ძირითადი მიგნებები
- უზენაესი სასამართლო და თბილისის საქალაქო სასამართლო 2023 წლის შემდეგ საკუთარ ვებ-გვერდზე აღარ აქვეყნებს სასამართლო სტატისტიკას.
- უზენაესი სასამართლოს განმარტებით საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული, ყველაზე ხშირი (ასკ-ის მუხლი 1741) სამართალდარღვევის სტატისტიკა, განცალკევებით არ აღირიცხება.
- უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ზოგადი სტატისტიკა, 2024 წლის და 2025 წლის პირველი კვარტალის ადმინისტრაციული საქმეების შესახებ, არ მოიცავს მონაცემებს თუ ვის სასარგებლოდ დასრულდა (ადმინისტრაციული ორგანოს თუ ფიზიკური და იურიდიული პირების) სასამართლოების მიერ განხილული ადმინისტრაციული დავები.
- 2024 წლამდე ხელმისაწვდომი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დასრულებული ადმინისტრაციული დავების წილი მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად 2023 წელს, ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დასრულდა ადმინისტრაციული დავების მხოლოდ 29.1%, მაშინ როცა ეს რიცხვი 2013 წელს 63.3%-ს შეადგენდა.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით არ აქვთ რესურსი დაამუშაონ განხილული ადმინისტრაციული საქმეების (მათ შორის აქციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების) სტატისტიკა ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების ასლები.
- შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შედგენილი ოქმების და საჯარიმო ქვითრების შესახებ სტატისტიკას.
2024 წლის 28 ნოემბრიდან, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ჩასახშობად ქართული ოცნება აქტიურად იყენებს სხვადასხვა რეპრესიულ მექანიზმს და ამ პროცესში სასამართლო სისტემა მისი მნიშვნელოვანი თანამონაწილეა.
ქვეყანაში არსებული რეპრესიების მასშტაბის შეფასებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია სასამართლო სტატისტიკა.
საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები სტატისტიკას აწარმოებენ უზენაესი სასამართლოს მიერ შემუშავებული სტატისტიკური ფორმების მიხედვით, რომელიც იგზავნება უზენაესს სასამართლოში. თავის მხრივ უზენაესი სასამართლო სტატისტიკურ ფორმებში ასახული მონაცემების მიხედვით ამუშავებს სტატისტიკურ ანგარიშებს. წლების განმავლობაში უზენაესი სასამართლო საკუთარ ვებ-გვერდზე კვარტალურად აქვეყნებდა საერთო სასამართლოების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს, ხოლო ყოველწლიურად გამოსცემდა სტატისტიკური მონაცემების კრებულს „მართლმსაჯულება საქართველოში“, სადაც უფრო დეტალურად იყო საერთო სასამართლოების კონსოლიდირებული სტატისტიკური მონაცემები. ასევე, ცალკეული სასამართლოები (საქალაქო, სააპელაციო), საკუთარ ვებ-გვერდებზე აქვეყნებდნენ მათ ქვემდებარეობაში განხილული საქმეების შესახებ ძირითად მონაცემებს.
2021 წლის შემდეგ უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება მნიშვნელოვანი შეფერხებით მიმდინარეობდა, რაც აიხსნებოდა სასამართლოს ახალი ვებ-გვერდის და სტატისტიკის წარმოების ახალი პროგრამული სისტემის დანერგვის პროცესით. მიუხედავად შეფერხებებისა, IDFI-ს აქტიური ადვოკატირების კვალდაკვალ, სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2021-2023 წლების სტატისტიკური მონაცემები. თუმცა, 2023 წლის შემდეგ უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე სასამართლო სტატისტიკა აღარ გამოქვეყნებულა.
