წყარო: Access Info Europe
მადრიდი, 20 დეკემბერი 2017 – [ინფორმაციის თავისუფლებაზე მომუშავე ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციის] „Access Info Europe-ის“ საჩივრის საფუძველზე ევროპის ომბუდსმენმა დაასკვნა, რომ ევროკომისიის პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, იგი საჯარო დოკუმენტების გამომთხოვ პირებს ვინაობის დასადასტურებლად საფოსტო მისამართს სთხოვს, არის „უპატივცემულო მოქალაქეებისა და მათი ფუნდამენტური უფლებების მიმართ“ და წარმოადგენს „არასწორი ადმინისტრირების“ მაგალითს.
ომბუდსმენმა არ გაიზიარა კომისიის არგუმენტები, რომ საფოსტო მისამართის მოთხოვნა აუცილებელი იყო „საჯარო ინფორმაციასთან წვდომის უფლების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის“ და ასევე პასუხის გაცემის დროს „კანონის განჭვრეტადობის“ უზრუნველსაყოფად. ომბუდსმენის განცხადებით, ეს არგუმენტები „როგორც ფაქტობრივად ისე სამართლებრივად არასწორია“.
არსებული პოლიტიკის მიხედვით, საფოსტო მისამართის მითითების გარეშე კომისია არ არეგისტრირებს ელფოსტის ან AsktheEU.org-ის საშუალებით მიღებულ მოთხოვნებს, პასუხის გაცემისას კი იგი ზოგჯერ იყენებს ძვირადღირებულ კურიერულ მომსახურებას, როგორიცაა DHL.
Access Info მიესალმება ომბუდსმენის გადაწყვეტილებას და მის მოსაზრებას, რომ „21-ე საუკუნეში კომისიის ეს პრაქტიკა არქაულია“ და რომ იგი „ეწინააღმდეგება კომისიისავე რჩევას ევროკავშირის ადმინისტრაციისადმი, მაქსიმალურად გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებები“.
ორგანიზაციის დირექტორის ჰელენ დარბიშირის თქმით, „ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იგი ეხება ევროპის 512 მილიონი მოქალაქის ძირითად უფლებას, ყველაზე მარტივი გზით მოსთხოვონ ევროკავშირს ინფორმაცია“.
„როგორც ომბუდსმენი ამბობს, არჩევანი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება, თავად მოქალაქეს უნდა ეკუთვნოდეს. ბევრისთვის საფოსტო გზავნილი კომუნიკაციის ზედმეტი და არასაჭირო ფორმაა,“ - ამბობს დარბიშირი.
საფოსტო მისამართის მოთხოვნის პოლიტიკა მრავალ პრობლემას წარმოშობს: ჭიანურდება მოთხოვნათა რეგისტრაცია; ბინადრობის ადგილის მოთხოვნა აფრთხობს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლოა სურდეთ ინფორმაციის გამოთხოვა; ინფორმაცია ხანდახან იგზავნება მხოლოდ ფოსტით, არაელექტრონულ ფორმატში.
Access Info-ს აზრით, საჯარო ინფორმაციის მომთხოვნი პირის ვინაობას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს ფუნდამენტური უფლებაა, რომლითაც ევროკავშირის ნებისმიერი მოქალაქე სარგებლობს: თუ ინფორმაცია საჯაროა ერთი ადამიანისთვის, მაშინ ის ყველასთვის არის საჯარო!