კონფერენციის „სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები“ თეზისები გამოქვეყნდა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 15 აპრილი 2020

2019 წლის 5-6 დეკემბერს, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში,  ჩაატარა კონფერენცია - „სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ 30 ქვეყნის წარმომადგენელი ისტორიკოსები, არქივის მკვლევრები, იურისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო არქივების თანამშრომლები.


კონფერენციის შედეგების და მასზე წარმოდგენილი მოხსენებების/ პრეზენტაციების შესახებ IDFI-მ რამდენიმე სტატია დაწერა, თუმცა უფრო დეტალურად თემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ჩვენ პარტნიორებს ვთხოვეთ თეზისების სახით და უმრავლესმა მათგანმა მოგვაწოდა მათ მიერ წარდგენილი თემების მოკლე შეჯამება.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გთავაზობთ საბჭოთა წარსულის, ერების მეხსიერებისა და საარქივო ღიაობის შესახებ 26 ორიგინალური მოკლე სტატიისგან შემდგარ კრებულს. კრებულის თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას:

 

-   ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შიგნით, ადგილობრივი უშიშროების კომიტეტის მიერ გადაბირებული ეკლესიის მსახურების პირადი ისტორიები;


-   საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნების პოლიტიკა მემორიალებთან მიმართებით;

 

-    ჟურნალისტების ჩართულობა ყოფილი КГБ არქივების კვლევაში, რათა 70 წლიანი ისტორია ფართო მასებისთვის გახდეს ცნობილი;

-     ლატვიის მიერ არქივების გახსნის გამოცდილება, რასაც ქვეყნის შიგნით ფართო დისკუსიები უძღვოდა. გადაწყვეტილების შემდეგ კი მოხდა ეროვნული თანხმობა და ყოფილი КГБ-ს არქივები სრულად გაიხსნა, რაც საბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო;


-   როგორია საქართველოში მეხსიერების პოლიტიკა 1991 წლიდან მოყოლებული და როგორია ის სხვა საბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით.


სტატიების ავტორები არიან IDFI-ს ქართველი და საერთაშორისო პარტნიორები, ისტორიის და მეხსიერების კვლევების აღიარებული სპეციალისტები, რომლებიც წლებია მუშაობენ ისტორიოგრაფიასა და მეხსიერების კვლევებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მათი ავტორობით გამოიცა არაერთი პუბლიკაცია და კვლევა, განხორციელდა პროექტები თუ სხვადასხვა აქტივობები. მათი უმეტესობა ასწავლის ცნობილ საერთაშორისო უნივერსიტეტებში და დაკავებული არიან კვლევითი საქმიანობით წამყვან კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუტებში.


მიშა გაბოვიჩი, აინშტაინის ფორუმი, პოტსდამი, გერმანია: „საბჭოთა ომის მემორიალის განადგურების ყველაზე სანახაობრივი და ამავდროულად ყველაზე ტრაგიკული აქტი განხორციელდა 2009 წლის 19 დეკემბერს, საქართველოში. პოლიტიკური ინსტიტუტების დეცენტრალიზაციის მიზნით, ქუთაისში, მაშინ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი აშენდა ახალი პარლამენტის შენობა. დესოვიეტიზაციის სიმბოლოების დონეზე სადემონსტრაციოდ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანა ქუთაისის სამხედრო დიდების მემორიალის აფეთქება. არასწორად დაგეგმილმა დეტონაციამ, 40 მეტრი სიმაღლის რკინაბეტონის კონსტრუქციის ნამსხვრევები ასობით მეტრის მანძილზე გასტყორცნა, რამაც ქალის და მისი რვა წლის ქალიშვილის დაღუპვა და რამდენიმე ადამიანის დაშავება გამოიწვია. ამ ძეგლის, როგორც საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოს ინტერპრეტაცია ძალზედ საეჭვო იყო: ეს იყო ორი თბილისელი არქიტექტორის ნამუშევარი, რომლებმაც კომპოზიციაში გამოიყენეს მოტივები ქართული ფოლკლორიდან - პატარა რესპუბლიკიდან მეორე სამამულო ომში დაღუპულთა სამახსოვროდ. ნებისმიერ შემთხვევაში, მემორიალის განადგურების „ზემოდან ქვემოთ“ მიღებული გადაწყვეტილება რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს საბჭოთა სივრცეში გამონაკლის შემთხვევად რჩება“.

 

 

 


მომჩილ მეთოდიევი, უახლესი წარსულის კვლევის ინსტიტუტი, ბულგარეთი: „ყველაზე შთამბეჭდავი იყო დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ სვიმეონის საქმე, რომელიც ერთგული იყო 1990-იან წლებში „კანონიკური სინოდის“ მიმართ. მის შესახებ უშიშროების არქივში 30 ტომია დაცული. გაირკვა, რომ მღვდლად ყოფნისას, სვიმეონი მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების ღრმა დაშიფვრის საიდუმლო ოპერატიულ ოფიცერად და ამავდროულად იყო ბულგარეთის კომუნისტური პარტიის წევრიც. 1966 წელს იგი ამერიკაში გაგზავნეს იმ იმედით, რომ გახდებოდა „ბულგარელი რიჩარდ ზორგე“. ამერიკაში, მისი ზემდგომების თანხმობით, მან მიიღო მოქალაქეობა, რამაც მას მსოფლიოში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობა მისცა, ამავდროულად ის დაწინაურდა ეკლესიის იერარქიაშიც. ზემდგომების ნდობის დაკარგვის შემდეგ, იგი 1978 წელს ბულგარეთში გაიწვიეს, მისი პასპორტი გაუქმდა და ის დროებით გაქრა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. თავისი ქვეყნის მოქალაქის ბედით შეშფოთებულმა აშშ-ს ელჩმა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგან მოითხოვა ინფორმაცია. მას უპასუხეს, რომ ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან და სიმეონის ბედი ეკლესიის ხელშია. 1979 წლის დასაწყისში სიმეონმა უშიშროების ოფიცრებისგან ფარულად მოახერხა ამერიკაში გაპარვა“.


ანა ოლიინიკი, განმათავისუფლებელი მოძრაობის ცენტრი, უკრაინა: „შეიძლება ითქვას, რომ (1) КГБ- ს არქივების გახსნამ სპეციალური კანონის მიღების შემდეგ, მასში დაცული დოკუმენტებისადმი ინტერესი გაიზარდა არა მხოლოდ ისტორიკოსების მხრიდან, არამედ ჟურნალისტების და ფართო საზოგადოების მხრიდანაც; (2) კგბ-ს არქივებზე წვდომა არის შესაბამისი პერიოდის ისტორიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი ელემენტი; (3) საგანმანათლებლო პროგრამა „დეკონსტრუქცია. КГБ არქივები მედიისთვის“ მედიას ეხმარება საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის ალგორითმის გაგებაში და ამ წყაროების მიმართ ინტერესის ახლიდან გაჩენაში. საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით იწერება ორიგინალური სტატიები, რომლებიც ხელმისაწვდომია ფართო აუდიტორიისთვის. ასეთი საგანმანათლებლო პროგრამების გამოცდილებამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს დისკუსიის გააქტიურებაზე სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კგბ-ს არქივის გახსნის თაობაზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის საიდუმლოებებს ჯერ კიდევ საგულდაგულოდ მალავენ და არ ამჟღავნებენ“.

 

___

 

თეზისების კრებულის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

/public/upload/Blogs/These.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024