კონკურსის ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმის გამარჯვებული ინიციატივა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 დეკემბერი 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პროექტის ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" ფარგლებში გამართა კონკურსი ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა," რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა: სტუდენტები დაესწრნენ ლექციას თემებზე - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიზანი და საქმიანობის არსი; საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკაში და ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს თბილისში, გაეცნენ საკანონმდებლო საქმიანობას და შეხვდნენ ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელს თამარ კორძაიას.


გთავაზობთ კონკურსის ფარგლებში ნანა ბაგალიშვილის მიერ გამოგზავნილ ინიციატივას:


სოფლად მიტოვებულებმა ერთმანეთის ამბები დაიზეპირეს და ახლა დუმილს ღეჭავენ. სიჩუმის რიტუალებს ახალი დაპირებებით დამდეგ შემოდგომას დაურღვევენ. ჭიშკრების წინ ხალხი რომ გამოდის და უბნის კრებას, იგივე ბირჟას, რომ აკეთებენ, მათ ყველაზე კარგად იციან როგორი „ქვეყანაზე შეყვარებულები“ მიდიან მათთან წინასაარჩევნოდ ერთმანეთზე მსუქან-მსუქანი დაპირებებით. ბირჟის წევრები გაუსიტყვებლად მაინც აცნობიერებენ, რომ თვითონ მხოლოდ ინსტრუმენტები არიან „პატრიოტი“ პარლამენტარებისთვის და მეტი არც არაფერი.

 

ამას წინათ, სოფელის ბირჟაზე ერთი კაცი მეკითხება - აბა, როგორ ფიქრობ, მოვა ისეთი ალალი კაცი წინასაარჩევნოდ, ვინც იტყვის - მე ამირჩიეთ პარლამენტში თქვენი რა მიდის, ხელფასს მე მაინც გადამიხდიანო?

 

სოფელში ახალგაზრდებსაც ედებათ ობი ცოცხალ გვამთა სასაფლაოზე ცხოვრებით. მათთვის სოფლები ასოცირდება მოწყენასთან და უსაქმურობასთან. შეეჩვივნენ, რომ მთავრობა მათთვის უყურადღებობის მეტს ვერაფერს იმეტებს. ადგილობრივ თვითმმართველობას ფულის მჭამელ მანქანად აღიქვამენ და ჰგონიათ, რომ ამით შემოიფარგლება მისი ფუნქცია; პარლამენტი კი - აგრესიასთან, ცემა-ტყეპასთან, ძალაუფლებასთან გაიგივებული ცნებაა. შესაბამისად, არც მაჟორიტარი პარლამენტარის სახელი და გვარი იციან, რადგან არც ახალგაზრდები მიდიან მაჟორიტარ დეპუტატთან და არც პარლამენტარი იწუხებს თავს ახალგაზრდების საჭიროებების გაცნობით.

 

ჩემთვისაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის საჭიროება პარლამენტში. ქუთაისში და თბილისში ყოფნისას კავშირს კარგავენ თავის ამომრჩევლებთან/მოქალაქეებთან. მოქალაქეებს აქვთ განცდა რომ მიატოვეს. ლოგიკურად, თუ ცხოვრობ ისეთ ადგილზე, რომელიც ყველას მივიწყებული აქვს გინდა, რომ წახვიდე იქიდან, რომ ამ დავიწყების ნაწილი არ გახდე. და ასე ხდებიან მივიწყებული სოფლები ნასოფლარები.

 

ამ ეტაპზე, გადაუდებლად და სასწრაფოდ ძალისხმევა უნდა მიმართოს ქვეყანამ და ქვევით წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად კი - პარლამენტმა, რომ რეგიონში დარჩენილმა მოქალაქეებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა შეძლონ ქვეყნის მმართველობის პროცესებში თანამონაწილეობა. დეცენტრალიზაცია არ მოხდება მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის ხელისუფლებასთან ნდობის დაბრუნებისა და როგორც ილია იტყოდა „აზრის აღებ-მიცემობის“ გარეშე.

