ციფრული სერვისები, როგორც სახელმწიფოს, ბიზნესსა და მოქალაქეებს შორის ინტერაქციის პირდაპირი საშუალება MY.GOV.GE-ს მაგალითზე

კორუფციასთან ბრძოლა | ბლოგპოსტები 23 იანვარი 2022

სტატია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოცხადებული ანალიტიკური სტატიების კონკურსისთვის თემაზე „საჯარო მმართველობის რეფორმა  საქართველოში“. ნაშრომის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს IDFI-ის/ევროკავშირის შეხედულებებს.

 

სტატიის ავტორი: ნინო ტაგანაშვილი 

 

მთავარი მიგნებები

 

- მოქალაქის პორტალზე განთავსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას აფერხებს ინტერნეტ და კომპიუტერული უნარების არასათანადოდ ფლობა, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომის შეზღუდულობა, განსაკუთრებით დაბებსა თუ სოფლად;

 

- უამრავ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელთა მიღება სახლიდან გაუსვლელად, ზედმეტი ფინანსების და დროის დახარჯვის გარეშეა შესაძლებელი;

 

- საგანმანათლებლო კამპანიები საჭირო ინტენსივობით არ ტარდება, აუცილებელია არა მხოლოდ მოქალაქის პორტალის, არამედ ზოგადად სერვისების გაციფრულების მიმართულებით პერიოდული შეხვედრების ორგანიზება;

 

- ჯერ არ არის მიღებული მომსახურების მიმწოდებელი უწყებების სერვისების ადმინისტრირების ერთიანი პროცედურები, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე;

 

- საჯარო ორგანოები ნაკლებ ინიციატივას იჩენენ (განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში) ყველა სერვისის ციფრულად შეთავაზების თვალსაზრისით, არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოების ამ მხრივ დავალდებულების მექანიზმი;

 

- ციფრული საქართველოს ახალი სტრატეგია არ არის განახლებული, ამ ნაწილში მნიშვნელოვანია შესაბამისი სამოქმედო გეგმები უწყებებმა შეიმუშაონ დამოუკიდებლადაც; 

 

- კიბერუსაფრთხოების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით უნდა გაგრძელდეს შესაბამისი ფინანსების მოძიება და ამ მიმართულებით მოქალაქეების დატრენინგება;

 

- სერვისების დიზაინისა თუ რედიზაინის პროცესი კვლავ უნდა გაგრძელდეს, უკუკავშირის მოდელი სრულად უნდა ინტეგრირდეს MY.GOV.GE პორტალზე;

 

- მომხმარებელთა საჭიროებების უკეთ დასაიდენტიფიცირებლად სერვისის შემუშავების და პორტალზე ჩაშვების ეტაპამდე მოქალაქეები სასურველია ჩაერთონ პროცესში - კერძოდ, კონსულტაციების ეტაპზე. 

 

შესავალი

 

საქართველოში ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) შექმნამდე სახელმწიფო უწყებები მეტ-ნაკლებად აწვდიდნენ ინფორმაციას მოქალაქეებს და ბიზნეს სუბიექტებს მათ მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ. უმეტეს შემთხვევაში, მომსახურების მისაღებად საჭირო იყო ადგილზე ვიზიტი, ხშირად ერთი უწყებიდან მეორეში, ამიტომაც მოქალაქეებისთვის რთული იყო დაეიდენტიფიცირებინათ რელევანტური უწყება და სერვისი. ერთიანი ციფრული პორტალის შექმნის მიზანი იყო ციფრული ინფრასტრუქტურის კონსოლიდირება თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის ევროპული პრინციპების საფუძველზე, რომ მაქსიმალურად გაზრდილიყო ინტერნეტისა და ელექტრონული ID ბარათის გამოყენებით სერვისებზე წვდომა, მათი მიწოდება მომხდარიყო მოქნილად და გამჭვირვალედ, დაზოგილიყო დრო და დამატებითი ხარჯები.

 

ძირითადი ნაწილი

 

საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020-ის 2019-2020 წწ. სამოქმედო გეგმის მეოთხე მიმართულების მიზანია საქართველოში სერვისების მიწოდების სისტემის იმდაგვარად გაუმჯობესება, რომ იგი მოქალაქეებზე ორიენტირებული, ხარისხიანი, კარგად ადმინისტრირებადი და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

 

მას შემდეგ, რაც შეიქმნა საჯარო და კერძო სექტორში არსებული ელექტრონული სერვისების ერთიანი მულტიფუნქციური ვებპორტალი, მომხმარებლებისთვის ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპით (რეგისტრაციისა და პორტალის მოხმარების წესებზე დათანხმების შემდეგ) ხელმისაწვდომი გახდა ასობით სერვისი. უნიკალური და უსაფრთხო ავთენტიფიკაციის შესაძლებლობის გარდა პორტალს დაემატა გადახდის ფუნქციონალი, პერსონალური მონაცემების დაცვითა და შესაბამისი კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერით.

