ქეთევან როსტიაშვილი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ელექტრონული მმართველობა საქართველოში: მსოფლიო ტენდენციები
თანამედროვე მსოფლიო ცხოვრობს უდიდესი ტექნოლოგიური ძვრების პირობებში. აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში ციფრული ტექნოლოგიების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების, განსაკუთრებით კი ინტერნეტის დანერგვამ შესაძლებელი გახადა არნახული სისწრაფით ინფორმაციის მოპოვება/გავრცელება მთელი პლანეტის მასშტაბით, რამაც დასაბამი მისცა უპრეცედენტო გლობალურ სოციო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს. შესაძლებელი გახდა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა კუთხის ურთიერთდაკავშირება და სწრაფი ინტეგრაციული პროცესების განვითარება. ეს კი უშუალო ზეგავლენას ახდენს ქვეყნების ყოველდღიურ ცხოვრებაზე; ხელს უწყობს ადამიანების მიერ ახალი ტიპის გაერთიანებების, ასოციაციების შექმნას ლოკალურ თუ გლობალურ დონეზე, რაც, ახლო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვნად შეცვლის სახელმწიფოთა მართვისა და მოწყობის პრინციპებსა თუ შინაარს.
19-ე საუკუნის ტექნოლოგიურმა გადატრიალებებმა ენერგეტიკასა და გადამუშავების სფეროებში ხარისხობრივად შეცვალა დასავლეთის სახელმწიფოები. მოხდა მათი ტრანსფორმაცია აგრარული ტიპის საზოგადოებიდან ინდუსტრიულ სახელმწიფო მოწყობად. 20-ე საუკუნის 60-იანი წლებიდან ტექნოლოგიური რევოლუციის ახალმა ტალღამ ციფრული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო გამოგონებების სფეროში დაასრულა დასავლეთის ქვეყნებში ინდუსტრიული ეპოქა და ის პოსტინდუსტრიულ, “საინფორმაციო საზოგადოებად" შეცვალა. `საინფორმაციო საზოგადოების" ერთ-ერთ წამყვან ფაქტორად იქცა ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურის შეცვლა. ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის უდიდესი წილი ეფუძნება არა ინდუსტრიულ სექტორს (როგორც ეს ინდუსტრიულ ეპოქაში იყო), არამედ მომსახურების სფეროს, კერძოდ კი, საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმოებასა და მომსახურებას.
ტექნოლოგიურმა ძვრებმა შეცვალა არა მარტო ეკონომიკის, არამედ საზოგადოების სოციალური შემადგენლობაც, რამაც ახალი გამოწვევებისა და ამოცანების წინაშე დააყენა ქვეყნების პოლიტიკური სისტემები და მათი მმართველობის რეჟიმები. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების უპრეცედენტო ზრდის შედეგია ციფრული დემოკრატიისა და ელექტრონული მმართველობის დამკვიდრება დასავლეთის სახელმწიფოებში.
დემოკრატიის განვითარების ხარისხობრივად ახალი, უფრო მაღალი საფეხურია ციფრული დემოკრატია, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დემოკრატიის პოტენციალს, მის ეფექტიანობასა და ქმედითობას. ციფრული დემოკრატია ეფუძნება ინფორმაციისა და კომუნიკაციის ინტერაქტივს, ურთიერთქმედებას, გლობალურ სოციალურ კავშირებს, სიტყვის თავისუფლების უპრეცედენტო შესაძლებლობებს, გლობალურ თავისუფალ ასოციაციათა შექმნას და ინფორმაციის გავრცელებას, პროფესიული და საზოგადოებრივი პერსპექტივების ზრდას, რაც შლის, გარკვეულწილად, ერი-სახელმწიფოს იდენტურობას და აყალიბებს გლობალურ და ლოკალურ იდენტურობებს. აძლევს ახალ შესაძლებლობებს ბიზნესსა და მთავრობებს. ხელს უწყობს მოქალაქეების მონაწილეობას სახელმწიფოთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გაცილებით უფრო დინამიურს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებას.
ციფრული დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი და მისი ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ელექტრონული მმართველობაა. მას დასავლეთში უწოდებენ “Electronic government, E- government”. ელექტრონული მმართველობა ეფუძნება ინფორმაციისა და კომუნიკაციათა ტექნოლოგიების გამოყენებას ქვეყნის მართვის პროცესში. ის მოიცავს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე სახელმწიფო მმართველობას ეროვნულ დონეზე და უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს. მისი ძირითადი ინსტრუმენტებია ციფრული ტექნოლოგიები და გლობალური კომუნიკაციური სისტემები, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას სახელმწიფო ორგანიზაციების ვებგვერდები, განთავსდეს ინფორმაცია მათი საქმიანობის, ბიუჯეტების მდგომარეობის, კონკურსების, ვაკანსიების შესახებ, ხელმისაწვდომი გახდეს მნიშვნელოვანი მოვლენები, ახალი ამბები. ეს კი უპრეცედენტოდ ზრდის ხალხის მონაწილეობის შესაძლებლობას ქვეყნის მართვის საქმეში.
სპეციალისტთა აზრით, `ელექტრონულ მმართველობას სახელმწიფო სექტორის ტრანსფორმაციის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია". ელექტრონულ მმართველობას შეუძლია სახელმწიფო სექტორის ყოველდღიური მუშაობა გახადოს გაცილებით უფრო: რაციონალური, ხალხთან დაახლოებული და ამასთან გაცილებით უფრო ეკონომიური; დაზოგოს ფინანსები, მატერიალური და ჰუმანური რესურსები; მისი მეშვეობით გაცილებით უფრო ეფექტიანი ხდება სახელმწიფოს ურთიერთობა საზოგადოებასთან, მოქალაქესთან, რეგიონებთან, ბიზნესთან, ასევე თვით სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ურთიერთობა; აადვილებს და აჩქარებს საქმეთა წარმოებას და მოქალაქეთა მომსახურებას.
დღესდღეობით ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობა მსოფლიო პრობლემაა. სახელმწიფო მართვის გამჭვირვალობა, საქმის წარმოების სისტემატური ანგარიშგება, სამართლიანი და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ხალხის მომსახურება - ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან და ეფექტიან სახელმწიფო მართვის სისტემას და საზოგადოების დინამიურ სოციო-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ განვითარებას.
ვინაიდან დღესდღეობით ნაყოფიერი სახელმწიფო მართვა წარმოუდგენელია ელექტრონული მმართველობის გარეშე, საქართველოში ამ ახალი სისტემების დანერგვას, კერძოდ, ელექტრონული მმართველობის დამკვიდრებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში შექმნილია კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ მოწოდებულია, რომ განსაზღვროს: კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა; საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ქსელებისა და საშუალებების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგია და პრიორიტეტები; მათზე დაფუძნებული პროგრამები; განახორციელოს მათი მონიტორინგი. კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უშუალო მისიაა “საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების კონცეფციის, სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება, სხელმწიფო მმართველობის სრულყოფისათვის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება; საერთაშორისო წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიო-ელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის, ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება და მათი საერთაშორისო-სამართლებრივი დაცვის ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაცია;” საქართველოს წარდგენა და მისი ინტერესების დაცვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნით დეპარტამენტში შექმნილია ინფოკომუნიკაციების სამმართველო, ისე, როგორც საფოსტო კავშირის სამმართველო.
2006 წლის მარტის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი, რომელმაც შეიმუშავა მეტად მნიშვნელოვანი კონცეპტუალური დოკუმენტები. მათ შორისაა: საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო კონცეფციის პროექტი და ელექტრონული მმართველობის კონცეფცია.
საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო კონცეფცია (პროექტი) სამი თავისგან შედგება და ისახავს საქართველოში საინფორმაციო გარემოს შექმნისა და ჩამოყალიბების მიზნებსა და ამოცანებს, კერძოდ, საინფორმაციო გარემოს განვითარებისთვის ტექნიკურ-ტექნოლოგიურ, სამართლებრივ, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ფინანსურ თუ ორგანიზაციულ-ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას; ასევ `საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პერსონალის მომზადება-გადამზადების, საინფორმაციო პროდუქტების და მომსახურების წარმოებისა და მოხმარების მასობრივი სწავლების სისტემათა შექმნას". პრაქტიკულად, ეს კონცეფცია გახლავთ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მომზადებისა და განვითარების საფუძველი საქართველოში.
