პარასკევს, 23 ოქტომბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საჯარო განხილვა“. დისკუსია ჩატარდა პროექტ „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა“-ს ფარგლებში. მოცემული სტატია გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და განიხილეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, მისი ძირითადი პარამეტრები და მნიშვნელოვანი ცვლილებები წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით. დისკუსიაში მომხსენებლებად წარსდგნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი - ეკატერინე გუნცაძე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ბიუჯეტის ანალიზის განყოფილების უფროსი - თათია ხეთაგური, პარტია „თავისუფალი დემოკრატები“-ს წარმომადგენელი - დავით ონოფრიშვილი, ეკონომისტი და საქართველოს და კავკასიის უნივერსიტეტების პროფესორი - აკაკი ცომაია და ეკონომისტი - ლაშა არევაძე.
ეკატერინე გუნცაძემ მიმოიხილა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და ისაუბრა ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. გუნცაძის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტი გაწერილია რეალური მშპ-ს ზრდის 3%-იანი და საშუალო წლიური ინფლაციის 4.5%-იანი მაჩვენებელის გათვალისწინებით, ხოლო სახელმწიფო ვალის და საბიუჯეტო დეფიციტის მშპ-სთან პროცენტული შეფარდება შესაბამისად 42.8% და 3.0%-ზეა გათვლილი. რაც შეეხება შემოსულობებს, 2016 წლის საბიუჯეტო შემოსულობებში ყველაზე დიდი წილი გადასახადებსა (78.4%) და კრედიტებზე (10.8%) მოდის.
ძირითად მხარჯავ უწყებად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დასახელდა, რომელის დაფინანსებაც ბიუჯეტის 34%-ს (3,07 მლრდ ლარი) შეადგენს. სამინისტროს ბიუჯეტში ყველაზე დიდი ზრდა წინა წელთან შედარებით საყოველთაო ჯანდაცვაზე (100 მლნ ლარით) და საპენსიო უზრუნველყოფაზე (90 მლნ ლარით) მოდის. საპენსიო ხარჯებზე საუბრისას გუნცაძემ აღნიშნა, რომ პენსიონერთა (ასაკით პენსიონერი) რიცხვი 2016 წლისთვის 720 000 ადამიანს მიაღწევს, რაც დღევანდელი მდგომარებით 15 000-ით მეტია. საგრძნობლადაა გაზრდილი სოციალური დახმარებებისა და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროგრამების ხარჯებიც, რომლის ზრდაც შესაბამისად 49,0 და 48,3 მლნ ლარს შეადგენს.
ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ, ბიუჯეტის დანახარჯების ყველაზე დიდი წილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე მოდის. სამინისტროს ბიუჯეტი 134,4 მლნ ლარითაა გაზრდილი და 2016 წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის 11%-ს შეადგენს. სამინისტროს ბიუჯეტში ყველაზე დიდი ხარჯები სკოლების ვაუჩერულ დაფინანსებასა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე მოდის. სკოლების ვაუჩერული დაფინანსება 2015 წლის მაჩვენებელთან (430 მლნ ლარი) შედარებით 77 მლნ ლარითაა გაზრდილი და 2016 წლისთვის 507 მლნ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და აღჭურვისთვის 2016 წელს 33.9 მლნ ლარით მეტია გამოყოფილი და ჯამში 151.9 მლნ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლებისთვის უფასო ფაკულტეტების ფინანსები უკვე ასახულია ახალი ბიუჯტის კანონის პროექტში, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია ათასწლეულის პროგრამით დაგეგმილი ღონისძიებები.
2016 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურაზე მიმართული ხარჯების 4.5 მლნ ლარით ზრდა არის დაგეგმილი. ზრდის მიუხედავად, ინფრასტრუქტურისთვის გაწერილი ბიუჯეტი მთლიანი ბიუჯეტის 9.6% შეადგენს, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.3%-ით ნაკლებია. არ შეცვლილა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის პროცენტული წილი მთლიან ბიუჯეტთან შედარებით. როგორც 2015, ისე 2016 წელს, სამინისტროს დაფინანსებაზე მთლიანი ბიუჯეტის 2.8%-ს გამოყოფა არის დაგეგმილი. გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონზე, 2016 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების 13.9 მლნ ლარით (2015 წელს - 267.5 მლნ ლარი, 2016 წელს - 281.4 მლნ ლარი) ზრდა იგეგმება.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სხვა დანარჩენი სამინისტროების ბიუჯეტი ასე გამოიყურება: ფინანსთა სამინისტრო - 90 მლნ ლარი (2015 - 91 მლნ ლარი), საგარეო საქმეთა სამინისტრო - 100 მლნ ლარი (2015 - 89,5 მლნ ლარი), თავდაცვის სამინისტრო - 670 მლნ ლარი (2015 - 667,3 მლნ ლარი), შსს - 595 მლნ ლარი (2015 - 591,7 მლნ ლარი), კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - 95 მლნ ლარი (2015 - 94,9 მლნ ლარი), სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 75 მლნ ლარი (2015 - 69,8 მლნ ლარი).
თათია ხეთაგურმა მოკლედ მიმოიხილა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მისია და ისაუბრა საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის დასკვნის შესახებ. ხეთაგურის განცხადებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი არის დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტი, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ანალიზია საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლერებლად და საჯარო ფინანსების უკეთ სამართავად. საბიუჯეტო ოფისის მანდატში ასევე შედის არსებული ფისკალური რისკების შეფასება, მთავრობის ფისკალური პოლიტიკის შესაბამისობის შეფასება საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრულ ფისკალურ ლიმიტებთან და საშუალო და გრძელვადიან ფისკალური მდგრადობის კურსთან, და დასკვნების მომზადება მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ ფისკალური მდგრადობის/საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
ფისკალურ რისკებზე საუბრისას, ხეთაგურმა საზოგადოებას გააცნო პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის 2016 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის კვლევაში განხილული სცენარების ანალიზი. საბაზისო სცენარი ეყრდნობა 2016 წლის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში განხილულ საბაზისო სცენარს, სადაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლად 3%, ხოლო ინფლაციის მაჩვენებლად 4.5%-ია აღებული. ოპტიმისტურ სცენარში ეკონომიკური ზრდა 4.4%-ს, ინფლაცია კი 7.1%-ს უტოლდება. პესიმისტური სცენარის შემთხვევაში ეს რიცხვები შესაბამისად 1.5% და 1.9%-ის ტოლია.
კვლევაში ოპტიმისტური სცენარით გათვალისწინებული ფისკალური პოლიტიკის ნაბიჯებად მიმდინარე ხარჯების სტაბილურობის შენარჩუნება და კაპიტალური ხარჯების ზომიერი ზრდა დასახელდა, რომელიც საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მკაცრ ფისკალურ დისციპლინას მოითხოვს. კვლევის მიხედვით, პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში, კიდევ უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გატარება გახდება საჭირო, რაც თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, კაპიტალური ხარჯების მასშტაბური შემცირების წინაპირობა შეიძლება გახდეს. საბოლოო ჯამში, ეს გარემოება შეიძლება უარყოფითად აისახოს ეკონომიკურ აქტივობებზე საშუალოვადიან პერიოდში.
ძირითად ფისკალურ ინდიკატორებზე საუბრისას ხეთაგურმა განიხილა ფისკალური ბალანსის მოცულობა და აღნიშნა, რომ 2016 წლის მოსალოდნელი მაჩვენებელი (-3%) 2015 წლის მაჩვენებელთან (-2.7%) შედარებით გაუარესდა. განხილულ იქნა 2016 წლის ციკლურად კორექტირებული და სტრუქტურული დეფიციტის მოსალოდნელი მაჩვენებლებიც და აღინიშნა, რომ წინა წელთან შედარებით, ბიუჯეტის დეფიციტის ეს მაჩვენებლები ზრდის ტენდენციას ავლენენ.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით, ხეთაგურმა აღნიშნა, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის კვლევაში მოცემული მაჩვენებელი (7,940 მლნ ლარი) 2016 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მაჩვენებელს 2.1%-ით, ანუ 160 მლნ ლარით აჭარბებს. ხეთაგურის განცხადებით, მსგავსი სხვაობა გამოწვეულია კვლევის მეთოდოლოგიური თავისებურებებით, რაც გამოიხატა მოგების გადასახადისა (16.1%-ით ზრდა) და დამატებითი ღირებულების გადასახადის (2.4%-ით ზრდა) მაჩვენებლის ზრდაში.