 

პორტალზე ინტეგრირებულია როგორც საინფორმაციო, ასევე ტრანზაქციული (ფუნქციური) სერვისები. სახელმწიფო სერვისების სფეროში MY.GOV.GE-ის დანერგვით მოქალაქეები საჯარო უწყებებს დაუკავშირდნენ მარტივად, თანაბარ პირობებში, მიუხედავად მათი გეოგრაფიული განაწილებისა. გამარტივდა თავად საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლა, შემცირდა ადმინისტრაციული ტვირთი, რომელიც სხვა შემთხვევაში მოქალაქეს უნდა დაკისრებოდა. „უპირობოდ ციფრული“ (digital by default) და „მხოლოდ ერთხელ“ (once only) პრინციპების დანერგვამ მნიშვნელოვნად დაზოგა გასაწევი ხარჯები, დაჩქარდა გადაწყვეტილების მიღების პროცედურა. სერვისების გაციფრულებამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი მეტ-ნაკლებად ღია და გამჭვირვალე გახადა, შესაბამისად, კორუფციული რისკების შემცირების თვალსაზრისით გადაიდგა პროგრესული ნაბიჯები. პროცესების ავტომატიზაციამ შეამცირა „ადამიანური შეცდომების“ (human errors) დაშვების ალბათობა, საჯარო მოხელეების მიერ ფართო დისკრეციული უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლები გაცილებით შემჭიდროვდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, გარემოსა და ელექტრონული სერვისების მიწოდებას შორის კავშირი, თუ  აქამდე, როგორც უწყებას, ასევე მოქალაქეს უხდებოდა უამრავი ფურცლის, როგორც სახარჯი მასალის, გამოყენება, ასობით მომსახურების ელექტრონულად მიღების შესაძლებლობამ, გარემოზე ზემოქმედების კუთხით პოზიტიური გავლენა იქონია - პორტალზე ყველა საჭირო დოკუმენტის ჩამოტვირთვა არის შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ პორტალის მომხმარებლებს თავად მიეცათ ინფორმაციის კონტროლის შესაძლებლობა - წარდგენილი დოკუმენტების ჩასწორების ფუნქციონალით. გამოყენებულია მარტივი, აღქმადი / value-adding გრაფიკული დიზაინი, მოცემულია მოკლე და ზუსტი ფორმულირებები, ნაკლებად არის გამოყენებული „ბიუროკრატიული ენა“. 

 

იხ. სერვისების რაოდენობის ცვლილება წლების მიხედვით

 