ამავე ცენტრის მიერ შემუშავდა მეორე მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი ელექტრონული მმართველობის შესახებ - კონცეფცია სახელწოდებით: `ელექტრონული მთავრობა საქართველოსათვის: არსი, აქტუალობა, შექმნის პერსპექტივები და შესაძლებლობანი." დოკუმენტი შედგება 7 თავისგან და მოიცავს ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს, რეფორმირების მიზნებსა და საშუალებებს, დამკვიდრების ხელშემშლელ ფაქტორებს, ამოცანებსა და პერსპექტივებს. კონცეფციაში დიდი ადგილი ეთმობა ადგილობრივი თვითმმართველობის ელექტრონული მთავრობის შექმნას; ლოკალური ინფორმატიზაციის პროგრამულ და ნორმატიულ უზრუნველყოფას; ადგილობრივი მმართველობის ორგანოების და ადგილობრივი სამსახურების რაციონალური მოდელის შექმნას და ფუნქციონირებას; ელექტრონული მთავრობის ტექნიკურ-ტექნოლოგიურ, საფინანსო და საკადრო უზრუნველყოფას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ელექტრონული მთავრობის თვითმმართველობის ახალი შესაძლებლობების დამკვიდრებას ოთხი ძირითადი მიმართულებით, რაც უკვე ფართოდაა დანერგილი და გავრცელებული დასავლეთში: 1) ელექტრონული მმართველობა მოქალაქეებისათვის G2C (Government to Citizen - `სახელმწიფო მოქალაქეებისათვის”) სისტემით; 2) კერძო კომპანიებისთვის G2B (Government to Business - `სახელმწიფო ბიზნესისთვის"); 3) საჯარო მომსახურებისთვისG2E (Government to Employee - `სახელმწიფო მოხელეებისათვის"); 4) სხვადასხვა დარგის და დონის (ეროვნული, სუბ-ეროვნული, ადგილობრივი) ორგანოებს შორის G2G (Government to Government - `მმართველობა მმართველობისათვის").
სამწუხაროდ, ელექტრონული მმართველობის შესახებ კონცეფცია არ არის ჯერ რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ და, შესაბამისად, არაა ჩამოყალიბებული განხორციელების ვადები, ფინანსური რესურსები თუ მაკონტროლებელი ორგანოები. კონცეფცია მხოლოდ საჯარო განხილვის დონეზეა, ისე როგორც კონცეფცია ინფორმატიზაციის შესახებ, რაც, გარკვეულწილად, აფერხებს ქვეყნის შემდგომი ინფორმატიზაციისა და ელექტრონული მმართველობის პროცესის დროულ განვითარებას.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საქართველო თავისი ეკონომიკური მაჩვენებლებით აკმაყოფილებს დასავლეთის ტიპის საინფორმაციო საზოგადოების მოთხოვნებს და, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის უმეტესი წილი მოდის მომსახურების სფეროზე, 59.6%. ის მსოფლიო რუკაზე რჩება საკმაოდ ჩამორჩენილ ქვეყნად ინფორმატიზაციისა და ელექტრონული მმართველობის თვალსაზრისით.
მსოფლიო მასშტაბით ელექტრონული მმართველობის ხარისხისა და ეფექტიანობის შესახებ მეტად საინტერესო კვლევები აქვს ჩატარებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის სახელმწიფო მართვისა და განვითარების უწყების სპეციალისტებს. მათ მიერ მომზადებული `ელექტრონული მმართველობის 2008 წლის ანგარიშში - ელექტრონული მმართველობიდან ერთიანი მმართველობისკენ" წარმოადგენს 190 ქვეყნის სახელმწიფო საიტების/ვებგვერდებისა და მოსახლეობის გამოკითხვის ბაზაზე ელექტრონული მმართველობის ხარისხის ანალიზს. ეს დოკუმენტი საინტერესოა არა მარტო შინაარსითა და დასკვნებით, არამედ სტატისტიკური მასალითაც. ასევე მეტად მნიშვნელოვანია მეთოდოლოგია, რომელიც იყო გამოყენებული ელექტრონული მმართველობის ხარისხის შესწავლისას. ამიტომ გთავაზობთ ამ გამოკვლევის შედეგებს საქართველოსთან მიმართებაში.
