტურ ზედამხედველობად.[3]

 

ბულგარეთის წინააღმდეგ განხილულმა საქმემ მკაფიოდ წარმოაჩინა სტრასბურგის სასამართლოს მიდგომა ფარული მეთვალყურეობისა და ელექტრონული კომუნიკაციების მონაცემებზე წვდომის საკითხებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა იმ ძირითად სტანდარტებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის თავიდან ასაცილებლად. ხსენებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლომ არა მარტო კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები, არამედ პრაქტიკაში მათი ეფექტურობა შეამოწმა.

 

 

-----------

 

[1] IDFI, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრებული, თბილისი, 2022, გვ. 67-75, ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3vDV5LM წვდომის თარიღი: 04.03.2022.

[2] IDFI, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრებული, თბილისი, 2022, გვ. 23-39, ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3vDV5LM წვდომის თარიღი: 04.03.2022.

[3] The Venice Commission Report, the Democratic Oversight of Signals Intelligence Agencies, 2015, პარ. 93, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3tOieIG წვდომის თარიღი: 10.03.2022.

 

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024