საქართველო გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ანალიზი 22 ივლისი 2020

საქართველომ გაეროს 2020 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევაში ელექტრონული მმართველობისა (ელ-მმართველობის) და ელექტრონული ჩართულობის (ელ-ჩართულობის) განვითარების კუთხით ქულები მცირედით გაიუმჯობესა. თუმცა, ელ-მმართველობის ინდექსის რეიტინგში ქვეყნის პოზიცია ხუთი ადგილით დაქვეითდა, ელ-ჩართულობის მხრივ კი პირიქით, შვიდი პოზიციით დაწინაურდა. რეგიონის ქვეყნების შედარებით ჩანს, რომ საქართველო ამ მიმართულებით ნელი ტემპით ვითარდება და თანდათან კარგავს შანსს, გახდეს რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ელ-მმართველობის რეფორმების კუთხით.

 

ძირითადი მიგნებები

 

- მართალია ელ-მმართველობის ინდექსით საქართველო მეზობელი, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიის 11 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა, მაგრამ ონლაინ სერვისების კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი მხოლოდ ლატვიას სჯობნის.

 

- საქართველოს ყველაზე მნიშნველოვანი კლება(-0.11) ელ-სერვისების ინდექსის კომპონენტში აქვს.

 

- საქართველო მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მაღალი ადამიანური კაპიტალის მიუხედავად, შედარებით სუსტი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გამო, პროგრესი გარკვეულწილად შეყოვნდა.

 

- რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში დაბალია ინტერნეტ მომხმარებელთა პროცენტული წილი საქართველოში. ამ კომპონენტის მიხედვით, უკრაინასა და საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 63% იყენებს ინტერნეტს.

 

- ელ-ჩართულობის კუთხით გლობალურ რეიტინგში 7-ადგილიანი გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო რეგიონის 11 ქვეყანას შორის მე-10 ადგილზეა და მხოლოდ ლატვიას სჯობნის.

 

- ანგარიშში ეკონომიკურ სიძლიერესთან ერთად, ელ-მმართველობის მიმართულებით წინსვლის რამდენიმე განმაპირობებელი ინდიკატორია დასახელებული: ძლიერი პოლიტიკური ნება, სტრატეგიული ხედვა და ციფრული სერვისების განვითარების სურვილი, ასევე, მმართველობის ხარისხი, ინსტიტუციური შესაძლებლობა, ტექნოლოგიებზე წვდომა, ციფრული უნარები.

 

- საერთაშირისო ტენდენციების გათვალისწინებით, სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვნად იზრდება ღია მონაცემების მნიშვნელობა. ამისთვის აუცილებელია ქვეყნებს ჰქონდეთ: ღია მონაცემებთან დაკავშირებული ერთიანი პოლიტიკა და რეგულაციები, მონაცემების ეროვნული სტრატეგია, მონაცემთა ეკოსისტემა და მონაცემთა ტექნოლოგიები.

 

- საქართველოს შედეგებიდან გამომდინარე, საჭიროა, შემუშავდეს ელ-მმართველობის შემდეგი წლების სტრატეგია.

 

- ქვეყნის მთავარ გამოწვევას ადგილობრივ დონეზე ელ-მმართველობის ინიციატივებისა და სისტემების დანერგვის ნაკლებობაა. ეს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ელ-მმართველობის რეფორმის მიმართულებით ე.წ. „ციფრული უთანასწორობას“ განაპირობებს.

 

- საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ონლაინ სერვისების დანერგვა, მათზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, და მათი გამოყენების წახალისება, ასევე, ინტერნეტ ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 

- ციფრული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად აუცილებელია რეგიონებში ელ-მმართველობის სისტემების ფორსირებული დანერგვა.

 

- მნიშვნელოვანია ასევე,  ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის ერთიანი სტანდარტების დანერგვა და გაუმჯობესება.

 

საქართველოს შედეგები რეიტინგში

 

2020 წლის შეფასების მიხედვით, საქართველოს ელ-მმართველობის მაჩვენებელია 0.72, რითიც საქართველოს 193 ქვეყანას შორის მე-65 ადგილი უკავია. ორი წლის წინ, 0.69 ქულით, საქართველო მე-60 პოზიციას იკავებდა. შესაბამისად, 2020 წელს საქართველომ საკუთარი ქულა 0.03 ერთეულით გაიუმჯობესა, თუმცა რეიტინგის პოზიციით ხუთი ადგილით დაქვეითდა (იხ. ფოტო #1 და ფოტო #2). აღნიშნული სხვა ქვეყნების მიერ ამ მიმართულებით საქართველოსთან შედარებით უფრო სწრაფი განვითარების ტემპით შეიძლება აიხსნას.