შენიშვნა: უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე 2023 წლის შემდეგ სტატისტიკა აღარ ქვეყნდება
2023 წლის შემდეგ, სასამართლო სტატისტიკა აღარ განახლებულა ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ გვერდზეც. სასამართლო სტატისტიკის შეზღუდული პროაქტიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, IDFI შეეცადა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო მონაცემები მიეღო საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის გზით. კერძოდ, 2025 წლის 17 აპრილს IDFI-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოს (სასამართლო სტატისტიკის წარმოებაზე მთავარი პასუხისმგებელი და მაკოორდინირებელი უწყება) და თბილისის საქალაქო სასამართლოს (აქციებთან დაკავშირებული დავების მთავარი განმხილველი სასამართლო) მიმართა, 2024 წელს და 2025 წლის პირველ კვარტალში განხილული შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის (ასკ მუხლი 1741 ) გათვალისწინებული სამართალდარღვევების და ზოგადად განხილული ადმინისტრაციული საქმეების სტატისტიკის მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ IDFI-ს განუმარტა, რომ ასკ-ის 1741 გათვალისწინებული სამართალდარღვევები სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში ცალკე გამოყოფილი არ იყო, ხოლო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემები როგორც წესი ქვეყნდებოდა სასამართლოს ვებ-გვერდზე. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სტატისტიკური მონაცემები უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე 2023 წლის შემდეგ არ გამოქვეყნებულა, IDFI კი სასამართლოდან ითხოვდა 2024 (სრული წელი) და 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ IDFI-ს განუმარტა, რომ მოთხოვნილი სახით ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავება არ ხორცილდებოდა, ხოლო მისი მოძიება და დამუშავება საჭიროებდა დიდ დროსა და სასამართლო რესურს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სასამართლოს ეს განმარტება მიემართებოდა იმ ტიპის სტატისტიკის მოთხოვნაზეც, რომლის დამუშავების ვალდებულებაც საქალაქო სასამართლოს გააჩნია, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტატისტიკური ფორმების მიხედვით. მაგალითად, სასამართლოს მიერ განხილული ადმინისტრაციული საქმეების სტატისტიკა, ვის მიერ (ადმინისტრაციული ორგანოს თუ ფიზიკური პირის მიერ) იყო სარჩელი შეტანილი და ვის სასარგებლოდ დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, იგივე დასაბუთებით, ასევე უარი განაცხადა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გამოტანილი დადგენილებების ასლების მოწოდებაზე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, IDFI-ს, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ, მოაწოდა მხოლოდ განხილული ადმინისტრაციული საქმეების შესახებ ზოგადი და არასრული სტატისტიკა, სადაც ასახული არ იყო მათ შორის რამდენი დავა დასრულდა ფიზიკური პირების და რამდენი ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ. აღნიშნული მონაცემების დაფარვის სურვილი, სავარაუდოდ, განპირობებული იყო სტატისტიკის შინაარსით, რომელიც გამოავლენდა, რომ მიმდინარე რეპრესიების კვალდაკვალ, მნიშვნელოვნად იკლებდა ფიზიკური პირების სასარგებლოდ დასრულებული დავების რიცხვი. ამ ვარაუდს ამყარებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი ანგარიში, რომელიც მიმდინარე პროტესტის კონტექსტში ათასზე მეტი პირის მიმართ დაწყებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე მიუთითებს, რომლებსაც სასამართლოები, როგორც წესი სახდელის სახით განუსაზღვრავდნენ ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. ასევე, 2024 წლამდე ხელმისაწვდომი მონაცემებიც აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ადმინისტრაციული ორგანოების წინააღმდეგ ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დასრულებული დავების წილი მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად 2023 წელს, ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დასრულდა ადმინისტრაციული დავების მხოლოდ 29.1%, მაშინ როცა ეს რიცხვი 2013 წელს 63.3%-ს შეადგენდა. ამ კუთხით სტატისტიკა უარესდება 2018 წლიდან.
შენიშვნა: ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდგომ უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული სტატისტიკა, სადაც ასახული არ არის ვის სასარგებლოდ დასრულდა ადმინისტრაციული დავები.
შენიშვნა: 2024 წლამდე, უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა
საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის გასაჯაროებისგან, ასევე თავს იკავებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მაგალითად, სამინისტრომ საერთოდ არ უპასუხა IDFI-ს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას, რომელიც ეხებოდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შედგენილი ოქმების და საჯარიმო ქვითრების შესახებ სტატისტიკას.
ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ზეპირი ადმინისტრაციული განხილვების და მასში მონაწილეობის მისაღებად პირებისთვის გაგზავნილი უწყებების სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნაზე, სამინისტრომ განმარტა რომ მსგავს სტატისტიკას არ აწარმოებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სტატისტიკას, რომელიც სრულად ფარავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოვლენილ სამართალდარღვევებს. ხოლო სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სტატისტიკა წარმოდგენილია შერჩევით. მაგალითად, „სხვა სამართალდარღვევების“ განყოფილებაში ვერ ვხვდებით 1741 -ე მუხლით (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესების დარღვევა) გამოვლენილი სამართალდარღვევების სტატისტიკას.
შენიშვნა: შსს-ს ვებ-გვერდზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გარდა გამოქვეყნებული სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია.
მონიტორინგის შედეგები აჩვენებს რომ, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ მიმართულ პროცესზე პასუხისმგებელი უწყებები (შსს, სასამართლო) უარს აცხადებენ აქციებთან დაკავშირებით სხვადასხვა სამართალდარღვევის ოფიციალური სტატისტიკის გასაჯაროებაზე. ამასთან, 2024 წლიდან საერთოდ აღარ ქვეყნდება სასამართლო სტატისტიკა.
IDFI მიიჩნევს, რომ სასამართლო სტატისტიკის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა განპირობებულია მისი შინაარსით (აქციებთან მიმართებით სრულად გამამართლებელი გადაწყვეტილებების წილი შესაძლებელია ნულს უტოლდებოდეს), რომელიც კიდევ უფრო თვალნათელს გახდიდა ქვეყანაში არსებული რეპრესიების მასშტაბს და ამ პროცესში სასამართლო ხელისუფლების თანამონაწილეობას.