საკონსტიტუციო სასამართლომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტი დააწესა

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 19 აპრილი 2017

ავტორი: გიორგი ბერაია

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 მარტს დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარდგენილი პროექტების შემფასებელ დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებით.

 

მოპასუხე მხარე, საქართველოს მთავრობა, სასამართლო განხილვაზე მიუთითებდა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მთავრობის განმარტებით, შემფასებელი ექსპერტების ვინაობის კონფიდენციალურობა აუცილებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპერტები უარს აცხადებდნენ ამ საქმიანობაში მონაწილეობაზე, ეს კი საფრთხეს შეუქმნიდა სამეცნიერო ფონდის საქმიანობას.

 

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო სადავო ნორმის მსგავსი შინაარსის რეგულირება, კანონთან შეუთავსებლობის საფუძვლით, თუმცა შემდგომში მთავრობის მიერ მიღებულ იქნა ახალი ნორმა, რომელიც მოსარჩელის მიერ ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო რეგულირება განსაზღვრული იყო არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, არამედ მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ისე, რომ ამგვარი უფლებამოსილება პარლამენტს მთავრობისთვის არ გადაუცია. შესაბამისად მთავრობას არ ჰქონდა ფორმალური უფლებამოსილება უფლების შემზღუდველი ნორმა მიეღო. აქედან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებდა უფლების შეზღუდვის ფორმალურ კრიტერიუმს.

 

გარდა ფორმალური კრიტერიუმისა, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასევე შეეხო იმას, თუ რამდენად გამართლებული იყო უფლების ამგვარი შეზღუდვა შინაარსობრივად. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია პირის უფლება, ხელი მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებზე დატანილ ნებისმიერ ინფორმაციაზე, ასევე - ისეთ ინფორმაციაზე, რომლის ღიაობის საზოგადოებრივი ინტერესიც არსებობს. ამის გათვალისწინებით, პროექტების შემფასებელი ექსპერტების ვინაობის კონფიდენციალურობა, სასამართლოს შეფასებით, არალეგიტიმურად ზღუდავდა კონსტიტუციურ უფლებას, რადგანაც ექსპერტის ვინაობის შესახებ ინფორმაცია, უკავშირდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მისი მონაწილეობის საკითხს.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. გადაწყვეტილების მიმართ შინაარსობრივი წინააღმდეგობის გამო თანამდებობიდან გადადგა სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი. გადაწყვეტილებას ასევე კრიტიკულად გამოეხმაურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გია ხუბუა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ ინტერესების გამოკვეთა, რის დაცვასაც შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

მთავრობის დადგენილების თანახმად, ეროვნული სამეცნიერო ფონდი დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების საფუძველზე გასცემს გრანტებს კონკურსში გამარჯვებულ პირებზე. შესაბამისად, სამეცნიერო გრანტების მიღებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად ობიექტურად მოხდება წარდგენილი განაცხადების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. სამეცნიერო ფონდი არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი და მისი დაფინანსებით მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. შესაბამისად, ექსპერტის საქმიანობის საჯარო ბუნებიდან გამომდინარე, მისი ვინაობა ვერ მიიჩნევა პირის კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციად. ამგვარად, სასამართლოს შეფასებით, დამოუკიდებელი ექსპერტის ვინაობა წარმოადგენს საჯარო (სახელმწიფო) დაწესებულებაში არსებულ საჯარო ინფორმაციას.

 

გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები მიუთითებენ, რომ ექსპერტების ვინაობის გამხელა გაზრდის ნეპოტიზმის ან ექსპერტზე რევანშისა და შურისძიების რისკებს. ისინი ასევე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მომავალში ექსპერტების ნაწილი უარს იტყვის სარეცენზიო საქმიანობაზე და მოერიდება კრიტიკული რეცენზიების დაწერას, რაც გაართულებს სამეცნიერო ფონდის საქმიანობას.

 

ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობას და საჯაროობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი შესაძლებლობა, აკონტროლონ, რამდენად მიზნობრივად და სამართლიანად ხდება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საბიუჯეტო ფინანსების განკარგვა. ამ მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანია არა მარტო მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობაც. ამ ზოგადი პრინციპიდან გადახვევისას სახელმწიფოს მოეთხოვება შეზღუდვის გამართლება და დასაბუთება.

