საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმოხილვა: 2013-2017 წლებში

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ანალიზი 7 ივნისი 2018

ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში იქმნება სარეზერვო ფონდები, რომლებიც გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება.


თავისი არსიდან გამომდინარე, სარეზერვო ფონდების რესურსები ძირითადად ფორს-მაჟორულ სიტუაციებზე უნდა იხარჯებოდეს, მაგალითად, სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები.


თუმცა, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის შემთხვევაში, 2013-2017 წლებში, იგივე მოცულობის თანხა დაიხარჯა ღონისძიებების ჩატარებაზე, რაც ფორს-მაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე.


ასევე, მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან ხშირად თანხები გამოიყოფა საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დასაფარად კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე, რაც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული ხარჯების სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობას.


IDFI-მ შეისწავლა [1] საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის პრაქტიკა (2013 წლიდან) და გამოავლინა რიგი პრობლემები - კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერები შეუზღუდავ საშუალებას აძლევს ხელისუფლებას სარეზერვო ფონდების განკარგვისთვის, ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემა და გაუმჭვირვალე ხარჯვის რისკები.

 

რა უნდა ვიცოდეთ სარეზერვო ფონდების შესახებ?


- საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები. ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების (გამოყოფილი თანხების) მთლიანი ოდენობის 2%-ს. ამ ორი ფონდის გარდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში იქმნება თვითმმართველი ერთეულის სარეზერვო ფონდები, ისევე როგორც ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი;


- მთავრობის სარეზერვო ფონდი გათვლილია ისეთი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომელთა გათვალისწინებაც შეუძლებელია ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე, ობიექტური გარემოებების გამო;


- მოცულობით ყველაზე დიდი საქართველოს მთავრობისა სარეზერვო ფონდია;


- თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100,000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერმინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე;


- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე. შესაბამისად, ამ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას არაა სავალდებულო კონკურენციის უზრუნველყოფა. ასევე არაა სავალდებულო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა შესყიდვის განხორციელებისას [2]. 

 

ძირითადი მიგნებები


2013 წლიდან 2017 წლამდე, ჯამში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 595 მლნ ლარზე მეტი [3]. ამ პერიოდში, ყველაზე მეტი თანხა გაიცა 2016 წელს - 172 მლნ ლარზე მეტი (იხ. გრაფიკი #1).

 


 

ამასთანავე, ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა დაგეგმილთან შედარებით იზრდებოდა მინიმუმ 80%-ით (იხ. გრაფიკი #2). მთავრობის სარეზერვო ფონდის შევსება ხდებოდა სხვადასხვა გზით, მათ შორის:

 

- საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე;

 

- ტენდერებიდან წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე;

 

- საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე;

 

- ბიუჯეტში სხვადასხვა კატეგორიის ასიგნებების შემცირების ხარჯზე.

 

 

მონაცემების დამუშავების შედეგად ჩანს, რომ წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდის საგრძნობი ნაწილი იხარჯებოდა არა ფორს-მაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაზე, ისევე როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დაფარვაზე.


თემატური თვალსაზრისით, ყველაზე მეტი თანხა გაიცა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად - 155 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 26,17%). თუმცა, ამ კატეგორიას მცირედით ჩამორჩება ღონისძიებების ორგანიზება - 150 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 25,2%) (იხ. გრაფიკი # 3). რიგ შემთხვევებში, თანხა გაიცემოდა ღონისძიებებისთვის, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. მაგალითისთვის, საანგარიშო პერიოდის ყოველ წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გაიცემოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით. ჯამში 26 მაისის ღონისძიებაზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 5,162,626.80 ლარი.


მთავრობის სარეზერვო ფონდის ფაქტობრივ ხარჯში ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხებს (9%) და სოციალურ ხარჯებს (ჯამურად გაცემული თანხის 7%) (იხ. გრაფიკი #3).

 

 

სოციალურ კატეგორიაში მოიაზრება ელექტროენერგიის სუბსიდიები, მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი და მატერიალური დახმარება, დევნილი ოჯახებისთვის დახმარების სხვადასხვა ფორმით გაწევა, ოკუპირებული ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა და სხვა.


რაც შეეხება კატეგორიას - „სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციონირებისთვის საჭირო“, ის სხვადასხვა ხარჯებს აერთიანებს. თუმცა, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ამ კატეგორიის თანხები ძირითადად მომსახურების, საქონლის ან სამუშაოს შეძენისთვის გამოიყენებოდა.


თავად ღონისძიებების კატეგორიების მხრივ ყველაზე მეტი თანხა საანგარიშო პერიოდში გამოიყო ერთ კონკრეტულ სასოფლო სამეურნეო ღონისძიებაზე - 48 მლნ ლარი („2015 წლის რთველის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით“) [4], ასევე სპორტული ღონისძიებების - 32 მლნ ლარი, და სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსებაზე - 9.6 მლნ ლარი (იხ. გრაფიკი #4). ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ნახევარზე მეტი თანხა 26 მაისის ღონისძიებას მოხმარდა.


