ელექტრონული ჩართულობა ყაზახეთში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 21 დეკემბერი 2012

ავტორი: თეონა ტურაშვილი

 

საქართველოში ელექტრონული ჩართულობის განვითარების კუთხით მთავრობა მოქალაქეებს ინოვაციური პროექტების ინიცირებას ჰპირდება. ამიტომაც საგულისხმოა იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მოქალაქეებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ეფექტური კომუნიკაციის აგების კუთხით. მაგალითისთვის, გაეროს მიერ წარმოდგენილი ელექტრონული ჩართულობის რეიტინგში ყაზახეთი მესამე ადგილს იკავებს, ფართო საზოგადოების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფის შედარებით კარგი ხარისხის გამო. აღნიშნული ქვეყანა საქართველოს რეალობისთვის იმითაცაა საინტერესო, რომ ისიც პოსტსაბჭოთა სახელმწიფოა და იქაც ახლა იკიდებს ფეხს ელექტრონული მმართველობის პრინციპები.

 

პლატფორმა, ყაზახეთი

 

ყაზახეთის ელექტრონული ჩართულობის სამთავრობო პლატფორმა

 

ყაზახეთში შექმნილია ერთიანი სამთავრობო პლატფორმა, სადაც ინტეგრირებულია სახელმწიფოს მიერ დანერგილი სხვადასხვა ტიპის სერვისები. პირველ რიგში საგულისხმოა, რომ ვებ-გვერდზე გამიჯნულია აპლიკაციები, რომლებიც საინტერესო და გამოსადეგი შეიძლება იყოს, ერთი მხრივ, მოქალაქეებისა და მეორე მხრივ, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ჩვენი კვლევის ფარგლებში მთავარი აქცენტი მოქალაქეებისთვის დანერგილ მომსახურებაზე გაკეთდა – ელექტრონული რესურსის პირველ გვერდზე გამოტანილია განყოფილება „მოქალაქე და მთავრობა“, სადაც განთავსებულია ამ ორ აქტორს შორის ეფექტური კომუნიკაციის აგებისთვის საინტერესო სერვისები:

 

1. ინტერნეტ კონფერენცია: დროდადრო ტარდება ონლაინ კონფერენციები სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელთან. ვებ-გვერდზე წინასწარ მოცემულია ცალკეული კონფერენციის თემა, ონლაინ კონსულტაციის დაწყებისა და დასრულების დრო, თითოეულ საკითხზე მოქალაქეების მხრიდან დასმული შეკითხვების, გაზიარებული მოსაზრებებისა და თავად საჯარო პირებისგან მიღებული პასუხების ოდენობა.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, ყაზახეთის ელექტრონულ პლატფორმაზე  საჯაროდაა წარმოდგენილი მომხმარებლების მიერ გაგზავნილი შეკითხვები და დაწერილი კომენტარები. შესაძლებელია თანამდებობის პირების მიერ გაცემული პასუხების შინაარსის გაცნობაც. ამას გარდა, გამოყოფილია მთავრობის მიერ გათვალისწინებული მოქალაქეების კითხვები და კომენტარები. ბოლოს, ცალკეული საკითხის შემთხვევაში განთავსებულია შეკითხვების საძიებო სისტემა. კერძოდ, მოქალაქეს შეუძლია საკუთარი კითხვა მოძებნოს მისთვის მიკუთვნებული სპეციალური ნომრის მიხედვით და გაიგოს როგორ გამოეხმაურა ესა თუ ის თანამდებობის პირი, რამდენმა მოქალაქემ დააფიქსირა მის მიერ წამოჭრილ პრობლემაზე საკუთარი პოზიცია და რამდენმა დაუჭირა მხარი, ხმის მიცემის მეშვეობით. ამგვარი სერვისები უფრო გამჭვირვალესა და ეფექტურს ხდის ორ მხარეს შორის კომუნიკაციას, რაც ნდობის დამყარების საწინდარი შეიძლება გახდეს.

 

კონფერენცია - გათვალისწინებული კითხვები

 

მთავრობის მიერ გათვალსიწინებული კითხვები

 

2. ონლაინ შეხვედრა მინისტრთან: ვებ-გვერდზე სრულადაა მოცემული მინისტრთან ონლაინ შეხვედრის დანიშვნის წესები. კერძოდ, მოქალაქე აუცილებლად დარეგისტრირებული უნდა იყოს პლატფორმის გვერდზე. ონლაინ კონფერენციაში ჩაწერა შემდეგნაირად ხდება: მომხმარებელი ირჩევს საჯარო დაწესებულებას, შემდეგ ეცნობა მისთვის სასურველი საჯარო მოხელის განრიგს, ირჩევს თარიღს, უთითებს საკუთარ საკონტაქტო ინფორმაციას და იმ საჯარო მომსახურების ცენტრის მისამართს, სადაც დაესწრება ვიდეო კონფერენციას. გვერდის ადმინისტრაცია იტოვებს შეხვედრაზე უარის თქმის უფლებას, რაც ვებ-გვერდის მიხედვით, იმ შემთხვევებში ხდება, თუ ადგილები დაკავებულია ან მოქალაქის კითხვები ცალკეული თანამდებობის პირის კომპეტენციაში არ შედის. მოქალაქე შეხვედრის დანიშვნაზე საბოლოო პასუხს ერთ სამუშაო დღეში იგებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