 

იმისთვის, რომ განაცხადის ავტორს არ გაუჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი პროცესის არაობიექტურობასთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევაში, გადამწყვეტი შეიძლება იყოს ექსპერტის ვინაობის ცოდნა, რათა გამოირიცხოს განაცხადის შეფასება სუბიექტურად მიკერძოებული პირის მიერ. ექსპერტის ვინაობის საჯაროობა შესაძლებელია ასევე ხელს უწყობდეს თვითონ ექსპერტის მიერ თავისი საქმიანობის მეტი პასუხისმგებლობით განხორციელებას. შესაბამისად, გაუმართლებელია იმის დაშვება, რომ საჯაროობის შემდეგ ექსპერტები ავტომატურად მოექცევიან გარკვეული გავლენების ქვეშ და ამ კუთხით საჯაროობას მხოლოდ უარყოფით ეფექტი ექნება.

 

ცხადია, ექსპერტის პასუხისმგებლობა იზრდება, როდესაც მისი ვინაობა ცნობილი ხდება საზოგადოებისთვის. ამან შეიძლება გამოიწვიოს მის მიმართ გარკვეული ჯგუფების უკმაყოფილებაც. თუმცა, ეს გარემოება ვერ ჩაითვლება კონფიდენციალურობის გამართლებად. ნებისმიერი საჯარო უფლებამოსილების განხორციელება დაკავშირებულია გარკვეულ პასუხისმგებლობასთან, რასაც ეს პირები თავის თავზე იღებენ. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ პირები, რომლებიც მონაწილეობენ საჯარო რესურსების განკარგვაში და საჯარო უფლებამოსილების განხორციელებაში, იხელმძღვანელებენ კანონით გათვალისწინებული ობიექტური კრიტერიუმებით და არა გარკვეული სუბიექტური ფაქტორებით. ამის უზრუნველყოფა კი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული იქნება ექსპერტების სათანადო კრიტერიუმებით შერჩევა შესაბამისი ორგანოების მიერ.



საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე საჯარო ინფორმაციის მაღალ სტანდარტს აწესებს, რაც მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებების საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.

 

ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საჯაროობის კუთხით პრაქტიკაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენს ორგანიზაციას პრობლემა შექმნია, მიეღო ინფორმაცია საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების შესახებ. მაგალითად, 2015 წელს ზოგიერთმა საჯარო დაწესებულებამ არ გასცა ინფორმაცია მასთან დასაქმებული სხვადასხვა თანამდებობის პირის მრჩევლების შესახებ. უარი ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ მრჩეველი არ წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ „თანამდებობის პირს“, რომლის მიმართაც კანონი საჯაროობის მაღალ გარანტიებს ადგენს. სხვა თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის გაცემისთვის კი, აუცილებელი იყო თავად ამ პირების თანხმობა.

 

აღსანიშნავია, რომ საჯარო ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებით საჯაროობის მაღალი სტანდარტი იქნა დადგენილი საქართველოს უზენაესმა სასამართლოს მიერაც. 2016 წლის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (№ბს-425-418(კ-15)  სასამართლოს მიუთითა, რომ შეუძლებელია პირის საჯარო სამსახურში მუშაობის შესახებ ინფორმაცია განხილულ იქნეს, როგორც კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმისათვის, რომ ინფორმაცია ჩაითვალოს კერძო საკითხებთან დაკავშირებულად, პირს უნდა გააჩნდეს მისი დაცვის გონივრული მოლოდინი. საჯარო სამსახურში მუშაობის ფაქტი კი ვერ ჩაითვლება პირის პირად სფეროს მიკუთვნებულ ინფორმაციად, რომლის გასაიდუმლოების ვარაუდიც პირს შეიძლება გააჩნდეს.

 

მიგვაჩნია, რომ საბიუჯეტო ხარჯვების მიზნობრიობის და საჯარო დაწესებულების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, უმნიშვნელოვანესია ბიუჯეტიდან დაფინანსებული საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ ინფორმაცია ექვემდებარებოდეს საჯაროობის მაქსიმალურად მაღალ ხარისხს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უზრუნველყონ იმგვარი რეგულირებების და პრაქტიკის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებზე მაქსიმალურად ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023