სიკვდილი, როგორც საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნარატივი საქართველოში

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ბლოგპოსტები 29 სექტემბერი 2021

ავტორები:

ნინო გოზალიშვილი

ანტონ ვაჭარაძე

 

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ქვეყანა დემოკრატიზაციის გზას უნდა დასდგომოდა, ქართული პოლიტიკა ემოციების, პირადი ანგარიშსწორების, მოწინააღმდეგის პიროვნული მარგინალიზაციისა და საზოგადოების ინფორმაციული მანიპულირების არენად იქცა. ამ პლატფორმაზე კი სიკვდილი დღემდე ერთ-ერთ მამოძრავებელ როლს თამაშობს. მოწინააღმდეგე პარტიებისა და კანდიდატების ამა თუ იმ მკვლელობასთან დაკავშირება კი პოლიტიკური სუბიექტებისთვის საკუთარი კამპანიის პრიორიტეტად იქცა.

 

არჩევნები დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია და მისი საშუალებით ძალაუფლების გადაცემა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე მეტყველებს. ამ კუთხით საქართველო კვლავ განვითარების გზას ადგას, თუმცა ბოლო პერიოდში სწორედ არჩევნებსა და პოლიტიკურ პოლარიზაციასთან დაკავშირებული მოვლენების გამო, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება უკუსვლით ფასდება არაერთი საერთაშორისო აქტორის მიერ.

 

დღეს, როდესაც ქვეყანა კვლავ იმკის გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ეფექტს, 2021 წლის ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებულად პოლარიზებული და დაძაბული კამპანიით გამოირჩევა. სექტემბრის შუა რიცხვებში ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების ამსახველი, ნეგატიური ხასიათის ბანერები გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებადი სტატისტიკის ფონზეც კი, ქუჩებსა და მედია სივრცეში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის კამპანია, პირდაპირი მნიშვნელობით, “გადაფარა” პოლიტიკური შინაარსის ე.წ. “სისხლიანმა ბანერებმა”. თავდაპირველად ბანერების დამკვეთის ვინაობა საზოგადოებისთვის უცნობი იყო, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში  პოლიტიკური ბანერების ანონიმურად განთავსება საჯარო სივრცეში საქართველოს საარჩევნო კოდექსით მკაცრად რეგულირებულია (მუხლი 46). ბანერები არა მხოლოდ შეიცავს სიძულვილის ენას, არამედ ვიზუალურადაც სისხლის ეფექტების ფონზე გამოსახავს პოლიტიკურ და მედია აქტორებს, რაც კიდევ ერთხელ, ოპონენტების არა პოლიტიკური, არამედ მორალური დელეგიტიმიზაციის მცდელობას ასახავს. რამდენიმე დღის შემდეგ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა შეაფასა  ე.წ. “სისხლიანი ბანერები” და ისინი  მიამსგავსა წამალს, რომელიც ამომრჩეველს დაეხმარება დაინახოს, თუ “რა არ გვინდა”.  მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ ბანერების დაკვეთაზე პასუხისმგებლობას ქართველი ბიზნესმენი იღებდა. თუმცა, ბანერების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ზემოთ აღნიშნული ნარატივი მიუთითებს, რომ ისინი საარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკური მოტივებით გამოიყენება. 

 

 

მოგვიანებით, ონლაინ სივრცეში გამოჩნდა როგორც აღნიშნული ბანერის ამსახველი პოსტები, ისე მისი საწინააღმდეგო პლაკატები, რომელიც საპირისპირო მიმართულებით, თუმცა კვლავ ემოციებისა და სიკვდილის თემის გამოყენებით ცდილობდა ამჯერად მმართველ პოლიტიკურ ჯგუფთან ასოცირებული პირის დელეგიტიმიზაციას.