 

3. ელექტრონული სერვისების განსახორციელებელი პროექტების განხილვა,რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები ჩართულნი არიან მთავრობის მიერ სხვადასხვა ელექტრონული სერვისის დანერგვაში. კერძოდ, ვებ-გვერდის ამ განყოფილებაში მოცემულია დაგეგმილი ინიციატივების ჩამონათვალი. თითოეულ მათგანზე კი მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:  პროექტის სათაური, დისკუსიის დაწყების დროს, ინიციატივის ძალაში შესვლის სავარაუდო თარიღი, მისი არსი და მიღების შემთხვევაში ამოქმედებული პროცედურების დეტალური აღწერა. საგულისხმოა, რომ ყველა პროექტის ქვეშ მოქალაქეებს შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შესთავაზონ ინიციატივები მთავრობას და გამოთქვან თითოეული ინიციატივის მიმართ არსებული შენიშვნები.

 

ონლაინ დისკუსია

 

ყაზახეთის სამთავრობო პლატფორმაზე გამართული ონლაინ დისკუსია მთავრობის სერვისების შესახებ

 

ამასთან ერთად, ელ-რესურსზე მოცემულია დისკუსიაში მონაწილეობის წესები. ასევე, განმარტებულია, რომ ადმინისტრატორი მოდერაციას უწევს მომხმარებლის ყველა კომენტარს. ასევე, დაკონკრეტებულია მიზეზები, რის გამოც გვერდის ადმინისტრაცია დაწერილი მოსაზრებების არ გამოქვეყნების უფლებას იტოვებს.

 

4. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ბლოგები – აღნიშნულ განყოფილებაში ერთ სივრცეშია ინტეგრირებული ხელისუფლების უმაღლესი პირების ბლოგები. მათზე განთავსებულია ყაზახეთის სხვადასხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელების მიერ დაწერილი პოსტები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ეს ხაზს უსვამს მათ მზაობას მუდმივი და პირდაპირი კავშირი დაამყარონ მოქალაქეებთან, საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ და საპირისპიროდ, მოისმინონ მოქალაქეების შეხედულებები ქვეყანაში არსებული პრობლემების მიმართ.

 

ბლოგ-პოსტებთან ერთად, ამ განყოფილებაში მოცემულია თითოეული საჯარო პირის ბიოგრაფია, საქმიანობა და თანამდებობა. ასევე, შესაძლებელია მათთვის ონლაინ კითხვების გაგზავნა. თანაც, მოცემულია გაგზავნილი და გამოქვეყნებული კითხვების ოდენობა. ეს გამჭვირვალობის კიდევ ერთი მაჩვენებელია.

 

თავდაცვა - ბიო და კითხვები

 

ყაზახეთის სამთავრობო პლატფორმაზე თავდაცვის მინისტრის შესახებ არსებული ინფორმაცია: ბიოგრაფია, ბლოგ-პოსტები, მიღებული კითხვების რაოდენობა

 

5. ელექტრონული მისამართი – აღნიშნული სერვისით შესაძლებელია ნებისმიერ საჯარო დაწესებულებისთვის ელექტრონული ფოსტის მიწერა. ამგვარი მომსახურება მოქალაქეს უმარტივებს სამინისტროსთან დაკავშირებას, რადგან მათი მისამართები ერთ სივრცეშია თავმოყრილი, მომხმარებელს კი არ უწვეს ცალკეული დაწესებულების ოფიციალური ელ-ფოსტის მისამართის გადამოწმება, რადგან შეკითხვებს ვებ-გვერდზე ინტეგრირებული ფორმის მეშვეობით აგზავნის.

 

პრემიერ-მინისტრისთვის გასაგზავნი კითხვის ფორმა

 

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრისთვის წერილის გაგზავნის ფორმა

 

მოქალაქეების ჩართულობაზე ორიენტირებული სერვისების მიმოხილვისას გამოჩნდა, რომ დასახელებული ელექტრონული პორტალის/რესურსის მთავარი მიზანი მოქალაქეებსა და თანამდებობის პირებს შორის მუდმივი და ეფექტური კავშირის აგება, ერთმანეთში აზრების გაცვლა და პოლიტიკურ დაგეგმვაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვაა. ორ მხარეს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო ამარტივებს ის ფაქტი, რომ ერთიანი პლატფორმის შექმნით, მომხმარებელი მარტივად ახერხებს ნავიგაციასა და სასურველი ინფორმაციის მოძიებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ვებ-გვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაწერილი კომენტარები, ასევე, სტატისტიკური ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენი ინიციატივა წამოაყენეს მოქალაქეებმა, მათგან რამდენი იქნა განხილული, გათვალისწინებული ან უარყოფილი. ეს გაზრდის ნდობას და მომხმარებელში გააჩენს მეტი ჩართულობის მოტივაციას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024