საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების მონიტორინგი - საბოლოო ანგარიში

სიახლეები | კვლევები | კორუფციასთან ბრძოლა | ღია მმართველობა | ანალიზი | ანგარიში 16 ივლისი 2021

კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიომ, მათ შორის საქართველომ, დაიწყო ბრძოლა, ერთი მხრივ, მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად. პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ბრძოლა მოითხოვდა მნიშვნელოვან  ფინანსურ რესურსს, რაც განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენდა საქართველოს ეკონიმიკური შესაძლებლობის მქონე ქვეყნისთვის. კერძოდ, პანდემიის შედეგების შემსუბუქების მიზნით, აუცილებელი იყო ვირუსის შემაკავებელი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი სამედიცინო რესურსის მობილიზება, მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა,  ბიზნესის გადარჩენა და ეკონომიკის ხელშეწყობა.

 

2020 წელს პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავდა ანტიკრიზისული გეგმა, ხოლო ამ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელდა ცვლილებები. 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით დაიგეგმა დამატებით 5.6 მილიარდი ლარის მობილიზება, ხოლო უშუალოდ პანდემიასთან საბრძოლველად გასატარებელი ღონისძიებებისათვის განისაზღვრა 3.4 მილიარდი ლარი.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი, „საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19 თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი“. საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა Covid-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსების, საჯარო შესყიდვების, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების, StopCov ფონდის ხარჯვისა და დონორთა დახმარების განაწილების მონიტორინგი.

 

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს პროექტის შემაჯამებელ ანგარიშს, რომელიც მიმოიხილავს, საქართველოს ხელისუფლების მიერ, 1 წლის განმავლობაში პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებების, მათი დაფინანსების წყაროების  და გაწეული ხარჯების მონიტორინგის შედეგებს, ძირითად მიგნებებსა და გაცემულ რეკომენდაციებს. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დაწყების (პირველი დადასტურებული შემთხვევა - 2020 წლის 26 თებერვალი), საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების (2020 წლის 21 მარტი) და ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების (2020 წლის 24 აპრილი ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა) თარიღების გათვალისწინებით,  ანგარიშის მიზნებისთვის, პანდემიასთან ბრძოლის 1 წლის პერიოდი მოიცავს 2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალს. 

 

ანგარიშის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ანტიკრიზისული ღონისძიებების დაფინანსების წყაროების (საზღვარგარეთიდან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები და გრანტები, შიდა ვალი, StopCov ფონდი და სხვ.) ფარგლებში გაწეული ხარჯების მიზნობრიობას. თუმცა, დოკუმენტი დამატებით ასევე, მიმოიხილავს საზღვარგარეთიდან მიღებული საინვესტიციო (საინვესტიციო კრედიტები და გრანტები) და მიზნობრივი დაფინანსების (საბიუჯეტო უწყებებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი გრანტები), მთავრობის და მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდების და სხვა ისეთი წყაროების განკარგვის პრაქტიკას, რომელთა ფარგლებში გამოყოფილი რესურსი, თავისი შინაარსით, პირდაპირ ან ირიბად, შესაძლებელია დაკავშირებული ყოფილიყო პანდემიასთან.

 

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მობილიზებული თანხების და მის ფარგლებში  გაწეული ხარჯების მონიტორინგის მიზნით, IDFI-მ შეისწავლა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები/მონაცემები. ასევე,  ცალკეული საკითხების სრულყოფილი ანალიზის  მიზნით, საჯარო დაწესებულებებიდან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია.

 

ძირითადი მიგნებები

 

- პანდემიის ფარგლებში განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებების დაფინანსების მთავარ წყაროს საზღვარგარეთიდან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები და გრანტები წარმოადგენდა. პანდემიის ფარგლებში, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საზღვარგარეთიდან ჩამორიცხულია 1.44 მილიარდი ევროს დაფინანსება.

 

- 2020 წელს ათვისებული საგარეო კრედიტების 63% მოხმარდა ბიუჯეტის მხარდაჭერას, 14% - საგზაო ინფრასტრუქტურას, 7% - საგადასახდელო ბალანსის მხარდაჭერას, 7%-მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, 6% - ჯანდაცვის სექტორს, 1%-ენერგეტიკის სექტორს, ხოლო 2% - სხვა ხარჯებს.

 

- საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში, ცალკეული პროექტების ათვისებული თანხები მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის გეგმიურ მაჩვენებელს.

 

- 2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიღებული მიზნობრივი გრანტების ფარგლებში ათვისებული 98.4 მილიონიდან, 14.8 მილიონი მოხმარდა შრომის ანაზღაურებას, ხოლო 44.9 მილიონი ლარი -  საქონელი და მომსახურებას.   

 

- 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში დონორის სახსრებით 113 შესყიდვა/ფასების კოტირება გამოცხადდა. მათ შორის, Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში ჯანდაცვისსამინისტროსმიერგამოცხადებული 10 ტენდერიდანმხოლოდ 7 შედგადამათმაჯამურმაღირებულებამ 13 მილიონ 800 ათასლარამდეშეადგინა. რამდენიმე შემთხვევაში ხელშეკრულებები დაიდო მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებთან.

 

- ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის სულ დაიხარჯა 4.15 მილიარდი ლარი. მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას მოხმარდა 594.4 მილიონი ლარი, მოსახლეობის სოციალურ დახმარებას 1.13 მილიარდი ლარი, ბიზნესის მხარდაჭერას 786.9 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი 1.63 მილიარდი ლარი ეკონომიკის ხელშეწყობის დამატებით პაკეტებს.

 

- ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის, კოვიდ ტესტების შესყიდვაში ჯანდაცვის სამინისტროს ხაზით 146,840,376 ლარი დაიხარჯა.  ხარჯი სამინისტროს დაქვემდებარებულმა სხვადასხვა უწყებამ გასწია, მათ შორის: თავად სამინისტროს აპარატმა ჯამში 21 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა; ა(ა)იპსამედიცინოჰოლდინგმა - 1,670,320 ლარი, საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის ცენტრმა - 1,344,545 ლარი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა და ლუგარის ლაბორატორიამ ერთობლივად - 10 მილიონ ლარზე მეტი; 33.5 მლნ დოლარზე მეტია (111.5 მლნ ლარზე მეტი) დახარჯული ტესტების შესყიდვაში.

 

- ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სესხების ფარგლებში, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, არ განხორციელებულა.

 

- სოციალური დაცვის მიმართულებით, 1 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მოხმარდა მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას - 469.6 მილიონი ლარი. მსგავსი ხარჯების ზრდას ხელი შეუწყო ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებამ.

 

- უმუშევრად დარჩენილთა 200-ლარიანი დახმარების პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან 450 მლნ. ლარი გამოიყო. პროგრამის მიმდინარეობის მანძილზე (მაისი-ნოემბერი) გამოყოფილი თანხების მესამედიც ვერ იქნა ათვისებული.

 

- სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული დახმარების ბენეფიციართა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პანდემიის ფონზე მეტი ოჯახი ღარიბდება და მოითხოვს დახმარებას. 2020 წლის მაისიდან 2021 წლის მარტამდე, პროგრამის ბენეფიციარი სოციალურად დაუცველი ოჯახების რიცხვი 45,771-ით (23%-ით) გაიზარდა.

 

- StopCov ფონდში მობილიზებული თანხის უდიდესი ნაწილი 18 წლამდე ბავშვების  დახმარებაზე (925,000 ბავშვი) დაიხარჯა. სულ პროგრამაზე 185 მლნ. ლარი დაიხარჯა, რაც გამოყოფილ ბიუჯეტს - 160 მლნ. ლარს - +16%-ით აჭარბებს. დახმარება იყო ერთნაირი მოცულობის (200 ლარი) ბავშვის სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.

 

- ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რესურსი საშემოსავლო გადასახადზე დაწესებულ შეღავათს მოხმარდა - 443.9 მილიონი ლარი.

 

- რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში შესყიდული  168.3 ათასი ტონა ყურძნისნახევარზე მეტი  (86.7 ათასი ტონა)  სახელმწიფო საწარმომ (სს „აკურა“)  შეისყიდა.

 

- ფერმერებმა აგრობარათზე დარიცხული ქულების ფარგლებში, 31.2  მილიონი ლარი დახარჯეს  სპეციალიზირებული მაღაზიებიდან გარკვეული საქონლის შესყიდვაზე, ხოლო ხვნის მომსახურებაზე - მხოლოდ 25.7 ათასი ლარი.2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული თანხიდან (55,511,407.59) კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 14% - (7,708,933.6 ლარი).

 

- პანდემიის პერიოდში ცალკეული მუნიციპალიტეტები სარეზერვო ფონდებიდან  ეწეოდნენ ისეთ ხარჯებს, რომელთა სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს, ხოლო ცალკეული მუნიციპალიტეტები საერთოდ ვერ ახდენენ სარეზერვო ფონდში გათვალისწინებული სახსრების ათვისებას.

 

შეჯამება და რეკომენდაციები

 

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ  მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დახარჯა, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს საზღვარგარეთიდან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები და გრანტები წარმოადგენდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ მოსახლეობას და ბიზნესს შეუმსუბუქა პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები. თუმცა, IDFI მიიჩნევს, რომ ცალკეული პროგრამების და ღონისძიებების ეფექტიანი დაგეგმვის და განხორციელების პირობებში შესაძლებელი იქნებოდა მნიშვნელოვანი რესურსის გამოთავისუფლება, რაც  მიზნობრივი სეგმენტის და  დახმარების  მოცულობების ზრდას შესაძლებელს გახდიდა.

 

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯანდაცვის მიმართულებით გაწეული ხარჯების ანალიზი, მთელ რიგ კითხვებს აჩენს ცალკეული პროცესების ეფექტიან წარმართვასთან დაკავშირებით. მაგალითად, ვაქცინაციის გაჭიანურებული პროცესი და დაფარული ხარჯები, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის გაწეული ხარჯების დაბალი მაჩვენებელი და სხვა.