 

 

ონლაინ სივრცეში გავრცელებული პოსტი/პლაკატი ქართული ოცნების დამაარსებელს, ბიძინა ივანიშვილს, იმ გარდაცვლილ პირთა სურათების შუაში ათავსებს, რომელთა საქმეებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში პოლიტიკური განხილვის საგნად იქცა. ამრიგად, საპასუხო რეაქციაც იმავე, მორალური, სიკვდილთან დაკავშირებული ნარატივებით შედგა. საბოლოო ჯამში, ზემოთ აღნიშნული მასალები არა მხოლოდ ხელს უწყობს პოლიტიკურ პოლარიზაციის გაღრმავებას, არამედ არ აძლევს საშუალებას ამომრჩეველს, მიიღოს კანდიდატების პროგრამულად რელევანტური ინფორმაცია  და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქალაქში, მრავალ ადგილას განთავსებული "სისხლიანი ბანერების" და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ზემოაღნიშნული პოსტერის საზოგადოებრივი გავლენა არათანაბარია და შინაარსობრივი მსგავსების მიუხედავად, წინასაარჩევნო პერიოდზე გავლენის კუთხით, ერთმანეთის საპირწონედ არ შეიძლება ჩაითვალოს.

 

 

წყარო:https://tabula.ge/ge/news/670664-ara-natsebs-ara-borotebas-dzveli-plakatebi

 

აღსანიშნავია, რომ სიძულვილის ენის შემცველი ბანერები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც გამოიყენებოდა. ამაზე მიუთითებდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშიც. ნეგატიური ხასიათის პოსტერები ქალაქის გარშემო და ონლაინ სივრცეში გავრცელება, ანგარიშის მიხედვით, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ იყო გამოყენებული. მსგავსი შინაარსის Ზოგიერთი  ბანერი მაშინ საარჩევნო კანდიდატების სურათების ნაცვლადაც განთავსდა. აღნიშნული აქტი გარკვეულწილად ასახავს საარჩევნო კამპანიის ტრაექტორიას: ნაცვლად პოლიტიკური აქტორების გაცნობისა და მათი იდეების წარმოჩენისა, საკუთარ პოლიტიკურ კამპანიაში მოწინააღმდეგე ჯგუფის დისკრედიტაცია მეტად სტრატეგიულ ნაბიჯად არის ჩათვლილი.

 

ეიძლება ითქვას, რომ ქართულ პოლიტიკაში თეორიულ წინამძღვრებს ენდრიუ ჰეივუდზე მეტად, კვენტინ ტარანტინოს შემოქმედება განსაზღვრავს.

 

2021 წლის 8 სექტემბერს, დაგეგმილ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილის სახით დააკავეს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი. საქმე ინფორმაციულ პლატფორმებზე მალევე იქცა პოლიტიკური განხილვის საგნად.  რამდენიმე ტელეარხმა, ონლაინ საინფორმაციო არხებმა და ფეისბუქის არაერთმა მომხმარებელმა გაავრცელა  ფოტოები, რომლებზეც დაკავებული „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად იდგა.

 

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელის ზოგმა მომხმარებელმა კონტრინფორმაციის გავრცელება და ოპოზიციური პარტიების დადანაშაულება დაიწყო, აწ უკვე გარდაცვლილი, ნიკა რურუას ფოტოების გავრცელებით, რომლის უკან, მათივე მტკიცებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი  რაფაელ მურსაკულოვი იდგა. აღნიშნული პოსტები ემსახურებოდა იმავე პოლიტიკურ მიზანს: მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოპოზიციურ გუნდთან - ნაციონალურ მოძრაობასთან - დაეკავშირებინა და ამით ამ უკანასკნელის მორალური დელეგიტიმაცია გამოეწვია.  10 სექტემბერს რაფაელ მურსაკულოვს წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შემდეგი სასამართლო პროცესი 2021 წლის 1 ნოემბერს ჩაინიშნა.

 

სიკვდილის თემით მანიპულირება ქართული პოლიტიკური სივრცისთვის არახალია. 2012 წელს პირველად მოხდა საქართველოში არჩევნების გზით ძალაუფლების გადაცემა, თუმცა იმდროინდელი საარჩევნო კამპანიაც არა პოლიტიკური დებატებისა და ამომრჩეველთა ინფორმირებულობის, არამედ ოპონენტების მორალური დელეგიტიმაციისკენ იყო მიმართული.

