როგორც მოგეხსენებათ 2012 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები არ იყო წარმოდგენილი დანაშაულის სახეების მიხედვით. IDFI – ის მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არ ხდებოდა აღნიშნული მონაცემების გასაჯაროება. 2013 წლის 6 დეკემბერს IDFI – იმ კვლავ მიმართა შსს-ს 2013 წლის 11 თვის განმავლობაში და 2012 წლის შესაბამის პერიოდში ქალაქ თბილისში დაფიქსირებული დანაშაულის სტატისტიკის მოთხოვნით, შემდეგი დანაშაულის სახეების მიხედვით:
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ 2014 წლის 17 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინსტიტუტის მოთხოვნილი ინფორმაცია დააკმაყოფილა და თბილისის მასშტაბით დაფიქსირებული დანაშაულის სტატისტიკა უფრო გამჭვირვალე გახადა. ანალოგიური მონაცემები 2010 და 2011 წლების მდგომარეობით გამოქვეყნებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, რაც საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემები 2010 -2013 წლების შესაბამის პერიოდებში.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013 წლის 11 თვეში დაფიქსირებული მკვლელობების რაოდენობა (18) განახევრებულია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (35). კლებადი ტენდენცია შეინიშნება აგრეთვე მკვლელობის მცდელობის თავლსაზრისითაც – 2013 წლის 11 თვეში დაფიქსირებულია 51 შემთხვევა, რაც წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით განახევრებულია.
განსხვავებული მდგომარეობაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით – 2013 წლის საწყისი 11 თვის განმავლობაში წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ დანაშაულის ყველაზე მეტი რაოდენობა (52) დაფიქსირდა.
2013 წლის 11 თვის განმავლობაში თბილისში დაფიქსირდა ყაჩაღობის 184 შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 2012 და 2011 წლების შესაბამის პერიოდებთან შედარებით, თუმცა მცირედით შემცირებულია 2010 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში.
2013 წლის 11 თვის განმავლობაში ანალოგიური რაოდენობის ძარცვის ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2012 წლის შესაბამის პერიოდში.
2013 წლის 11 თვის განმავლობაში დაფიქსირდა ქურდობის 5648 შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო ოთხი წლის მონაცემებიდან ჩამორჩება მხოლოდ 2012 წლის მაჩვენებელს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013 წლის 11 თვის განმავლობაში 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქურდობის თვალსაზრისით დაფიქსირებული კლება არ შეხებია ბინის ქურდობის ფაქტებს. 2013 წლის ზემოთ ხსენებულ პერიოდში დაფიქსირდა ბინის ქურდობის 724 შემთხვევა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების ანალოგიური პერიოდების მონაცემებს.
რაც შეეხება თბილისში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ავტოტრანსპორტის სხვა და სხვა გზით (ყაჩაღობა, ძარცვა, ქურდობა) უკანონოდ დაუფლების ფაქტებს, ისინი დაახლოებით ერთი და იგივე ნიშნულზე მერყეობს.
ზემოთ მოყვანილი ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული და ეკონომიკური ხასიათის სისხლის სამართლის დანაშაულების გარდა შსს-დან წარმოდგენილია აგრეთვე ნარკოტიკებთან დაკავშირებით თბილისში დაფიქსირებული დანაშაულების შესახებ ინფორმაცია. როგორც ირკვევა 2013 წლის 11 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობა. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღნიშნული ტიპის დანაშაული გაზრდილია დაახლოებით 4 – ჯერ.
ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი იქნა 2010-2013 წლების შესაბამის პერიოდებში ქალაქ თბილისში დაფიქსირებული სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაულის სტატისტიკა. როგორც გამოჩნდა სხვადასხვა სახის დანაშაულთან მიმართებაში წინა წლებთან შედარებით განსხვავებული ტენდენციები შეინიშნება. IDFI მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ქალაქ თბილისში დანაშაულის სტატისტიკის დეტალურ გასაჯაროებას და გამოთქვამს იმედს, რომ მომავალშიც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელი მასშტაბით დაფიქსირებული დანაშაულების სტატისტიკის გამჭვირვალობა, მათ შორის აღნიშნული მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნება სამინისტროს ვებ-გვერდზე.
დეტალურად 2010-2013 წლებში ქალაქ თბილისში დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დანაშაულის და მათი გახსნის მაჩვენებლები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
დანართის სახით იხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაცია: