COVID-19-ის კონტროლი და პრევენცია საქართველოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | ანალიზი | სტატია 4 მაისი 2020

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს რეკომენდაციით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პოპულაციის შემცირება COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გზაზე ერთ-ერთი აუცილებელი და უფრო მეტიც, გარდაუვალი ნაბიჯია.

 

აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ანგარიშების ფონზე.

 

მაგალითად, 2016 წლის ინფორმაციით, პენიტენციური დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში იმდენად რთულია  სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა,  რომ მაღალია ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი[1].

 

უახლესი მონაცემებითაც კი საქართველოში რჩება დაწესებულებები, რომლებშიც გადატვირთულობის პრობლემა მოუგვარებელი რჩება. მაგალითად, N15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა დადგენილი მაქსიმალური ოდენობა 1388-ია, თუმცა, როგორც ირკვევა, 2019 წელს ამ დაწესებულებაში იმყოფებოდა 1900 პატიმარი[2].

 

პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, ციხეებში, რომელიც მონიტორინგისთვის შეირჩა, გადატვირთულობის პრობლემის პარალელურად, დაფიქსირდა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა არ არის საკმარისი.  აღნიშნული პრობლემების ერთობლიობის გამო, „[...] დაწესებულებებში არ არის უზრუნველყოფილი პატიმრებზე სათანადო ზედამხედველობა“[3].

 

მონიტორინგის შედეგად ასევე გამოიკვეთა ვენტილაციისა და სანიტარული ნორმების პრობლემება. ზოგიერთ დაწესებულებაში არ არსებობს ხელოვნური ვენტილაციის სისტემა, ზოგიერთ ტერიტორიაზე კი ბუნებრივი ვენტილაციაც არაა ხელმისაწვდომი.[4]

 

ალბათ, ყველაზე საყურადღებოა ის, რომ  მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ „[...] პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით კვლავ პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია [...][5]“.

 

როგორც არაერთხელ აღინიშნა, ფიზიკური დისტანცირება, ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტებია ვირუსის გავრცელების პრევენციის გზაზე. ეპიდემიის გავრცელების ალბათობა კიდევ უფრო სახიფათოდ გამოიყურება სამედიცინო კადრების სიმწირისა ფონზე (რომელთაგან ზოგიერთს, რაღაც ეტაპზე, შესაძლოა თავად მოუწიოს თვითიზოლირება).

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით პენიტენციურ სისტემაში არ დაფიქსირებულა COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი, საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ უნდა შეიმუშავოს კრიზისული გეგმა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 16 აპრილის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე „[...]პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები გათავისუფლდნენ [...] პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან“[6].

 

ამგვარი გადაწყვეტა მისასალმებელია, თუმცა, რისკების მაქსიმალურად დასაზღვევად არასაკმარისი. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პენიტენციური სისტემა უნდა იყოს მზად, საჭიროების შემთხვევაში, მყისიერად დაატოვებინოს საპატიმროები წინასწარ განსაზღვრულ პირებს. აღნიშნულის საჭიროება გამომდინარეობს კორონავირუსის კიდევ ერთი თავისებურებით: ინფიცირებული ადამიანი შესაძლოა იყოს აბსოლუტურად ასიმპტომური. ვირუსი შეიძლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში „ცხოვრობდეს“  დღეების განმავლობაში ისე, რომ ადმინისტრაციამ თუ სამედიცინო პერსონალმა ამის შესახებ არ იცოდეს. აღნიშნულ საშიშროებას ცხადყოფს აშშ-ში ახლახანს ჩატარებული ტესტირება, სადაც, მაგ: არკანზასში, ოჰაიოში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ვირჯინიაში ჩტარებული ტესტირების თანახმად, გამოკვლეულ  პატიმართა 96%-ში ვირუსი მიმდინარეობდა ასიმპტომურად[7].

 

პენიტენციურმა სისტემამ ციხის ადმინისტრაციის, ჯანდაცვისა და იურიდიული სფეროების წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ უნდა შეიმუშავოს იმ პირთა წრის ჩამონათვალი, ვინც კრიზისის გამწვავების შემთხვევაში დატოვებს საპატიმროებს.