 

ამ პერიოდიდან რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის საქმე გამოძიების დაწყებამდეც კი პოლიტიზებული გახდა და სრულად დაუკავშირდა საარჩევნო კამპანიას. ამ კუთხით აღსანიშნი მაგალითია ე.წ. რაფალიანცის საქმე და მისი გაშუქება. გაშუქების პირველივე წუთებიდან მედია საშუალებებმა აჩვენეს გარდაცვლილის დეიდა, რომელიც "ქართული ოცნების" წევრი იყო და ბავშვის გარდაცვალებას იმ პერიოდში ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას” სწორედ პოლიტიკურ მოტივების გამო აბრალებდა. აღნიშნული საკითხის, რომელიც მალევე პოლიტიკური განხილვის საგნად იქცა, გარშემო მედია საშუალებები  პირადი ცხოვრებისა და პირადი ტრაგედიის გაშუქებას არ ერიდებოდნენ, რაც საზოგადოებისთვის მაპროვოცირებელი და მაპოლარიზებელი აღმოჩნდა. იმავე დღეს, 30 სექტემბერს, პოლიტიკოსებმა თავად მიანიჭეს საქმეს მკვლელობის კვალიფიკაციადა  პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრეს.

 

ამრიგად, ზემოთ აღწერილი საქართველოს პოლიტიკის უახლეს ისტორიაში ტრაგედიებითა და სიკვდილის თემით მანიპულირების ერთ-ერთი მაგალითია. აღსანიშნავია, რომ იმდროინდელი მედიის შეფასებითი ანგარიშები ვებგვერდზე განთავსებულ სტატიებში მედია საშუალებების მიერ “წყაროთა ბალანსის დარღვევასა” და გამოძიების დაწყებამდე (მაგალითად, ბავშვის გარდაცვალების საქმის შემთხვევაში) მკვეთრად პოლიტიკური ნიშნით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრობდა. მედიის წარმომადგენლების მხრიდან მოვლენებზე სუბიექტური და ემოციური შეფასებების გამოხატულება განსაკუთრებით აქტუალური იყო 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ისეთი შეფასებების გაჟღერებით, როგორიცაა „სადისტი“ და „მკვლელი“. სოციალური მედიის გამოყენების მზარდ მაჩვენებელთან ერთად კი, ინფორმაციით მანიპულირებისა და საზოგადოებრივი პოლარიზების ამსახველ სივრცედ ონლაინ მედია გვევლინება.

 

მოგვიანებით, 2016 და 2018 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინარე პერიოდშიც გვხვდება მძიმე მკვლელობათა საქმეების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა და ინფორმაციის მანიპულირების გზით, მათი საარჩევნო კამპანიაში ინკორპორირება. ასეთი იყო, მაგალითად, გახმაურებული საქმეები: მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, გარდაცვლილის მამის, ზაზა სარალიძის ინიციირებული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი - ზვიად კუპრავა - ზოგიერთი მედია საშუალების მთავარი სამიზნე გახდა. ის განხილული იყო როგორც პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ოპოზიციურ “ნაციონალურ მოძრაობასთან” იყო აფილირებული. ამრიგად, დაპირისპირებული ჯგუფები, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ტრაგედიით მანიპულირებაში, განაგრძობდნენ ამ მკვლელობის საქმის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ჭრილში განხილვას.

 

 

წინარეისტორიები 1990-იანებსა და 2000-იანების დასაწყისიდან

 

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში თითოეულ ინტერნეტ მომხმარებელს მედიასთან ფართო წვდომა აქვს. უამრავი ადამიანი სოციალურ პლატფორმებს (ძირითადად, ფეისბუქს) ამა თუ იმ დოზით იყენებს. ხშირად ცალკეული “ინფლუენსერის” ან ცნობადი სახის მიერ გამოთქმული აზრი მეტად უწყობს ხელს საინფორმაციო ველში “ამინდის შექმნას”. ასეთ ფორმაციაში, მკვლელობების თემით პოლიტიკური მანიპულაციები უფრო ადვილია, თუმცა, საქართველოში ეს პრობლემა გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე ონლაინ მედია საშუალებების ასეთი მაღალი მოხმარება დაიწყებოდა...

