2015 წლის 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. ცვლილებები, რომლებსაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა გამოიწვევს, მხოლოდ მედიასივრცეს არ შეეხება. ცვლილებები ელის მაყურებელსაც. მომხმარებლის ინფორმირებულობა და სათანადო მომზადება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით აქტიური საინფორმაციო კამპანია ჯერ არ დაწყებულა. რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება? რა არ იცის და უნდა იცოდეს მოსახლეობამ აღნიშნული პროცესის შესახებ?
იმისათვის, რომ მაყურებელმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ სატელევიზიო სიგნალი მიიღოს, მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს, მაშინ მას მიმღების მიერთება დასჭირდება, რომელიც სავარაუდოდ 50 ლარამდე ეღირება. მიმღების ყიდვა არ დასჭირდება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მაუწყებლობას საკაბელო, IPTV ან სატელიტური ტექნოლოგიით იღებს. სახელმწიფო 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე, დაახლოებით 220 000-დან 250 000-მდე სოციალურად დაუცველს მიმღებებს უფასოდ გადასცემს.
ყოველდღიურად საქართველოში ტექნიკის მაღაზიებში ასობით ტელევიზორი იყიდება. ჯერჯერობით მომხმარებლებისთვის არ მოქმედებს რაიმე საინფორმაციო კამპანია, რომელიც მათ ტელევიზორის ყიდვისას არჩევანის გაკეთებას გაუადვილებდა. "ტელევიზორის შეძენისას მომხმარებელი ნაკლებად ინტერესდება, არის თუ არა ის DVB-T2 სტანდარტის“,- აცხადებენ „ტექნო ბუმში“. მათი თქმით, ქსელში ტელევიზორებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ყოველდღიურად დაახლოებით 100-150 ტელევიზორი იყიდება. რაც შეეხება ფასს, DVB-T2 სტანდარტის ტელევიზორების ღირებულება საშუალოდ 700 ლარიდან იწყება, ხოლო ამ სტანდარტის არმქონე ტელევიზორების ფასი- დაახლოებით 620 ლარიდან.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) სატელეკომუნიკაციო მედიამიმართულების დირექტორის, უჩა სეთურის თქმით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის წარმატებით რეალიზებისათვის საჭიროა დეტალური და დროში გაწერილი გეგმის არსებობა. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ციფრული მაუწყებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავი და საზოგადოებისთვის დამაბნეველი არ იყოს. „საინფორმაციო მესიჯები უნდა იყოს მკაფიო და ყველასათვის ადვილად აღიქმებოდეს. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ყველა იმ სიკეთის შესახებ, რაც ციფრულ მაუწყებლობას გააჩნია - უკეთესი ხარისხი, დამატებითი სერვისების მიღების შესაძლებლობა, თან ეს ყველაფერი უფასოდ“,- ამბობს სეთური.
ციფრული მაუწყებლობის უზრუნველყოფისათვის ქსელის ასაგებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის, „სტერეო+“- ის წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი მიიჩნევს, რომ მომხმარებლებთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი საკითხი არსებობს, რომელიც პრობლემის გადაჭრას საჭიროებს, -„პირველი არის ის, რომ ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ქსელში აღარ უნდა იყიდებოდეს ისეთი მიმღები, რომელსაც არ შეეძლება ციფრული სიგნალის მიღება“. ზილფიმიანის თქმით, უმჯობესია თუ მოსახლეობა კიდევ რამდენიმე თვე თავს შეიკავებს ახალი ტელევიზორის ყიდვისგან, იქამდე, სანამ გარკვეული რეგულაციით სავაჭრო ქსელში მხოლოდ ციფრული სიგნალის მიმღები ტექნიკა არ დარჩება.
რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) აღმასრულებელი დირექტორის, ნათია კუპრაშვილის თქმით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობაც,- „ინფორმაცია იმდენად მწირია, რომ ტელევიზორის საყიდლად მისულმა ადამიანმა, რომელიც შესაძლოა ამისთვის თანხას თვეობით აგროვებდეს, არ იცოდეს რა სტანდარტის ტელევიზორი უნდა იყიდოს, გამოადგება თუ არა ის სამომავლოდ ციფრული სიგნალის მისაღებად.“
კუპრაშვილის თქმით, ისინი სახელმწიფოს ტელევიზორების სტიკერიზაციას სთხოვდნენ, ანუ ტელევიზორებზე სტიკერების გაკვრას, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემდა მარტივად ეცნო ციფრული სიგნალის მიმღები ტელევიზორები, თუმცა, მისი თქმით, სახელმწიფომ ეს მარტივი რეგულაციაც არ განახორციელა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომლის შესახებ ნათია კუპრაშვილი საუბრობს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაში ციფრული მაუწყებლობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაა,- „როგორც ვიცი, აუდიტორიას რეგიონებში ეუბნებიან, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, ტელემაუწყებლობის მიღებისას პრობლემა შეექმნებათ და ფასიანი ოპერატორები მათ საკუთარ სერვისს სთავაზობენ. ამით მომხმარებელი ზარალდება, ფულის გადახდა უწევთ იმაში, რისი მიღებაც უფასოდ შეუძლიათ,- „ალბათ სწორედ ამიტომ იზრდება და იზრდება რეგიონებში ფასიანი მომსახურების აბონენტთა რიცხვი. შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ ეს არის კარგი ტენდენცია, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ერთი მხრივ ამით ზარალდება მომხმარებელი, მეორე მხრივ აშკარა ხდება ოპერატორებზე დამოკიდებულების პრობლემაც“,- ამბობს კუპრაშვილი.
ნათია კუპრაშვილის თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ტელევიზორი რომელიც დღეს სახლში აქვს, შეძლებს ციფრული სიგნალის მიღებას, ოღონდ ამას დასჭირდება დამატებითი მოწყობილობა-მიმღები, რომლის საშუალებითაც შეძლებენ იმაზე მეტი არხი მიიღონ, ვიდრე დღეს აქვთ. მაგალითად, თუ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა 4 ნაციონალურ და ერთ ადგილობრივ ტელეარხს იღებს, ციფრული მაუწყებლობა მათ საშუალებას მისცემს უფასოდ მეტი არხი, გაცილებით უკეთესი ხარისხით მიიღონ,- „ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ციფრულ მაუწყებლობას, ამიტომ საჭიროა სწორი ინფორმაცია მივიდეს საზოგადოებამდე. არა ის რომ სიგნალი გამოირთვება და მაუწყებლობა აღარ ექნებათ, პირიქით, არის შანსი უფასოდ მეტი არხის ნახვისა და ეს შანსი ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ“.
მიმდინარე წლის 14 თებერვლიდან „ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ“ მუშაობა დაიწყო. სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში შეიქმნა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი მიზანია, უზრუნველყოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამუშაოთა კოორდინაცია, კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდიებით ოპტიმალურად უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა.
როდიდან გეგმავს სააგენტო მოსახლეობისთვის აქტიური საინფორმაციო კამპანიის დაწყებას? რა კონკრეტული ღონისძიებები თუ პროექტები იგეგმება ამ მიმართულებით? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ლიბერალი“ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელს ნინო ქუბინიძეს დაუკავშირდა. ქუბინიძის თქმით, ამ მიმართულებით სააგენტოში მუშაობენ, თუმცა დეტალების განხილვისაგან თავი შეიკავა, რადგან, - „გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია, როგორც კი დაზუსტდება, მაშინვე დაიწყება აქტიური პიარკამპანია“,- თქვა ქუბინიძემ.
ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირმა (ITU) ციფრულ მაუწყებლობაზე გადამსვლელი ქვეყნების სამი ზონა გამოყო. საქართველო პირველ ზონაში მოხვდა, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად. გეგმის მიხედვით ამ ზონის ქვეყნების ყველა ტელევიზია 2015 წლის 17 ივნისამდე ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს.