ავტორი: ლაშა არევაძე
სტატია დაიწერა პროექტ "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში და გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე "საქართველო 2020."
არსებობდა და არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტები არ ინტერესდებიან ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებით და ეგრედ წოდებული „პრესტიჟული“ სპეციალობების დაუფლებას არჩევენ. 2013 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება სრულად დაეფინანსებინა რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე პროგრამა მსგავსი მოსაზრებებით იყო მოტივირებული. გადაწყვეტილების მიმღებთა აზრით აღნიშნული პროგრამები იმ მოთხოვნად პროფესიებს წარმოადგენდა რომლითაც სტუდენტები ნაკლებად ინტერესდებოდნენ.
ამ პროგრამის უზრუნველყოფა მომავალში ყოველწლიურად 50 მილიონ ლარზე მეტს მოითხოვს, მისი მთავარი მიზანი კი ე.წ. „საჭირო“ პროგრამებზე უკეთესი და უფრო მეტი კონტიგენტის მოზიდვაა. პროგრამის დაწყებიდან 3 წლის თავზე უკვე შესაძლებელია გარკვეული შეფასებების გაკეთება, თუ რამდენად არის მიღწეული ეს მიზანი. როგორც აბიტურიენტების მიერ პროექტის დაწყებამდე და გასულ წელს მიღებული საკონკურსო ქულების შედარება ცხადყოფს, სამი სახელმწიფო უნივერისტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, საკონკურსო და შესაბამისად უნარების გაუმჯობესება აღინიშნება მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით (მაგალითად, ქართული ფილოლოგია). ასევე არის მიმართულებები, რომლებზეც უკეთესი უნარების მქონე აბიტურიენტების ჩარიცხვა სტატისტიკურად არ შეიძლება ახსნილი იყოს პროგრამიდან გამომდინარე (მაგალითად, ეკონომიკის მიმართულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში). გარდა ამისა, მთელი რიგი მიმართულებებით და პირველ რიგში საბუნებისმეტყველო მიმართულებებით აღინიშნება გაუარესება. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებმა წლიდან წლამდე გაზარდეს როგორც პროგრამაზე მისაღები კონტიგენტი ისე დაფინანსებადი პროგრამები. საბოლოოდ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით არ არის გამოკვეთილი პროგრამის წარმატება უკეთესი უნარების აბიტურიენტების მოზიდვის კუთხით. ამავე დროს ჯერჯერობით შეუძლებელია გადავამოწმოთ, რამდენად გაიზარდა მათ მიერ მიღებული განათლების ხარისხი ამ პროგრამებზე.
ეკონომიკურ თეორიაში განათლების როლისა და იმის შესახებ თუ როგორ იღებს ადამიანი გადაწყვეტილებას სწავლის ხანგრძლივობის შესახებ ორგვარად შეგვიძლია მივუდგეთ. პირველი, რაციონალური ადამიანი გადაწყვეტილებას ზღვრული მოსალოდნელი სარგებლის და დანახარჯების შედარებით იღებს, ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით ძნელია სამართლიანად მიიჩნიო ჩამოყალიბებული სტერეოტიპი აბიტურიენტების მცდარი არჩევანის შესახებ. მეორე მოსაზრების თანახმად, განათლების მიღება თავისთავად ღირებულებას ანაზღაურების, პროდუქტიულობის ზრდის კუთხით არ წარმოადგენს და განათლებას უბრალოდ სიგნალის მიცემის ფუნქცია აქვს, რაც დამსაქმებელში აყალიბებს მოსაზრებას, რომ სტუდენტი რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო შესაბამისად მისი უნარები გამორჩეულია. თუ ეს თეორია სწორია, მაშინ შეგვიძლია გავიგოთ თუ რატომ ირჩევენ აბიტურიენტები „პრესტიჟულ“ ფაკულტეტებს სადაც კონკურენცია გაცილებით დიდია, ამით ისინი ცდილობენ „სიგნალი“ გაუგზავნონ დამსაქმებელს, რომ მათი უნარები გამორჩეულია. ამ თეორიის მიხედვით განათლების სისტემას მხოლოდ გადარჩევის ფუნქცია აქვს.