MY.GOV.GE-ს დანერგვა და მობილურ რეჟიმში ციფრული სერვისების შეთავაზება ცალსახად პროგრესული და ინოვაციური ნაბიჯია, რასაც მოწმობს ზემოთ აღწერილი უპირატესობები, რომლებიც პორტალს გააჩნია. თუმცა, მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, სერვისების გაციფრულების და საზოგადოების ხელმისაწვდომობის კუთხით, სახეზეა გამოწვევები სხვადასხვა მიმართულებით. ამან განაპირობა ისიც, რომ საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ ამოცანად (4.5) სწორედ სახელმწიფო და კერძო სექტორის ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება დასახელდა MY.GOV.GE-ს სხვადასხვა დამატებითი შესაძლებლობის აღჭურვის გზით. განისაზღვრა შესაბამისი ამოცანის შედეგის ინდიკატორი - My.gov.ge-ზე სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდილი რაოდენობა. გამომდინარე იქიდან, რომ ამოცანა მიზნად ისახავს ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, მნიშვნელოვანია მოცემულმა ინდიკატორმა ზუსტად გაზომოს, რამდენად არის შესაბამისი მიზანი მიღწევადი. თუ ჩავთვლით, რომ კერძო და საჯარო სერვისების რაოდენობა ერთი ორად გაიზარდა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას აქვს სრული ხელმისაწვდომობა სერვისებზე, პროცესი შეიძლება სხვა დამატებითი ფაქტორების გამო შეფერხდეს (დაბალი ცნობიერება, შესაბამისი ინტერნეტის მოხმარების უნარ-ჩვევების ნაკლებობა და სხვ.), შესაძლოა სერვისის მომხმარებელთა რაოდენობაც გაიზარდოს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით უკუკავშირი იყოს უარყოფითი. გაციფრულების მიზანი არის არა ზოგადად სერვისის, არამედ ხარისხიანი სერვისის შეთავაზება, ამიტომაც გაზომვადი და ამავდროულად ამბიციური ინდიკატორების შემუშავებას დიდი მნიშვნელობა აქვს, პროგრესის და გამოწვევების შესაფასებლად. რაც შეეხება აქტივობის შედეგის ინდიკატორებს, პირველი მათგანი (4.5.1.1) ითვალისწინებს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მიწოდების რეგულირებისათვის საკანონმდებლო ცვლილების მომზადებას და მთავრობისთვის წარდგენას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (სზაკ) მოქმედი ვერსია არ იცნობს სერვისის (მათ შორის, არც ელ. სერვისის) განმარტებას; საჯარო სერვისის მიწოდება ცალსახად გულისხმობს ადმინისტრაციული საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, რადგან ეს არის ისეთი საქმიანობა, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომლითაც მას განსაზღვრული აქვს ამ სერვისის მიწოდება და უფლებამოსილია სერვისის მიწოდება დაავალოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და იგი მიმართულია დაინტერესებული პირის კანონიერი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად; ელექტრონული სერვისების შემთხვევაში კი განსხვავებულია მომსახურების მიწოდების მეთოდი და გამოიყენება საინფორმაციო და საკომუნიკაციო არხები. მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, ქართული ადმინისტრაციული კანონმდებლობა და სზაკ-ის მოქმედი რედაქცია არ აღნიშნავს ელექტრონული სერვისის დეფინიციას, სახელმწიფოს და საჯარო უწყებებს უპირობოდ აქვთ ვალდებულება მიაწოდონ მოქალაქეებს მსგავსი სერვისები, მათ შორის: მუნიციპალური, სოციალური, შსს მომსახურების სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული სერვისები, რომლის შესახებაც ინფორმაციას სხვა მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებშიც ვხვდებით. აქედანაც ნათელია, რომ ასეთი მოწესრიგება მეტად ფრაგმენტულია და საჭიროებს სისტემატიზაციას. ერთიანი სამართლებრივი ბაზის შექმნით გამოირიცხება ორაზროვნება, და არაერთგვაროვნება. სერვისების მიწოდების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება საკანონმდებლო მოწესრიგების გარეშე აზრს მოკლებულია. ამ ეტაპზე კანონში შესატან ცვლილებებზე მიმდინარეობს მუშაობა. 

 

სამოქმედო გეგმით (აქტივობა 4.5.2) განსაზღვრული იყო ასევე მხედველობადაქვეითებული მომხმარებლებისათვის გარემოს ადაპტირება. ციფრული ინკლუზიის მისაღწევად  მნიშვნელოვანია კონტექსტ მეგობრული / inclusive by design სერვისების მიწოდება. თავსებადობის მენიუდან მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს  ხმოვანი რეჟიმი, კონტრასტი, შრიფტი, განლაგება. მსგავსი ადაპტირებული სერვისები არ არის შემოთავაზებული ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის, ალბანურ პორტალზე -  E-albania, არც უკრაინულ პორტალზე Diia ან სერბულ პლატფორმაზე -  euprava.gov.rs.

 

რაც შეეხება კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც უკავშირდება პორტალზე განთავსებული ელექტრონული სერვისების გამოყენების სასწავლო ვიდეო მასალის განთავსებას, ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა პროგრესი კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით გარკვეულწილად შეფერხდა. პორტალზე დღეს არ არის ხელმისაწვდომი ონლაინ დახმარების მექანიზმი (assistant chat-box), როდესაც ოპერატორი (ან შესაბამისი ალგორითმით მომუშავე სისტემა) მობილურ რეჟიმში გაუწევს დახმარებას მომხმარებელს, მაგალითად, ისე როგორც ეს ლატვიის ელექტრონულ პორტალზეა შესაძლებელი.

 

სერვისების გაციფრულების თვალსაზრისით უამრავ სხვა გამოწვევას ვაწყდებით, დაბალია საზოგადოების ცნობიერების დონე ციფრულ სერვისებთან მიმართებით, განსაკუთრებით მოხუცი ადამიანებისთვის, რომლებსაც, შესაძლოა არ ჰქონდეთ საჭირო უნარები (low e-literacy) ტექნოლოგიებთან სამუშაოდ. 

 

პრობლემაა ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაზე არასაკმარისი წვდომაც. კვლევებით დასტურდება, რომ მეზობელ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ინტერნეტზე ყველაზე დაბალი ხელმისაწვდომობა საქართველოს (63%) და უკრაინის მოქალაქეებს აქვთ.

 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მაღალსიხშირიან ინტერნეტზე წვდომა ხარისხიანი სერვის მომსახურების მისაღებად. თუ შევხედავთ კომპიუტერით უზრუნველყოფის და ციფრული წიგნიერების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ „საქართველოში შინამეურნეობების მხოლოდ 62% პროცენტი ფლობს კომპიუტერს, ხოლო მოსახლეობის 46% პროცენტი თვლის, რომ არ გააჩნია მის გამოსაყენებლად საჭირო საწყისი ცოდნა“. მობილურის ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა შედარებით მზარდია, თუმცა, ამ ნაწილში ხაზგასასმელია ის, რომ MY.GOV.GE-ს პორტალის მობილური აპლიკაცია შექმნილი არ არის. შედარებისთვის, უკრაინაში შექმნილია „Diia App – Spiika”, რომელიც ელექტრონული სერვისების მიღებას კიდევ უფრო ამარტივებს. 

 

პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ საჯარო მოხელეებს (განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე) არ აქვთ ხედვა, თუ როგორ შეიძლება ციფრული ტექნოლოგიების წყალობით საჯარო მართვის პროცესი უკეთესი გახდეს. 

 

MY.GOV.GE-ს სარგებლობისთვის ერთ-ერთი ალტერნატიული გზა არის ID ბარათი, თუმცა როგორც ირკვევა, 2019 წლისთვის ელექტრონულ მოწმობის მფლობელთა უმრავლესობას (84%) ელექტრონული ოპერაციის განსახორციელებლად ID ბარათი არასდროს გამოუყენებია. 

 



იხ. ელექტრონული ID ბარათის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი საქართველოსა და ესტონეთში

 

გარდა ამისა, ელექტრონული სერვისებისადმი ნაკლები სანდოობა ხშირად გამოწვეულია როგორც პერსონალური მონაცემების არასათანადოდ დაცვის რისკებით, ასევე კიბერუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის ნაკლები მხარდაჭერით. ინფორმაციულ-ტექნოლოგიური პროგრამების, შესაბამისი ლიცენზიების განახლება დიდ ფინანსურ რესურს საჭიროებს. კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და პერსონალურ მონაცემთა ეფექტიანი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია სერვისის მიწოდების საიმედოობისა და საზოგადოების ნდობის ამაღლების თვალსაზრისით. 

 

სახელმწიფოსა და მომხმარებლებს შორის სერვისის მიწოდების და საჭიროების თანხვედრის მხრივ ხშირად სახეზეა შეუსაბამობა, უნდა იდენტიფიცირდეს მომხმარებელთა მოთხოვნები და შესაბამისი სერვისები იქნას შეთავაზებული. მაგალითად, დღეს კოვიდ პასპორტის აღების სერვისი განსაკუთრებით მოთხოვნადია, რომლის აღებაც იუსტიციის სახლებსა და სერვის ცენტრებშია შესაძლებელი. სასურველია ეს სერვისი ინტეგრირდეს MY.GOV.GE-ს პორტალზე. საინტერესოა უკრაინული პრაქტიკაც, სადაც ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო მოქალაქეებს იწვევს ახალი სერვისების ტესტირების ეტაპზე, სანამ ახალი სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის, რაც ამ პროცესში მოქალაქეთა ზუსტი საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ელექტრონული მონაწილეობის კარგი მაგალითია. 

 

 

B. Klievink, M. Janssen / Government Information Quarterly 26 (2009) 275-284

 

მოქალაქის პორტალის უპირატესობებისა და ნაკლოვანებების ანალიზის შედეგად, ვფიქრობ, საქართველო ციფრული მმართველობის განვითარების მესამე საფეხურზეა. გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელია ამბიციური სამოქმედო გეგმებისა და სტრატეგიების შემუშავება, მოქალაქეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და სერვისების გაციფრულების და ზოგადად დიჯიტალიზაციის დადებით შედეგებზე უწყვეტი დიალოგის წარმოება. 

