საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) საქმიანობაში არსებობს გამჭვირვალობის ხარვეზები

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 9 ივლისი 2020

2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ „მედიააკადემია“ დააფუძნა, რომლის საქმიანობის მიზანს საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. „მედიააკადემია“ დაფუძნებულ იქნა საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის საფუძველზე, ამავე კანონებით დადგენილი მიზნების მისაღწევად. მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიზნით კვლევებისა და კურსების ჩატარება, სხვადასხვა პლატფორმების დაფუძნება წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონით დადგენილ ვალდებულებებს. კომისიის მიერ „მედიააკადემიის“ დაფუძნების გადაწყვეტილებით, IDFI-ის მოსაზრებით, ამ საჯარო ფუნქციების „მედიააკადემიაზე“ დელეგირება განხორციელდა.

 

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან „მედიააკადემიისათვის“ გამოყოფილი ბიუჯეტი 2018 წლის 5 თვეში 501,346 ლარი იყო, 2019 წელს 2,469,751 - ლარი, ხოლო 2020 წლისთვის 3,092,809 ლარია გამოყოფილი.IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილით „მედიააკადემიის“ თანამშრომლების საშტატო ნუსხა, მედიააკადემიაში მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, მათ მიერ განხორციელებული აქტივობები დანახარჯების მითითებით, მათი ბიუჯეტი და სხვა ინფორმაცია გამოითხოვა. სამწუხაროდ, „მედიააკადემიის“ წერილით უარი გვეთქვა ინფორმაციის მოწოდებაზე, ხოლო საფუძვლად მიეთითა, რომ „მედიააკადემია“ არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არც ორგანიზაციულ-სამართლებრივი და არც ფუნქციონალური გაგებით. IDFI-იმ „მედიააკადემიის“ უარის წერილი გაასაჩივრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, როგორც „მედიააკადემიის“ დამფუძნებელ და ზედამხედველ ორგანოში, რომელსაც სრულად აფინანსებს საკუთარი ბიუჯეტიდან კომისია, რომლის წინაშეც აკადემიას ანგარიშვალდებულება გააჩნია და რომლის კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნითაც შეიქმნა ორგანიზაცია. თუმცა, კომისიამ უარი განაცხადა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ ის არ წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ „მედიააკადემიის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

ამ ეტაპზე IDFI  დავას სასამართლოში აგრძელებს, რათა მარეგულირებელი კომისიის დაფუძნებულ „მედიააკადემიაზე“ გავრცელდეს კანონით დადგენილი საჯაროობის სტანდარტები და ის მოთხოვნები, რასაც კანონი საჯარო დაწესებულებების მიმართ ადგენს. ჩვენი შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კომისიის საქმიანობის გაუმჭვირვალე პოლიტიკას. 

 

სწორედ ამიტომ, IDFI დაინტერესდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშებითა და მათ მიერ ბოლო წლებში მიღებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, რომელთა შესახებ ინფორმაცია ჩვენი შეფასებით მეტწილად გაუმჭვირვალეა და ხოლო ხშირ შემთხვევაში ცვლილებების აუცილებლობა დაუსაბუთებელი. მაგალითად:

 

2019 წელს კომუნიკაციების კომისიის შემოსავლები წინა წელთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით ორი მილიონი ლარით, რაც, როგორც ჩანს  განაპირობა რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავლების ზრდამ. 2018 წლის დეკემბრამდე აღნიშნული მოსაკრებელი 0,10 თეთრი იყო, შემდეგ კი ეს გადასახადი 0,25 თეთრით განისაზღვრა.

 

მოსაკრებლის გაზრდის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება უკავშირდება იმავე პაკეტით გათვალისწინებულ სხვა ცვლილებას. კერძოდ, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისას, თუ მაძიებელს იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის მასზე უკვე გაცემული რესურსის საერთო რაოდენობის 75% არ ჰქონდა ათვისებული, კომისიისთვის ეს გარემოება ახალი რესურსის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. კომისიამ გადაწყვიტა ამ ჩანაწერის გაუქმება, რათა ზედმეტი დაბრკოლება არ შეექმნა რესურსის მაძიებელთათვის. ერთ სააბონენტო ნომერზე დადგენილი ტარიფის გაზრდა კი სწორედ იმ არგუმენტით დასაბუთდა, რომ აღნიშნული შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, ერთი ოპერატორის მიერ დიდი რაოდენობით ნუმერაციის რესურსის აღება რომ არ გამხდარიყო შესაძლებელი.

 

მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის მარტში ასევე შეიცვალა აღნიშნული თანხების გადახდის წესი. კერძოდ, ამ ცვლილებამდე ნებართვის მაძიებელს სანებართვო მოსაკრებლის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა, ხოლო 2018 წლის მარტის ცვლილების შემდეგ, სანებართვო მოსაკრებელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე ირიცხება. სამწუხაროდ, ამ ცვლილების შესახებ ფორმალური დასაბუთება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე არ იძებნება.

 

აღსანიშნავია, რომ არცერთი ნახსენები ცვლილება განხილული არ არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018-2019 წლის ანგარიშებში.

 

 

 

 

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის ანგარიშში არ არის განხილული ასევე შპს “კავკასუს ონლაინის” საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმე. ანგარიშში დავების კატეგორიის ჩამონათვალში მითითებულია აღნიშნული საქმის მხოლოდ დავის მხარე, საგანი და შედეგი. შპს “კავკასუს ონლაინის” საქმე ეხება კომისიასთან შეთანხმების გარეშე, კომპანიის საბოლოო მესაკუთრეების წილების გასხვისების საკითხს. „კავკასუს ონლაინი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია და შესაბამისად მასზე ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა. კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭირო იყო კომისიისგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა, შესაბამისად, მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოედგინათ კომისიაში წინასწარ.

 

2019 წლის ოქტომბერში კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად სცნო, წილების გასხვისებაში კომისიასთან შეთანხმების გარეშე, შემოიფარგლა გაფრთხილებით და დაავალდებულა ის აღედგინა გარიგებამდე არსებული წილობრივი მდგომარეობა. აღნიშნულის შეუსრულებლობის გამო, კომპანია მოგვიანებით 30,000 ლარით დაჯარიმდა, შემდგომ 90,000 ლარით, საბოლოოდ კი კომისიის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით, ჯარიმის ოდენობამ 270,000 ლარი შეადგინა.

 

ამ ეტაპზე საკმაოდ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის მიერ მომზადებული ცვლილებები საქართველოს კანონებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“, რაც, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ კავშირში არის „კავკასუს ონლაინის საქმესთან“. პროექტი პარლამენტში მიმდინარე წლის პირველ ივლისს დარეგისტრირდა და მისი განხილვა 10 ივლისს იგეგმება.

 

ცვლილებების მიხედვით, თუ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირზე დაკისრებული ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო ავტორიზებული პირისთვის ლიცენზიის შეჩერებამ/გაუქმებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან მომხმარებელთა ინტერესებს, კომისიას უჩნდება უფლებამოსილება, თავის გადაწყვეტილებათა აღსასრულებლად, სასამართლო კონტროლის გარეშე, დანიშნოს სპეციალური მმართველი. დანიშნულ სპეციალურ მმართველს აქვს ფართო უფლებამოსილება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ავტორიზებული პირის მმართველი ორგანოებისა და მათი წევრების დანიშვნა/გათავისუფლებას ან მათი გადაწყვეტილების სადავოს გახდას, არამედ ავტორიზებული პირის მმართველობითი ფუნქციების სრულად შესრულებას.

 

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დაგეგმილი ცვლილებებით, კომისიას ისეთი უფლებამოსილებები ეკისრება, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის. კერძოდ, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, კომისიას ენიჭება რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სუბიექტების მართვისა (სპეციალური მმართველის დანიშვნა) და წილის გასხვისების განუსაზღვრელი ძალაუფლება.  ამასთან, კომუნიკაციების კომისია შეძლებს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ბერკეტების გამოყენებით მიიღოს ყველა გადაწყვეტილება მედიის გავრცელების, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, სარეკლამო მომსახურების და შრომითი უფლებების გადაწყვეტის საკითხებზეც კი.[1] გარდა ამისა, კანონპროექტში დროებითი მმართველის დანიშვნის ერთ-ერთ საფუძველად შესაძლებელია გახდეს ისეთი გარემოება, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. ვთვლით, რომ აღნიშნულის შეფასება სცდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არსებული მდგომარეობით მინიჭებულ მანდატს.

 

ზემოთმოყვანილი მაგალითები, გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ კომისიის საქმიანობაში და გადაწყვეტილებებში არსებობს გამჭვირვალობის სერიოზული ხარვეზები. შესაბამისად, ასეთ ფონზე განსაკუთრებით სახიფათოა კომისიის მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტის ასე დაჩქარებული წესით განხილვა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არ მომხდარა ცვლილებების განხილვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. ამას ადასტურებს ტელე-საკომუნიკაციო კომპანიების მიერ 9 ივლისს გავრცელებული განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ კანონპროექტის საჯარო გამოქვეყნებამდე (6 ივლისი) არცერთ დაინტერესებულ სუბიექტს არ ქონდა არ მისი გაცნობის და არც მასზე კომენტარის გაკეთების საშუალება.[2]

 

____

 

[1] კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება, 7 ივლისი, 2020;

[2] https://bm.ge/ka/article/telesakomunikacio-kompaniebi-mtavrobas-mimartaven-tqveni-iniciativa-konstituciastan-sheusabamoa-/60080

 

___

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024