 

მისასალმებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივა, შეისწავლოს როგორც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ეფექტიანობა და კანონთან შესაბამისობა, ისე ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების შესყიდვები.

 

პროექტის,  ფარგლებში IDFI-ს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს Covid-19-თან დაკავშირებული ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი.  კერძოდ, ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე პასუხისმგებელი მთელი რიგი  უწყებების მიერ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების შესაბამისად დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის არიდება, მნიშვნელოვნად აზარალებს კრიზისული მდგომარეობის ფარგლებში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხს და მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის  რისკებს.  გაუმჭვირვალე პროცესის ფონზე, მსგავს რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის კრიზისული მდგომარეობის ფარგლებში  გამარტივებული წესით განხორციელებული შესყიდვების მზარდი მაჩვენებლები, საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული ფინანსური დახმარებების მნიშვნელოვნად გაზრდილი მოცულობა და სხვა. ასევე, გაუმჭვირვალე პროცესის ერთ-ერთ გამოვლინებად შესაძლებელია შეფასდეს მონიტორინგის ფარგლებში განხილული შემთხვევები, როდესაც  ხელისუფლების მიერ ცალკეული ანტიკრიზისული  პროგრამის შედეგები წარმოჩენილია იმ ფორმით, რაც საზოგადოებისათვის პროგრამის წარმატების შესახებ გადაჭარბებული წარმოდგენების შექმნას უწყობს ხელს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ მოსახლეობას და ბიზნესს შეუმსუბუქა პანდემიის შედეგად გამოწვეული პრობლემები, IDFI მიიჩნევს, რომ ანგარიშში წარმოჩენილი ისეთი საკითხების, რომელიც დაკავშირებულია პროგრამის დაგეგმვასთან, პირდაპირი დახმარებების სოციალური საჭიროებების მიხედვით განაწილებასთან და სხვა, ოპტიმალური გადაწყვეტის პირობებში,  შესაძლებელი იყო  ანტიკრიზისული ღონისძიების  ეფექტიანობის ზრდა. 

 

IDFI-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგის  შედეგების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ:

 

- უზრუნველყოს პანდემიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების და გაწეული ხარჯების მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი. მათ შორის, მნიშვნელოვანია ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული სტანდარტის გაუმჯობესება და IDFI-ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისმიხედვით,  კრიზისის დროს საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის ფორმირება.

 

- შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, მაქსიმალურად შეამცირონ გამარტივებული შესყიდვების გამოყენება ისეთი მომსახურებისა და პროდუქტების შესყიდვისას, რომელთა საჭიროება წინასწარ ცნობილია და შესაძლებელია მათი დაგეგმვა და კონკურენტული პირობებით ჩატარება.

 

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გაითვალისწინოს IDFI-ის რეკომენდაციები, რომელიც ეხება ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების ღია, დამუშავებად ფორმატში განთავსებას, გადაუდებელი აუცილებლობით მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვების SMP კოდების მითითების კონტროლს და სხვა.

 

- აუდიტისსამსახურმა Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების შესწავლისას გაითვალისწინოს აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლენილი ინფორმაცია საეჭვო გარემოებების შესახებ.

 

- 2021 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებისას, მაქსიმალურად გათვალისწინებულ  იქნას  პროგრამების დაგეგმვასთან  და განხორციელებასთან დაკავშირებით  ანგარიშში მოყვანილი ფაქტორები, რაც ხელს შეუწყობს  როგორც დახმარებების მოცულობის, ასევე მიზნობრივი სეგმენტის ეფექტიან ზრდას.

 

- ანტიკრიზისულ გეგმის ფარგლებში  მეტი მიზნობრივი დახმარება მიიმართოს განსაკუთრებული ფინანსური და სხვა საჭიროებების მქონე მოწყვლად ჯგუფებზე ;

 

- გამკაცრდეს საგარეო კრედიტების და გრანტების  ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების გეგმის მიხედვით შესრულების მონიტორინგი.

 

- სარეზერვო ფონდებიდან შეიზღუდოს ისეთი ხარჯების გაწევა, რომელთა მიზნობრიობიდან არ იკვეთება ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მისი გაუთვალისწინებლობის შეუძლებლობა და შესაბამისად, სარეზერვო ფონდიდან მისი დაფინანსების აუცილებლობა.

 

- სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნას ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიის მაქსიმალური შესაძლებლობები.  

 

- ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული ნებისმიერი პროგრამის მასშტაბებისა და ეფექტიანობის შესახებ საზოგადოებას მიეწოდოს რეალობასთან შესაბამისობაში მყოფი მონაცემები, რაც გამორიცხავს პროგრამის ბენეფიციარებისათვის  არასწორი მოლოდინების შექმნას.

 

/public/upload/EU/Final Reports/19_related_public_spending_during_the_state_of_emergency_and_after_final_report.pdf

 

 

ანგარიში მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IDFI და იგი შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023