ამასთანავე, ის ღონისძიებები, რომლებისთვისაც საჭირო იქნებოდა საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა კონკურენციის გარეშე შეიძლება ყოფილიყო შეძენილი რაც აჩენს ბიუჯეტის არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს. გრაფიკი #4: სარეზერვო ფონდიდან ღონისძიებებზე გამოყოფილი თანხების ძირითადი მიმართულებები (2013-2017 წლის 9 თვე).

 

 

რიგი სახელმწიფო უწყებები ყოველ წელს ითხოვდნენ თანხებს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემაზე მიუთითებს. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ჯამში 2013 წლიდან 2017 წლის განმავლობაში გამოეყო 100 მლნ ლარზე მეტი (იხ. ცხრილი #1), ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტრო - 40 მლნ ლარზე მეტი.


სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის თანხების გამოყოფა ძირითადად ხდებოდა სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის (საწევრო, მგზავრობა, საცხოვრებელი და სხვა), ასევე, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით.


რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს, სარეზერვო ფონდიდან თანხები ძირითადად გამოიყო სხვადასხვა შესყიდვების განსახორციელებლად, ღონისძიებების ჩასატარებლად, შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების დასაფინანსებლად.

 

 

როგორც აღინიშნა, წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფოდა ისეთი ხარჯების დასაფარად, რომლებიც ყოველწლიურია და დაგეგმვის ეტაპზე შესაძლებელია მათი გათვალისწინება სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტებში.


26 მაისის ღონისძიება


ვინაიდან 26 მაისის ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, შესაძლებელი იყო შესაბამისი მხარჯავი დაწესებულების მიერ აღნიშნული ხარჯების გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე. ჯამში, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯა 5,162,626.80 ლარი (იხ. ცხრილი #2).

 

 

 

საქართველოს პროკურატურის ყოველწლიური ხარჯი

 

ყოველწლიურად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა პროკურატურის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით - იურიდიული კომპანიებისა და სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტებისაგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, სათანადო ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საექსპერტო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევების ჩატარების, მათ ვიზიტთან დაკავშირებული ხარჯებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადების დასაფინანსებლად. ჯამში, ამ მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯა 3,325,310.90 ლარი (იხ. ცხრილი #3).

 

 

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“

 

ასევე ყოველწლიურად ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, რომლის ორგანიზებას უზრუნველყოფდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი [5]. ჯამში, ამ ღონისძიებაზე დაიხარჯა 998,169.3 ლარი (იხ. ცხრილი #4).

 

 

ყოველწლიური იდენტური ხარჯების გარდა, წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყოფა ისეთი ხარჯების დასაფარად, რომლებიც არ ატარებენ სისტემატურ ხასიათს, თუმცა მათი შინაარსიდან გამომდინარე ეს ხარჯები რთულია მიეკუთვნოს გაუთვალისწინებელ ხარჯების კატეგორიას. ამ და ზემოთ მოყვანილ სხვა ხარვეზებზე ასევე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში [6].

 

აქვე გთავაზობთ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არა ფორს-მაჟორული ხარჯების 5 თვალსაჩინო მაგალითს წლების მიხედვით:

 

2013 წელი


1. 2013 წელს, მთავრობის ადმინისტრაციამ გახარჯა 1,290,323.7 ლარი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციებისა და მოვალეობების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, ასევე მისთვის სარგებლობაში გადაცემული შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისთვის;


2. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასევე საერთო სასამართლოებმა გახარჯეს 3,220,000 ლარი საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალი სასამართლო დარბაზების ვიდეოჩამწერი სისტემით აღჭურვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად;


3. თავდაცვის სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გახარჯა 5,000,000 ლარი ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად;


4. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისა და სამინისტროს სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დასაფინანსებლად - 13,916,822.4 ლარი;


5. კულტურის სამინისტრომ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარისა“ და ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადების“ ჩასატარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 200,000 და 68,282 ლარი გახარჯა.

 

2014 წელი

 

1. 2014 წელს, მთავრობის ადმინისტრაციამ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გახარჯა 486,561.6 ლარი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საკომუნიკაციო სტრატეგიის განვითარების ხელშეწყობისთვის, კომპანია „თჰე Hარბოურ Gრუპ“-ისგან საჯარო მოსამსახურეთა ტრენინგების ჩატარებისა და დისტანციური საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვისთვის საჭირო ხარჯების დაფარვის მიზნით;


2. ასევე 332,320 ლარი საქართველოს მთავრობის ორწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშის საზოგადოებისთვის გასაცნობად საჭირო ხარჯების დაფარვის მიზნით;


3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გახარჯა 993,400 ლარი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისთვის გადასაცემად, მის მიერ სწავლებისა და კვლევითი ხარისხის განვითარების დაფინანსების მიზნით;


4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 450,000 ლარი გახარჯა სსიპ - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს - ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარის“ ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით;


5. ისევე როგორც 951,789.7 ლარი თბილისში, ახალი წლის ღამეს, ჯგუფების „Parove Stelas Rand“ და „Groovesonix Band“კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით.


