IDFI-ის აზერბაიჯანული პარტნიორი ორგანიზაციის დირექტორი აგვისტოდან შვეიცარიის საელჩოს აფარებს თავს

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 5 მარტი 2015

IDFI-ის აზერბაიჯანული პარტნიორი ორგანიზაციის, „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის” (IRFS) დირექტორი ემინ ჰუსეინოვი იძულებულია 2014 წლის 11 აგვისტოდან თავი შეაფაროს შვეიცარიის საელჩოს ბაქოში. ამის შესახებ ინფორმაცია 2015 წლის 11 თებერვალს გაავრცელა შვეიცარიის ნაციონალურმა ტელევიზიამ გადაცემაში „Rundschau”. როგორც ირკვევა, ემინ ჰუსეინოვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ არც მის ოჯახის წევრებს და არც თანამშრომლებს. მათ ემინ ჰუსეინოვთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონიათ.


ემინ ჰუსეინოვმა თავშესაფარი მას შემდეგ ითხოვა, რაც 2014 წლის 8 აგვისტოს „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის” (IRFS) ოფისი აზერბაიჯანის სამართალდამცავმა ორგანოებმა გაჩხრიკეს. ჩხრეკის შედეგად აღიწერა ორგანიზაციის კუთვნილი დოკუმენტები და ოფისის აღჭურვილობა, ხოლო ოფისი დღემდე დალუქულია. ასევე გაუქმებულია ორგანიზაციის ვებ-გვერდი. ამის მიუხედავად, ორგანიზაციის თანამშრომლები შეძლებისდაგვარად ცდილობენ გააგრძელონ საქმიანობა.


ინფორმაცია ემინ ჰუსეინოვის ადგილსამყოფელის შესახებ დაადასტურა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სამინისტროს განცხადებით, ემინ ჰუსეინოვს თავშესაფარი მიეცა ჰუმანიტარული მიზნებით, რის შემდეგაც შვეიცარიის სახელმწიფო აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და ოფიციალურ პირებთან ერთად განიხილავს შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გზებს. თუმცა, როგორც შვეიცარიის არხზე გასული გადაცემის ავტორები მიიჩნევენ, ჰუსეინოვის საელჩოში ყოფნა არც თუ ისე სახარბიელოა შვეიცარიისა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობებისთვის იმის ფონზე, როდესაც დაგეგმილია აზერბაიჯანის SOCAR-ის ინვესტიცია შვეიცარიის ბენზინგასამართი სადგურების ქსელ ECCO-ში და შვეიცარიული კომპანიის მონაწილეობა ტრანსადრიატიკული გაზსადენის პროექტში, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანის გაზი უნდა მიეწოდოს ევროპას.


ემინ ჰუსეინოვის მიმალვის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლებრივი სხვადასხვა დანაშაულისთვის, როგორიცაა გადასახადებისთვის თავის არიდება, უკანონო ბიზნეს საქმიანობა და უფლებამოსილების გადამეტება. ჰუსეინოვი 2014 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების უპრეცედენტო რეპრესიების ფონზე მიიმალა. ამავე პერიოდში დაკავებულ იქნა არაერთი უფლებადამცველი, როგორიცაა მაგ. რასულ ჯაფაროვი, ინტიგამ ალიევი, ლეილა იუნუსი, არიფ იუნუსი, ანარ მამადლი, ბაშირ სულეიმანლი ა.შ. თითოეულს მსგავსი ბრალი წაეყენა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ემინ ჰუსეინოვი დაუპირისპირდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას. 2003 და 2008 წლებში ის პოლიციის მიერ ცემის შემდეგ მძიმედ დაშავდა, რის გამოც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.


ორგანიზაციის წინააღმდეგ ქმედებები მხოლოდ დირექტორის მიმართ განხორციელებული ზეწოლით როდი შემოიფარგლა. დაკავებული იყო ემინ ჰუსეინოვის ძმა, და ამავდროულად IRFS-ის ერთ-ერთი თანამშრომელი და ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი. მეჰმან ჰუსეინოვი დააკავეს 2013 წელს და მას აეკრძალა ქვეყნის დატოვება ოსლოში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც მას უნდა გადასცემოდა ფრიტ ორდ ფონდისგან (Fritt Ord Foundation) ჟურნალისტური ჯილდო. მეჰმან ჰუსეინოვს ჯერ კიდევ არ აქვს ქვეყნის დატოვების უფლება. 2014 წლის 10 ნოემბერს ის კიდევ ერთხელ დააკავეს ბაქოს აეროპორტში და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. 2014 წლის 1 დეკემბერს მეჰმან ჰუსეინოვს გაურკვეველი მიზეზით ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები. ასევე, დაკითხეს ემინ ჰუსეინოვის დედა. ზეწოლა ხორციელდება IRFS-ის სხვა თანამშრომლებზეც. ორგანიზაციის იურისტს გიუნაი ისმაილოვას საკუთარი სახლის სადარბაზოში უცხო პირი დაესხა თავს. ასევე დაიკითხა ორგანიზაციის კიდევ ერთი თანამშრომლის დედა.

 

ნორვეგიული ფონდის “ადამიანის უფლებათა სახლის” ადვოკატირების მიმართულების ხელმძღვანელის ფლორიან ირმინგერის განცხადებით, შვეიცარიის საელჩოში ემინ ჰუსეინოვის მიმალვა გამართლებულია აზერბაიჯანში მიმდინარე რეპრესიებით, ცრუ ბრალდებებით უფლებადამცველების წინააღმდეგ, და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის არარსებობით, რა პირობებშიც ისინი მოკლებულნი არიან სასამართლოს წინაშე საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ “ადამიანის უფლებათა სახლის” ოფისმა ბაქოში 2011 წლის 10 მარტს მიიღო აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს ბრძანება, შეეწყვიტა ქვეყანაში ყველანაირი საქმიანობა, მანამ სანამ არ გააფორმებდა შეთანხმებას აზერიბაიჯანის ხელისუფლებასთან. ორგანიზაციის ოფისი დღემდე დაკეტილია.


ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მიმართეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას ემინ ჰუსეინოვის წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნით. მაგალითად, "ადამიანის უფლებათა სახლის" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები, აშშ-ს კონგრესის ჰელსინკის კომისია, გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი IFEX და სხვ. მოუწოდებენ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ემინ ჰუსეინოვისა და მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისკენ.


ემინ ჰუსეინოვი საერთაშორისო დონეზე ცნობილი ჟურნალისტი, უფლებადამცველი და ორგანიზაციის „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის” (IRFS) დირექტორია. IRFS 2006 წელს დაარსდა ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიერ, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, როგორც მთავრობის მიერ პრესისა და გამოხატვის თავისუფლებაზე მზარდი ზეწოლის პასუხი.

 

აღსანიშნავია, რომ IRFS „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ორგანიზაციაა. IRFS-თან ინსტიტუტს 2009 წლიდან აქვს თანამშრომლობა და განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი. ხოლო ბოლო პროექტი „ინტერნეტ-თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“, ჰოლანდიური ორგანიზაცია Stichting Free Press Unlimited-ის კოორდინირებითა და საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2013-2014 წლებში განახორციელა. პროექტის ფარგლებში შექმნილია ონლაინ პლატფორმა www.freedomtointernet.com, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინტერნეტ-ცენზურისა და ინტერნეტის უფლების დარღვევის ფაქტების და შემთხვევების შესახებ განცხადების დაფიქსირება, ინტერნეტთან დაკავშირებული დარღვევების მაღალი სტატისტიკის მქონე ქვეყნების ნახვა რუკაზე ა.შ.

 

IDFI უერთდება საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა მოწოდებებს შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა IRFS-ის დირექტორის წინააღმდეგ. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ემინ ჰუსეინოვს საშუალება მიეცემა დაუბრუნდეს საკუთარ საქმიანობას და გააგრძელოს მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023