პარტია „თავისუფალი დემოკრატები“-ს წარმომადგენელმა - დავით ონოფრიშვილმა გააკრიტიკა მთავრობის მიერ შეთავაზებული 2016 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტი და აღნიშნა, რომ მთავრობამ არ აპირებს განახორციელოს ის რეფორმები, რაც დაპირებული 4-5%-იანი ეკონომიკური ზრდისთვის არის აუცილებელი. ონოფრიშვილმა ასევე შეაფასა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია “საქართველო 2020”-ის განხორციელების პროცესი და აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურების ფონზე, როდესაც ეკონომიკა საშუალოდ მხოლოდ 3%-ით იზრდება, მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგიის მიზნების მიღწევა ვერ ხერხდება.
აკაკი ცომაიამ განიხილა 2015 წლის და 2016 წლის ბიუჯეტების პარამეტრები და აღნიშნა, რომ წინა წლის მსგავსად, 2016 წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტი კვლავ განათლებასა და სოციალურ ხარჯებზე არის მიმართული. ცომაიას შეფასებით, 2016 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი არ არის ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული, “რადგან უფასო ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მომსახურეობა შეუთავსებელია ეკონომიკურ ზრდასთან”. მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ეკონომიკური ზრდის აღქმა არის მცდარი, რადგან მთავრობა ცდილობს გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხაზს უსვამს კრედიტების და სუბსიდიების როლს ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ცომაიას განცხადებით, ამგვარი პოლიტიკის გატარება ხდება არასაბაზრო განაკვეთით, რაც ზრდის მსგავსი კრედიტების აღების მსურველთა რიცხვს და შესაბამისად იმატებს იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც არაეფექტიანად იყენებს შეთავაზებულ კრედიტს.
ცომაიამ ასევე ისაუბრა ხარჯების ეფექტიანობაზე და განიხილა “განიავებული” საბიუჯეტო ხარჯები. მისი განცხადებით, არსებულ პროგრამულ ბიუჯეტში ძნელია ისეთი სტრატეგიის პოვნა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად ხარჯების დადგენა და მისი სიკეთის მაჩვენებელთან შედარება. განიავებულ ხარჯებში მოხსენიებული იყო გრძელვადიანი კრედიტები (640 მლნ ლარი), საყოველთაო ჯანდაცვა (800 მლნ ლარი), უმაღლესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამები (174 მლნ ლარი), შეღავათიანი აგროკრედიტები (50 მლნ ლარი), რთველის ხელშემწყობი ღონისძიებები (25 მლნ ლარი).
ცომაიას განცხადებით, განიავებული 2 მლრდ-მდე ლარი ეს არის ქვეყნის ერთი წლის იმპორტი (ბუნებრივი აირი და სამკურნალო საშუალებები), თითქმის მთლიანი ექსპორტი, ფულადი გზავნილები, მოგების და აქციზის გადასახადის შემცირების და თითქმის 100%-იანი პენსიების ზრდის შესაძლებლობა.
ლაშა არევაძემ ისაუბრა ბიუჯეტის მდგრადობაზე, ფისკალური პოლიტიკის ციკლურობასა და ბიუჯეტის სტრუქტურაზე.
მოხსენებების შემდეგ დისკუსია გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რა დროსაც ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებს რეპლიკებისა და კითხვების სახით, დისკუსიაში ჩართვის და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება მიეცათ.
იხილეთ ფოტო ალბომი