კვლევის ძირითად, კონცეპტუალურ საგანს წარმოადგენდა - მართვის სფეროში მსოფლიოს თანამეგობრობის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების შეფასება. შემუშავებული იყო ერთიანი, ძირითადი `ქვეყნების მიერ ელექტრონული მმართველობის გამოყენების მზადყოფნის ინდექსი". ეს გახლდათ რთული, მრავალკომპონენტიანი კატეგორია. ქვეყნებში არსებული ვითარების მაქსიმალურად გამოსავლენად, ძირითადი ინდექსი სამ კატეგორიად დაიყო:
1. `ინტერნეტით მომსახურების ხარისხის შეფასების ინდექსი";
2. `ტელეკომუნიკაციების ინფრასტრუქტურის ხარისხის ინდექსი";
3. `ადამიანური რესურსების პოტენციალის ინდექსი".
თავის მხრივ, ეს კატეგორიებიც იყოფოდა ქვეკატეგორიებად:
1. იმისათვის რომ ობიექტურად ყოფილიყო შესწავლილი ქვეყნებს შორის არსებული სხვაობები, ელექტრონული მმართველობის სფეროში, შემუშავდა `ინტერნეტით მომსახურების ხარისხის შეფასების ინდექსი". E-შეფასება დადგინდა 5 ძირითადი კატეგორიისაგან, ანუ დონისაგან. ის ქვეყანა, რომელიც დააკმაყოფილებდა ხუთივე დონის მოთხოვნას იღებდა მაქსიმალურ შეფასებას. ეს ძირითადი დონეები გახლდათ:
პირველადი, პრიმიტიული დონე. მთავრობას აქვს შექმნილი ვებგვერდები/საიტები “ლინკებით” (ან მათ გარეშე) განათლების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, შრომის, ფინანსთა სამინისტროებზე, მაგრამ ინფორმაცია, ძირითადად, არის უძრავი, ინერტული, გამოირჩევა მეტად დაბალი ურთიერთქმედების დონით მოქალაქეებთან;
მეორე, უფრო წინ წასული დონე. მთავრობა აწვდის უფრო მეტ ინფორმაციას სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველი სტრუქტურების შესახებ. “ლინკები” უკავშირდება საარქივო ინფორმაციას, დოკუმენტებს, მოხსენებებს, კანონებს, რეგულაციებს, მიმდინარე სიახლეებს;
მესამე, ინტერაქტიური დონე. მთავრობა უზრუნველყოფს მოსახლეობას ფორმებით გადასახადების შესავსებად, ლიცენზიების გასაახლებლად. არსებობს ინტერაქტიური პორტალები ან ვებგვერდები, რათა უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გახდეს მოსახლეობის დროული და ხარისხიანი მომსახურება;
მეოთხე, ტრანსაქციური დონე. მთავრობა მოქალაქეებთან ორმხრივი ურთიერთქმედების შედეგად განიცდის ტრანსფორმირებას. მომსახურების ეს ტიპი სთავაზობს არჩევანს გადასახადების გადახდის პროცესში, ონლაინ რეჟიმში გაიცემა პირადობის, დაბადების მოწმობები, პასპორტები და ლიცენზიები, ხდება მათი განახლება, ასევე სხვა ურთიერთქმედებები 24/7 უწყვეტ რეჟიმში.
მეხუთე, შერწყმის დონე. მთავრობა მოსახლეობასთან წარმოადგენს ჰარმონიულ ერთობას, რომელიც აკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნებს ინტეგრირებული ერთიანი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ეს უმაღლესი, ყველაზე რთული დონეა ონლაინ მომსახურების და გააჩნია ხუთი მახასიათებელი:
ა. ჰორიზონტალური კავშირი (სახელმწიფო დაწესებულებებს შორის);
ბ. ვერტიკალური კავშირი (ცენტრალურ და ადგილობრივ დაწესებულებებთან);
გ. ინფრასტრუქტურული კავშირები (ინტეგრირებული სისტემა);
დ. კავშირი მთავრობებსა და მოქალაქეებს შორის;
ე. უწყვეტი კავშირი მომხმარებლებს შორის: მთავრობას, კერძო სექტორს, აკადემიურ ინსტიტუტებს, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მთავრობა ყოველნაირად ეხმარება მოქალაქეებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
2. ძირითადი ინდექსის მეორე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა ტელეკომუნიკაციების ინფრასტრუქტურის ხარისხის ინდექსი, რომელიც შედგებოდა 5 კომპონენტისგან: ინტერნეტის, პერსონალური კომპიუტერების, ძირითადი სატელეფონო ხაზების, მობილური ტელეფონების, ერთიანი მომსახურების სისტემის მომხმარებელთა რაოდენობით ყოველ 100 კაცზე. თითოეულ კომპონენტს 20% ეთმობოდა.
3. ძირითადი ინდექსის მესამე კომპონენტს წარმოადგენდა ქვეყანაში არსებული `ადამიანური რესურსების პოტენციალის ინდექსი". ეს კატეგორია ორი კომპონენტისგან შედგებოდა: ზრდასრული ადამიანების წერა-კითხვის ცოდნის დონისგან - ეთმობოდა 70%. მეორე კომპონენტი, 30%-ით, მოსახლეობის ელექტრონულ მმართველობაში ჩაბმის წილს მოიცავდა. `ადამიანური რესურსების პოტენციალის ინდექსის" მეშვეობით უნდა განსაზღვრულიყო ქვეყნების პოტენციალი გამჭვირვალე მმართველობის სისტემის დამყარების საქმეში, მოქალაქეების შესაძლებლობა, გამოიყენონ მთავრობაზე ზემოქმედების ახალი არხები, ბერკეტები და ჩართულიყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გაეროს აღნიშნული კვლევა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მასში განხილულია მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის მდგომარეობა, მ.შ. სამხრეთ კავკასიისა და რუსეთის პოტენციალი, რაც ამ ქვეყნებში არსებული ვითარების შედარებითი ანალიზის საშუალებას გვაძლევს.
გაეროს კვლევის `ქვეყნების მიერ ელექტრონული მმართველობის გამოყენების მზადყოფნის ინდექსის" ძირითადი ჯამური ქულების მიხედვით, საქართველოს მინიჭებული აქვს საკმაოდ დაბალი (1.00 მაქსიმალური ქულიდან), მხოლოდ 0.45, სომხეთს - 0.41, აზერბაიჯანს - 0.46, რუსეთს კი - 0.51 ქულა.
შესაბამისად, საქართველო 192 ქვეყნიდან არცთუ ისე სახარბიელო 90-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 89-ე, სომხეთი – 103-ე, რუსეთის ფედერაცია – 60-ე. მოწინავე 35 ქვეყნის უდავო ლიდერები არიან სკანდინავიის ქვეყნები: პირველ ადგილზეა შვედეთი, მეორეზე - დანია, მესამეზე - ნორვეგია, აშშ-ს კი მხოლოდ მეოთხე ადგილი უკავია.
ამ ძირითადი ინდექსის პირველი კომპონენტის შედეგითაც - `ინტერნეტით მომსახურების შეფასების ხარისხით", საქართველოს ადგილი მსოფლიო რეიტინგში მეტად მოკრძალებულია. ხუთი კომპონენტის ჯამური მონაცემები მხოლოდ 32%-ს შეადგენს. საქართველოს კარგი შეფასებები აქვს პირველი და მეორე დონის მომსახურების კატეგორიებში, შესაბამისად, 75% და 73%, მესამე დონის მომსახურების სფეროში მხოლოდ 27%. რაც შეეხება მეოთხე და მეხუთე დონის მომსახურებას საქართველოს მთავრობის საქმიანობა 0%-ით შეფასდა. ქულების ჯამური რაოდენობით ამ კატეგორიაში, საქართველოს მხოლოდ 0.35 ქულა აქვს. მოკრძალებული პოზიცია აქვს სომხეთსაც. მისი ინდექსი განისაზღვრა 0.27 ქულით, რუსეთის - 0.33, აზერბაიჯანის - 0.39. საუკეთესო მაჩვენებლები კი გააჩნიათ დანიას - 1.00 ქულა, შვედეთს - 0.98, აშშ-ს - 0.95.