 

 

 

ელ-ჩართულობის მხრივ ქვეყანამ შეფასება 0.02 ერთეულით და რეიტინგში ადგილი 7 პოზიციით გაიუმჯობესა. კერძოდ, 2018 წელს საქართველოს 0.62 ქულა და 87-ე ადგილი ჰქონდა. წლევანდელი მონაცემებით, მაჩვენებელი 0.64-მდეა გაზრდილი, ხოლო გლობალურ რეიტინგში ქვეყნის პოზიცია 87-დან 80 ადგილამდე აიწია.

 

საგულისხმოა, რეიტინგის პირველი ათი ქვეყანა და მათი შედეგები. ელ-მმართველობის მხრივ ლიდერობენ: დანია (0.97.5 ქულა 1-დან), კორეის რესპუბლიკა (0.96), ესტონეთი (0.95 ქულა), ფინეთი (0.94.5), ავსტრალია (0.94), შვედეთი (0.94), დიდი ბრიტანეთი (0.93.5), ახალი ზელანდია (0.93), აშშ (0.93), ნიდერლანდები (0.92). საგულისხმოა, რომ წინა, 2018 წლის შეფასებით, ესტონეთს მე-16 პოზიცია ეკავა. ანგარიშის მიხედვით, ესტონეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც ყველაზე შთამბეჭდავი (დაახლოებით, 0.1 ქულიანი) გაუმჯობესება აჩვენა და შედეგად, პირველ სამეულში მოხვდა.

 

ელ-ჩართულობის ინდექსის პირველი პოზიციები კი შემდეგნაირად გამოიყურება: კორეის რესპუბლიკა (1 ქულა 1-დან), აშშ (1), ესტონეთი  (1), იაპონია (0.99), ახალი ზელანდია (0.99), ავსტრია (0.98), სინგაპური (0.98), დიდი ბრიტანეთი (0.98), ავსტრალია (0.96), ჩინეთი (0.96), დანია (0.96), ნიდერლანდები (0.96) და პოლონეთი (0.96). ამ შემთხვევაშიც საგულისხმო იყო ესტონეთის მაჩვენებელი, რადგანაც ქვეყანამ წინა შეფასების შემდეგ, პოზიციები 26 ადგილით გაიუმჯობესა. ამ კუთხით გამოირჩა ასევე ავსტრიის შედეგი, რომელმაც რეიტინგში 45-ე ადგილიდან მე-6-ზე გადაინაცვლა.

 

საქართველოს შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ქვეყნების საშუალო ქულას, რაც ელ-მმართველობის ინდექსის შემთხვევაში 0.82-ს, ხოლო ელ-ჩართულობის ინდექსისთვის 0.78-ს უდრის.

 

მეზობელ, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიისპირეთის, ჯამში, 11 ქვეყანას შორის, ელ-მმართველობის მხრივ საქართველოს მე-7, ხოლო ელ-ჩართულობის მხრივ მე-10 ადგილები უკავია. შედარებისთვის, 2018 წელს საქართველოს ორივე რეიტინგში, იმავე ქვეყნებს შორის მე-6 ადგილი ეკავა. ამ ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს შედეგები დეტალურად განხილულია ქვემოთ.

 

წლევანდელი შედეგებით, ელ-მმართველობის კომპონენტში, საქართველოზე უკეთესი შედეგები აქვთ ბალტიის ქვეყნებს, რუსეთს, ბელარუსსა და თურქეთს. ელ-ჩართულობის კუთხით კი საქართველოს შედეგები მხოლოდ ლატვიის ქულებს აღემატება.