2013 წელს ნაკლებად „პრესტიჟული“ სასწავლო პროგრამების ხელშეწყობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან პრიორიტეტულად ჩაითვალა და შემუშავდა პროგრამა რომლიც გულისხმობდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სახელმწიფოს მხრიდან ზოგიერთი პროგრამის სრულად დაფინანსებას, რასაც ფინანსური ტვირთის შემსუბუქების კვალობაზე უნდა წაეხალისებინა სტუდენტები, რომ მათი პრიორიტეტი ყოფილიყო ის პროგრამები რომლებიც მათ მისცემდა განათლებას რომელიც მანამდე მოთხოვნად, მაგრამ დაუინტერესებელ პროგრამებად ითვლებოდა, ან პროფესიები რომელიც სახელმწიფოს „სჭირდებოდა“ (მაგალითად, ქართული ფილოლოგია და სხვა). ამ პროგრამის შექმნიდან სამი წელი გავიდა, ამის გამო ჯერ ჩვენ არ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნები თუ როგორ მიიღებს მათ შრომის ბაზარი და როგორ გადაწყვეტენ შესაძლო დეფიციტის პრობლემას უფრო მეტად ტექნიკური მიმართულების პროფესიებზე. მიუხედავად ამისა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ როგორ დააინტერესა ამ პროგრამამ უფრო მეტი და ნიჭიერი აბიტურიენტი. რეალურად ამ პროგრამის ამოსავალი მიზანი სწორედ მაღალი შესაძლებლობის მქონე სტუდენტების მოზიდვა იყო, რომლებიც ამ პროფესიას ან საერთოდ არ ირჩევდნენ, ან „ყველაზე ცუდი“ ვარიანტისათვის ინახავდნენ. ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტად მიჩნეულმა და სრულად დაფინანსებულმა ფაკულტეტებმა 2015 წელს მოიზიდეს უფრო უნარიანი აბიტურიენტები, ეს წინსვლა არ შეგვიძლია ცალსახად განვიხილოთ პროგრამის წარმატებად, ვინაიდან ასევე ამავე პერიოდში ადგილი ქონდა საშუალო შედეგიანობის ნაზრდს სხვა პროგრამებზე, მაგრამ რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი ამ პროგრამაში. ამასთან ზოგიერთ პროგრამაში ჩართული პროგრამისათვის შედარებით უანარიანი სტუდენტების მოზიდვის კუთხით გაუმჯობესება აღინიშნება, მაგრამ ეს ის პროგრამებია, რომლებიც მანამდეც მოთხოვნით სარგებლობდნენ.
პრაქტიუკლად ამ პროგრამამ გააჩინა მექანიზმი სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსებისათვის, მანამდე სახელმწიფო უნივერსიტეტები საერთოდ ვერავითარ ფინანსურ სარგებელს მათი სტატუსიდან ვერ იღებდნენ და მათ ისევე როგორც სხვა კერძო უნივერსიტეტებს უნდა ეზრუნათ სტუდენტების მოზიდვაზე, მართალია ეს პროგრამაც სტუდენტებს აფინანსებს, მაგრამ აფინანსებს ყველას ვინც პროგრამით დაფარულ ფაკულტეტებზე ჩაირიცხება. 2013 წელს 3795 სტუდენტი დაფინანსდა თუმცა მის შემდეგ მუდმივად მიმდინარეობს ახალი პროგრამების დამატება და 2015 წელს ამ პროგრამით სწავლა უფასო გახდა 5653 სტუდენტისათვის.
იმისათვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას თუ რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს ეს პროგრამა, ანალიზი უნდა წარიმართოს შემდეგი მიმართულებით:
1) რამდენად დადებითად/უარყოფითად იმოქმედა დაფინანსების მსგავსმა ფორმამ „პრიორიტეტულ“ ფაკულტეტებზე უფრო ნიჭიერი აბიტურიენტების მოზიდვაზე?
2) რამდენად გაიზარდა „პრესტიჟულ“ ფაკულტეტებზე მოზიდული სტუდენტების რაოდენობა?
3) რამდენად დადებითად/უარყოფითად მოქმედებს დაფინანსების ეს სისტემა სტუდენტების მიერ მიღწეულ შედეგებზე?
გამომდინარე იქედან, რომ ერთის მხრივ პირველი ნაკადი სტუდენტებისა რომლებმაც დაიწყეს სწავლა პრიორიტეტულად მიჩნეულ ფაკულტეტებზე მხოლოდ მესამე კურსზე იმყოფებიან, ჩვენ ჯერ ჯერობით ვერ ვფლობთ ინფორმაციას თუ რამდენად განსხვავებული, უკეთესი განათლება მიიღეს მათ (რაც ასახული უნდა იყოს ამავე ფაკულტეტის წინა გამოშვებებთან შედარებით უფრო მაღალი/დაბალი აკადემიური ხარისხით ან რაც მთავარია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ნაზრდით/კლებით დასაქმების შესაძლებლობაში), მეორეს მხრივ, შესაძლებელი იქნებოდა გარკვეული დასკვნების გაკეთება მათი მიმდინარე აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე, თუმცა მსგავსი ინფორმაციის დამუშავება ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი.
თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პროგრამის მთავარი მიზანი იყო მოეზიდა უფრო ნიჭიერი და ზოგადად მეტი აბიტურიენტი ამ პროგრამაზე, ამ საკითხზე მსჯელობისას ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ 2012 და 2015 წლებში ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, დავითვალოთ განსხვავება თითოეული პროგრამის დონეზე თითოეული უნივერსიტეტისათვის და დავადგინოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს განსხვავება, ამავე დროს ჩვენ ვირჩევთ საკონტროლო ჯგუფს ამავე უნივერსიტეტებში ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის პროგრამების სახით, რათა ვაკონტროლოთ სხვა ფაქტორები, რომლებსაც პოტენციურად შეეძლო გამოეწვია „პრიორიტეტულ“ პროგრამებზე შედეგების ცვლილება, და რაც დაკავშირებული არ იყო ამ პროგრამასთან.
პირველი დაკვირვება არის ის, რომ 2013 წლიდან 2015 წლამდე ანუ მესამე წელს დაფინანსებული ადგილების რაოდენობა თითქმის 50%-ით გაიზარდა, ეს ზრდა დაკავშირებული იყო როგორც თავიდანვე უფასო ფაკულტეტებისათვის ადგილების გაზრდით, ასევე ახალი პროგრამების დამატებით, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
ცხრილი - 1
ანალიზი ეყრდნობა 2012 წლისა და 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაფიქსირებულ ქულების, პროგრამების დონეზე საშუალო სკალირებული ქულების შედარებას სამი სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში შედეგები აჩვენებს რომ ფოკუს პროგრამებმა (უფასო ფაკულტეტებმა) ვერ შეძლეს უფრო უნარიანი აბიტურიენტების მოზიდვა კონტროლ ჯგუფთან მიმართებით. ანუ ზოგიერთ დაფინანსებულ პროგრამაზე უფრო მაღალ ქულიანი აბიტურიენტების ჩარიცხვა ვერ განიხილება როგორც პროგრამის წარმატება ამ კონკრეტულ უნივერსიტეტში, ვინაიდან საკონტროლო ჯგუფმაც ამ პერიოდში შეძლო უფრო უნარიანი აბიტურიენტების მოზიდვა. მეტიც სრულიად გაუგებარია ეკონომიკის მიმართულების დაფინანსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: საშუალოდ ბიზნესის ადმინისტრირებამ შეძლო უფრო უნარიანი სტუდენტების მოზიდვა ვიდრე ეკონომიკის პროგრამამ (რომლის მიერ მოზიდული სტუდენტების საშუალო სკალირებული ქულა თითქმის არ შეცვლილა, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირებაზე სტუდენტების ქულა 4.45 ქულით გაიზარდა. მეტიც, ამ უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებას არასოდეს ჰქონია კონტიგენტის მოზიდვის პრობლემა.
მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მიმართულებით, მაგალითად, ქართული ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ზოგადი უნარების მიმართულებით 2012 წლიდან 2015 წლამდე ამ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სკალირებული ქულების საშუალო ნაზარდი არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ნაზარდია საკონტროლო პროგრამების მიმართულებით: ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი. მეტიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია აჩვენეს მნიშვნელოვანი გაუარესება მოზიდული კონტიგენტის უნარებს შორის. მსგავსი შედეგები იკვეთება მთლიანი საკონკურსო ქულების ანალიზის კუთხითაც:
