დავის საგანი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მეოთხე პუნქტებთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
სასამართლოს გადაწყვეტილება: კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს დასაბუთება: საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი მოიცავს სამ ძირითად უფლებას ინფორმაციის, აზრისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი განამტკიცებს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, საკუთარი მოსაზრების გამოთქმისა და გავრცელების უფლებას ნებისმიერი საშუალებით. ამ უფლების განხორციელება ძირითადად დამოკიდებულია თვითონ უფლებამოსილი სუბიექტის აქტივონაზე, სახელმწიფოს ამ შემთხვევაში მხოლოდ ის ვალდებულება ეკისრება, რომ ხელი არ შეუშალოს პირს მიიღოს ინფორმაცია, გამოთქვას თავისი მოსაზრება, აგრეთვე არ შეზღუდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ცენზურის დაწესებით. ინფორმაციის მიღების უფლება არ წარმოადგენს აბსოლიტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე. აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ხელისუფლების მხრიდან ჩარევა რამდენად გამართლებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადასაწყვეტი საკითხია. ინფორმაციის მიღების უფლება რა მოცულობით აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას გაავრცელოს ესა თუ ის ინფორმაცია პრაქტიკულად სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული.
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ღიად მიიჩნევს სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას და ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აძლევს მათი გაცნობის შესაძლებლობას. სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - არ გასცემს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ორგანოები თუ ახორციელებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მათზე, გარდა მესამე თავისა, ასევე ვრცელდება ამ კოდექსის სხვა თავებიც. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი ყველა შემთხვევაში ვრცელდება აღნიშნულ ორგანოებზე, თუ ინფორმაციის გაცემის თავისუფლება თავად ამ თავით არ არის შეზღუდული. სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული ფუნქცია და საჯარო სამართლებრივი ფუნქცია არსებითად ერთი და იგივეა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი განსაზღვრავს ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელთა შინაარსი საჯაროობას არ ექვემდებარება. მნიშვნელოვანია გაირკვეს, ნორმაში ჩამოთვლილი ინფორმაცია მიეკუთვნება თუ არა სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას, რომლის გაცემის შეზღუდვის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მეოთხე პუნქტებს და 41-ე მუხლის პირველ პუნქტს. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის არასწორად გაგება ან მისი არასწორად გამოყენება უფლებამოსილი ორგანოების მიერ არ ნიშნავს, რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე #2/3/364.
მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ადამიანის უფლებათა სტაჟირების 2013 წლის გრანტის ფარგლებში.