 

1990-იანი წლების საქართველოში პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ძალიან ხშირად ხდებოდა სისხლიანი ანგარიშსწორებები და თავდასხმები. მათ შორის, პირდაპირ ქუჩებში, დღის საათებში, ხშირად ასობით თვითმხილველის წინაშე კლავდნენ ლიდერ პოლიტიკოსებს, თუმცა, ამის მიუხედავად, თითქმის არც ერთი ეს მკვლელობა არ გახსნილა. ერთი მხრივ, ეს ყველაფერი ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო განუკითხაობასა და სამართალდამცავი სისტემის უუნარობას შეგვიძლია მივაწეროთ.  თუმცა, ოპონენტების მტკიცებით, ხშირად პოლიტიკურ მკვლელობებში თავად ხელისუფალთა ხელიც ერია. საბოლოო ჯამში, მკვლელობები პოლიტიკური და საარჩევნო ბრძოლის ორგანულ ნაწილად იქცეოდა ხოლმე და ოპონენტები ხშირად რომელიმე ადამიანის მკვლელობის დაკვეთაში ერთმანეთს ღიად ადანაშაულებდნენ.

 

1990-იან წლებში ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობა ქართველი პოლიტიკოსის, დისიდენტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ჭანტურიას 1994 წლის 3 დეკემბრის მკვლელობა გახდა. საქმე საბოლოოდ გამოუძიებელი დარჩა, თუმცა სხვადასხვა დროს თავდასხმის ორგანიზება ჰბრალდებოდა პოლიტიკურ ოპონენტებს: მათ შორის ედუარდ შევარდნაძეს.

 

1995 წლის 20 ივნისს საკუთარი სახლის წინ მოკლეს ედუარდ შევარდნაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფონდის - "დემოკრატია და აღორძინება" - პრეზიდენტი - სოლიკო ხაბეიშვილი. 1990-იან წლებში საქართველოში პოლიტიკური მკვლელობები უცხო არ იყო, თუმცა სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია: თუ ყველა პოლიტიკური მკვლელობის უკან შევარდნაძე იდგა, მაშინ ვინ დგას შევარდნაძის მეგობრის მკვლელობის უკან? როგორც მოგვიანებით, სოლიკო ხაბეიშვილის ქვრივი,გიული ურუშაძე ინტერვიუში ამბობდა: “მკვლელობის საქმის გამომძიებელმა კობა ნარჩემაშვილმა მიმანიშნა, რომ მკვლელობის მოტივები პოლიტიკური უნდა ყოფილიყო".

 

წარსული, აწმყო და მომავალი(ც) - გაკვეთილები, მსგავსებები და განსხვავებები

 

ამრიგად, პოსტ-საბჭოთა დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული პოლიტიკური არენა  მუდმივად დატვირთულია ემოციებითა და მორალით მანიპულირებით, ოპონენტების პიროვნული მარგინალიზებისა და, რაც მთავარია, სიკვდილის სათავისოდ გამოყენების მცდელობებით. თუმცა, ისტორიული მოცემულობისგან განსხვავებით, უახლეს წარსულსა და აწმყოში ამ კუთხით რამდენიმე განსხვავებული ტენდენცია გამოვლინდა. პირველ რიგში, აღსანიშნია, რომ თუ 1990-იანებსა და 2000-ების დასაწყისში პოლიტიკურ ასპარეზზე სიკვდილის თემა და მისით მანიპულირება ძირითადად პოლიტიკოსებისა და პოლიტიკასთან დაკავშირებულ პირებზე გადიოდა, თანამედროვე პერიოდში ამ საკითხით მანიპულირებას მსგავსი ფილტრი აღარ გააჩნია და ყველა ასაკის, წარმომავლობისა თუ სოციალური წარმომადგენლობის ადამიანის გარდაცვალება მარტივად შეიძლება გამოიყენონ პოლიტიკურ დაპირისპირებაში – განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში.

 

მეორე აღსანიშნავი ტენდენცია ინფორმაციული ველის გარდაქმნას უკავშირდება. თანამედროვე პერიოდში ინფორმაცია არა მხოლოდ მედია საშუალებების გადაწყვეტილებებითა და მათი cordon sanitaire გავლით ვრცელდება საზოგადოებაში, არამედ მისი გავრცელება უფრო მეტად ჰორიზონტული და საზოგადოებაზე დამოკიდებული გახდა. სხვა სიტყვებით, ალგორითმებზე დაფუძნებულ ონლაინ სივრცეში ნარატივებისა და კონტრნარატივების გავრცელება და მათი მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე კი, განსაკუთრებით ემოციებსა და მორალურ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულირებისთვის საზოგადოება მეტად მოწყვლადია და აღწერილი პროცესი უფრო აღრმავებს სოციალურ ჯგუფებს შორის დეზინტეგრაციის დონეს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024