2015 წელი


1. 2015 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 21,853,473.6 ლარად მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯზე შეიძინა კომპანია „Microsoft“-ის  ლიცენზიები;


2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გახარჯა 466,886.1 ლარი სსიპ - ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გახსნასთან დაკავშირებით, ჯორჯ ბალანჩინის საბალეტო სპექტაკლ „სიმფონი ინ სის“, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერისა“ და საზეიმო გალა კონცერტის დადგმასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით;


3. ასევე, 451,357 ლარი საქართველოს 11 თვითმმართველ ქალაქში (თელავი, მცხეთა, რუსთავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ამბროლაური, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი) დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ხარჯების დაფარვის მიზნით;


4. 830,600 ლარი გაიხარჯა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ შეუფერხებელი ფუნქციონირების დაფინანსების მიზნით, როგორც საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები;


5. ისევე როგორც, 5,190,000 ლარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი 2015“-ის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით.

 

2016 წელი

 

1. 2016 წელს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გახარჯა 59,773.7 ლარი 8-24 მაისს ევროპის კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯის დაფარვის მიზნით;


2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გახარჯა 8,799,932.3 ლარი „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით;


3. ისევე როგორც, 5,499,999.8 ლარი სსიპ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს შემოდგომისა და ზამთრის კომპლექსური მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების წარმოების მიზნით;


4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 27,970,212.4 ლარი გახარჯა 2016 წლის კულტურულ ღონისძიებათა გეგმის განხორციელების, ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისა და სარეკლამო კამპანიისთვის საჭირო ხარჯების დაფარვის მიზნით;


5. ისევე როგორც 244,000 ლარი წიგნის - „საუკუნის ტრილოგია - ნათელი ქრისტესი საქართველოს“ მე-3 ტომის - „მზიანი ღამე პატრიარქი“ გამოცემასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით.


2017 წელი


1. 2017 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გახარჯა 419,977 ლარი თბილისში, ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებთან და მდგრადობის კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით;


2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით 496,943.1 ლარი გახარჯა;


3. ისევე როგორც, დოკუმენტურ ფილმ „აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობის“ გადაღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით - 49,629 ლარი;


4. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 6,999,936.3 ლარი გახარჯა საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის 2017 წლის ხარჯების დაფარვის მიზნით;


5. ისევე როგორც, 1,999,341 ლარი 2017 წლის ბოლომდე „კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებისა და ხარჯების დაფარვის მიზნით.

 

დასკვნა


საბიუჯეტო კოდექსში სარეზერვო ფონდებზე არსებული ჩანაწერი არის ზედმეტად ფართო, რის გამოც მარტივად შეიძლება მთავრობის სარეზერვო ფონდის არაფორსმაჟორული სიტუაციებისთვის გამოყენება.


2013-2017 წლებში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იგივე თანხა დაიხარჯა ღონისძიებების ჩატარებაზე, რაც ფორს-მაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე, მაშინ, როდესაც სარეზერვო ფონდი, თავისი არსით, ამ უკანასკნელს უნდა მოხმარდეს.


ამ პერიოდის განმავლობაში, 10 სახელმწიფო უწყება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყოველწლიურად ითხოვდა თანხას, რაც პოტენციურად ბიუჯეტის დაგეგმვის ნაკლოვანებებზე მიუთითებს.


ვინაიდან, სახელმწიფო შესყიდვების კანონი არ ვრცელდება მთავრობის სარეზერვო ფონდზე, უწყებები არ არიან ვალდებულნი გამოიყენონ შესყიდვის კონკურენტული პროცედურები და პროაქტიულად გამოაქვეყნონ შესყიდვების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ასეთ შესყიდვებში არსებობს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვის რისკი, ისევე როგორც გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი.

 

 

[1]   სტატიისთვის მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის საკასო ხარჯების და საქართველოს მთავრობის განკარგულებების დამუშავება 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით. მონაცემთა დაჯგუფება მოხდა მიმართულებებისა და მხარჯავი სახელმწიფო ინსტიტუტების მიხედვით. 

 

[2] სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი ასევე არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე.

 

[3] ზუსტი საკასო ხარჯი საანგარიშო პერიოდში - 595,258,484.7 ლარი.

 

[4] 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გვ 32.

 

[5]  2017 წლის ნოემბრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაუქმდა და შეუერთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

 

[6] სარეზერვო ფონდებიდან თანხების გახარჯვის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების ვრცლად სანახავად იხილეთ ბმული - https://sao.ge/files/auditi/moxseneba-2016-biujetis-shesrulebis-cliuri-angarishis-shesaxeb.pdf გვ. 169 – 179.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024