ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების ეფექტები: ვინ უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს საჭირო მექანიზმები

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ბლოგპოსტები 20 ოქტომბერი 2021

ავტორი: ნინო გოზალიშვილი

 

უკანასკნელ წლებში აქამდე არნახული სისწრაფით ვრცელდება და სტრატეგიას იცვლის ინფორმაციით მანიპულირებისა და პროპაგანდის ტენდენციები ონლაინ სივრცეში. მაშინ, როდესაც აღნიშნული პრობლემა მეტად გლობალურია, მისი გავლენა დემოკრატიზაციის პროცესში მყოფი საზოგადოებებისთვის განსაკუთრებულად ძლიერი და მრავალწახნაგოვანია. საქართველოს მსგავს ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება დემოკრატიზაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და,  ამასთანავე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბებაზე მსჯელობა არა მხოლოდ მწირია, არამედ გაჯერებულია ეთიკური და ნორმატიული დილემებით. 

 

ონლაინ პლატფორმებზე ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების საშუალებამ მოიტანა ნაადრევი იმედები დემოკრატიასა და დემოკრატიზაციის პროცესებზე დადებითი გავლენების კუთხით, იმდენად რამდენადაც მთავრობებსა და ტრადიციულ მედია საშუალებებს ჩამოერთვათ ინფორმაციის მიმოქცევაზე მონოპოლია. თითოეული ადამიანისთვის გამოხატვის ახალი საშუალების ხელმისაწვდომობა გასული საუკუნის ბოლოსთვის დემოკრატიზაციის ხარისხისა და მთავრობათა ანგარიშვალდებულების ზრდის უმთავრეს ხერხად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები თავისთავად პოლიტიკურად ნეიტრალურია, მისი საშუალებით შექმნილი პლატფორმებისა და ინფორმაციის გავრცელების არხების პოლიტიზება არა ერთ პოლიტიკურ აქტორსა თუ რეჟიმს უცდია. საქართველოს შემთხვევაშიც, უკანასკნელ წლებში გააქტიურებული რამდენიმე რადიკალური ჯგუფის წარმატებული მობილიზება სწორედ აღნიშნული პლატფორმების გამოყენებას მიეწერება. გარდა ამისა, MIT Media Lab- ის კვლევის მიხედვით, არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაცია ონლაინ სივრცეში 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე გადამოწმებული და ფაქტობრივი ინფორმაცია, რაც ონლაინ მედია საშუალებებს არა მხოლოდ გავლენის უდიდეს ფაქტორად აქცევს, არამედ პასუხისმგებლობასაც ანიჭებს. 

 

ინფორმაციით მანიპულირება და მისი გავლენა დემოკრატიაზე

 

ინფორმაციით მანიპულირებისა და დეზინფორმაციული კამპანიების ნეგატიური გავლენა ფარავს სოციალურ, ეკონომიკურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს და ამგვარადვე აისახება  დემოკრატიულ ჩართულობასა და, ზოგადად, მოქალაქეების ნდობაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მსგავსი ტენდენციები ასევე ხელს უწყობს ვირტუალურ სივრცეში ძალადობისა და ექსტრემიზმის, ისევე როგორც რადიკალური ნარატივების, ჩამოყალიბებას, რაც შემდგომ ინაცვლებს და აისახება ფიზიკურ სივრცეში. ინფორმაციული მანიპულირება და დეზინფორმაციის ჰიპერტროფირებული მასშტაბებით გავრცელება ნეგატიურად აისახება პოლიტიკურ პროცესზე და აზიანებს დემოკრატიულ გარემოს. პოსტ-სიმართლის კონტექსტში ფაქტების შესახებ შეუთანხმებლობა, ბუნებრივად, ხელს უშლის შესაბამის პოლიტიკაზე პლურალიზმის პრინციპების დაცვით, შეთანხმებასაც

 

საზოგადოებრივი პოლარიზაცია ხშირად არა მხოლოდ აისახება ონლაინ სივრცეზე, არამედ საპირისპირო მიმართულებითაც – იკვებება და ღრმავდება ონლაინ მედიაში შექმნილი ე.წ. ექო/დახშული სივრცეების [echo chambers] საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული მანიპულირება და დეზინფორმაცია არ შეიძლება ჩათვალოს პოლარიზაციის ერთადერთ წყაროდ, მისი ინსტრუმენტალიზება რადიკალური და პოპულისტური ძალების მიერ გამარტივებული და დამატებითი რესურსის გარეშეა ხელმისაწვდომი. საპასუხო რეაქციები კი ფრაგმენტული და შედარებით ნელია. 