 

რა შეუძლია გააკეთოს მაჟორიტარ პარლამენტარს იმისთვის, რომ მისი არსებობა გამართლებულად ჩაითვალოს:


1. დეპუტატის ყოველთვიური შეხვედრა იმ მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლის მოსახლეობასთან, რომელ მუნიციპალიტეტსაც პარლამენტში წარმოადგენს. მოსახლეობასთან შეხვედრებისა და დისკუსიების მოწყობა მოქალაქეების საჭიროებებზე. შეხვედრის ვიდეო ჩანაწერის გაკეთება და შემდეგ მისი YouTube არხზე ატვირთვა. ეს უკანასკნელი სამუშაო არ უკავშირდება სირთულეს და შესაძლებელია გააკეთოს დეპუტატის ბიუროს ერთ-ერთმა რიგითმა თანამშრომელმა. ვიდეო მასალების მომზადება და გავრცელება ერთის მხრივ ხელს შეუწყობს დეპუტატის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაზრდას საკუთარი დანაპირების შესრულების თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ დაესწრნენ შეხვედრას შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ შეხვედრის თემატიკასა და შედეგებს. ამასთან, YouTube იძლევა კომენტირების შესაძლებლობას და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეეძლებათ დასვან შეკითხვები შეხვედრასთან დაკავშირებით და დეპუტატის ბიურომ უპასუხოს დეპუტატთან შეთახმებით.


2. დეპუტატის ბიუროს აპარატმა შექმნას FB გვერდი, სადაც რეგულარულად დაიწერება პარლამენტარის ყოველდღიური და/ან ყოველ კვირეული საქმიანობის შესახებ. FB გვერდი იქნება ინტერაქტიული. მაგ. თუ კომისია, რომელშიც კონკრეტული მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია, განიხილავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, წინდაწინვე განათავსონ ამის შესახებ ინფორმაცია FB გვერდზე და მცირე ონლაინ თემატური გამოკითხვა გააკეთონ. თუკი, სოციალური მედიის ინსტრუმენტებს დეპუტატის ბიუროს ერთ-ერთ თანამშრომელს ასწავლიან და მცირე თანხასაც გამოუყოფენ ინტერაქტიული პოსტების დასასპონსორებლად, სოფლად/რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს დაუბრუნდებათ ოდესღაც დაკარგული რწმენა, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მხოლოდ ასეთი აზროვნების მოქალაქეები შექმნიან დეცენტრალიზებულ ქვეყანას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა ამის პრაქტიკული შესაძლებლობები ნაკლებია მოქალეების განწყობების გათვალისწინებით.


3. რამოდენიმე რეგიონში შეიქმნა ახალგაზრდული საკრებულოები, არსებობს თითქმის ყველა სკოლაში სამოქალაქო კლუბები, ვარსებობთ საინიციატივო ჯგუფები, ახალგაზრდული და სათემო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ეტაპზე ხშირად უგულებელყოფილი ვართ. რეგიონებში/სოფლებში თუ სადმე შეიძლება მოიძებნოს ენთუზიაზმი და კეთების ხალისი, ახალგაზრდულ ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებშია საძებნი. სწორედ, ახალგაზრდების ჩართულობით შეიძლება შეიქმნას სახალისო საინფორმაციო ანიმაციები მაჟორიტარი პარლამენტარისა, თუ ზოგადად პარლამენტის ფუნქციონირების შესახებ. სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები, თუ მათ ელემენტარულ და თანმიმდევრულ რწმენასა და ინფორმაციას მივცემთ, არ იტყვიან უარს საკუთარ სოფლებში პირისპირ, ხოლო ონლაინ - საკუთარ სოციალურ ქსელებში გაავრცელონ ინფორმაცია დეპუტატისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერაქციის საჭიროების შესახებ და მოიწვიონ მოქალაქეები დეპუტატთან შეხვედრებზე.


4. შეიქმნას პლათფორმა - „ჩემი ხმა პარლამენტარს“, რაც ითვალისწინებს ონლაინ რეჟიმში შეკითხვების დასმას მაჟორიტარისთვის. ყოველი თვის ბოლოს პარლამენტმა წაახალისოს 5 პარლამენტარი, რომელმაც ყველაზე მეტ შეკითხვას და ყველაზე დროულად უპასუხა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024