ახალგაზრდული კონკურსის – „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. რუსუდან მგელაძე, კალენიკე ურიდია და შალვა დეკანოზიშვილი ის სამი ახალგაზრდაა, რომელთა იდეებიც პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ ოფიციალურად მოიწონა და განიხილავს მესამე, 2018-2019 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
რუსუდან მგელაძის და კალენიკე ურიდიას იდეები ონლაინ პლებისციტს ეხება და მათი მიზანია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით საზოგადოების ჩართულობის გაზრდა საკანონმდებლო საქმიანობაში.
„ძალიან ბევრი ვიფიქრე იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა მნიშვნელოვანი და რეალური შედეგის მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის. რადგან ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, გადავწყვიტე, რომ აქცენტი ამ მიმართულებით განვითარებაზე გამეკეთებინა. ჩემი იდეაა პარლამენტის ონლაინ აპლიკაციას დაემატოს კანონპროექტზე კომენტარების დატოვების, საზოგადოების გამოკითხვის და ხმის მიცემის ფუნქცია,“ – ამბობს კალენიკე ურიდია, რომელიც 31-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა.
„ზოგადად, პლებისციტი აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს მასშტაბით და ვფიქრობ, ეს უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ უკეთ გაეცნოს და გამოხატოს საკუთარი აზრი მისაღებ კანონპროექტებთან დაკავშირებით,“ – ამბობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მე-2 კურსის სტუდენტი რუსუდან მგელაძე.
პარლამენტის ვებგვერდის მობილური აპლიკაციის დახვეწას ეხება კონკურსის მესამე გამარჯვებულის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის შალვა დეკანოზიშვილის იდეა. მისი აზრით, „კარგი იქნება, რომ მობილურ აპლიკაცია – GეოPარლიამენტ-ს დაემატოს შეტყობინების დატოვების ფუნქცია და ასევე მასში მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს რამდენიმე ენაზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული უმცირესობების მოთხოვნილებათა გათვალისწინებით.“
„ასევე, ვფიქრობ კარგი იქნება, რომ აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება დაუკავშირდეს თავის მაჟორიტარ დეპუტატს საკანონმდებლო ორგანოში, რისთვისაც საჭიროა აპლიკაციას ჰქონდეს ანგარიშის შექმნის ფუნქცია და მომხმარებელთა იურიდიული მისამართის მიხედვით დანაწილება.“ – ამბობს შალვა დეკანოზიშვილი.
„ღია მმართველობა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, ის ითვალისწინებს საზოგადოების მაქსიმალურ მონაწილეობას ქვეყნის მმართველობის სისტემაში. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების, როგორც ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ჩართულობა ღია მმართველობის განვითარების პროცესებში არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ამ კონკურსმა ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა ეფიქრათ და გაეზიარებინათ მათი იდეები იმის შესახებ, თუ რა სჭირდება საქართველოს პარლამენტს იმისთვის, რომ გახდეს უფრო ღია საზოგადოებისთვის,“ – აღნიშნა IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა.
ახალგაზრდებმა უკვე წარუდგინეს „ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა“ და საბჭოსთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს საკუთარი იდეები. ამას გარდა, იდეის ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ 17-19 ივლისს თბილისში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს, რომელსაც 70 ქვეყნის 3000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.
ახალგაზრდული კონკურსი „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“ ჩატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით. მისი მიზანი იყო ღია პარლამენტის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისთვის მათ მიერ მოფიქრებული და შერჩეული ვალდებულებების წარდგენა.