 

რეკომენდაციები

 

ელექტრონულ სერვისებთან წვდომის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია გადაიდგას რიგი ნაბიჯები, კერძოდ:

 

- უნდა დაიხვეწოს IT ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში მნიშვნელოვანია მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;  

 

- აუცილებელია გაგრძელდეს ცნობიერების ამაღლების კამპანია - ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვანი იქნება სხვადასხვა აქტივობის (ვიდეო რგოლების, ბროშურების, რადიო თუ ტელემაუწყებლის მეშვეობით) დაბალი ცნობიერების გაზრდა არა მხოლოდ ვებპორტალების, არამედ ზოგადად, ელექტრონული მმართველობის სარგებლიანობის შესახებ. მსგავს საკითხებზე უნდა გაიზარდოს ინფორმირებულობის ხარისხი როგორც მოქალაქეებში, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებში. უნდა შემუშავდეს კონკრეტული სამოქმედო მოდულები - ვინ გადამზადდება, რა ინტენსივობით და შეფასდეს მიღწეული შედეგები. ამ ნაწილში, ასევე რელევანტურია უკვე არსებული სახელმძღვანელოების და გამოცემების განახლებაც;

 

- მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოების სერვისების მიწოდების ადმინისტრირების საერთო პროცედურებით ხელმძღვანელობისა და ერთიანი პოლიტიკის შემუშავების მიზნით უნდა გაგრძელდეს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე; 

 

- ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ, რომ ყველა ელექტრონული სერვისი განათავსონ მოქალაქეთა პორტალზე;

 

- უნდა განახლდეს „ციფრული საქართველო 2014-2018 წწ" სტრატეგია და ყველა უწყებისთვის სავალდებულო გახდეს „გაციფრულების“ გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის დამოუკიდებლად შემუშავება;

 

- უმთავრესია ნდობის ამაღლება, რომელიც უპირველესად მიიღწევა კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერით. ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება, საინფორმაციო სისტემების გამართულად უზრუნველყოფისათვის საჭიროა შესაბამისი ფინანსური რესურსების მოძიება;

 

- სერვისების დიზაინისა თუ რედიზაინის პროცესი ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, უკუკავშირის შედეგად მიღებული ინფორმაცია მუდმივად უნდა დამუშავდეს, შემდგომ პროცესების კიდევ უფრო დახვეწის მიზნით. 

 

დასკვნა

 

ამრიგად, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები წამყვან როლს ასრულებს საჯარო მმართველობის წარმატებით განხორციელებაში, თუმცა პოლიტიკური ნება, სისტემატიზირებული, განახლებული კანონმდებლობა და ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა სერვისების მიწოდების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელი ფაქტორებია.  ციფრული გადაწყვეტილების მიღება გავლენას ახდენს არა მხოლოდ მოქალაქეებისა და სახელმწიფო ორგანოების ურთიერთობაზე, არამედ უწყებების შიდა მართვის სისტემებზეც. თუმცა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ელექტრონული სერვისების მიწოდებით უმჯობესდება თავად მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი ქალაქებში, დაბებსა თუ სოფლად. ელექტრონული სერვისების გამოყენებით მოქალაქეებს აქვთ გაცილებით დიდი პლატფორმა, აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მსგავს ჩართულობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები კი საბოლოო პერსპექტივაში გაცილებით სარგებლიანი, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებულია.

 

ელექტრონული მულტიფუნქციური  ციფრული პორტალების გამოყენება უკვე გარდაუვალია, რათა შევქმნათ SMART (მარტივი, ეთიკური, ანგარიშვალდებული, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე) მთავრობა. თუმცა სახელმწიფოებმა უნდა დაიწყონ ელექტრონული მთავრობის ინიციატივების აქტიურად და რაციონალურად ადვოკატირება. სტატიაში აღწერილი პორტალი კი ემსახურება მდგრადი,  მოქნილი, ინოვაციური და დემოკრატიული საჯარო მმართველობის მიღწევას.

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

1. კვლევა - ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ტენდენციები საქართველოში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, 2020;

 

2. ბ. კლევნიკი, მ. იანსენ, „ინტეგრალური მთავრობის რეალიზება - დინამიკური შესაძლებლობები და ტრანსფორმაციის მოდელები, კვარტლური სამთავრობო ინფორმაცია 26;

 

3. საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020;

 

4. საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა;

 

5. საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიში, მიმართულება 4: სახელმწიფო სერვისების მიწოდება,   ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;

 

6. საჯარო მმართველობის რეფორმის არსებული მდგომარეობის შუალედური კვლევა, ეისითი, 2019;

 

7. ციფრული საქართველო: წარმატებული განვითარების ათწლეული, მონაცემთა გაცვლის სააგენტო (ციფრული მმართველობის სააგენტო), 2019; 

 

8. საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 – 2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის პროგრეს ანგარიში (იანვარი-ივნისი, 2020), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, აგვისტო, 2020.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023