 

2020 წლის გაეროს კვლევამ ელექტრონული მმართველობის განვითარების ბოლო ორი წლის შედეგები შეაჯამა. მართალია, საქართველოს ქულები ორივე ინდექსში მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყნის პოზიცია გლობალურ რეიტინგში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. პირიქით, რეგრესი დაფიქსირდა ელ-მმართველობის ინდექსის შემთხვევაში. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს უფრო ამბიციური დღის წესრიგი და გაითვალისწინოს ელ-მმართველობის უახლესი საერთაშორისო ტენდენციები და ინოვაციური მიდგომები. ქვეყნის შედეგებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, საჭიროა შემუშავდეს ელ-მმართველობის შემდეგი წლების სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ერთიან მიდგომას, ხედვებსა და ამოცანებს საკითხის მიმართ. ასევე, საჭიროა უზრუნველყოფილი იყო ამ მიმართულებით რეფორმის განხორიცელების ეფექტური კოორდინაცია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია სერვისების ონლაინ ხელმისაწვდომობის მეტი უზრუნველყოფა, ამ სერვისების გამოყენების წახალისება, ინტერნეტ ხელმისაწვდომობის გაზრდა, ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, საქართველოს რეგიონებში ელ-მმართველობის სისტემების ფორსირებული დანერგვა და ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის ერთიანი სტანდარტების დანერგვა და გაუმჯობესება.

 

ზოგადი ინფორმაცია ელექტრონული მმართველობის გლობალური კვლევის შესახებ

 

ელექტრონული მმართველობის კვლევა მზადდება ორ წელიწადში ერთხელ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის, საჯარო დაწესებულებებისა და ციფრული მთავრობის განყოფილების (Public Institutions and Digital Government - (DPIDG)) მიერ (გაერო - UN). კვლევის შედეგების მიხედვით ქვეყნდება მსოფლიოს 193 ქვეყნის ორი რეიტინგი: 1. ელ-მართველობის განვითარების ინდექსი; და 2. ელ-ჩართულობის ინდექსი.

 

გაეროს კვლევის მიზანია შეაფასოს ელექტრონული მმართველობის განვითარების გლობალური ტენდენციები და არსებული გამოწვევები.

 

ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსი

 

ელ-მართველობის განვითარების ინდექსის შემუშავებისას მკვლევარები ქვეყნებს სამი მიმართულებით აფასებენ:

 

1. ონლაინ სერვისები - ფასდება ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სამთავრობო ვებგვერდები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეროვნული პორტალების, ელ-სერვისებისა და ჩართულობის ელ-პლატფორმების არსებობას. საგულისხმოა, რომ საქართველოს სწორედ ამ კომპონენტში აქვს ქულის მნიშნველოვანი კლება- -0.11. 0.59 ქულით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც ევროპის (0.77), ისე აზიის (0.63) საშუალო მაჩვენებლებს.

 

2. სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - ეს კომპონენტი, თავის მხრივ, შემდეგ ქვე-კომპონენტების მოიცავს: ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა, მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რიცხვი, უსადენო ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი და ა.შ. მართალია წინა შეფასებისგან განსხვავებით, 0.15-ითაა გაზრდილი საქართველოს ქულა, თუმცა ამ კომპონენტშიც ქვეყნის შეფასება მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს (საქართველო - 0.69 ქულა; ევროპა - 0.78 ქულა).

 

 

3. ადამიანური კაპიტალი – რა პოტენციალი აქვს მოსახლეობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები. ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ტრადიციულად ამ კომპონენტში აქვს. ამავდროულად, ანგარიშის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მაღალი ადამიანური კაპიტალის მიუხედავად, შედარებით სუსტი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გამო, პროგრესი გარკვეულწილად შეყოვნდა.

 

საქართველოს ელ-მართველობის განვითარების ინდექსის სამივე კომპონენტში შემდეგი შეფასებები ქონდა:

 

 

ელექტრონული ჩართულობის ინდექსი

 

ელ-ჩართულობის ინდექსი ასახავს ხელისუფლების მზაობას ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ხელი შეუწყოს მმართველობის პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობას. ამ კომპონენტის შეფასებისას, ექსპერტები ითვალისწინებენ შემდეგ სამ გარემოებას:


1. ელ-ინფორმაცია: მოქალაქეებისთვის რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე;

 

2. ელ-კონსულტაცია: რამდენად აქვთ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჩაერთონ საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში;

 

3. ელ-გადაწყვეტილების მიღება: რამდენად უწყობს ხელს ხელისუფლება მოქალაქეებს იმაში, რომ ისინი გახდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის თანამონაწილეები და რა დონეზე არის განვითარებული ამ ტიპის ონლაინ სერვისები.

