ავტორი: მარიამ თუთბერიძე
მექსიკა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა. მექსიკის მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ღია მმართველობის პარტნიორობის წინსვლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს, წარმატებული საშინაო რეფორმების განხორციელებისა და რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე პარტნიორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით. 2015 წელს მექსიკამ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტსაც უმასპინძლა. მექსიკელი რეფორმატორები მრავალი მთავრობისთვის ინსპირაციისა და იდეების წყარო იყვნენ საზოგადოების წინაშე მდგარი მძიმე გამოწვევების ღია მმართველობის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების გზით დამარცხების პროცესში.
დღეს, OGP-ის წევრი ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა ყველაზე მძიმე გამოწვევის წინაშე დგას. მექსიკაში დაირღვა პარტნიორობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი - თანამშრომლობა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. მექსიკის ხელისუფლებამ, მიუხედავად ქვეყანაში დანერგილი ღია მმართველობის მაღალი სტანდარტისა, ვერ უზრუნველყო შეენარჩუნებინა პროგრესი, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა, როგორც მექსიკაში მიმდინარე ღია მმართველობის პროცესები, ისე თითოეული ღია მმართველობაზე მომუშავე სახელმწიფო მსოფლიოში.
2017 წლის 24 მაისს მექსიკის ღია მმართველობის პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ოფიციალურად დატოვეს. ამის მიზეზი იყო ერთ-ერთი ორგანიზაციის, „Citizen Lab”-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც მექსიკაში მთავრობის მიერ ცნობილ მკვლევარებსა და ჯანმრთელობის უფლებადამცველებზე განხორციელებულ უკანონო მიყურადების შემაშფოთებელ ფაქტებზე მიუთითებდა. OGP-ის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს იმ ფაქტზე, რომ ჟურნალისტებზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე უკანონო მიყურადება განგრძობადი პროცესი გახდა მექსიკაში.
ეს შემთხვევა 2017 წლის თებერვალში მოხდა. ამის შემდეგ, ღია მმართველობის სამდივნოს წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ფაქტზე ეფექტური რეაგირება მოსთხოვეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ინფორმაციის და მონაცემების დაცვის ინსტიტუტსა და OGP-ის სამდივნოს სხვა წევრებს. თუმცა, მექსიკის მთავრობას ამ მოთხოვნაზე კონკრეტული პასუხი მომავალი სამი თვის განმავლობაში არ გაუცია.
OGP-ის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მიიღეს სამდივნოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება და პარტნიორობისთვის გაგზავნილ წერილში მიუთითეს, რომ სამდივნოში აღარ არსებობს სანდო თანამშრომლობისა და დიალოგის პირობები იმისათვის, რომ გაგრძელდეს ამ ორგანიზაციათა მონაწილეობა ღია მმართველობის მექანიზმში და მექსიკის მე-3 სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში. უკანონო მიყურადების გარდა, რომელიც მექსიკის მთავრობამ უყურადღებოდ დატოვა, ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ აღარ არსებობს სამოქმედო გეგმის წარმატებულად განხორციელების პოლიტიკური ნება, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება ცდილობს შეამციროს ან მოდიფიკაცია გაუკეთოს იმ ვალდებულებებს, რომელიც ფართო კონსულტაციების პროცესის შედეგად შეთანხმდა.
მექსიკის ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება ღია მმართველობისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხში სამაგალითო ქვეყანა ხელისუფლების უმოქმედობის შედეგად დიდი საფრთხის წინაშე დადგეს. საჭიროა ამ გამოწვევის მოგვარების პროცესში OGP-ის წევრი ყველა ქვეყანა აქტიურად ჩაერთოს და ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების შენარჩუნებას მექსიკაში, რათა საფრთხე არ შეექმნას ღია მმართველობის განხორციელების მდგრადობასა და ღირებულებას.
ღია მმართველობა მექსიკის სამდივნო - ღია მმართველობის პარტნიორობის სამმხრივი ტექნიკური სამდივნო, ხელმძღვანელობს ღია მმართველობის პროცესებს და იღებს მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. სამდივნო სამი შტოსგან შედგება: აღმასრულებელი ხელისუფლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მონაცემების დაცვის ეროვნული ინსტიტუტი და სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ჯგუფი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მექსიკის სამივე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
OGP-ის განცხადება მექსიკაში განვითარებულ მოვლენებზე იხილეთ ბმულზე - https://www.opengovpartnership.org/stories/open-government-partnership-statement-on-domestic-ogp-developments-mexico