ესეს ავტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე გობეჯიშვილი და იგი დაიწერა კონკურსისთვის „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.
----------
მდგრადი განვითარება გულისხმობს მოკლე, საშუალო და რაც ყველაზე მთავარია, გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას ბუნების რესურსების ოპტიმალური გამოყენების გზით. ამ უკანასკნელისათვის კი აუცილებელია ქვეყანათა მწარმოებლურობის ზრდა, რასაც თავის მხრივ დიდწილად განსაზღვრავს ადამიანური კაპიტალი. ჩვენს ეპოქაში კი, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხანაში, რა წარმოადგენს იმაზე უკეთეს ადამიანურ რესურსს, როგორიც განათლებული საზოგადოებაა?! სწორედ ამიტომ, მდგრადი განვითარების მიზნებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად ვთვლი ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფას და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნას ყველასათვის, რამდენადაც თითოეული სხვა მიზნის შესრულების რეალურობა და დონე თავდაპირველად სწორედ ზემოაღნიშნულის მიღწევაზეა დამოკიდებული. როგორც ჩეხოვი ამბობდა:,,საჭიროა ჭკვიანი, განათლებული ადამიანები, იმდენად, რამდენადაც ახლოვდება კაცობრიობის ლტოლვა უკეთესი ცხოვრებისკენ, ამიტომ მათი რიცხვი უფრო გაიზრდება მანამ, სანამ ისისნი უმრავლესობას არ შეადგენენ.“ ასე რომ, ქვეყნის განვითარებისთვის ხარისხიანი განათლების სისტემის არსებობა აუცილებელია, რათა საქართველომაც შეიტანოს მოკრძალებული წვლილი მსოფლიო პროგრესში.
სამწუხაროდ, ამ მხრივ ჩვენი სახელმწიფო არცისე სახარბიელო დონეზეა. წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მონაცემებით, საქართველოში წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია, იმავე წელს ჩატარებული საქსტატის კვლევის თანახმად კი, მოსახლეობის 26,7% უმაღლესი განათლების მქონეა, სრული ზოგადი განათლების კი - 36,7%. ორივე კვლევის მონაცემები ცხადყოფს ჩვენს ქვეყანაში არსებულ სირთულეებს, მეტადრე მაშინ, თუ აღვნიშნავთ, რომ სამხრეთ კორეაში წიგნიერების დონე 100%-ია, ხოლო იმავე სამხრეთ კორეასა და ფინეთში მოსწავლეების 93% სკოლას მოცემულ ვადაში ამთავრებს. ეს ქვეყნები იმ ქვეყნების პირველ ათეულში შედის, რომელთაც საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემები აქვთ. ამ დროს საქართველოში განათლების სისტემაში არსებობს ბევრი ბუნდოვანი საკითხი. არის თუ არა განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი? ამ შემთხვევაში შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ პრობლემა არა მხოლოდ ხელმისაწვდომობაშია, არამედ იმ განათლების ხარისხსსა და პრაქტიკულობაში, რომელსაც საზოგადოების ნაწილი იღებს.
ქართულ რეალობაში ყველაზე დიდი პრობლემა რეგიონების მოსახლეობის ინფორმაციულ იზოლაციაშია. რაიონებში ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდებს საკუთარი სოფლიდან მეორე სოფელში უხდებათ წასვლა, რათა მიიღონ დაწყებითი განათლება მაინც. ეს კილომეტრები კი, რომელთა გავლაც მათ არა მხოლოდ გაზაფხულის მზიან ამინდში, არამედ დიდთოვლობაშიც უწევთ, არა მარტო ორ პუნქტს შორის დაშორებაა, არამედ დაშორებაც რეალობიდან ნათელ მომავლამდე. იაკობ გოგებაშვილი ამბობდა:,,სკოლა ორპირი ხანჯალია, აუკეთესებს და ასპეტაკებს ხალხს, თუ იგი გონივრულად არის მოწყობილი; აუგუნურებს და აველურებს, თუ უკუღმართობის გზაზე არის დაყენებული.“ იმ დროს, როცა საქართველოში 2000-მდე სკოლაა, მხოლოდ 10-15% თუ აკმაყოფილებს სათანადო მოთხოვნებს. დანარჩენი სკოლები კი ცამონგრევის პირასაა. ასეთ პირობებში, როცა მოსწავლის უპირველესი, სიცოცხლის უფლებაც კი საფრთხის ქვეშაა, როგორ უნდა ვიზრუნოთ სრულფასოვან განათლებაზე?