 

ამ სამი კომპონენტიდან საქართველოს ქულა ელ-კონსულტაციისა და ელ-გადაწყვეტილების კომპონენტებში შემცირდა. საგულისხმოა, რომ წინა შეფასების დროს მნიშვნელოვანი იყო ელ-გადაწყვეტილების მიღებაში 0%-დან 45%-მდე ზრდა, რაც სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლოს მთავრობის მიერ ელექტრონული პეტიციების პორტალის, ICHANGE.GOV.GE გაშვებას უკავშირდებოდა. როგორც ცნობილია, მისი მეშვეობით მოქალაქეებს მთავრობისთვის პეტიციების წარდგენა შეუძლიათ. თუმცა, 2020 წლისთვის ქვეყნის მაჩვენებელი 18%-მდე შემცირდა, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობაზე ორიენტირებული ელ-პლატფორმების ნაკლებ ეფექტურობასა და სიმცირეს.

 

 

მეზობელი, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიის ქვეყნები და საქართველო

 

საქართველოს მეზობელ, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიის ქვეყნებს შორის (ჯამში, 11 ქვეყანა) ყველაზე კარგი შედეგები ბალტიისპირეთის ქვეყნებს, განსაკუთრებით ესტონეთს აქვთ, ასევე, რუსეთს, ბელორუსსა და თურქეთს. ბოლო ორი წლის განმავლობაში გაუმჯობესების ხარისხის მხრივ, ელ-მმართველობის ინდექსის ყველაზე დიდი ზრდა თურქეთმა (0.4-ით), ლიეტუვამ, სომხეთმა და ესტონეთმა (სამივემ დაახლოებით 0.1-ით) აჩვენეს.

 

 

საქართველოსთან მიმართებაში ამ ქვეყნების უპირატესობების შეფასებისთვის აუცილებელია ელ-მმართველობის თითოეულ კომპონენტში მათი მიღწევების შესწავლა. მართალია ელ-მმართველობის ინდექსით საქართველო ხსენებულ 11 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა, მაგრამ ონლაინ სერვისების კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი (0.59) მხოლოდ ლატვიას (0.58) სჯობნის. რაც ნიშნავს, რომ ონლაინ სერვისების დანერგვისა და გამოყენების კუთხით საქართველო არამხოლოდ საერთაშორისო, არამდე რეგიონულ ტენდეციებსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩა.

 

 

 

 

რეგიონში შედარებით უკეთესი პოზიცია აქვს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ. ამ კომპონენტში საქართველოს ხსენებული 11 ქვეყნიდან მეექვსე ადგილი უკავია. ყველაზე კარგი შედეგები ამ მხრივ ესტონეთს, ლიეტუვას, რუსეთს, ბელარუსს და ლატვიას აქვთ.

 

 

ამ კომპონენტში შედარებით უკეთესი მაჩვენებლების მიუხედავად, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში დაბალია ინტერნეტ მომხმარებელთა პროცენტული წილი საქართველოში. კერძოდ, ამ კომპონენტის მიხედვით, უკრაინასა და საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 63% იყენებს ინტერნეტს. ხსენებულ ქვეყნებს შორის ამ მხრივ ლიდერია ესტონეთი 89%-ით, რომელსაც მოჰყვებიან ლატვია (84%) და რუსეთი (81%). მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

 

 

ელ-ჩართულობის კუთხით გლობალურ რეიტინგში 7-ადგილიანი გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო 11 ქვეყანას შორის მე-10 ადგილზეა და 0.64-იანი მაჩვენებლით მხოლოდ ლატვიას სჯობნის.საგულისხმოა, რომ რეგიონში ბოლო ორი წლის მანძილზე დიდი პროგრესი აჩვენეს თურქეთმა (+0.8 ქულა, 23-ე ადგილი გლობალურ რეიტინგში), სომხეთმა (+0.4 ქულა, 57-ე ადგილი გლობალურ რეიტინგში) და უკრაინამ (+0.24 ქულა, 46-ე გლობალურ რეიტინგში). ასევე, ბოლო წლებში ქულებისა და რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესების შედეგად, ესტონეთი ელ-მმართველობის კუთხით, კორეის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პირველ ადგილზეა.

