სამშაბათს, 23 დეკემბერს, ქორთიარდ მარიოტში პროექტის "თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით და თბილისის მერიასთან პარტნიორობით გამართა თბილისის მერიის ვებ-პორტალის კონცეფციის პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თვითმმართველი ქალაქების ვებ-პორტალების საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და თბილისის მერიის ვებ-პორტალის სრულიად ახალი კონცეფცია.
ღონისძიებას დაესწრნენ ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის გამგებლები და სხვა თანამდებობის პირები.
"მერიის სტრუქტურა უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. ამ ეტაპზე გამჭვირვალობა და ღიაობა შესაძლებელია მოდერინზებული ვებპორტალის მეშვეობით და სწორედ ამიტომ ჩვენ ფონდ 'ღია საზოგადოება-საქართველოსთან' და IDFI-სთან ერთად დავიწყეთ ეს პროექტი, რომ მერიას ჰქონდეს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და გამჭვირვალობაზე ორიენტირებული პორტალი. ჩვენ ასევე გამოვედით ინიციატივით, რომ შევუერთდეთ ღია მმართველობის საერთაშორისო ინიციატივას და პორტალზე გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას, რაც ამ ინიციატივით მოიაზრება. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ვებგვერდზე გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია ბიუჯეტზე, შესყიდვებზე და ა.შ-" განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
როგორც IDFI-ს თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა აღნიშნა, პორტალი უზრუნველყოფს როგორც ინფორმაციის მიწოდებას,ა სევე ჩართულობის გაუმჯობესებას.
ახალი კონცეფციის მიხედვით, ახალ ვებგვერდს შემდეგი შესაძლებლობები ექნება:
• იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
• გააერთიანებს ქალაქის პორტალებს- თბილისის გამგეობებს, სსიპ და სააგენტოებს, ააიპ-ებს და ფონდებს.
• მერის გვერდი: განრიგი, თბილისის მერის ბლოგი, მასთან დაკავშირების შესაძლებლობა
• ინფორმაცია მერის, მოადგილეებს, ადმინისტრაციის და სხვა თანამშრომლების შესახებ
• პეტიციების გვერდი- პეტიციის ატვირთვა, მხარდამჭერების შემოერთება და მობილიზება
• მოქალაქეთა კავშირი მერიასთან- გამოკითხვებში მონაწილეობა, გამგეობების და მერიის მუშაობის შეფასება, ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა: ფოტო/ვიდეო მასალის ვებზე ატვირთვის შესაძლებლობა და სხვა.
• არსებული სოციალური სერვისების ჩამონათვალი მოქალაქეებისთვის
• ინფორმაცია სამუშაოს მაძიებლებისთვის
• ინფორმაცია ბიზნესის დაწყების მსურველთათვის- ნებართვები და ლიცენზიები, რეგისტრაცია, გადასახადები და მოსაკრებლები
• კომუნიკაციის შესაძლებლობები- მერთან დაკავშირება, საჯარო კონსულტაციები, ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის შესაძლებლობა, გამოკითხვები და ა.შ
მრავალი სიახლე, რისი დანერგვაც IDFI-მ მერიას შესთავაზა, დამოუკიდებელ, თუმცა მერიის ვებგვერდთან დაკავშირებულ საიტს საჭიროებს.
„გამგეობებს არ აქვთ საკუთარი ვებგვერდი და მათ შესახებ რომ მიიღო ინფორმაცია მერიის გავლით უნდა იმოქმედო. მეორე გზაა ინფორმაციის მიღება ფეისბუქის მეშვეობით. პორტალი არ არის ვებგვერდი თავისი შინაარსით- ეს გულისხმობს სისტემას, სადაც ყველა სტრუქტურული ერთეულს ექნება საკუთარი ქვე-გვერდი და ექნება საშუალება, რომ ინფორმაცია გამოაქვეყნოს ერთიანი სტანდარტის და ჩარჩოს მიხედვით."-აღნიშნა ლევან ავალიშვილმა. მის კითხვაზე, რამდენად არიან გამგეობები მზად თავად მართონ საკუთარი ვებ გვერდები, რატა მთელი ინფორმაცია მერიის ვებ გვერდზე არ განთავსდეს, მერიის წარმოამდგენლებმა უპასუხეს, რომ თვისობრივი მზაობა არსებობს, ხოლო ტექნიკური - არა.
ლევან ავალიშვილის თქმით, ახალი ვებ-პორტალის კონცეფცია საკმაოდ მასშტაბურია, თუმცა არ არის აუცილებელი ყველაფრის ერთდროულად გაკეთება, მთავარია არსებობდეს გეგმის განხორციელების სტრატეგია.
მერიის წარმომადგენლებმა და გამგებლებმა ახალი ვებ-პორტალის კონცეფციის შესახებ საკუთარი აზრები გამოთქვეს და ორგანიზაციას საკუთარი საჭიროებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.