დავის საგანი: საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,სახელმწიფო დაწესებულებების...“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით.
სასამართლოს გადაწყვეტილება: კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს დასაბუთება: აზრის გამოხატვის თავისუფლება, საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად, ინფორმაციის მიღების და გავრცელების შესახებ აღიარებულია ,,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მეათე მუხლით. გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ფუნდამენტს და მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის ძირითად პირობას. აღნიშნული უფლება შეესაბამება საჯარო ხელისუფლების ვალდებულებას ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია გონივრული შეზღუდვების ფარგლებში. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტი მოიცავს პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავისუფლების შესაძლო შეზღუდვების ჩამონათვალს. აღნიშნულმა დებულებებმა გამოხატულება პოვა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლშიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ინფორმაციის მიღების უფლება არ წარმოადგენს აბსოლიტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. რამდენად გამართლებულია აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ხელისუფლების მხრიდან ჩარევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადასაწყვეტი საკითხია. ინფორმაციის მიღების უფლება რა მოცულობით აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, გაავრცელოს ესა თუ ის ინფორმაცია, პრაქტიკულად სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა აუცილებელ სოციალურ მოთხოვნას არ შეესაბამება მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა, რომელიც გადაწონიდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში და საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებული აზრის გამოხატვის თავისუფლების განხორციელებით საზოგადოების დაინტერესება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიცია არ ითვალისწინებს საბაჟო ორგანოებისათვის გადაცემული ინფორმაციის გაცემის იმპერატიულ აკრძალვას, რადგან აღნიშნული ნორმა მის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლით დადგენილი წესით. ჯერ ერთი, იგი გადაეცემა მხოლოდ საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით ჩამოთვლილ პირებს, მათ შორის სასამართლოს, გარდა ამისა, სადავო ნორმა მიუთითებს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბაჟო ორგანოებისათვის გადაცემული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევაზე და, მაშასადამე, იგულისხმება არა საბაჟო ორგანოების, არამედ სახელმწიფო დაწესებულებების კუთვნილი ინფორმაცია, რომელთა გადასაწყვეტია ამ ინფორმაციის საიდუმლოების საკითხი და მისი გაცემის უფლებამოსილებაც მხოლოდ ამ უკანასკნელს შეიძლება გააჩნდეს. სახელმწიფო დაწესებულების ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი კი საჩივრდება სასამართლოში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით.
საქართველოს კონსტიტუციას დასაშვებად მიაჩნია სახელმწიფო დაწესებულებაში კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციის არსებობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლით დასაშვებად არის მიჩნეული სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო სამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან, რაც სამოქალაქო კანონმდებლობით წესრიგდება, თუკი ეს ურთიერთობები სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით.
საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქვეყნის საბაჟო პოლიტიკის განხორციელება განეკუთვნება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას და მიმართულია საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარებისა და განმტკიცებისაკენ. სასამართლოს გასაგებად მიაჩნია სახელმწიფოს მიერ საბაჟო ორგანოებისათვის გადაცემული ინფორმაციის გასაიდუმლოება და სახელმწიფო დაწესებულებების დანარჩენი ინფორმაციის შეუზღუდავად გადაცემაში ჩაურევლობა. საქართველოს საბაჟო კოდექსის ნორმები ხელშეკრულებაში მონაწილე პირთა ინტერესებსაც ითვალისწინებს და სახელმქიფოს ვალდებულებასაც დაიცვას მიმწოდებელთა ინტერესები. საბაჟო ორგანოებისათვის გადაცემულ ინფორმაციაში საბაჟო დეკლარაცია მოიაზრება, რომელიც შეიცავს დაქვრილებით ინფორმაციას არა მარტო საქონლის შეძენის ან მომსახურების შესახებ, არამედ მიმწოდებლის შესახებ ისეთ დაწვრილებით ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებასაც, მიწოდების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, შეიძლება მესამე პირთა ინტერესების შელახვა მოჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ,,სხვათა უფლებებისა და ღირსების“ დაცვის ნაცვლად, მათ დარღვევას.
კონსტიტუციური სარჩელი ემყარება და დასაბუთებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის თანახმად, „ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას“ და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ მუხლთან. საკანონმდებლო აქტებს შორის შეუსაბამობა არ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველ საკითხს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება, საქმეზე #2/2/359.
მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ადამიანის უფლებათა სტაჟირების 2013 წლის გრანტის ფარგლებში.