 

 

 

გლობალური ტენდენციები და საქართველო

 

გაეროს ელექტრონული მმართველობის კვლევაში განხილულია ახალი ტენდენციები ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით. კერძოდ, დასახელებულია შემდეგი ახალი მიდგომები, რომლებსაც ქვეყნები ნერგავენ ელ-მმართველობის სისტემების რეფორმებისას:

 - სერვისების მიწოდებისას ონლაინ და ოფლაინ საკომუნიკაციო არხების ერთობლივი გამოყენება;

 - ციფრული სერვისების დანერგვისას სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;

 - ელ-ჩართულობისა და პარტნიორობის გაფართოება;

 - მონაცემებზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა;

 - ციფრული შესაძლებლობების გაძლიერება;

 - ახალი ტექნოლოგიების, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ბლოქჩეინი, გამოყენება განსაკუთრებით, ჭკვიანი ქალაქების კონცეფციის განვითარებისას.

 

სერვისების მიწოდების კუთხით, ნახსენებია, რომ ქვეყნების 80%-ს აქვს სპეციალური ციფრული სერვისები ახალგაზრდებისთვის, ქალებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მიგრანტებისთვის და/ან სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

 

კვლევა განიხილავს ელ-მმართველობის კუთხით წარმატებული ქვეყნების მიღწევების მიზეზებსაც. მართალია ქვეყნის შემოსავლებისა და ფინანსური რესურსების მოცულობა კავშირშია ელ-მმართველობის ინდექსის ხარისხთან, მაგრამ ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, დასახელებულია წინსვლის რამდენიმე განმაპირობებელი ინდიკატორი: ძლიერი პოლიტიკური ნება, სტრატეგიული ხედვა და ციფრული სერვისების განვითარების სურვილი. 

 

რეგიონული ტენდენციების განხილვისას ხაზგასმულია ციფრული ვაჭრობის, ციფრული ეკონომიკისა და ღია მმართველობის მონაცემების მნიშვენლობა. ამ მიმართულებითაც გამოყოფილია წარმატების რამდენიმე წინაპირობა: პოლიტიკური ნება, მმართველობის ხარისხი, ინსტიტუციური შესაძლებლობა, ტექნოლოგიებზე წვდომა, ციფრული უნარები.

 

ელ-მმართველობის მექანიზმების დანერგვის კუთხით, გამოყოფილია რამდენიმე გამოწვევა, რომელთა გადალახვის შემთხვევაში ქვეყნები ახერხებენ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას. კერძოდ, კვლევაში აღნიშნულია, რომ ხშირად ელ-მონაწილეობის ინიციატივების წარუმატებლობის მიზეზი შემდეგია: ზუსტი მიზნების ნაკლებობა, დაინტერესებულ მხარეთა მოტივაციის გათვალისწინების ნაკლებობა, შეფასებისა და უკუკავშირის ნაკლებობა. გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ მონაწილეობის მექანიზმის გაციფრულებასთან ერთად, აუცილებელია ის დაკავშირებული იყოს ფორმალურ/ტრადიციულ ინსტიტუციურ პროცესებთან. ამგვარად უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეების ნდობა, რადგან ისინი დაინახავენ მათი ონლაინ აქტივობის შედეგს. რაც შეეხება თავად საჯარო დაწესებულებებს, ელ-მონაწილეობის მექანიზმებმა ხელი უნდა შეუწყოს ადმინისტრაციული კულტურის გარდაქმნასა და თანამედროვე მიდგომების დანერგვას. რაც საბოლოო ჯამში, ელექტრონული პროცესების ინსტიტუციონალიზაციას შეუწყობს ხელს.

 

კიდევ ერთი საგულისხმო რეკომენდაცია ეხება მონაცემებზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას. კვლევაში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვნად იზრდება ფაქტებსა და მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული გადაწვეტილებების მნიშვნელობა. ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად კი, აუცილებელია: ღია მონაცემებთან დაკავშირებული ერთიანი პოლიტიკა და რეგულაციები, მონაცემების ეროვნული სტრატეგია, მონაცემთა ეკოსისტემა და მონაცემთა ტექნოლოგიები.