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არის ქართული ფილოლოგიის, ისტორიის, ფილოსოფიის , მათემატიკის და ეკონომიკის მიმართულებით, ხოლო სხვა პრიორიტეტულ ფაკულტეტებზე, მაგალითად, არქეოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ან არის სტატისტიკურად დაუდასტურებელი გაუმჯობესება, ან სტატისტიკურად დადასტურებული გაუარესება. თუმცა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი პროგრესია საკონტროლო პროგრამების მიმართულებითაც, რაც არ გვაძლევს საშუალებას გადაჭრით ვისაუბროთ პროგრამის წარმატებაზე თუნდაც ზემოთ ჩამოთვლილი 5 პროგრამის მიმართულებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში შედეგები ურთიერთსაწინააღმდეგოა სხვადასხვა ფაკულტეტების მიხედვით: მაგალითად, მშენებლობის, სასურსათო ტექნოლოგიის და ენერგეტიკის პროგრამებზე აღინიშნება საშუალო საკონკურსო და უნარების გამოცდის ქულის ზრდაც, თუმცა არქიტექტურისა, საინჟინრო ფიზიკის მიმართულებებმა ვერ მოახდინეს 2015 წელს იმავე დონის უნარების მქონე სტუდენტების მოზიდვა როგორც ეს იყო 2012 წელს, საკონტროლო ჯგუფის შედეგების გაუმჯობესება არ არის მნიშვნელოვანი, ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით ცვლილება სტატისტიკურად ნულოვანია, ხოლო სამართლის მიმართულებით შეინიშნება მხოლოდ მარგინალურად დადებითი გაუმჯობესება. საბოლოოდ, პირველი ოთხი პროგრამისათვის შეგვიძლია ვიმსჯელოთ პროგრამის დადებით ეფექტზე, თუმცა არსებობენ ფაქტორები რომლების გათვალისწინებაც საკონტროლო ჯგუფის გამოყენებით ვერ ხდება, მაგალითად, მშენებლობის, ენერგეტიკის ფაკულტეტების და აშ. პრესტიჟულობის ზრდა, ქვეყანაში სწორედ მაღალი მოთხოვნის გამო ამ პროფესიებზე, ამისათვის ჩვენ დაგვჭირდებოდა ე.წ. სამმაგი სხვაობის მოდელის გამოყენება.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილების მნიშვნელოვნება გადამოწმებული არ არის ზოგიერთი იმ პროგრამისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის რომელიც 2015 წელს პრიორიტეტულთა სიაში იყო, ამის მიზეზი არის ის, რომ 2012 წელს ეს პროგრამები საერთოდ არ იყო აღნიშნული უნივერსიტეტის პროგრამათა ჩამონათვალში, მაგალითად, მეცხოველეობა, აგრონომია, და აშ. ეს ეხმიანება ამ პროგრამის ზოგიერთი კრიტიკოსის მოსაზრებას, რომლებიც პროგრამის დაწყებისას მიიჩნევდა, რომ მთლიანი პროგრამების დაფინანასება, უნივერსიტეტებს უბიძგებდა გაეზარდათ ან დაემატებინათ ახალი პროგრამები.
შემდეგი უნივერსიტეტი რომლისაც განვიხილავთ არის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც არის ამ პროგრამის ერთ ერთი მსხვილი ბენეფიციარი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმეტესი პროგრამების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, როგორც ზოგადი უნარების ისე მთლიანი სკალირებული ქულის მიხედვით გარდა მშენებლობის, ელექტრონული ინჟინერიის, და ფიზიკის მიმართულებით რომელის ცვლილების ნდობის ინტერვალი საკმაოდ ფართოა, რაც უკავშირდება ამ პროგრამაზე დაკვირვებების რიცხვის სიმცირეს. ჩვენს მიერ არჩეულ საკონტროლო ჯგუფში ურთიერთსაწინააღმდეგო დინამიკაა. კერძოდ, სამართალის მიმართულებით აღინიშნება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ხოლო ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით არ აღინიშნება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამომდინარე იქედან, რომ ამავე უნივერსიტეტში საკონტროლო ჯგუფშიც მომხდარია გაუმჯობესება, არ გაქვს საფუძველი გადაჭრით განვაცხადოთ, რომ ზოგიერთი პროგრამის მიმართულებით მომხდარი გაუმჯობესება განვიხილოთ პროგრამის უშუალო შედეგად, ვინაიდან შესაძლებელია არსებობდნენ ფაქტორები ამ უნივერსიტეტის დონეზე, რომელიც დადებით გავლენას ახდენდა როგორც პროგრამულ ისე არა პროგრამულ მიმართულებებზე.