 

აღსანიშნავია, რომ Facebook-ზე დღიურად ყველაზე მეტად გავრცელებულ პოსტებს შორის უფრო მეტია მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკისა და დეზინფორმაციული კამპანიის მხარდამჭერი (როგორიცაა ანტი-ვაქსერული ნარატივები), ვიდრე დანარჩენი სხვა. ამასთანავე, კვლევები გვაჩვენებს, რომ არასწორი ან გამიზნულად შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია უფრო მეტად ვრცელდება საზოგადოების იმ ნაწილში, რომელთა იდეოლოგიური მიკუთვნებულობა შესაბამისობაშია მოცემულ ინფორმაციასთან. 

 

მოჯადოებული წრე: მედიისა და ინფორმაციის თავისუფლება, გამოხატვის უფლება, რეგულაციებისა და ცენზურის საფრთხე

 

მაშინ, როდესაც საკითხის მკვლევრები, ისევე როგორც საზოგადოების ნაწილი, აღიარებს ინფორმაციით მანიპულირების საფრთხეებს, შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და დილემები არსებობს. თვითრეგულირებად ონლაინ პლატფორმებს (მაგ.: Facebook და/ან Twitter) მნიშვნელოვანი როლი და გავლენა გააჩნია ინფორმაციულ გარემოზე. მაგალითად, საქართველოში ყველაზე პოპულარული პლატფორმა Facebook, ინფორმაციას  გარე რესურსით და ლოკალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ამოწმებს, ხოლო Twitter, ინფორმაციის არასწორად მონიშვნის საკუთარი პრაქტიკიდან, ახალ – საზოგადოებრივი გადამოწმების პრაქტიკას აშშ-ის კონტექსტში ტესტავს. მიუხედავად ამისა, ტენდენცია ცხადყოფს, რომ ონლაინ ინფორმაციის მანიპულატორები ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებენ შემუშავებულ ხერხებს, მომხმარებლები კი მარტივად და რეგულარულად იცვლიან მოხმარების ჩვევებს. ამასთანავე, მდგომარეობას ართულებს მოცემულობა, როდესაც „ტექ-კომპანიები“ თავს იკავებენ, გაუზიარონ დეზინფორმაციის მკვლევრებს შესაბამისი მონაცემები და/ან სტატისტიკა ტენდენციების შესასწავლად. 

 

თუმცა, საბოლოო ჯამში, გასათვალისწინებელია, რომ  აღნიშნული კომპანიები, მართალია, ქმნიან ვირტუალურ ინფრასტრუქტურას, ყოველთვის უკავშირდებიან ფიზიკურ გარემოს, კონკრეტულ ტერიტორიას, კანონმდებლობასა და კერძო, ხშირად ბიზნეს ინტერესებს. სწორედ აღნიშნული ბიზნეს ინტერესებისა და საზოგადოებრივი ინტერესის დაპირისპირება გახდა მამხილებელთა [whistleblower] ნარატივის ნაწილი, როდესაც ისინი უზარმაზარი ტექ-კომპანიების მზარდ და ნეგატიურ გავლენებზე, მათ მიერ ინფორმაციული მანიპულირებისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის დაბალ ინტერესზე ალაპარაკდნენ.  სწორედ ისინი მოითხოვენ მედია პლატფორმების მეტ რეგულირებასა და მისი მუშაობის ზედამხედველობას საკანონმდებლო ორგანოებიდან. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი სწორედ ამ პერიოდში წარადგენს ახალ საკანონმდებლო რეგულაციას, რომელიც დაავალებს მსგავსს გიგანტურ ტექ-კომპანიებს „არალეგალური ან დამაზიანებელი მასალის“ მონიტორინგსა და მათ წინააღმდეგ მოქმედებას, მაღალი ჯარიმის დაწესებით. მსგავსად, ევროკავშირშიც მიმდინარეობს ტექ-კომპანიების რეგულირების საკითხზე მუშაობა „ციფრული მომსახურებისა და ციფრული ბაზრების“ აქტის ფარგლებში. 

 

მიუხედავად ზემოაღნიშნული ტენდენციებისა და გლობალური გამოწვევებისა, სახელმწიფო რეგულაციის საკითხი იწვევს დებატებსა და წუხილს ცენზურის პოტენციურ დაწესებასთან დაკავშირებით. კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, თუ რომელი სტანდარტების მიხედვით უნდა მოხდეს ტექ-კომპანიების რეგულირება, რომლის პასუხადაც ენ ეპელბაუმი, სხვა საშუალებებთან ერთად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციასა და დამოუკიდებელ ინდივიდუალურ მოსამართლეებს გამოყოფს.  თუმცა, მოლოდინი, რომ დეზინფორმაციისა და ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ შემუშავებული რეგულაციები გამოყენებული იქნება, ზოგადად, ინფორმაციული თავისუფლების შეზღუდვისთვის, განსაკუთრებით მაღალია დემოკრატიზაციის პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები არამდგრადობით გამოირჩევა. 