ინკლუზიური განათლება ნიშნავს ყველასათვის ხარისხიანი განათლების მიღებაში თანასწორობას და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ამის შესასრულებლად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად, ქვეყნის მდგომარეობაც სამუშაო ადგილების მხრივ შესაფერისი უნდა იყოს. აუცილებელია ზრუნვა არა მხოლოდ განათლების მიწოდებაზე, არამედ შრომაზე მოთხოვნაზეც. ამერიკელი ეკონომისტის, გრეგორი მენქიუს წიგნში ამ თემის მეტად საინტერესო და მარტივ ახსნას წააწყდებით: ყველასათვის საყვარელი რობინზონ კრუზოს, იმისათვის რომ გადარჩეს, სჭირდება საკვების მოპოვება, ამ შემთხვევაში - თევზაობა. თუმცა, ბევრი თევზის დასაჭერად არა მხოლოდ ანკესი კმარა, არამედ თევზით სავსე ყურეცაა საჭირო - ანუ ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ანკესისა და საკუთარი უნარების გამოყენება. იმისათვის კი, რომ თევზი დავიჭიროთ, ანკესის და ყურის არსებობაზე ერთდროულად უნდა ვიფიქროთ.
იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ინკლუზიური განათლების დანერგვას, იმის გარდა, რომ შევქმნათ ერთნაირი პირობები ქალაქშიც და სოფელშიც, უნდა ვიზრუნოთ სახელძღვანელოების ეფექტიანობაზეც. ერთ-ერთ ინტერნეტ სტატიაში მოხმობილია კომაროვისა და ვეკუას მაგალითი იმისათვის, რომ გავიაზროთ ,,ძველი სახელმძღვანელოებისა“ და ახლების ეფექტურობის ხარისხი. ,,საქართველოს განათლების ლიგის“ თავმჯდომარის სიტყვებით ,,ახალი სახელმძღვანელოები მოთხოვნებს ვერ პასუხობს.“ ეს ყოველივე ეხება სასკოლო განათლებას, თუმცა გვაქვს თუ არა უკეთესი ვითარება უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაში? დავიწყოთ იქიდან, რომ მართალია განათლების უფლება ყველას ერთნაირად უნდა ჰქონდეს, თუმცა მზადყოფნა და თვითდისციპლინა აქვს კი ყველას განვითარებული იმ დონეზე, რომ შეეჭიდოს უმაღლეს განათლებას? ჩვენს ქვეყანაში, პროფესიულ სასწავლებლებს ნაკლები ყურადღება ექცევა და კვლავ ერის მენტალიტეტიდან გამომდინარე ვიღებთ უნივერსიტეტდამთავრებულ, თუმცა არა ყოველთვის განათლებულ ადამიანს. მთავარი ისაა, რომ სწავლების მიმართულებებისა და მეთოდების განასაზღვრისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ქვეყნის სოციო-ეკონომიკური პირობები. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ მივაღწევთ სასკოლო განათლების მართლაც ინკლუზიურ სისტემას, სწავლის შემდგომი საფეხურები უნდა მოემსახუროს რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას, თუმცა სხვა შემთხვევაში, ალტერნატიული, ამ შემთხვევაში, პროფესიული სასწავლებლები სათანადოდ უნდა იქნას მოწყობილი და ფუნქციონირებადი. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ სიტუაციას, ამას წინათ, წავაწყდი ერთ-ერთი სასწავლებლის სტუდენტის ინტერვიუს, რომელიც ამბობს, რომ მისმა ლექტორმა ვერ ,,გაიგო“ თუ რა უნდოდა გოგოს ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ეს ფაქტიც კვლავ განათლების არასათანადო დონითაა განპირობებული.
ამ ყოველივეს მოგვარება კი არა მხოლოდ დღევანდელ მსოფლიოში არსებული ზრდის ტემპების გაზიარებისთვისაა საჭირო, არამედ იმისათვის, რომ ერი იყოს ბედნიერი და არა მარტო ახალგაზრდებმა მოახდინონ თვითრეალიზაცია, არამედ უფროსი ასაკის ადამიანებმაც. უწყვეტი განათლება კი ამიასათვის აუცილებელი ფაქტორია. სწორედ ამიტომაა, რომ ქართულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებობს უწყვეტი განათლების კურსები, ქვეყანაში ტარდება პროფესიული ცოდნის ამაღლების კურსები, სხვადასხვა ტრენინგები და ა.შ. სწორედ Lიფელონგ ლეარნინგ არის გრძელვადიანი წინსვლის გასაღები.
მოკლედ, ქვეყნის, ისევე როგორც ცივილიზაციის ,,წარმატება გონებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული“ და ამიტომაც არ შემიძლია არ აღვნიშნო რამდენიმე დღის წინ მეტროში მომხდარი სასიამოვნო მოვლენა, როცა თბილისის მეტროს მგზავრებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები. ამ ღონისძიების მიზანი იყო წიგნის კითხის პოპულარიზაცია, რაც ესოდენ სჭირდება ქართველ ერს(და არა მარტო მას) ვირტუალურობიდან რეალობაში დასაბრუნებლად.