რატომ არ იყო მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ზოგიერთ პროგრამაზე, მონაცემებზე დაკვირვება გვიბიძგებს დავასკვნათ, რომ პროგრამები რომლებზეც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ ფიქსირდება, ძირითადად არის პროგრამები რომლებიც პროგრამის დაწყებამდეც არ სარგებლობდნენ პოპულარობით და ქონდათ შევსების პრობლემა, მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტში სასურსათო ტექნოლოგიის, საინჟინრო ფიზიკის მიმართულებები, ამ პროგრამებმა მოიზიდეს გაცილებით მეტი სტუდენტი პროგრამის დაწყების შემდეგ. მაგალითად, პროგრამის დაწყებამდე სასურსათო ტექნოლოგიებზე აბარებდა მხოლოდ 18 სტუდენტი, ხოლო 2015 წელს კი აქ 120 სტუდენტმა ჩააბარა, ასევე საინჟინრო ფიზიკის მიმართულებით 2012 წელს ჩააბარა მხოლოდ 17-მა სტუდენტმა ხოლო 2015 წელს 100-მა სტუდენტმა. ასევე აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაშიც, ფიზიკის, ელექტრონული ინჟინერიის, მშენებლობის (ანუ იმ მიმართულებებზე სადაც არ მომხდარა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება) 2012 წელს აბარებდა გაცილებით მცირე რაოდენობის სტუდენტი, ვიდრე 2015 წელს. შესაბამისად, შეგვიძლია კიდევ ერთი დასკვნის გაკეთება, კერძოდ, პროგრამის ეფექტი იმ პროგრამებისათვის რომლებიც 2012 წლამდეც არ იყო ამ უნივერისტეტებში დიდად მოთხოვნადი ჰქონდა მხოლოდ რაოდენობრივი ეფექტი, რაც გამოიხატებოდა ამ პროგრამაზე მიღებული სტუდენტთა რიცხოვნობის ზრდაში, რაც არ ნიშნავს იმას რომ მათ მოიზიდეს ხარისხობრივად უკეთესი კონტიგენტი.
საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020 -ის ერთ ერთი მთავარი მიმართულებას, წარმოადგენდა შრომის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ამ გზაზე პროგრამის შემქმნელები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსის აღმოფხვრას ასახელებდნენ, ამ კუთხით ერთ-ერთ გადადგუმულ ნაბიჯს სწორედ „უფასო ფაკულტეტების“ პროგრამა წარმოადგენდა, ამ მიმართულებით უკვე ბიუჯეტიდან 60 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა (სამი წლის განმავლობაში), ხოლო როდესაც პროგრამა სრულად ამოქმედდება ყოველწლიურად პროგრამის განხორციელებას 50 მილიონ ლარზე მეტი დასჭირდება. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მასშტაბის ინტერვენციის შედეგები მოითხოვს შესაბამისი შეფასების გაკეთებას.
საბოლოოდ, სამი უნივერსიტეტის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. „უფასო ფაკულტეტების“ პროგრამის შედეგები მოზიდული სტუდენტების უნარების კუთხით წინააღმდეგობრივია. პროგრამამ შედეგად გამოიღო პროგრამაში მოხვედრილი სტუდენტების მუდმივი ზრდა, ასევე უნივერსიტეტების (განსაკუთრებით, ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან) მხრიდან პროგრამაში მოხვედრილი მიმართულებების დამატება, ასევე სტუდენტთა რიცხოვნობის გაზრდა. იმ პროგრამებზე სადაც პროგრამის დაწყებამდე ადგილების შევსების პრობლემა იყო არ შეინიშნება უფრო უანარიანი სტუდენტების მოზიდვის ტენდენცია, ზოგიერთ პროგრამაზე (მაგ. ქართული ფილოლოგია, მშენებლობა, ენერგეტიკა და ა.შ.) მართლაც აღინიშნება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა იმ ფონზე როდესაც ამავე უნივერსიტეტებში საკონტროლო პროგრამებზეც იყო მოზიდული კონტიგენტის საშუალო უნარიანობის ზრდა.
1.საქართველოს მთავრობა. ნოემბერი, 2013. „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020“
2. Bonanno, G. 2016. “Signaling in the Job market : Education as Signaling” Department of Economics, University of California, Lecture notes
3. არსებითად მოდელი რომელსაც ჩვენ ვიყენებთ არის ე.წ. difference-in-difference მოდელი, რომელიც ამოწმებს პერიოდის ბოლოს და დასაწყისში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავების გამოვლენას. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ არსებობდეს ფაქტორები რომლებმაც ცვლილებაზე გავლენის მოხდენა დაიწყო პროგრამის დაწყებამდე, (მაგალითად, პროგრამები ხდებოდა უფრო პრესტიჟული პროგრამის დაწყებამდე, რაც გამორიცხული არ სამშენებლო და ენერგეტიკის ფაკულტეტების კუთხით) ამისათვის ჩვენ პროგრამის დაწყებამდე გარკვეულ პერიოდში ცვლილება უნდა შევადაროთ, პროგრამის მიმდინარე პერიოდში ცვლილებას, ანუ ასეთ ფაქტორების გამოვლენის საშუალებას მოგვცემდა ე.წ. difference-in-difference-in-indifference (DiDiD) მოდელი.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. საქართველოს მთავრობა. ნოემბერი, 2013. „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020“
2. Bonanno, G. 2016. “Signaling in the Job market : Education as Signaling” Department of Economics, University of California, Lecture notes
3. [2013-2014, 2014-2015, 2015-2016] სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტის ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან პასუხისმგებელნი სტატიის შინაარსზე.