სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა - საკონსტიტუციო სასამართლომ IDFI-ის სარჩელი დააკმაყოფილა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები | სტატია 11 ივნისი 2019

საქართველოში სასამართლო გადაწვეტილებათა ხელმისაწვდომების ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა 2015 წლის ოქტომბრიდან. თუკი მანამდე სასამართლოები სრულყოფილი სახით გასცემდნენ გადაწყვტილებათა ასლებს, შემდგომ პერიოდში დამკვიდრდა გადაწყვეტილებათა გაცემაზე პერსონალურ მონაცემების დაცვის არგუმენტაციაზე მითითებით უარის თქმის პრაქტიკა. საერთო სასამართლოები ფართოდ განმარტავენენ პერსონალური მონაცემის ცნებას და დეპერსონალიზაციის შეუძლებლობას, ისინი არ ითვალისწინებდნენ ამა თუ იმ საქმის მიმართ არსებულ განსაკუთრებით მაღალ საჯარო ინტერესს. დარღვეული იყო ბალანსი პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის, რადგან უპირობო უპირატესობა პერსონალურ მონაცემთა დაცვას ენიჭებოდა.


IDFI-მ სასამართლო გადაწყვტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით აქტიური მუშაობა 2016 წელს დაიწყო, პროექტის ფარგლებში „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“. ორგანიზაცია პროექტს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PrOLOG) მხარდაჭერით ახორციელებდა, რომელიც დაფინანსებულია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.


IDFI მიიჩნევდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის არსებული რეგულირება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. შესაბამისად 2016 წლის 22 ნოემბერს IDFI-მ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც გაერთიანდა იმავე საკითხთან დაკავშირებით ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ საკონსტიტუციო სარჩელთან.


2019 წლის 7 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა” (IDFI) და ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ საკონსტიტუციო სარჩელები სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის საკითხზე.

 

დავის საგანი

 

საკონსტიტუციო სარჩელში IDFI მიუთითებდა, რომ საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი, ადგენდა სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის საჯაროობის პრეზუმციას და მათზე წვდომის შეზღუდვის შესაძლებლობას იძლეოდა, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.


კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, IDFI-ის მიერ გასაჩივრებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ჩანაწერები ადგენდნენ სასამართლო გადაწყვტილებათა ხელმისაწვდომობის ბლანკეტურ შეზღუდვას. ე.ი. კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობის გარეშე ზღუდავდნენ სასამართლო აქტის სრულ ტექსტზე ხელმისაწვდომობას. სადავო ნორმების თანახმად, გადაწყვეტილების გამჟღავნება დაუშვებელი იყო მაშინაც, თუ პერსონალური მონაცემები უკავშირდებოდა ყოფილი/ამჟამინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ამასთან, ისინი არც იმ შემთხვევებში ითვალისწინებენ პერსონალური მონაცემის შემცველი გადაწყვეტილების გასაჯაროების შესაძლებლობას, როდესაც საქმის მიმართ არსებობდა მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი.


იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება შეიცავს პერსონალურ მონაცემს, სადავო ნორმები ადგენდნენ სასამრთლო გადაწყვეტილებათა გაუცემლობის ზოგად წესს, რომლის თანახმადაც, დაინტერესებულ პირებს არ ქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საქმეებზე.


IDFI მიიჩნევდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო და ამ თვალსაზრისით, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ინფორმაცია არამხოლოდ სასამართლოს პრაქტიკის განვითარების ზოგადი ტენდენციების შესახებ, არამედ მოსამართლის არგუმენტაციაც და გადაწყვეტილებებიც კონკრეტულ დავებთან დაკავშირებით.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს აქტები განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.


ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ საგამონაკლისო შემთხვევებში, გადაწყვტილებაში ასახული ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი. სასამართლოს აქტის ღიაობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს რა გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება პირადი ცხოვრების უფლებაზე და გადაწონის თუ არა იგი სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოების მომეტებულ ინტერესს.


საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მოწესრიგება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ინფორმაციის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი) და არაკონსტიტუციურად სცნო იგი.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის პირველი მაისიდან და საქართველოს პარლამენტს მისცა ვადა საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოსაწესრიგებლად.

 

IDFI-ის მიმართვა საქართველოს პარლამენტს


IDFI წლების მანძილზე მიუთითებდა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის დარღვეულ ბალანსზე პერსონალურ მონაცემთა სასარგებლოდ. აღნიშნული პრობლემა არაერთხელ იქნა ხაზგასმული საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში. სასამართლო გადაწვეტილებათა ხელმისაწვდომობის მიმართებით საქართველოში არსებულ პრობლემებზე საუბარია ასევე სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის (კანადა) აღმასრულებელი დირექტორის ტობი მენდელის ნაშრომში, რომელიც სიღრმისეულად მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოცდილებას ინფორმაციის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის ბალანსის დაცვის ჭრილში. ნაშრომს, საფუძვლად დაედო სასამართლო გადაწყვტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველოში არსებული გამოწვევები, რაც IDFI-ის საქმიანობის შედეგად აქტიური საერთაშორისო განხილვების საგანი გახდა.


2019 წლის 7 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართვლოს პარლამენტს, რომელიც ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მიღებას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით მისი შემუშავება განპირობებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების, საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების საჭიროებით. მიმდინარე წელის 22 მაისს, საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა საკანომდებლო ინიციატივის სახით საქართველოს პარლამენტის წევრების - სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ცოტნე ზურაბიანის, ვანო ზარდიაშვილის, ირაკლი ბერაიას და ანრი ოხანაშვილის მიერ.

 

2019 წლის 7 ივნისის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, IDFI მოუწოდებს საქართველოს პარალამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონში ცვლილებათა განხილვის მიმდინარე პროცესში, გაითვალისწინოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებაში არსებული სტანდარტები და ასახოს ის შესაბამის ნორმატიულ აქტებში. IDFI გამოთქვამს მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024