 

გამოსავლის ძიებაში: ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის პერსპექტივა 

 

ონლაინ კონტენტის მანიპულაციის მასშტაბებისა და მისი კომპლექსური გავლენების გათვალისწინებით,  საპასუხო მექანიზმების შესახებ დისკუსიისას, კომპლექსური მიდგომების მნიშვნელობაზე საუბრობენ მედიასთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა აღნიშნულ საკითხებზე პირველადი ინფორმაცია და შეფასებები მოაგროვა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.   ამ კუთხით გამოიყოფა რამდენიმე მიმართულება: მედიის წარმომადგენელთა გაძლიერება, მედია წიგნიერების დანერგვა, მოქალაქეთა მდგრადობის გაძლიერება და დამოუკიდებელ მოსამართლეთა მაღალი ხარისხით ჩართულობა. ორგანიზაციები ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად საკითხის გარშემო ადვოკატირების არაკომპლექსურ და ფრაგმენტულ მიდგომებს ასახელებენ. 

 

სახელმწიფოს როლის შესახებ სკეპტიკურად არიან განწყობილი როგორც თავად მედიის,  ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ამის მიზეზად ცენზურისა და ინფორმაციული ველის მონოპოლიზების საშიშროებას ასახელებენ. სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამ კუთხით, ეთიკური მედიის თვითრეგულირების დოკუმენტის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე  საუბრობენ.  მეორე მხრივ, აღსანიშნავია სახელმწიფოს ბერკეტი, უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოება და, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვალდაკვალ, ეროვნულ სასწავლო პროგრამაში მედია წიგნიერების შეტანა. გარდა ამისა, რეგულაციების მიმართ ნეგატიური მოლოდინის საპირისპიროდ, აქტუალური რჩება სახელმწიფოს ჩართულობის საჭიროება დეზინფორმაციისა და ინფორმაციულ მანიპულაციებთან წინააღმდეგ დისკუსიაში, როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისე მედიასთან.  სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული სტრატკომების გაძლიერება და მათი მუშაობის ეფექტურობა, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პერსპექტივიდან, კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოში. 

 

აღსანიშნავია, რომ მასშტაბური ტექ-კომპანიების მიერ შემოთავაზებული უფასო და ფართოდ გავრცელებული პლატფორმის ფონზე, საქართველოში ძირითად გამოწვევად, მედია ორგანიზაციების მიხედვით, მომხმარებელთა ცნობიერების დაბალი დონე რჩება.

 

ონლაინ კონტენტის მანიპულაციისა და დემოკრატიულ პროცესებზე მის ნეგატიურ გავლენას შორის დამაკავშირებელი ბმული სწორედ მიმღები საზოგადოებაა. ამრიგად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეთა გაძლიერება, რათა მათ თავად შეძლონ ინფორმაციის გადამოწმება და, ზოგადად, ონლაინ საინფორმაციო სივრცისადმი კონსტრუქციული, პასუხისმგებლიანი და კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბება. სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ამ კუთხით, საგანმანათლებლო პროგრამები და მიდგომები არასისტემატიზებული და ფრაგმენტულია, ხოლო საზოგადოებრივი ინსტიტუტები არ არიან საკმარისად ძლიერები (და ავტორიტეტულები), რათა პროცესებზე მოახდინონ გავლენა.

 

ბოლოს, ჟურნალისტების გაძლიერება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით:  ერთი მხრივ, ქვეყანაში მედიისადმი არსებული  ნდობის დაბალი დონის გაუმჯობესებით, მეორე მხრივ, მანიპულირებული ინფორმაციის ამოცნობითა და მონაცემების გადამოწმებაზე დაფუძნებული პრაქტიკის გამყარებით,  საბოლოოდ კი,  დეზინფორმაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფით. შეიძლება ითქვას,  როდესაც საქმე ინფორმაციის მანიპულირებასა და საზოგადოების ინფორმირებულობას ეხება, ჟურნალისტები სამოქალაქო აქტივისტების როლს უნდა ირგებდნენ

 

ამრიგად, ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების, ისევე როგორც მასზე საპასუხო მექანიზმების შემუშავება კომპლექსური საკითხია და ასეთივე მიდგომას საჭიროებს. ამაზე პასუხისმგებელი კი არა ერთი სეგმენტი ან უწყებაა, არამედ  – პასუხისმგებლიანი მომხმარებლებისა და ტექ-კომპანიების, ეთიკური მედიისა და ხარისხიანი ჟურნალისტიკის, დამოუკიდებელი სასამართლოსა და სახელმწიფოს რელევანტურ დისკუსიაში ჩართულობის კომბინაციაა. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024