ტელეკომუნიკაციების ინფრასტრუქტურის ხარისხის ინდექსით საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს 0.10 ქულა, სომხეთს - 0.08, რუსეთს - 0.24. რუსეთს გაცილებით უკეთესი პოზიციები უკავია ვიდრე კავკასიის რესპუბლიკებს, მაგრამ ამავე დროს, რუსეთის ფედერაცია ძალზედ ჩამორჩება მოწინავე დასავლეთის ქვეყნებს. შედარებისთვის აღვნიშნავთ, რომ ამ კატეგორიაში საუკეთესო მიღწევები აქვთ სკანდინავიის ქვეყნებსა და შვეიცარიას: ნიდერლანდებს - 0.81 ქულა, შვეიცარიას - 0.79, შვედეთს - 0.78, დანიას - 0.74, ნორვეგიასა და ლუქსემბურგს - 0.73. ამ ქვეყნებს ჩამორჩება აშშ, ციფრული ტექნოლოგიების დამაარსებელი, რომლის ინდექსიც მხოლოდ 0.66 ქულას შეადგენს.
საქართველოში არსებული მეტად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება უშუალო ზეგავლენას ახდენს ინფრასტრუქტურის შეზღუდვაზე. ყოველ 100 ადამიანზე ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობით საქართველო, ისე როგორც აზერბაიჯანი და სომხეთი, იმყოფება ძალზე ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის. საქართველოში ყოველ 100 ადამიანზე მოდის მხოლოდ 7.4 ინტერნეტ მომხმარებელი, სომხეთში - 5.7, აზერბაიჯანში - 9.7. რუსეთში შედარებით უკეთესი ვითარებაა. იქ 18.2 ინტერნეტ-მომხმარებელია ყოველ 100 ადამიანზე, მაგრამ მსოფლიო ლიდერებთან შედარებით, რუსეთი ისევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება მათ. ნიდერლანდებში ყოველ 100 ადამიანზე 88 ინტერნეტ-მომხმარებელია, ნორვეგიაში - 87, ახალ ზელანდიაში - 78, შვედეთში - 76, აშშ-ში - 69, იაპონიაში - 68. არსებული დისპარიტეტები, პრაქტიკულად, ხარისხობრივად იგივეა პერსონალური კომპიუტერების, ძირითადი სატელეფონო ხაზების, მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რაოდენობის შეფასებისას.
ქვეყანაში არსებული ადამიანური რესურსების პოტენციალის ინდექსის მიხედვით საქართველოს მეტად ძლიერი პოზიციები აქვს და მისი მაჩვენებელი შეადგენს 0.92 ქულას, ისევე, როგორც ჩვენ მეზობლებს: აზერბაიჯანის ქულაა - 0.88, სომხეთის - 0.89, რუსეთის - 0.95.
ამავე დროს, საქართველოს ძალზე სუსტი პოზიციები აქვს ელექტრონულ მმართველობაში საზოგადოების, მოქალაქეების მონაწილეობის მხრივ. 170 ადგილიდან საქართველო და სომხეთი 135-ე ადგილს იყოფენ, რუსეთი 98-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი 49-ეზე. აზერბაიჯანის ასეთი წარმატება გასაკვირია, ვინაიდან მის საერთო დაბალ `ტრენდს" არ შეესაბამება.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ინფორმატიზაციისა და ელექტრონული მმართველობის მხრივ, იმყოფებიან დაახლოებით თანაბარ დონეზე. მათ, გარკვეულწილად, უსწრებს რუსეთის ფედერაცია, მაგრამ ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს.
საერთო დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, ინფორმატიზაციისა და ელექტრონული მმართველობის მხრივ, იმყოფება განვითარების დაბალ საფეხურზე. ჩვენს ქვეყანას ძლიერი პოზიციები გააჩნია ადამიანური რესურსის მხრივ, მაგრამ სერიოზული ხარვეზების წინაშე დგას უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის, გამოყენების, მოქალაქეთა მომსახურებისა და მათი მმართველობითი პროცესში ჩართვის მხრივ.
რესპუბლიკაში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ საქართველოს კიდევ ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი და მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და ფინანსური ინვესტიციების განხორციელებაა საჭირო, რომ ქვეყანამ შესძლოს, ინფორმატიზაციისა და ელექტრონული მმართველობის მხრივ, დასავლეთის სტანდარტებთან მიახლოვება და, მით უმეტეს, მათი სრული დანერგვა.