 

ამავდროულად, თანამედროვე ტენდეციების გათვალისწინებით, შემუშავებულია ციფრული მმართველობის ტრანსფორმაციის ცხრა მთავარი ელემენტი:

 

 

ანგარიშში ყურადღება ეთმობა ასევე COVID-19 პანდემიის ფონზე ელ-მმართველობის მნიშვენლობის გაზრდას. კვლევაში აღნიშნულია, რომ სოციალური დისტანციის ზომების მიღების პარალელურად, ვითარდება ციფრული სამთავრობო სერვისები. ასევე, კრიზისის გასამკლავებლად აქტიურად იყენებენ სამთავრობო ელ-პლატფორმებსა და ინოვაციებს.

 

ამ ფაქტორებით გათვალისწინებით, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს ალ-მმართველობის განახლებულია სტრატეგია, რომელიც დაეფუძნებოდა 2014-2018 წლების სტრატეგიის მიღწევებისა და გამოწვევების სიღრმისეულ ანალიზს. ამ ეტაპისთვის ელ-მმართველობისა და ელ-სერვისების ცალკეული საკითხები შეტანილია საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. თუმცა, საერთაშორისო ტენდენციებისთვის ფეხის ასაწყობად და ამ მიმართულებით რეფორმების დასაჩქარებლად, აუცილებელია ელ-მმართველობის საკითხები განისაზღვროს ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. რის საფუძველზეც, შემუშავდება ქვეყნის ერთიანი მიდგომა, სტრატეგიული ხედვა და რამდენიმეწლიანი გეგმები ელ-მმართველობის განვითარების მიმართულებით.

 

გარდა ამისა, ქვეყანას ყველაზე დიდი გამოწვევა აქვს რეგიონებთან მიმართებაში, რადგან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ელექტრონული მმართველობა არათანაბრადაა განვითარებული. ქვეყანაში არსებული ე.წ. „ციფრული უთანასწორობა“ ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ნეგატიურად აისახება ქვეყნის ელ-მმართველობის რეიტინგზე. დღეის მდგომარეობით, თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს, მართვის ელექტრონულს სისტემებსა და საშუალებებს მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყენებენ.

 

როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, მონაცემების ხელმისაწვდომობას გადამწვეტი როლი უკავია ქვეყნის ელ-მმართველობის განვითარებაში. ამ მიმართლდებით, პირველ რიგში აუცილებელია, საჯარო სექტორის ღია მონაცემების სავალდებულო გამოქვეყნების ერთიანი სტანდარტების და ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკის ჩამოყალიბება. მართალია საქართველოში შექმნილია ღია მონაცემების პორტალი DATA.GOV.GE, თუმცა დღემდე მასზე მწირე რაოდენობის მონაცემებია ხელმისაწვდომი. ასევე, კვლავაც შეუსრულებელია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულება, ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის ინიცირების შესახებ. მისი მიღება ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღია მონაცემების დამუშავების თანამედროვე სტანდარტებს დაამკვიდრებდა.

 

დასკვნა

 

2020 წლის გაეროს კვლევამ ელექტრონული მმართველობის განვითარების ბოლო ორი წლის შედეგები შეაჯამა. მართალია, საქართველოს ქულები ორივე ინდექსში მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყნის პოზიცია გლობალურ რეიტინგში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. პირიქით, რეგრესი დაფიქსირდა ელ-მმართველობის ინდექსის შემთხვევაში. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს უფრო ამბიციური დღის წესრიგი და გაითვალისწინოს ელ-მმართველობის უახლესი საერთაშორისო ტენდენციები და ინოვაციური მიდგომები. ქვეყნის შედეგებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, საჭიროა შემუშავდეს ელ-მმართველობის შემდეგი წლების სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ერთიან მიდგომას, ხედვებსა და ამოცანებს საკითხის მიმართ. ასევე, საჭიროა უზრუნველყოფილი იყო ამ მიმართულებით რეფორმის განხორიცელების ეფექტური კოორდინაცია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია სერვისების ონლაინ ხელმისაწვდომობის მეტი უზრუნველყოფა, ამ სერვისების გამოყენების წახალისება, ინტერნეტ ხელმისაწვდომობის გაზრდა, ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, საქართველოს რეგიონებში ელ-მმართველობის სისტემების ფორსირებული დანერგვა და ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის ერთიანი სტანდარტების დანერგვა და გაუმჯობესება.

 

/public/upload/GG/E-Governance E-Participation - 2020.pdf

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024