 

რეკომენდაციებისა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებით, ესენი შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომელთაც სასჯელის მოხდას რამდენიმე თვე აშორებს (12 თვემდე), რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ხანდაზმულები, ფეხმძიმე ქალები, მარტოხელა ქალები, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, პირები, რომლებიც საპატიმროში გირაოს  გადაუხდელობის გამო აღმოჩნდნენ, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირები, ნარკოტიკის პირადი მოხმარებისთვის დაპატიმრებული პირები და ა.შ.

 

ცხადია, პატიმართა დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი დღეს არ დგას დღის წესრიგში, თუმცა საქართველოს ციხეებში არსებული სანიტარული სიტუაციის ეფექტურად მართვისთვის საჭირო კადრების ნაკლებობა, ერთ და ორ დღეში არ გადაიჭრება. გარდა ამისა, შეუძლებელია, პენიტენციური სისტემის ის 780 თანამშრომელი,  რომლებიც იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით საპატიმროების ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ახალი კორონავირუსის დასრულებამდე იმყოფებოდნენ საპატიმროებში. ამიტომ გონივრული იქნება საჭიროების შემთხვევაში  კრიზისს საქართველოს  ხელისუფლებამაც უპასუხოს შერჩეული კატეგორიის პატიმრების დროებით ან მუდმივად გათავისუფლებით.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილებას ანიჭებს. უფრო მეტიც, შეწყალების პროცესში პრეზიდენტს არ მოეთხოვება ჰქონდეს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა. შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების მზაობასთან ერთად, პარარელულ რეჟიმში ქვეყნის მეთაურსაც შეუძლია თავისი მანდატის ფარგლებში დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ პირთა ოდენობის შემცირების საკითხის დამუშავება.

 

რა თქმა უნდა, ყველა იმ პირმა, რომელიც მოხვდება წინასწარ განსაზღვრულ კატეგორიაში, უნდა გაიაროს შემოწმება, თუ რამდენად აკმაყოფილებს დაბალი რისკის მოთხოვნებს. პირები, რომლებიც დროებით ან სამუდამოდ დატოვებენ საპატიმროებს, არ უნდა შეიცავდნენ საფრთხეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის.

 

ზემოაღნიშნული ნაბიჯი, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციებმა თუ კომიტეტებმა აღნიშნეს, არათუ საჭირო, არამედ გარდაუვალია ქვეყნებში, სადაც ციხეების გადატვირთულობის პრობლემა არსებობს. ციხეების გადატვირთვა ამ კონტექსტში უნდა განიმარტოს, არა ციხის ზოგადი ტევადობის და მისი პოპულაციის შედარებით, არამედ რამდენად ბევრი ადამიანია განთავსებული ერთ საკანში.

 

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების განტვირთა არამხოლოდ მოემსახურება პატიმართა შორის ინფექციის გავრცელების პრევენციას, არამედ, ზოგადად საზოგადოების ისეთ ინტერესსაც, როგორიცაა არ გადაიტვირთოს საავადმყოფოები.

 

_____

 

[1]პრევენციისეროვნულიმექანიზმი „N17 პენიტენციურიდაწესებულებისმონიტორინგისანგარიში“, 2016,  გვ. 21

[2]პრევენციისეროვნულიმექანიზმი, „N2, N8, N14 და N15 პენიტენციურიდაწესებულებებისმონიტორინგისვიზიტისშემდგომიანგარიში“, 2019,  გვ. 17

[3]idem

[4]იხილეთ სქოლიო 20, გვ. 32

[5] Ibid, გვ. 51

[6]საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 აპრილის №522 ბრძანება „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე“, პირველი მუხლი

[7] https://www.reuters.com/article/us-health-coronavirus-prisons-testing-in/in-four-us-state-prisons-nearly-3300-inmates-test-positive-for-coronavirus-96-without-symptoms-idUSKCN2270RX?fbclid=IwAR0h_Dt-VmLcw6LF84AXUfVevFv0p0Y-0RgiqYH1wKgU04vepJ7ARkWvJIQ

 

/public/upload/Article/16.12.pdf 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024